Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი ისევ უფასურდება


მიმდინარე წლის მაისის რეკორდისა, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 36 თეთრი იყო, და რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ეროვნული ვალუტა ისევ იმავე ნიშნულს უახლოვდება. ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა, გაზრდილი ინფლაციური მაჩვენებლის ფონზე, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ინფლაციამ ივლისის თვეში, 2014 წლის იმავე თვესთან შედარებით, მართლაც მიაღწია მიზნობრივ, 5 პროცენტიან, მაჩვენებელს. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები კიდევ უფრო მეტად, 7, 1 პროცენტით, გაიზარდა. უფრო კონრეკტულად, ხილი თითქმის 32 პროცენტით გაძვირდა, ბოსტნეული კი - 19 პროცენტით. მედიკამენტები გაძვირებულია 17 პროცენტით, თამბაქო - 10 პროცენტით.

შემოდგომაზე ნავარაუდევია ძირითადი მოხმარების პროდუქციის გაძვირების ახალი ტალღა. ცხადია, ინფლაციური მოლოდინები სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოლოდინებს უკავშირდება. მიმოვიხილოთ ის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე არის პასუხისმგებელი.

საგარეო ფაქტორებიდან სავაჭრო ბრუნვა - კერძოდ, ექსპორტი, როგორც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო - კვლავ კლებითი ტენდენციით ხასიათდება. ივლისის მდგომარეობით, ექსპორტი, 2014 წლის ივლისთან შედარებით, 24 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, ივლისის თვეში, გასულ წელთან შედარებით, მცირედით - 2,2 პროცენტით - არის გაზრდილი ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, თუმცა, თუ იანვარ-ივლისის მონაცემებს გადავხედავთ, ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით, ერთი პროცენტით არის შემცირებული. მთელი წლის განმავლობაში ძირითადი გამომგზავნი ქვეყნებიდან შემცირებულია ფულადი გადმორიცხვების ოდენობაც.

რაც შეეხება საშინაო ფაქტორებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ხელთაა, პირველ რიგში, ეს არის ფისკალური პოლიტიკა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა და, ლარზე დამატებითი ზეწოლის არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების შემცირება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. რაც შეეხება ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვას, 2015 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულია 9 თვის გეგმის მხოლოდ 81 პროცენტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 9 თვის ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში მთავრობამ მილიარდ 617 მილიონი ლარი უნდა გახარჯოს, ეს კი მსგავსი პერიოდის ხარჯვის მაჩვენებელს, დაახლოებით, 400 მილიონი ლარით აღემატება. სექტემბრის თვეში მოსალოდნელია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გააქტიურება, რაც თავის წვლილს შეიტანს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში.

ლარის კურსსა და, ზოგადად, ეკონომიკაზე არანაკლებ უარყოფითად მოქმედებს შეტევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე და ამ ინსტიტუციის რეპუტაციის შელახვაც. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მოახდინოს უარყოფითი საგარეო შოკების მინიმიზაცია და საშინაო რისკების მაქსიმალურად განეიტრალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG