Accessibility links

logo-print

2014 წლის დეკემბერში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტალღის შემდეგ, როდესაც ლარის გაცვლითმა კურსმა ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1,916 ლარს მიაღწია, მცირეხნიანი სტაბილურობა დამყარდა, თუმცა ამჯერად კვლავ გაუფასურების ახალი ტალღის მოწმენი ვართ. კერძოდ, 15 იანვრის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა დაადგინა გაცვლითი კურსის ახალი ნიშნული - 1,928. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუფასურება თითქმის ათპროცენტიანია.

ამ პროცესს არა აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი. სწორედ ამიტომ მიმოვიხილავთ იმ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს ქვეყანაში ლარის გაუფასურებაზე. პირველი განმაპირობებელი ფაქტორი აშშ დოლარსა და ლარს შორის შექმნილი დისბალანსია. ამიტომ მიმოვიხილავთ ექსპორტისა და ფულადი გზანვილების მაჩვენებლებს, როგორც უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს.

გუშინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის 2014 წლის იანვარ-ნოემბრის განახლებული მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმნიშვნელოდ, ნახევარი პროცენტული პუნქტით, გაიზარდა და 2 მილიარდ 628 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, 2014 წელს, 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, დაფიქსირდა 9,3-პროცენტიანი ზრდა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი გაღრმავდა 14 პროცენტით და მიაღწია 5,1 მილიარდ აშშ დოლარს.

ფულადი გზავნილების მიმართულებით რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი უარყოფითად აისახა ამ ქვეყნიდან ჩარიცხულ გზავნილებზე. 2014 წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირდა 10-პროცენტიანი კლება: ჩაირიცხა 56 მილიონ 522 ათას აშშ დოლარზე ნაკლები. ასევე უარყოფითად აისახა უკრაინა-რუსეთის მოვლენები უკრაინიდან გზავნილებზე: 2014 წელს უკრაინიდან გზავნილები, 2013 წელთან შედარებით, შემცირებულია 30 პროცენტით.

გზავნილებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემებიშეიქმნა ბოლო სამ თვეში, უფრო მეტად - დეკემბერში, როცა გზავნილების მოცულობა უკვე არა მხოლოდ ამ ქვეყნებიდან, არამედ ევროპული ქვეყნებიდანაც შემცირდა: 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსულ ფულად გზავნილთა ნაკადების მოცულობამ 116.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 24.9 პროცენტით, ნაკლებია 2013 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით, რუსეთიდან გზავნილების ნაკადი დეკემბერში შემცირებულია 43 პროცენტით, საბერძნეთიდან 11, ხოლო უკრაინიდან 67 პროცენტით.

გარდა ამისა, საბიუჯეტო პროცესის არასწორად დაგეგმვის გამო, დროულად ვერ ჩაირიცხა საერთაშორისო გრანტები და კრედიტები, რაც უცხოური ვალუტის დამატებითი წყარო უნდა ყოფილიყო.

ლარის კურსის რყევაზე, ცხადია, ასახვა პოვა არამხოლოდ ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებმა. ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს თუ მიმოვიხილავთ, ლარის კურსის ცვალებადობა შესაძლოა ნაწილობრივ დაკავშირებული იყოს 2014 წლის ბოლო თვეში გაწეული მაღალი საბიუჯეტო ხარჯების ეფექტთან.

ამასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯები მხოლოდ უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას არ მოხმარებია, არაერთი პროექტი გადმოვიდა 2015 წელსაც და, შესაბამისად, თანხები გაიცა ავანსად, რომელთა ფარგლებში სამუშაოები შესრულდა და, შესაბამისად, ხარჯვა განხორციელდა უკვე 2015 წლიდან. ამდენად, ლარის კურსის ცვლილების ახალი ტალღა სწორედ ავანსად ჩარიცხული თანხების ხარჯვის დაწყებასთანაც შეიძლება იყოს კავშირში.

ამას ემატება 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებაც. პირველ ორ კვირაში უკვე გაიხარჯა 242 მილიონ ლარზე მეტი, რაც ასევე ზრდის მიმოქცევაში არსებულ ფულის მასას.

რაც შეეხება ლარის კურსის გაუფასურებას ფასებთან მიმართებაში, ლარის კურსის დევალვაცია პროდუქტებზე ინფლაციურ ზეწოლას ახდენს, თუმცა ეს პროცესი განსაკუთრებული მასშტაბით ინფლაციის მაჩვენებელზე არ ასახულა ერთი მთავარი მიზეზით: მსოფლიოში ძირითად პროდუქტებზე (ნავთობი, მარცვლეული) ფასები იკლებს, რაც ხელს უწყობს ფასების საერთო დონის სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში.

XS
SM
MD
LG