Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უფასო კვება მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისთვის


უფასო კვების სერვისით, რომელსაც ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის შექმნილი პროგრამა ითვალისწინებს, კახეთის ბევრ რაიონში მხოლოდ ქალაქად მცხოვრებნი სარგებლობენ. გადაადგილების პრობლემის გამო სოფელში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა ამ პროგრამაში ჩართვას ვერ ახერხებს.

უფასო კვების პროგრამა,რომელიცკახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს, უმეტეს შეთხვევაში მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. ასეა გურჯაანშიც. აქ უფასო სასადილოთი ქალაქად მცხოვრებნი სარგებლობენ. ის, ვინც სოფლადაა, პროგრამაში ვერ ერთვება, რადგან სოფლიდან ქალაქში ვერ დადის. მათ შორის არის ველისციხეში მცხოვრები ლამარა დათუნაშვილი:

„მე გურჯაანში ვერ ვივლი. მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს სოფელში, ველისციხეში, გაიხსნება სასადილო. დღეში ერთხელ მაინც მექნება საშუალება გამოვიკვებო ან სახლში მოვიტანო“.

70 ადამიანზეა გათვლილი ლაგოდეხის უფასო სასადილო. გურჯაანის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელი მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაა. ლაგოდეხის ზოგი სოფელი რაიონული ცენტრიდან 20-25 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ სოფლად მცხოვრებნი სასადილოში ვერ დადიან. ლაგოდეხის უფასო სასადილო ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში თითქმის 50 ათასი ლარით ფინანსდება. როგორც სასადილოს ხელმძღვანელმა თამილა მელითაურმა გვითხრა, ეს თანხა 70 ადამიანის სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია. მელითაური ამბობს, რომ, თუ თვითმმართველობა გადაწყვეტილებას მიიღებს და პროგრამაში სოფლის მოსახლეობის ჩართვაც იქნება შესაძლებელი, მზად არის სხვებსაც მოემსახუროს:

„ეს გამგეობის პრეროგატივაა, რამდენად აქვთ უფლება და შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამაში სოფლებიც ჩასვან. ჩვენ სხვებსაც გავუმასპინძლდებით, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სოფლიდან იქნებიან თუ ქალაქიდან. მე ვაბობ ხოლმე, რომ როცა მოხუცი ხარ, ეს უკვე სტატუსია სოციალურად დაუცველობისა, რადგან ზოგს პროდუქტებიც აქვს, მაგრამ საჭმლის კეთება აღარ შეუძლია“.

უფასო სასადილო
უფასო სასადილო

სოფლებში ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები უფასო კვების პროგრამით რომ ვერ სარგებლობენ, კარგად იციან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ჯანმრთელობის და სოციალური საკითხების მთავარი სპეციალისტი ლევან ხარაშვილი გვეუბნება, რომ გამგეობა აპირებს სოფელ აფენში მეორე უფასო სასადილო გახსნა, თუმცა საკითხი ჯერ საკრებულომ უნდა განიხილოს:

„წლების განმავლობაში ასე იყო და არის, რომ უფასო კვების ობიექტით ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს. 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „საგასთან“ ერთად პროექტზე ვმუშაობთ. ამ ორგანიზაციამ შენობა გაარემონტა სოფელ აფენში, სადაც უფასო სასადილოს გახსნა გვინდა. ახლა პროცედურულად საკითხი საკრებულომ უნდა განიხილოს, დადებითი გადაწყვეტილებისშემთხვევაში კი აფენში სასადილო გაიხსნება, რომელიც აფენთან ერთად მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. სულ 40 ადამიაზე იქნება გათვლილი“.

უფასო სასადილოების ადმინიტრაციაში გვეუბნებიან, რომ ხალხი, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, შეიძლება ითქვას, შინ საკვების გარეშე არიან დარჩენილნი, ამიტომ პროგრამის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG