Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსის კვალდაკვალ


უკვე რამდენიმე დღეა ეროვნული ბანკი ცდილობს ლარის გამყარების ტენდენცია დოლარის შესყიდვებით დააბალანსოს. ეროვნული ვალუტა მყარდება და ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, სავალუტო რეზერვებს ავსებს, მეორე მხრივ კი, ეკონომიკას იცავს ჩქარი გამყარების შოკებისგან.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტებმა სცადეს დეტალურად გაჰყოლოდნენ ლარის ქცევის ორწლიან პერიოდს, რათა მისი სამომავლო პერსპექტივა უკეთ განესაზღვრათ. დასკვნაში, რომელიც ცენტრმა მოამზადა, გლობალური ფაქტორებიდან გამოყოფილია შემდეგი:

აშშ-ში 2014 წელს დაფიქსირებული სწრაფი ზრდა თითქმის 2.5 % იყო. შედეგად, აშშ-ის ფედმა დაიწყო ეტაპობრივი გასვლა ე. წ. რაოდენობრივი შერბილების პროგრამიდან. ნიშანდობლივია, რომ ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე დოლარის ინდექსმა – ზრდა. ამის მიზეზი იყო სიტუაცია რეგიონში და ევროკავშირში განვითარებული მოვლენები. ფედის მიერ რაოდენობრივი შერბილების პროგრამიდან გასვლა თითქმის ზუსტად დაემთხვა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შეცვლას. მარიო დრაგიმ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, 2014 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ, დაბალი ინფლაციის პირობებში, განიხილებოდა რაოდენობრივი შერბილება, ხოლო 2015 წლის იანვარში აქტივების შესყიდვის გაფართოებული პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა. ბაზრების რეაქცია მყისიერი იყო: ევრომ გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის მაისიდან დაიწყო, ბევრად ადრე, ვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკი დაიწყებდა აქტივების შესყიდვას. შედეგად, ევრო თითქმის 20 %-ით გაუფასურდა 2014 წლის მანძილზე, ხოლო 2015 წლის განმავლობაში 1.15 ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა.

ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროკავშირში მცხოვრებ ქართველთა შემოსავლები დოლარში და, ამდენად, შემცირდა გზავნილების ის ნაწილიც, რომელიც ევროზონიდან შემოდიოდა. ამასთან ერთად, სიტუაცია საბერძნეთში, რომელიც, ტრადიციულად, რუსეთის შემდეგ გზავნილების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოსთვის, (2011–2014 წლებში მთლიანი გზავნილების საშუალოდ 12.8 %), ქვეყანაში დატრიალებული სავალო კრიზისის გამო საგრძნობლად გაუარესდა. 2015 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც გადარიცხვები საბერძნეთის ბანკებიდან საზღვარგარეთ აიკრძალა, ხოლო ნაღდი ფულის გატანა დღეში 60 ევრომდე შეიზღუდა, გზავნილების რაოდენობა საბერძნეთიდან საქართველოში 90 %-ზე მეტით დაეცა. მთლიანობაში, 2015 წლის მანძილზე გზავნილები ევროკავშირიდან 23 %-მდე შემცირდა, რაც, თავისთავად, უკვე საკმარისი იყო ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ზეწოლისთვის.

საქართველოს ეკონომიკასა და, კონკრეტულად, ლარის გაცვლით კურსზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზოგენური გავლენა მოახდინა რუსეთსა და რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა და, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ ომის შედეგად რუსეთზე დაკისრებულმა სანქციებმა.

ლარის გაუფასურებას არც ექსპორტის ზრდა მოჰყოლია, რადგან ყველა ძირითად პარტნიორ ქვეყანაში სავალუტო კრიზისი იყო და ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2014 წლის მანძილზე, სანამ დოლარის მიმართ მისი გაუფასურება დაიწყებოდა, რეალურად ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში მყარდებოდა. ამან ასახვა პოვა ექსპორტზე და ისიც შემცირდა. მთლიანობაში, საქართველომ 2014/15 წლებში, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარის შემოდინებები დაკარგა, რამაც ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა. ეს ზეწოლა მხოლოდ მას მერე შეჩერდა, რაც გადინებებიც ანალოგიური მაჩვენებლით შემცირდა და 2015 წლის მეორე ნახევრისკენ ლარის კურსი ახალ წონასწორულ ნიშნულზე – 2.40 ლარი/დოლარი – შეჩერდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და აზერბაიჯანში პანიკა ჩაცხრა, ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო და, ამასთან, საქართველოში ტურიზმის ზრდისა და იმპორტის კლების ხარჯზე წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, ლარმა გამყარება დაიწყო და 2016 წლის მაისისთვის, პიკთან შედარებით, 11 %-ით გამყარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შერბილებული საგარეო ზეწოლისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ინვესტიციების შემაფერხებელ ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის შედეგად, ეს ტენდენცია ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება და ლარი ახალ ნიშნულზე დარეგულირდება, თუ, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდმა ეკონომიკას თავისი უარყოფითი დაღი არ დაასვა, რაც ასევე ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG