Accessibility links

logo-print

ექსჰუმაცია - ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების მორიგი ეტაპი


ლაფანყური. 2012 წლის 29 აგვისტო

ლაფანყური. 2012 წლის 29 აგვისტო

8 მაისს ხალხმრავლობა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისის სასაფლაოზე, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპერტიზისათვის მიწიდან ამოიღეს 2012 წლის 28 აგვისტოს მოკლული ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვისა და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩაატარებენ.

ექსჰუმაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების დუისში ჩასვლას გაგებით მოეკიდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებიც, რომლებიც, საკუთარი ტრადიციებისა და რჯულის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სიმართლის დადგენის იმედით დათანხმდნენ საფლავიდან გვამების ამოღებასა და სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას. ამასთან, გვამების ექსჰუმაცია და ლაფანყურის ოპერაციის ხელახალი გამოძიების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კავშირზე ილაპარაკა:
უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი


„ხდებოდა მათთვის სპეციალურად თბილისში ბინების დაქირავება, ამ ჯგუფის აღჭურვა, მომზადება და მათი შემდგომი გამოყენება. ფაქტია, რომ ის ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ სპეცოპერაციის დროს, დღეს იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ამაში მათ დახმარება გაუწიეს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა. გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დაღუპული 2 ქართველი (ჩოხელი და წიკლაური) იყვნენ ამ ჯგუფის ინსტრუქტორები და მათი საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაც, ვფიქრობ, გამოსაძიებელია“.

სახალხო დამცველი ასევე აპირებს საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას, რათა გამოძიების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, ექსპერტიზას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩაატარებენ:

„საქმე ის არის, რომ რენტგენის სპეციალური აპარატი, რომელიც გამოკვლევის ჩასატარებლადაა საჭირო, ამ დაწესებულებაში აქვთ. სულ, ჯამში, მოხდება შვიდი გვამის ექსჰუმაცია. საქმეში საერთოდ არ არის ამ პირთა სიკვდილის დამდგენი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. აქამდე ლაპარაკი იყო ლიკვიდაციაზე. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, არ ჩაატარონ ექსპერტიზა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა ამ საქმის სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, სიკვდილის მიზეზის დადგენა გახდა აუცილებელი“.

ექსჰუმაციისა და გამოძიების ჩატარების წინააღმდეგი არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, თუმცა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე შენიშნავს, რომ გვამების გარეგნულმა დათვალიერებამ და პირველადმა გამოძიებამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა:

„ექსჰუმაცია არის ახალი გამოძიების პრეროგატივა, ამიტომ იმედი მაქვს, ყველა კითხვას, რომელსაც, შესაძლოა, პასუხი ვერ გასცა გვამების გარეგანმა დათვალიერებამ და სხვა საგამოძიებო მოქმედებებმა, იქნება ეს ტყვიის თუ სხვა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც საქმეში აუცილებლად იქნება... თუკი ექსჰუმაცია დამატებით დეტალებს გაარკვევს, ეს მხოლოდ წაადგება გამოძიებას“.
ამ გამოძიებას უნდა აწარმოებდეს პროკურატურა და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე მთავარი საკითხია დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დაღუპული პირების ოჯახის წევრებისათვის...

გამოძიების იმედი აქვთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“, თუმცა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია კაციტაძე მიიჩნევს, რომ 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე ამჟამად მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს ობიექტური, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებს. ნათია კაციტაძის თქმით, ასოციაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად გამოასწორონ არსებული ხარვეზები.

„დღესდღეობით გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. ცალკე უნდა იყოს გამოძიება გარდაცვალების ფაქტებთან წარმოებული. გამოძიება უშუალოდ უნდა წარიმართოს იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორი იყო სამართალდამცავების მიერ ძალის ისეთი გამოყენება, რასაც 11 კაცის გარდაცვალება მოჰყვა. და კიდევ: ამ გამოძიებას უნდა აწარმოებდეს პროკურატურა და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე მთავარი საკითხია დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დაღუპული პირების ოჯახის წევრებისათვის“, - უთხრა ნათია კაციტაძემ რადიო თავისუფლებას.

ნათია კაციტაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი. საქმე ის არის, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. ამასთან, სწორედ ამ საქმის ფარგლებში ხდება სამართალდამცავების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის გარემოებების შესწავლა. ნათია კაციტაძის თქმით, ამ ფორმით გამოძიების წარმართვა პირდაპირ არღვევს გამოძიების ინსტიტუციური დამოკიდებულების სტანდარტს, რადგან ლაფანყურის სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალები აწარმოებდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG