Accessibility links

logo-print

ლარის „შავი პარასკევი“


საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურები

საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურები

კვირის ბოლოს, პარასკევს, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ვაჭრობის სფეროში ე. წ. „შავ პარასკევს“ აღნიშნავდა, სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაიაფებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ვალუტაც გაიაფდა. ლარის კურსმა თავისი არსებობის მანძილზე ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და შესაძლებელი გახდა ერთი აშშ დოლარით 2 ლარისა და 51 თეთრის შეძენა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის გაუფასურების კიდევ ერთი ტალღა „შავ პარასკევსა“ და პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხის განხილვას დაემთხვა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა პრემიერ-მინისტრის გუნდის შეხვედრა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციასთან. ბუნებრივია, ოპოზიციონერთა კრიტიკული კითხვები სხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ლარის კურსსაც შეეხებოდა. პასუხად, მთავრობის შემადგენლობის ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საინფორმაციო კამპანიას დაუკავშირა:

„დღეს რეგიონში ყველა ვალუტა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში, დოლარის გამყარების ტენდენცია არის“.

პარლამენტში ამ განცხადების გაკეთებამდე 10 დღით ადრე გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ლარი დაიწყებდა გამყარებას და მისი კურსი დოლარის მიმართ გაიზრდებოდა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ლარის გაუფასურებას ასეთ ახსნა მოუძებნა:

„იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით“.

ვერდიქტი დასვა ლარმა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი.

კვირიკაშვილის ამ განცხადებების ნაკლებად სჯერა ოპოზიციურ „ნაციონალურ-მოძრაობას“. მისი ერთ-ერთი საპარლამენტო ლიდერის, რომან გოცირიძის, განცხადებით, ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია:

„სამწუხაროდ, მთავრობას არ ესმოდა ეს, არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვურჩევდით. ვეუბნებოდით, რომ, აი, ასეთი ბიუჯეტით, ასეთი არარაციონალური ხარჯვით, ასეთი დეფიციტით, იმით, რომ უცხოური დახმარებები არ შემოდის, ვინაიდან მთავრობა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, საბოლოო ჯამში, მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ ეხლა“.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის აზრით, სწორედ მთავრობის პოლიტიკაზე რეაგირებს ეროვნული ვალუტის კურსი, რომელმაც გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია:

„ვერდიქტი დასვა ლარმა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის პასუხად, მთავრობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ლარის დევალვაციას თავს გაართმევენ. ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად ლარის პოპულარიზებას შეეცდებიან:

„ეროვნულ ბანკთან ერთად არის ჩამოყალიბებული საკმაოდ მწყობრი გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება და დღეს უკვე დაწყებული არის აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება კომერციული ბანკების მხრიდან... ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელი ინსტრუმენტის მეშვეობითაც კომერციულ ბანკებს ლარი უნდა გაუჩნდეთ. დღეს ეს ინსტრუმენტი უკვე მუშაობს...“

დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, ბაზარზე ლარის მიწოდების გაზრდით დოლარზე მოთხოვნა შემცირდება და საფინანსო ოპერაციების დიდი ნაწილი დოლარის ნაცვლად ლარით განხორციელდება, მაგრამ რეალობაში საპირისპირო ხდება. ეროვნული ბანკი თითქმის ყოველ კვირას რეფინანსირების სესხების სახით მილიარდ ლარზე მეტს აძლევს კომერციულ ბანკებს, რაც ლარის მასის ზრდას და გაუფასურებას იწვევს. ამ მექანიზმის მანკიერებებზე ლაპარაკობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

„თუ დავაკვირდებით ლარის გაუფასურების მრუდს და ერთმანეთს შევადარებთ, რეფინანსირების სესხების ზრდის მრუდი და ლარის გაუფასურების მრუდი საკმაოდ ახლოს არიან ეთრმანეთთან, აშკარად შეიმჩნევა ვიზუალური კორელაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ემთხვევა ეს მრუდები ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხშირად რეფინანსირების სესხი გამოყენებულია მოკლევადიანი სპეკულაციებისათვის“.

პაატა შეშელიძისა და სხვა ეკონომისტების აზრითაც, ვალუტის კურსი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკაზე და მისი გამყარება შესაძლებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG