Accessibility links

როგორია თქვენი მუნიციპალიტეტი? - ეს შეკითხვა ჩვენ ლაგოდეხში რიგით ადამიანებს დავუსვით. ყველა რესპონდენტს თავად შეეძლო განესაზღვრა საუბრის თემა - იქნებოდა ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, სპორტი, კულტურა თუ სხვა რამ, თუმცა ჩვენ მიერ გამოკითხული რიგითი ადამიანების უმრავლესობამ სალაპარაკოდ თითქმის ერთი და იგივე საკითხი აირჩია.

რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, რომ არ არის სამუშაო ადგილები და მთავრობამ მათი იმედები ვერ გაამართლა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც, მაგალითად, ლაგოდეხის ბუნებრივ შესაძლებლობებზე გვეუსაუბრა, რომელიც, მათი აზრით, არ არის გამოყენებული:

„მე იტალიაში ვიყავი წასული და ახლა ჩამოვედი. ძალიან ცუდი მდგომარეობა დამხვდა. ვიფიქრე დავრჩებოდი, მაგრამ ვერ დავრჩები, რადგან ცხოვრებისთვის არანაირი პირობები აქ არ არსებობს. ვერ ვიმუშავებ და იძულებული ვარ ისევ წავიდე. წინა მთავრობას რომ აკრიტკიკებენ, არაფერი გაუკეთებიათო, მე ვერც ამათ გაკეთებულს ვხედავ“.

„აქ ცხოვრება შეიძლება. უბრალოდ, ის არის, რომ ძველი რაც არის, ყველაფერი შესაცვლელია. მაგალითად, ლაგოდეხში ვერც ერთ ქუჩაზე ვერ გაივლი, რომ ქუჩაში დიდი ორმოები არ იყოს“.

„ქუჩაში ნაგავი რომ არ დავყაროთ, ეს არის ადიამინური მორალის ამბავი და მე ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად. ვიდრე ადამიანები არ ვისწავლით როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს რაიონს, მანამდე არაფერი შეიცვლება“.

როგორია თქვენი მუნიციპალიტეტი? - შეკითხვა ჩვენ, მოსახლეობის გარდა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც დავუსვით. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ლაგოდეხშინიკა ნოზაძე ამბობს, რომ ლაგოდეხში რესურსი ბევრია, რომელიც არ გამოიყენება:

„მე აქცენტს ტურიზმის მიმართულებაზე გავაკეთებ, რადგან გვაქვს ეს პოტენციალი და შეგვიძლია მას პიარი გავუკეთოთ ფართო მასშტაბებზე, თუმცა რაც დღეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული კუთხით ხდება, ძნელია ტურიზმზე ვისაუბროთ. ელემენტარული პირობები არ გვაქვს ადგილობრივებს და რა დავახვედროთ ტურისტებს?“

ლაგოდეხში ბუნებრივი რესურსები რომ არ არის გამოყენებული, ამას ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურიაც ადასტურებს. უფრო მეტიც . მისი თქმით, არ არსებობს მიმართულება, სადაც პრობლემა არ იყოს:

„არ არსებობს სფერო და საკითხები, სადაც პრობლემები არ გვქონდეს. ეს არ არის მარტივი პრობლემები. ესენია ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ტურიზმი,დასაქმების პრობლემა. მე მუნიციპალიტეტის მომავალი განვითარება ასე წარმომიდგენია: უნდა იყოს განვითარებული ტურიზმი და სოფლის მეურნეობა“.

ლაგოდეხი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. ის, სოფლის მეურნეობის კუთხით, ძირითადად ბოსტნეულის მწარმოებელი რაიონია. აქ არის სახელმწიფო ნაკრძალი და რამდენიმე ტურისტული მარშრუტი. დამთვალიერებელს ჩანჩქერების, მთის ტბებისა და იშვიათი სახეობის მცენარეების ნახვას სთავაზობენ. აქ განვითარებულია კერძო ბიზნესიც, თუმცა დიდ საწარმოებს ვერ ნახავთ. ადგილობრივები თვლიან, რომ რაიონში, რომელსაც უნიკალური ბუნება და ამ მხრივ ტურიზმის განვითარებისთვის რესურსები აქვს, ტურიზმი მაინც არ არის განვითარებული. ისინი ხელისუფლებას სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG