Accessibility links

ფანატიკოსებს ყველაზე მეტად სიცილის ეშინიათ.

ცინიზმი სხვაა.

ცინიკოსები ისინი არიან, ვისაც არაფერი სწამს და თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს გონებადაბნელებულ ფანატიკოსებს.

ცინიკოსების მიზანი ფული და გავლენაა.

ფანატიკოსი მათი იარაღია.

ყველგან. მთელ მსოფლიოში. საქართველოშიც...

ფანატიკოსი უბედურია. მას გადარჩენის შანსი არა აქვს - არც აქ, არც იქ...

ის მოტყუებულია.

გუშინდელი დღის მერე უფრო მეტი ადამიანი აიღებს ხელში ფანქარს და მომაკვდინებლად გაიცინებს ყველა ჯურის ცნობიერად მოტყუებულ მკვლელზე.

ესაა ომი, სადაც კალმებს კალაშნიკოვები ებრძვიან.

თუმცა ფანატიკოსი ყოველთვის დამარცხდება, რადგან მას იუმორი არა აქვს.

გუშინ ოთხი კარიკატურისტი მოკლეს და გუშინვე ასობით ახალი კარიკატურა გაჩნდა, სადაც მხატვრები ბოროტებასა და სიკვდილს დასცინიან.

ასე იქნება მომავალშიც.

ასე იყო წარსულშიც.

“ათას ერთი ღამის” ზღაპრებში სიცილი ამარცხებს შაითნებსა და ბოროტ სულებს...

ცინიკოს მეფისტოფელს უმოწყალოდ დასცინის თავდაჯერებული ფაუსტი...

არისტოფანე 25 საუკუნის წინ დასცინოდა ფანატიზმს და დანარჩენი საუკუნეები ან მისი ატანა, ან მისი აკრძალვა უწევდათ.

ჟან-ბატისტ მოლიერი ფრანგი კარიკატურისტების მკვლელობამდე 400 წლით ადრე “ტარტიუფში” დასცინოდა ფარისევლებსა და მათ მიერ მანიპულირებულ, ფანატიზმით დაჰიპნოზებულ იდიოტებს.

მოლიერი “დასაჯეს”: სიკვდილის წინ ზიარების უფლება არ მისცეს და 12 მეტრის სიღრმის მქონე საფლავში დაკრძალეს ღამით, “რაც შეიძლება ახლოს ქვესკნელთან”, რადგან, “ტარტიუფში” მხილებული თვალთმაქცი სასულიერო პირების აზრით, არქიეპისკოპოსის ხელმძღვანელობით, მოლიერის დაკრძალვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო პარიზის კურთხეულ მიწაში.

სადღა არიან ახლა ეს “წმინდა” ამკრძალავები?

მოლიერი კი ვიცით, სადაც არის.

ფრანგულმა სატირამ გაუძლო ფუშეს დევნას, ნაცისტებისა და “ვიშის რეჟიმის” სისხლიან ეკზეკუციებს: ოკუპაციის დროს, “იატაკქვეშეთიდან” (“ქვესკნელიდან”) ახერხებნენ “გესტაპოს” მკვლელებისა და კოლაბორაციონისტების დაცინვას. სატირა ებრძოდა სტალინურ დიქტატურას: კლავდნენ და მაინც წერდნენ, კლავდნენ და მაინც ხატავდნენ... “ლიტერატურის ნაბიჭვარი” - ასე უწოდა სტალინმა ზოშჩენკოს...

“ჯაყოს” შეეწირა მიხეილ ჯავახიშვილი.

ეს სწორედ მისი სიტყვებია: “ფრთხილად იყავით, კალმის წვერზე მიზიხართ!”

თორემ დაგწერთ.

თორემ აღგწერთ.

თორემ დაგხატავთ.

რას ნიშნავს “რელიგიური გრძნობები”? ეს რა აბსტრაქციაა?!

ეს გამართლებაა?

გრძობები ემოციური სფეროა. კაცმა არ იცის, ვის რა მოეჩვენება ემოციურად და ვინ რატომ იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად. ვინ უნდა დაადგინოს, სად გადის ზღვარი?

ადამიანის შეურაცხყოფა და დაჩაგვრა არ შეიძლება, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ “გრძნობები” რაღაა? “გრძნობები” როგორ დავარეგულიროთ? როგორ შევთანხმდეთ, ვის რა უნდა მოეჩვენოს ემოციურ-რელიგიურად შეურაცხმყოფელად?

ჩემს რელიგიურ გრძნობებს აშკარად შეურაცხყოფს, როცა ვხედავ, როგორ იგინება მართლმადიდებელი მღვდელი “ქრისტიანობის სახელით” და ცოდვილთა ცემას აპირებს ტაბურეტით ხელში. ანდა, როცა ისევ აქ, საქართველოში, “ვერბალური ტეროტისტი” კვლავაც და კვლავაც “ქრისტეს სახელით” გემუქრება მოკვლით და ჩაქოლვით...

ჰოდა იმათ რა უნდა ვქნათ, ვისაც ფსევდოქრისტიანის ამგვარი ქცევა გვეჩვენება ქრისტიანობის შებღალვა-შეურაცხყოფად? ჩვენც ტაბურეტს ან კალაშნიკოვს ხომ არ ავიღებთ ხელში?

ცხადია, არ ავიღებთ...

მაგრამ დავცინებთ.

და ყველგან დასცინებენ.

ახლა მილიონობით ადამიანს “კალმის წვერზე უზიან” ფანატიკოსები... “კალმის წვერზე უზიან” რეალური თუ ვერბალური მკვლელები...

რადგან “კალამი ამხელს”.

რადგან სიტყვა ამხელს.

ამის კი ყველაზე მეტად ეშინიათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG