Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ლარის გამყარებას „დედოლარიზაციით“ ცდილობს


საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი, ყვარელი
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი, ყვარელი

საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის, გაუფასურების პროცესის ფონზე ქვეყნის მთავრობა ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ უმჯობესია არჩევანი ლარის სასარგებლოდ გააკეთოს და უარი თქვას აშშ დოლარზე. რატომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება "დედოლარიზაციას"?

საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის გაუარესებით შეწუხებულმა ეროვნული ბანკის ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, „დედოლარიზაციის“ იდეა წამოაყენა. გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გვენეტაძემ განაცხადა, რომ "მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „დედოლარიზაციის“ შესახებ ერთი თვის წინ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ისაუბრა:

"რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე ვისაუბრეთ: პირველი, ესაა ლარიზაციის საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევამციროთ ეს მაჩვენებელი. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის სესხები".

კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, „’დედოლარიზაციის’ პროცესი მარტივი არ არის და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთო“. არსებობს სხვადასხვა მექანიზმებიო, ამბობს ის, მათ შორის, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაშიო. კობა გვენეტაძე ლაპარაკობს ასევე უცხოურ ვალუტაში სესხების თავისუფლად აღების შეზღუდვაზე ისეთი მსესხებლებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან.

ეროვნული ბანკის ამ და სხვა მოსაზრებებს მხარი დაუჭირეს მთავრობის წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეთანხმება კობა გვენეტაძის განცხადებას:

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას. დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ. ამისათვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამისთვის კეთდება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომელიც მიმართულია იქით, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს, არ იყოს დამოკიდებული ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომელიც შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი. ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ გამყარდება”.

ოცი წელია ვამბობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ეროვნული ბანკი, როგორიც გვაქვს დღეს. არ გვჭირდება ლარი, რომელიც არის ფარატინა ქაღალდი და არაფრით არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ არ გვჭირდება მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული...
პაატა შეშელიძე

მიუხედავად ასეთი პოზიციისა, ირკვევა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავად სულაც არ ჩქარობენ უარი თქვან უცხოური ვალუტის გამოყენებაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც კობა გვენეტაძემ ბანკის პრეზიდენტად დამტკიცების შემდეგ შეავსო და რომელიც საჯარო ინფორმაციაა, ირკვევა, რომ „დედოლარიზაციის“ ინიციატორი საკუთარი დანაზოგების 96 პროცენტს აშშ დოლარში ინახავს.

პირად ანგარიშებზე დოლარის დანაზოგების არსებობა დაადასტურა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც:

„ანაბრებზე, რა თქმა უნდა, მაქვს ლარიც და დოლარიც, ოღონდ, სამწუხაროდ, ბევრი არ მაქვს იმ ვალუტაში, რომელშიც იმ დროს მქონდა შემოსავალი, დოლარში, და ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე...“

„დედოლარიზაციის“ მომხრეები სხვადასხვა ადმინისტრაციულ მექანიზმზე ლაპარაკობენ, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მოსახლეობა იძულებული გახადონ უფრო მეტად ლარი გამოიყენონ. ამგვარი ჩარევის მოწინააღმდეგეა ბევრი ეკონომისტი, მათ შორის, პოლიტიკური ოპოზიციიდან. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ამბობს, „მთავარი არ არის დედოლარიზაცია, მთავარი მიზანი უნდა იყოს დოლარის შემოტანიზაციაო“.

„დედოლარიზაციის“ იდეას ყველა როდი ეწინააღმდეგება, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ბუნებრივად, სახელმწიფოს უხეში ჩარევის გარეშე, უნდა გაიზარდოს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საბანკო სფეროს ექსპერტმა გიორგი კეპულაძემ:

„ეს არ უნდა იყოს ხელოვნური ჩარევა, სესხების აკრძალვა...“

გიორგი კეპულაძისგან განსხვავებით, საქართველოში ვალუტის გამყარების სხვა გზებზე ლაპარაკობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე

„ოცი წელია ვამბობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ეროვნული ბანკი, როგორიც გვაქვს დღეს. არ გვჭირდება ლარი, რომელიც არის ფარატინა ქაღალდი და არაფრით არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ არ გვჭირდება მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაციები იყო ძალიან მარტივი: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გაცვლის საშუალებად ოქროს ლარი, რომელიც არსებობს და შეიძლება მისი გამოყენება ყოველგვარი დანახარჯების გარეშე“.

პაატა შეშელიძის აზრით, არსებული ლარი უმჯობესია მიბმული იყოს დოლარსა ან ევროსთან და უზრუნველყოფილი იყოს მისი გაცვლა ფიქსირებული კურსით, ასევე შეიძლება გადახდის საშუალებად დაშვებული იქნეს სხვა ვალუტებიც. ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა მსგავს ინიციატივებს არ განიხილავს და საუბარია მხოლოდ ადმინისტრაციულ ჩარევებზე, რათა დოლარიზაციის 70 პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი როგორმე შემცირდეს. მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი პოლიტიკა წარუმატებელი იქნება, რადგან უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, სხვადასხვა მთავრობის მონდომების მიუხედავად, დოლარიზაციის მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტით, ანუ წელიწადში 1 პროცენტით, შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG