Accessibility links

logo-print
თუ ვინმეს რამე შერგებია ამქვეყნად, ეს უეჭველად ჩვენი მინისტრებია, ხოლო ამათ შორის ყველაზე იღბლიანები მაინც ქართველთა თავდაცვის მინისტრები გამოდგნენ.

ომებს ხომ გაუმარჯვებლად იგებენ, კარგად ცხოვრების შერგებაც შეშვენით და მორალურადაც მარჯვედ გამოიყურებიან; არასდროს არაფერი შეშლიათ და, საერთოდაც, ჩინოვნიკის სისპეტაკის მარადიულ სიმბოლოებად არიან ქცეულნი.

ამ მხრივ, დიდი და საამაყო კოლექცია გვაქვს.

თხემით ტერფამდე მართალ თავდაცვის მინისტრთა სიის თავში უეჭველად დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სპასპეტი general de კიტოვანი დგას. აბა, მიდით და უთხარით, მტყუანი თუა რამეში, ეჭვიც არ ეპარება, რომ როგორც იქცეოდა, სწორი, ბრძნული და საამაყო იყო... განსაკუთრებით - 1991-93 წლებში.

გვყავდა მდუმარე თავდაცვის მინისტრიც (დიდ პროფესიონალად მიჩნეული მავანთა მიერ), ხალხს რომ ბრძენი ეგონა ამ მრავალმნიშვნე-ლოვანი დუმილის გამო, მაგრამ რეალურად არც არაფერი რომ ჰქონდა სათქმელად.

მაგრამ “პარიზელი” ექს-მინისტრები მაინც გამორჩეული სათნოებების მატარებლები გახლავან.

რა კარგი ცხოვრებაა! რასაც გინდა, იმას სჩადი მინისტრობის დროს (ვიღაც კორუფციაზე და ათას უბედურებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს ხომ ცილისწამება და ლეგენდებია), მერე კი გარბიხარ მინისტრობისდროინდელი ხელფასის დანაზოგით (როგორც მართლებს სჩვევიათ, ისეთი სისწრაფით) და თავისუფლებისა და წესიერების ცოცხალ სიმბოლოდ ქცეული განაგრძობ ცხოვრებას ვოლტერის, რუსოს და ჟან გაბენის ქვეყანაში.

სულ ამას ვამბობ - მტყუანები და დამნაშავეები ჩვენ ვართ, თორემ ამათგან რა გვინდა, იშრომეს, იღვაწეს და ღირსეულადაც შეერგოთ!

ან ამ საწყალობელ პროკურორებს რაღას თათხავენ - ვინ დაიჯერა ან ვის სჯეროდა ამათი პროფესიონალიზმის, რა ბედოვლათებიც Il Grande Inquisitore ადეიშვილის დროს იყვნენ, ახლაც ასეთები არიან, უბრალოდ მაშინ ყველას და ყველაფერს თავზე ასხდნენ უმაღლესი განჩინების თანახმად და ამათგან დიდად არც არავის სჭირდებოდა პროფესიული უნარების გამომჟღავნება. პროკურორი მარტივად აგვარებდა საქმეებს, რაკი მარტივი იყო თავად პროკურატურის ცხოვრება.

მაგრამ მინისტრზე მარტივი, ბოდიში, მაინც ვერა. მინისტრი სხვაა! მინისტრი იღბლიანი ბილეთის მფლობელია.

და არა მხოლოდ ბილეთის, არამედ - საკრალური საშვისაც.

აგერ, ზოგიერთმა ამჟამინდელმა მინისტრმა ურიგოდ, დიდი პატივით, სპეციალური კურთხეული საშვით შეაღწია ადგილობრივ სამოთხეში.

ყველამ ვნახეთ, როგორ მიცუნცულებდნენ ჩვენი მინისტრები “სპეციალური გზებით” გაბრიელ-ბერის საფლავზე მოსალოცად, და ვინ იტყვის, რომ ეს ჭეშმარიტად მარტვილ-პილიგრიმთა სვლა არ იყო! წმინდა ნაწილების ამბორყოფა პრივილეგირებული ჩაწყობით…

ამ დროს, პარლამენტამდე ჩასვლა დაეზარათ (სადაც, წესით, სახელმწიფოებრივი ეთიკის გამო მაინც უნდა დასწრებოდნენ პრეზიდენტის გამოსვლას), მაგრამ მთავარი ხომ იქ ყოფნაა, სადაც ახლა ყოფნაა მნიშვნელოვანი და სადაც დგომას უმაღლესი (მიწიერი თუ “უმიწო”) იერარქები მოიწონებენ.

და მართლებიც არიან, ვერ გაამტყუნებ! ყველას უნდა შეერგოს, სანამ ერგება, რადგან ვინ იცის, “უკანასკნელნი პირველნი როდის გახდებიან და პირველნი უკანასკნელნი”.
XS
SM
MD
LG