Accessibility links

კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ გაუარესდა და 2014 წლის 7 დეკემბრის ნიშნულამდე დაეცა. ლარის ასეთი დაბალი კურსი მხოლოდ 11 წლის წინ აღინიშნა. საქართველოს მთავრობა მაინც ირწმუნება, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. რა იწვევს, სინამდვილეში, ლარის კურსის არასტაბილურობას?

ლარის ვარდნის პროცესი კვლავ განახლდა და კვირის ბოლოს ერთი თვის წინანდელ მაჩვენებლებს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 1.94 ლარი ღირს. ლარის კურსი უფრო დაბალია კომერციულ ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. ეროვნული ვალუტის ამგვარი არასტაბილურობა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ქვეყნის მოსახლეობას. მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის დევალვაცია მისი ბრალი არ არის. სხვა ჩინოვნიკების მსგავსად, ამის დამტკიცებას შეეცადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი:

„1 დეკემბრიდან, 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით, სახაზინო ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციებით მიმოქცევიდან ამოღებული არის 150 მილიონი ლარი. ამ ყოველივედან გამომდინარე, ლარის კურსთან სახაზინო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების კავშირს გამოვრიცხავ როგორც დეკემბერში, ისე იანვარში“.

მუსირებდა აზრი, თითქოს ლარი ჭარბი რაოდენობით იყო მიმოქცევაში, რაშიც ვერ დავეთანხმებით, რასაც მოწმობს კომერციული ბანკების მიერ 31 დეკემბერს დამატებით 100 მლნ ლარის სესხის აღება...

ცოტნე ყავლაშვილმა თავისი განცხადების უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ის ფაქტიც აღნიშნა, რომ გასული წლის ბოლო დღეს კომერციულმა ბანკებმა დამატებით 100 მილიონი ლარი ისესხეს ეროვნული ბანკისგან:

„მუსირებდა აზრი, თითქოს ლარი ჭარბი რაოდენობით იყო მიმოქცევაში, რაშიც ვერ დავეთანხმებით, რასაც მოწმობს კომერციული ბანკების მიერ 31 დეკემბერს დამატებით 100 მლნ ლარის სესხის აღება ეროვნული ბანკიდან. კომერციულ ბანკებს რომ ჰქონოდათ ლარის სიჭარბე, მათ არ დასჭირდებოდათ დამატებით ლარის სესხება“.

მთავრობის წარმომადგენელთა ასეთ შეფასებებს არ ეთანხმება ეკონომიკის სფეროს სპეციალისტთა ნაწილი. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდანაც კი ჩანს, რომ დეკემრის ბოლოს ლარის მოცულობა დაახლოებით 500 მილიონით მეტი იყო, ვიდრე ამავე თვის დასაწყისში:

„დეკემბერში დაიხარჯა ორჯერ მეტი, ვიდრე სხვა თვეებში იხარჯებოდა 11 თვის განმავლობაში. საშუალო ხარჯვა დაახლოებით 700 მილიონი იყო ხოლმე, დეკემბერში კი იყო 1.3 მილიარდი. ეს ხარჯვა განხორციელდა ბოლო კვირას: მხოლოდ ბოლო 3 დღეში გადაირიცხა 400 მილიონი ლარი“.

ლარის კურსი იქნება მყარი თუ აქ შემოვა ინვესტიცია, ლარის კურსი იქნება მყარი თუ აქედან გავა პროდუქცია და შემოვა დოლარი და ლარის კურსი იქნება მყარი თუ ფულადი გადმორიცხვები შენარჩუნდა...

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების სხვა ფაქტორებიც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც ტურიზმის ზრდის შემცირებას, ასევე ინვესტიციების კლებას თუ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სიმწირეს. ამ მიმართულებით არსებული სირთულეების გამო მმართველ პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“. მისი ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის, განცხადებით, ლარის კურსის სიმყარეზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება:

„აბა, ვისი ბრალია, ლარის კურსი იქნება მყარი თუ აქ შემოვა ინვესტიცია, ლარის კურსი იქნება მყარი თუ აქედან გავა პროდუქცია და შემოვა დოლარი და ლარის კურსი იქნება მყარი თუ ფულადი გადმორიცხვები შენარჩუნდა. გარდა იმისა, რომ ექსპორტი შემცირდა და ის 2013 წლის ნიშნულზე დაბალია, ფულადი გადმორიცხვებიც მცირდება, რომელსაც ჩვენი თანამემამულენი უცხოეთიდან გზავნიან. სწორედ ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი დოლარის კურსის გამყარებისა“.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, სხვა ფაქტორებთან ერთად ლარის კურსის ვარდნაზე გავლენას ახდენს ექსპორტის შემცირება, რამდენადაც ექსპორტი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა.

რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. მაგალითად შემიძლია ვთქვა ის, რომ ექსპორტის წახალისების სპეციალური პროგრამა კეთდება. ამის გარდა, ვიზების რეგულაციების მაქსიმალური შემსუბუქება, რომ ტურიზმის მიმართულებით გავაკეთოთ წახალისება...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მანძილზე ექსპორტი 2 პროცენტით შემცირდა, მაშინ როდესაც იმპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე. რაც შეეხება ტურიზმს, 2014 წელს მისი თითქმის 2-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა, მაგრამ შემცირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც ასევე უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებას ნიშნავს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა ნაბიჯს დგამს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად:

„რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. მაგალითად შემიძლია ვთქვა ის, რომ ექსპორტის წახალისების სპეციალური პროგრამა კეთდება. ამის გარდა, ვიზების რეგულაციების მაქსიმალური შემსუბუქება, რომ ტურიზმის მიმართულებით გავაკეთოთ წახალისება, რომ გავაიოლოთ ადამიანების შემოსვლა საქართველოში, ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია... ანუ მე იმას ვამბობს, რომ ჩვენ რისკების განეიტრალების მექანიზმებზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე“.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნახსენები ნაბიჯები ჯერჯერობით ქვეყნის ეკონომიკაზე საგრძნობ გავლენას ვერ ახდენს, რაც, სპეციალისტების აზრით, ასახვას პოვებს ეროვნული ვალუტის კურსის რყევაზეც. როგორც წესი, ვალუტის გაუფასურება ფასების ზრდას იწვევს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფლაციაზე მისი გავლენა შედარებით მცირეა. თუ რატომ, ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების დილის ეთერში თქვა:

„ლარის კურსის დევალვაცია პროდუქტებზე ინფლაციურ ზეწოლას ახდენს, თუმცა ეს პროცესი განსაკუთრებული მასშტაბით ინფლაციის მაჩვენებელზე არ ასახულა, ერთი მთავარი მიზეზით: მსოფლიოში ძირითად პროდუქტებზე (ნავთობი, მარცვლეული) ფასები იკლებს, რაც ხელს უწყობს ფასების საერთო დონის სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში“.

ეკონომისტების აზრით, ასეთ ვითარებაში თუ მთავრობა დეფიციტურ ხარჯვას არ გააგრძელებს და საბიუჯეტო თანხებს წლის მანძილზე თანაბრად გაანაწილებს, ლარის კურსის ახალ ნიშნულზე სტაბილიზაცია შესაძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG