Accessibility links

logo-print

7 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან და დევნილების ლაგოდეხში ჩასახლებიდან. „დევნილთა დასახლებაში“ 36 ოჯახი ცხოვრობს. ახლა მათ უმეტესობას სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, დევნილებზე ზრუნვა სამინისტროს პრეროგატივაა, „თუმცა ერთჯერად დახმარებებს ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იღებენო“.

ქეთევან ჯავახიშვილის ოჯახი უკვე 7წელია, რაც ლაგოდეხის დევნილთა დასახლებაში 35 დევნილ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ისინი მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ, დაპირებების მიუხედავად, ლაგოდეხში ცხოვრების პერიოდში მათთვის არაფერი შეცვლილა. არა აქვთ სამუშაო და სტაბილური შემოსავალი. მათი ძირითადი საქმიანობა დღიური მუშაობაა და შემოსავალს იქიდან იღებენ. როგორც დევნილებმა განაცხადეს, არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც დევნილთა და განსახლების სამინისტრო მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

ლაგოდეხის დევნილთა დასახლებაში ამბობენ, რომ დღეს მათთვის ნომერ პირველი პრობლემა სოციალური შემწეობებია. ადგილზე გვითხრეს, რომ 36 ოჯახიდან უმრავლესობას ერთი თვის წინ დახმარებები მოუხსნეს, მიზეზიკი არ იციან.

დევნილთა დასახლება, ლაგოდეხი

დევნილთა დასახლება, ლაგოდეხი

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უწყებამ ლაგოდეხში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ოჯახების სოციალური გადამოწმება უკვე დაასრულა.ტატა გამყრელიძის თქმით, 17 დევნილი ოჯახიდან 11 სახელმწიფო სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაშია, ხოლო 6 ოჯახზე სარეიტინგო ქულა უახლოეს რამდენიმე დღეში დაითვლება.

სოციალური სააგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური ფულადი შემწეობა შეჩერებული ჰქონდათ და არა მოხსნილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია გვეუბნება, რომ დევნილებზე ზრუნვა, პირველ რიგში, არა ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ დევნილთა და განსახლების სამინისტროს მოვალეობაა. მისივე თქმით, ზამთრის პერიოდში დევნილები თავისუფლდებიან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადებისგან.

7 აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან და დევნილების ლაგოდეხში ჩასახლებიდან შვიდი წელი გავიდა. როგორც დევნილები აცხადებენ, მათთან არჩევნების შემდეგ არც ერთი საჯარო მოხელე არ მისულა. ისინი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას და დახმარებას ელიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG