Accessibility links

logo-print

ლარის სწრაფად გაუფასურების პროცესს ხელოვნური აჟიოტაჟით განპირობებულად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამბობს, რომ ხალხი შეცდომაში შეჰყავთ „უპასუხისმგებლო“ მედიასაშუალებებს, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს. რატომ ეცემა ლარი და რას ფიქრობენ ექსპერტები მთავრობის პროგნოზზე, რომ ვითარება მალე გამოსწორდება?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (25 აგვისტოსთვის) დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ერთბაშად 0.0304-ით გაუფასურდა და 2.3640 შეადგინა. 25 აგვისტოს, დღის განმავლობაში, თბილისში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, დოლარის ყიდვის ფასი 2.42-დან2.44 ლარამდე მერყეობდა, ხოლო გასაყიდი ფასი 2.39-2.40 ლარის ფარგლებში აღირიცხებოდა. კიდევ უფრო გაუფასურებული იყო ლარი კომერციული ბანკების მიერ შემოთავაზებული კურსის თანახმად (1 დოლარის შეძენა 2.44-2.47 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი).

თუმცა სამშაბათ საღამოს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების ნიშანი გამოჩნდა:ეროვნული ბანკის მიერ (26 აგვისტოსთვის) დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად,ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა.

ლარის კურსის ასეთმა მკვეთრმა ვარდნამ კიდევ უფრო დააფრთხო ეროვნული ვალუტის თანდათანობითი გაუფასურებით ისედაც შეშფოთებული ადამიანები. მათ დამშვიდებას 25 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეეცადა. მან თქვა, რომ ყველაფერი ფსიქოლოგიური და ემოციური აჟიოტაჟის ბრალია, რომელსაც მავანი შეგნებულად იწვევს. დასახელდნენ მთავარი დამნაშავეებიც:

„სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აჰყვება მოსახლეობა და ბიზნესმენები, ჩვენი მოქალაქეები ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ ამ აჟიოტაჟსა და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებსა და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ნუ აჰყვებით ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან“.

ეყრდნობა რა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების ოპტიმისტურ განცხადებებს, პრემიერი ვითარების „მალე“ გამოსწორების პროგნოზს აკეთებს და ვარაუდობს, რომ წააგებს ის, ვინც ახლა ლარის ვარდნის აჟიოტაჟს აჰყვება.

ფაქტობრივად, ლიბერალური ეკონომიკა ჩანაცვლდა გარეგულირებული, სახელმწიფოს გაძლიერებული როლის მქონე ეკონომიკით და შემდეგ ამას მოჰყვა უამრავი შეცდომა, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიხატა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლითა და სუსტი ეკონომიკური ზრდით...

რაც შეეხება მინისტრების ოპტიმისტურ შეფასებებს, ეკონომიკის მინისტრს აიმედებს, მაგალითად, ფაქტი, რომ, აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, „იმპორტის შემცირებამ მთლიანად გადააბალანსა ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება“ და რომ, ჯამში, 332 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა ქვეყნიდან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჯერ ისევ დასათვლელია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრივატიზაციის შედეგად 110 მილიონ ლარზე (ეკვივალენტი დოლარში) მეტია შესული.

ლარის კურსი მალე რომ დასტაბილურდება, ამის იმედი ფინანსთა მინისტრსაც აქვს და 25 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე საკუთარი აზრი მანაც გამოთქვა. ნოდარ ხადურისთვის იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოვიდა 81 მილიონი დოლარით იმაზე მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გადახდილი კრედიტების მოცულობაა (ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის) და რომ წლის ბოლომდე ქვეყანა ელოდება კიდევ 110 მილიონ დოლარს. ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, წელს „საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცედენტოდ თანაბარი“ და სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს არ ექნება გავლენა გაცვლითი კურსის გაუარესებაზე.

ყოფილი სსრკ-ის ვალუტების დაღმასვლა

ყოფილი სსრკ-ის ვალუტების დაღმასვლა

მთავრობის გათვლებს არ ენდობა ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. მართალია, იმას, რაც ამ დღეებში ხდება, ექსპერტი ნაწილობრივ, მართლაც, აჟიოტაჟის შედეგად მიიჩნევს, მაგრამ, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური მიზეზები აქვს:

„ფაქტობრივად, ლიბერალური ეკონომიკა ჩანაცვლდა გარეგულირებული, სახელმწიფოს გაძლიერებული როლის მქონე ეკონომიკით და შემდეგ ამას მოჰყვა უამრავი შეცდომა, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიხატა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლითა და სუსტი ეკონომიკური ზრდით. ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკა გახდა უძლური საგარეო შოკებისადმი, მან დაკარგა იმუნიტეტი, დაკარგა მოქნილობა. ამას დაემატა ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, რომლებმაც ვერ დაინახეს რა ხდებოდა საგარეო სფეროში“.

მოცემულ სიტუაციაში და მოქმედი მთავრობის პირობებში, რომან გოცირიძე პრაქტიკულად ვერ ხედავს ვითარების ძირეულად გაუმჯობესების გზებს. თუმცა, თუკი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელს მათე გარდავას შეეკითხებით, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის პირობებში, გამოსავალს ის ეროვნული ბანკის სასწრაფო რეაგირებაში ხედავს:

„ლარის კურსთან მიმართებაში სასწრაფო და აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს ლარების ამოღება ეკონომიკიდან. ჭარბად არის ახლა და ეს იწვევს ლარის გაუფასურების პროცესის სტიმულირებას. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკის ზრდა ვერ მიჰყვება ვალუტის რაოდენობას ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვალუტა უფასურდება... გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ფისკალური პოლიტიკა ახდენს გავლენას, მაგრამ ეს ცოტა რთულია, დროში გაწერილი პროცესია და, თანაც, არ არის მოქნილი ისე, როგორც ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ბერკეტები“.

შესაბამისად, იმაში, რაც ხდება მთავარ დამნაშავედ მათე გარდავა ეროვნულ ბანკს მიიჩნევს, თუმცა, განვლილი პერიოდისგან განსხვავებით, 25 აგვისტოს მთავრობას ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკი აღარ დაუდანაშაულებია. პირიქით, მინისტრებმაც აღნიშნეს და პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად და გააზრებულად მუშაობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG