Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საგანგაშოა ლარის გაუფასურება?


დოლართან მიმართებით ლარმა მცირედ გაიუმჯობესა მდგომარეობა: გასულ კვირაში 3,2%-იანი ვარდნის შემდეგ, ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი 27 ნოემბრისთვის 1.81 ლარზე დაფიქსირდა. გასულ კვირაში ერთი დოლარი 1,85 ლარი ღირდა. ეკონომიკის სფეროს ექსპერტების აზრით, ვითარება აჟიოტაჟის საფუძველს არ იძლევა - იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების ფისკალური ინსტიტუტები შარშანდელი გამოცდილებით იხელმძღვანელებენ და მალე მოახდენენ პროცესის სტაბილიზაციას. შარშან ლარის კურსი სამი თვის განმავლობაში განიცდიდა ვარდნას.

გასული კვირის დასაწყისში 1 ამერიკული დოლარი 1,74 ლარი ღირდა და ეს იყო ფასი, რომელიც მიმდინარე წლის მარტის შემდეგ სტაბილურად ნარჩუნდებოდა. 1,8- მეათედიან ნიშნულს ლარმა ბოლოს 2010 წელს გადააჭარბა. მას შემდეგ, ეროვნული ბანკის ჩარევით, კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორსაც ბაზარი დაადგენს.

დღევანდელი გაცვლითი კურსის მიხედვით, პანიკის საფუძველს ვერ ხედავს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი. მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა და გლობალური საშიშროების საფუძველი არ არსებობს. ის იმასაც განმარტავს, თუ რა აძლევს ოპტომისტური პროგნოზის საშუალებას:

„ექპორტი, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი წყაროა უცხოური ვალუტის შემოდინების და პირველი 9 თვის განმავლობაში 7%-ით არის ექსპორტი გაზრდილი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2014 წლის პირველ ნახევარში 43%-ით არის გაზრდილი თითქმის ყველა მიმართულებით, გარდა საბანკოსი, რადგან საბანკო სფეროში პირდაპირი ინვესტიციების გაპორტფელურება მოხდა, რამაც კლების ეფექტი შექმნა პირდაპირ ინვესტიციებში. ფულადი გზავნილები, რომელიც 2014 წელს შეადგენდა 1 მლრდ 78 მლნ-ს, - და ეს იყო 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, - ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის 6 მლნ-ით გაზრდილი“.

ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, თუმცა ამბობს, რომ აჟიოტაჟი და პანიკა უფრო დიდია, ვიდრე ამის რეალური მიზეზი არსებობს. მისი სიტყვებით, ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რათა კურსის შეცვლამ ბაზარზე ფასების შეცვლა არ განაპირობოს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ისეთი ხარჯები, რომელიც მეტ ტვირთად დააწვება ლარს. ამასთან, მისი თქმით, ჯერ პიკი არ დამდგარა და პიკი დადგება უფრო მოგვიანებით, რის შემდეგაც კურსი აუცილებლად დაიწევს. შესაძლოა 1, 76-პუნქტიან მაჩვენებელზე არ დაბრუნდეს, მაგრამ ის დაიკლებს:

„ბოლო სამი თვეა ექსპორტის მოცულობა მცირდება, იმპორტი მზარდია, ფულადი გზავნილები ბოლო ერთ თვეში შემცირებულია. არ მგონია, საინვესტიციო ნაკადებში რაიმე ცვლილება იყოს, ამიტომ ესეც სტაბილურია. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ დოლარს დაახლოებით 3%-იანი გამყარება აქვს ევროსთან მიმართებაში და ეს ავტომატურად ყველა სხვა ვალუტაზე მოქმედებს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ძირითად და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა, დოლარის დეფიციტია და არ გამოვრიცხავ, რომ ამის ერთგვარი გავლენაც იყოს. ტურისტული ნაკადების შემცირება არ შემიძლია არ აღვნიშნო დამატებით და ამ ფაქტორების ჯამი გვაძლევს იმ წინაპირობებს, რაც დღეს ლართან მიმართებაში არსებობს. მე მაინც ყურადღებას გავამახვილებდი ისეთ ფაქტორებზე, რომლის დარეგულირების საშუალებაც წინასწარ არსებობს და ეს, ალბათ, მაინც მთელი წლის განმავლობაში არსებული ხარჯვითი პოლიტიკაა, რომელიც სწორად უნდა იყოს დაგეგმილი“.

მიმდინარე ბალანსის უარყოფითი სალდო, ანუ ექსპორტის შემცირება და იმპორტის გაზრდა, ბოლო ორი თვის - ოქტომბერ-ნოემბრის - განმავლობაში - ეს არის ლარის კურსის შეცვლის მთავარი მიზეზი საბანკო ექსპერტ გოჩა თუთბერიძისთვის. სხვა მიზეზებთან ერთად ის კიდევ ერთს, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ფულადი ტრანსფერების შემცირებას, ასახელებს.

„ეს განაპირობა საქართველოს ხელისუფლების ქცევამ. დასახარჯია 2 მლრდ-ზე მეტი ორი თვის განმავლობაში, ანუ ეს ფული თანაბარზომიერად არ იქნა განაწილებული მთელ წელზე და არ იქნა დახარჯული. ზუსტად იგივეა, რაც შარშან, ანუ ხელისუფლებამ, შარშანდელთან შედარებით, ვერაფერი ისწავლა და ისევ იგივენაირად იქცევა“.

გოჩა თუთბერიძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ახლა უნდა გადაწყვიტოს დახარჯოს რესურსები და დაასტაბილუროს კურსი თუ არ ჩაერიოს პროცესში. თუმცა ამ ეტაპზე ექსპერტი რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებების საჭიროებას ვერ ხედავს. ხელისუფლება არ აკეთებდა ლარის კურსის ცვლილების პროგნოზს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ოქტომბერში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას გამორიცხავდა მსგავს ალბათობას.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თბილისელების ნაწილი უკვე შეწუხებულია ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსის ცვლილებით, ნაწილისთვის კი ეს მოვლენა ჯერჯერობით შეუმჩნეველია. ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად მათზე აისახა, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული:

„კი, იმოქმედა. ახალი წელი მოდის და ბევრი საყიდლები გვაქვს. განსაკუთრებით იმოქმედა ონლაინ შოპინგის შემთხვევაში“.

„არც გამიგია“.

„მე არა, მაგრამ ჩემს მეგობრებს აქვთ კრედიტი უცხოურ ვალუტაში და ისინი დაზარალდნენ“.

„ყველაზე იმოქმედა და ყველა ცოდოა. მე ვარ პენსიონერი და გაძვირებულ პროდუქტს როგორ ვიყიდი ან წამალს, ფასი რომ მოემატება? ისედაც ძვირდება ყოველ მისვლაზე წამალი და მე მუდმივი მომხმარებელი ვარ წამლის და ვიცი, კატასტროფულად გაძვირდება“.

„ყველაფერი ძვირდება და, რა თქმა უნდა, ოჯახის ბიუჯეტზეც აისახება. კრედიტი მაქვს დოლარში და მეტი ლარი მჭირდება, რომ ვიყიდო დოლარი და დავფარო ეს კრედიტი“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG