Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის კურსის შემდგომი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. „ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით, მიუხედავად იმისა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

პარალელურად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეაფასა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც, რომელიც, მისი თქმით, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ის ამასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს კომენტარს, რადგან ეს მთავრობის გადასაწყვეტია. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იყოს 3 ან უფრო ნაკლები, რაც დღევანდელი პროექტით არის შენარჩუნებული. შესაბამისად, აღნიშნული ბიუჯეტი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ წარმოდგენს. რაც შეეხება ხარჯვით პრიორიტეტებს, ეს კითხვა არის ფინანსთა სამინისტროსთან და, ზოგადად, მთავრობასთან", - განაცხადა ქადაგიძემ.

ლარის გაუფასურებამ უკვე მოახდინა გავლენა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელზე. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ოქტომბრის თვეში, გასულ წელთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 5,8 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის 5-პროცენტიან მაჩვენებელს 0.8 პროცენტით აღემატება.

ყველაზე მეტად - 11,1 პროცენტით - გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27,4 პროცენტი). 12-თვიან პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22, 2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10.4 პროცენტი). 10,5 პროცენტით გაიზარდა ფასები ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფებზე. ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლა-შეკეთების ჯგუფში ფასები 13,1 პროცენტით გაიზარდა.

გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა და გაზარდა საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე. მონეტარული კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს იმართება, რომელიც გადაწყვეტს, არის თუ არა საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება. კომიტეტი შეაფასებს მოსალოდნელი ინფლაციის რისკებს, რათა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და, ამასთან, გაითვალისწინებს გადაწყვეტილების ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG