Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ლამისაა განგაში გამოცხადებულა, საელჩოს მდივანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შევარდნილა და კარიდანვე მიუძახებია:

- ქართველი პოეტისგან მოგვივიდა წერილი!

საელჩოს მდივანს უამრავი წერილი მიეღო თავის ცხოვრებაში, მაგრამ პოეტისგან, რაც მართალია, მართალია, პირველად.

- რას იწერება? - შემცბარა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

- გვამხელს, თქვენო აღმატებულებავ, ნიშნისგებით გვამუნათებს და ყურთაგდებას გვთხოვს პოეტებისთვის: ვინც პოეტს არ უსმენს, დიქტატორისთვის მოუწევს სმენაო.

- ჩვენთან არჩევითი დემოკრატიაა, - შეპასუხებია მოვალეობის შემსრულებელი, - ჩვენ არ გვყავს დიქტატორი, ვისზე მიგვინიშნებს?

ჩვენზე არაო, განუმარტავს მდივანს, თავისი ქვეყნის დიქტატორების ყურადღება-უყურადღებობის პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებასო, რის შემდეგაც ხმამაღლა წაუკითხავს პოეტის წერილი.

…წაუკითხავს დამარცვლით და ომახიანად, იმ პოეტის წაბაძვით, ვისი მომართვაც სჭერია ხელში (სანამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შემოვიდოდა, თადარიგი დაეჭირა და Youtube-ში დაესწავლა ქართველ პოეტთა კითხვის მანერა), მუშტიც უქნევია, როგორც წესი და რიგია, და ხელისუფლებათა შემაშინებელი ინტელიგენტის სახითაც დაუბღვერია ერთადერთ მსმენელს.

- რუსთავი 2 სძულს? - ჩაკითხვია მოვალეობის შემსრულებელი.

- ასეა, დიახ, - დასტურუყვია მდივანს.

- კი მაგრამ, ამათ რაღა ვუყოთ, - საწერი მაგიდის უჯრიდან რამდენიმე თხელყდიანი რვეული ამოუღია ელჩად არშთენილს, - პოეტები სხვა მხრიდანაც იწერებიან, ისინიც მოგვიწოდებენ სამართლოანობისკენ, ჩვენ რომელ ერთს ვენდოთ? აგერ, თურმე, ამ წყეული რუსთავი 2-ის მმართველიც ლექსებს თხზავს - გვარამელი ნიკოლოოზი, “ციფრული ლირიკა - აბო თბილელიდან თევდორე დოსტოევსკიმდე”, რომელიც ლიტერატურულ პრემია “საბაზეც” ყოფილა დამარცხებული. ფსევდონიმით წერს, მაგრამ იგივე პერსონალიაა, ასე არაა? ესეც პოეტი ყოფილა და ხელი არ გვკრათო, ჩვენ გვეხვეწება. თუმცა ეს კიდევ არაა უკანასკნელი, კიდევ ორი ბრუშურა გადმომცეს ამ დილით: დ. ჯ. აქიმიძე-დვალის პოეტური დილოგია “დაკარგული წლების ძიებაში” და ალექსანდრე ქიბარხალვაშის კაფიების ნაკრები “თვალებში ნუღარ ჩამხედავ, არ ჩამეხედება”. რა ვქნათ, რომელს დავუჯეროთ?

- თქვენო აღმატებულებავ, რომელს დავუჯეროთ, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ამათგან პოეტად ის უნდა ვირწმუნოთ, ვინც ოფიციალურად იხსენიება პოეტად და ვინაც ქართველთა ჰიმნის ტექსტის ავტორად იწოდება აწ სამწუხაროდ დავიწყებულ თანაავტორ პოეტ აკაკი წერეთელთან ერთად.

- აკაკი ვიცი, როგორ გეკადრებათ, - გაბრაზებულა მოვალეობის შემსრულებელი, - ეს ის პოეტია, ალენ დელონი რომ ახსენებს ერთგან...

- ეგ პაატაა, თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მომავალი პრე...

- პრე რაა?

- პრე... პრემიერი ანდა პრეზიდენტი. რომელიმე ერთიდან. ჯერ უწმინდესს შეუთანხმებს ოღონდ და მერეღა გვამცნობს მაღალი ბასით მახათას მთიდან.

- ნუ ავირევით, მაშ, რომელი პოეტი ვირწმუნოთ პოეტად?

- ის, რომლის ლექსებსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციტირებს შინაურ წრეში.

- ღმერთო, რამდენი პოეტია ამ ქვეყანაში! რამდენი სულის ინჟინერი! ვის დავუჯეროთ, ვისთან ვიჩივლოთ, რუსთაველი უკვე მკვდარია…

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG