Accessibility links

logo-print

77 წლის ლაგოდეხელი ზარეტა ალბოროვი უკვე მეორე თვეა უსახლკაროდარის დარჩენილი. ვალის გამო მან საცხოვრებელი სახლი დაკარგა, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ „ვალი რეალურად გადახდილი აქვთ და საქმე ეხება თაღლითობას“. ამბავს პროკურატურა იძიებს. სად უნდა წავიდეს უსახლკარო ოჯახი, არ იციან. მუნიციპალიტეტში არც რაიმე პროგრამა მუშაობს, რომელიც ვალის გამო დარჩენილ უსახლკაროებს შეიფარებს.

ზარეტა ალბოროვი 77 წლის არის. მან სულ ცოტა ხნის წინ ახალი სტატუსი შეიძინა - „უსახკლარო“. ლაგოდეხში ნინოშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საერთო საცხოვრებელ კორპუსში ბინა მას აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე 13 ათას დოლარად გაუყიდა. ბინას ახალი მესაკუთრე ჰყავს, თუმცა, ალბოროვების თხოვნით, ისინი ჯერ არ გამოუსახლებიათ. ბინის დაკარგვის მიზეზი ვალი გახდა, ვალი, რომელიც ზარეტა ალბოროვმა2011 წელს კერძო მსესხებელ თინა ტუხაშვილისგან აიღო. თანხა 9 ათასი დოლარი იყო. ალბოროვის მონათხრობის მიხედვით, მან თავდაპირველად უსარგებლო სესხი, ანუ უპროცენტო თანხა, მიიღო, თუმცა ერთი წლის შემდეგ განახლებული ხელშეკრულებით სესხი პროცენტიანი გახდა:

„2011 წელს თინა ტუხაშვილისგან 9 ათასი დოლარი ვისესხე და შვილი სამუშაოდ საზღვარგარეთ გავგზავნე. თავიდან გვითხრეს, რომ ფულიუპროცენტოდ გვასესხა, რომელიც 2012 წლის ბოლოს უნდა დამებრუნებინა. ასეც ვაკეთებდი. ჩემი შვილი გზავნიდა და ჩვენ ყოველთვე ვუხდიდით. სახლში პურის ფულსაც კი აღარ ვიტოვებდით“.

მართალია, ზარეტა ალბოროვის სახლი უკვე გაყიდულია, მაგრამ ოჯახი თვლის, რომ საცხოვრებელი მოტყუებით დაკარგეს, ამიტომ საქმის გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართეს. ზარეტა ალბოროვიხანში შესულია და ამიტომ მის ინტერესებს, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით, ოჯახის ახლობელი მზია მურჯიკნელი წარმოადგენს. მზია მურჯიკნელი გვეუბნება, რომ „ალბოროვებს, ჯამში, 30 ათას დოლარზე მეტი აქვთ გადახდილი თინა ტუხაშვილისთვის“.

ზარეტა ალბოროვი

ზარეტა ალბოროვი

„მე მაქვს გზავნილების ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ალბოროვებმა ტუხაშვილს 30 ათასი დოლარი გადაუხადეს. არსებობენ მოწმეებიც. ერთ-ერთ მოწმეს ფული თავად მიჰქონდა ტუხაშვილებთან. ვალი დაფარული იყოდა ტუხაშვილები კიდევ 12 ათას დოლარს ითხოვდნენ, რაც აღარ გადაგვიხდია, რადგან ვთვლიდით, რომ სესხიუკვე დაფარული იყო“.

როგორც ალბოროვები ამბობენ, მსესხებლებს ვალს სხვადასხვა პირების დახმარებით უხდიდნენ. დაზარალებული ზარეტა ალბოროვის შვილი გადასახდელ თანხას უცხოეთიდან სხვადასხვა პირის სახელზე გზავნიდა. მათ შორის არის ვასილ ბეჟაშვილი. როგორც ბეჟაშვილი გვეუბნება, პირადად მან თინა ტუხაშვილს 7-8 ათასი დოლარი მიუტანა. ბეჟაშვილი გამოძიების პროცესში ერთ-ერთი მოწმეა ალბოროვების მხრიდან.

„7 თუ 8 ათასი პირადად მე მაქვს მიტანილი, შემდეგ არაფერი აღარ ვიცი. მე რაც მიტანილი მაქვს, ამას ყველგან ვიტყვი“.

მასალის მომზადების დროს ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ თინა ტუხაშვილს კომენტარი გაეკეთებინა, თუმცა ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ის ამ თემაზე განმარტებას არ იძლევა.ჩვენ ასევე დავინტერესდით, არსებობს თუ არა სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, თუმცა გამგეობაში გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებინ, რაც ბინის ქირის გადახდას გულისხმობს. აი, რას ამბობს გამგეობაში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნატო ბატიაშვილი:

„კონკრეტულმა დაზარალებულმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. ჩვენ ის შეგვიძლია, რომ სააგენტოს დავუდასტუროთ, ნამდვილად დაკარგა თუ არა პირმა სახლი ვალის გამო. კიდევ შეგვიძლია უსახლკაროებს ბინის ქირა გადავუხადოთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში პირი სოციალურად დაუცველი უნდა იყოს. ცნობისთვის: ჯერ არავის მოუმართავს, რომ ვალის გამო სახლი დავკარგე და დაგვეხმარეთო“.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხანში ლაგოდეხში მოხუცებულთა თავშესაფარი უნდა გაიხსნას, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, უსახლკარო ოჯახებს იქ არ მიიღებენ. თავშესაფარში მოსახვედრად საჭიროა ასევე სოციალურად დაუცველის სტატუსი. რაც შეეხება ზარეტა ალბოროვის საქმეს, ოჯახის თქმით, „გამოძება მიმდინარეობს და სიმართლის დადგენის იმედი აქვთ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG