Accessibility links

logo-print

პრემიერ–მინისტრი ვარაუდობს, რომ „კრიზისული პერიოდი გადავლილია“, ლარის კურსის დასტაბილურება საშუალოვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი და რომ ამ ეტაპზე მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება. ამასთან, საგანგებოდ ესმება ხაზი მთავრობის შეთანხმებულ მუშაობას ეროვნულ ბანკთან და მზადყოფნას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ყველა არსებული ბერკეტი ამოქმედდება. მართალია, 22 სექტემბერს ლარი გამყარდა, მაგრამ კვლავაც ძალაშია ბოლო პერიოდის მთავარი თავსატეხი – რის ბრალია ლარის კურსის ვარდნა, არის თუ არა ეს ძირითადად აჟიოტაჟის ბრალი და რა გადაუდებელი ნაბიჯების აუცილებლობას ხედავენ ექსპერტები.

"კრიზისული პერიოდი გადავლილია. ლარის კურსი პიკშია. ყველა პროგნოზის, ანალიზის გათვალისწინებით, სიტუაცია უნდა ჩამოვიდეს ქვევით და უნდა დასტაბილურდეს", – ამ შინაარსის განცხადება პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს, ღამით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის დასტაბილურების პროგნოზი მთავრობისა და ეროვნული ბანკის „შეჯერებულ“ პოზიციას წარმოადგენს და რომ, საჭიროების შემთხვევაში, ორივე მხარე აამოქმედებს თავ-თავიანთ ხელთ არსებულ ბერკეტებს – იქნება ეს სავალუტო რეზერვების გამოყენება თუ სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვა. თუმცა პრემიერი უმთავრეს ამოცანად აჟიოტაჟის ჩაცხრომას მიიჩნევს:

„ყველაზე მთავარი, რაც მე მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, – და ყველას, ვინც არს ამ თემით დაინტერესებული, – მთავარია, ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟსა და ემოციებს. დანარჩენ პროცესს ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ვმართავთ“.

21 სექტემბერს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 2,45–ს შეადგენდა. მართალია, 22 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4086 ლარი გახდა, მაგრამ ვითარების ასეთი გაუმჯობესება, ახლო წარსულის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის საერთო სურათს არ ცვლის, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა, გამყარების შემდეგ, ლარს კვლავაც მნიშვნელოვნად დაუთმია თავისი პოზიციები.

როდესაც ქვეყანაში შეინიშნება დევალვაცია, მოსახლეობა თუ კომპანიები ცდილობენ, რომ რეზერვები შეინახონ დოლარში, ლარი გადაიყვანონ დოლარში და არ გახარჯონ, რაც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ვალუტის დევალვაციას...

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს? ექსპერტთა ერთი ნაწილი იზიარებს მთავრობის პოზიციას - მიიჩნევს, რომ ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენას არ ახდენს მაკროეკონომიკური ფაქტორები და რომ ვითარების გამოსასწორებლად აჟიოტაჟის ჩაცხრომაც სავსებით საკმარისი იქნებოდა. ასე ფიქრობს, მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც. როგორც ის აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ამ ეტაპზე არ ჩანს დამატებითი ბერკეტების ამოქმედების აუცილებლობა:

„როდესაც ქვეყანაში შეინიშნება დევალვაცია, მოსახლეობა თუ კომპანიები ცდილობენ, რომ რეზერვები შეინახონ დოლარში, ლარი გადაიყვანონ დოლარში და არ გახარჯონ, რაც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ვალუტის დევალვაციას. რაც შეეხება აჟიოტაჟურ მოვლენებს, ამის „წამალი“ არის ის, რომ უნდა იყოს მეტი კოორდინირება საზოგადოებასთან: საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს მეტი ინფორმაცია, რათა საზოგადოებას არ გაუჩნდეს უსაფუძვლო ეჭვები. უნდა იცოდეს საზოგადოებამრეალურად რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს“.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან ერთად, აიღო პასუხისმგებლობა ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით...

საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას ხედავს დემურ გიორხელიძეც, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი შორს არის იმ აზრისგან, რომ ლარის კურსის ვარდნას ამ ეტაპზე მხოლოდ აჟიოტაჟი განაპირობებს. ეს ყველაფერი „საშინაო და საგარეო ფუნდამენტური პირობების ბრალია“, – ეუბნება ექსპერტი რადიო თავისუფლებას. დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ სათანადო ნაბიჯების გადადგმის გარეშე ლარი სტაბილურობას ვერ მიაღწევს. სახელდება პირველი ეტაპის ამოცანებიც:

„ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადებითი ინფორმაცია და პირველი ნაკადი ფული ეკონომიკაში, რომელიც პირდაპირ წარმოებაში, მომსახურების შექმნაში წავა, რომ ლარის სტაბილიზაცია მოხდეს. მე ვგულისხმობ ფულის გაჩენას. ფული შეიძლება სხვადასხვა წყაროდან გაჩნდეს ეკონომიკაში და ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ, თუ ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა იქნა შემუშავებული, შეიძლება – სწორად თქვა გუშინ (21 სექტემბერს) ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ – სავალუტო რეზერვების გამოყენებაც ლარის სტაბილიზაციისთვის, მაგრამ სხვა ღონისძიებებთან ერთად... ბიუჯეტის კორექტირებაც, უბრალოდ, აუცილებელი იქნება ლარის სტაბილიზაციისთვის – არის ისეთი ხარჯები, რომლებიც ამ წლის ბოლომდე რომ არ იქნეს გაწეული, არაფერი არ მოხდება“.

დემურ გიორხელიძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებული თანამშრომლობის განაცხადი გააკეთეს. მეტიც, ასეთი თანამშრომლობის დემონსტრირების აუცილებლობაზე ექსპერტი უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის კეთილგანწყობილ თანამშრომლობასმიესალმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. როგორც 22 სექტემბერს განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან ერთად, აიღო პასუხისმგებლობა ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით“.

22 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილ იქნა 40 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083შეადგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG