Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი და მეცნიერება


მეცნიერებისადმი სტალინის დამოკიდებულებაზე ბლოგის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე „წითელი ზონის“ მორიგი გამოშვების, "ჰეროსტრატეს კომპლექსის" მოსმენამ გეგმები შემაცვლევინა. რაკი ამ გადაცემის სტუმარი ლევან ბერძენიშვილი საქართველოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს (და სავსებით დამსახურებულადაც!), მნიშვნელოვნად მიმაჩნია შეძლებისდაგვარად მივუთითო სტალინზე მის მცდარ წარმოდგენებზე, როგორც ეს ერთ-ერთ პირველ ბლოგში მაქვს გაკეთებული.

ლევან ბერძენიშვილის პიროვნებისგან დამოუკიდებლად, ლიბერალური ფასეულობების მქონე ადამიანისგან აბსოლუტურად უსაფუძვლო მტკიცება, თითქოს „სტალინი ბოროტი კი იყო, მაგრამ გენიოსი ბოროტი გახლდათ“, საქართველოს პირობებში მე უაღრესად სახიფათოდ მიმაჩნია (ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში სტალინის ადგილის შესახებ საქართველოში ჩატარებული ბოლო სოციალური გამოკვლევა ნათლად აჩვენებს, თუ რატომ შეიძლება, ამგვარი დაუსაბუთებელი მსჯელობა სახიფათო იყოს). სტალინი იყო მხოლოდ ბოროტი და არა გენიოსი ბოროტი, და ამ ბლოგში შევეცდები, მკითხველს დავანახვო ჯუღაშვილის კიდევ ერთი სტრატეგიული მარცხი და ამით კიდევ ერთხელ დავაყენო ეჭვქვეშ სტალინის გენიოსობა.

მიუხედავად იმისა, რომ „წითელ ზონაში“ ბატონი ლევანის მიერ ჯუღაშვილზე მოყვანილი არც ერთი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება (ისევე, როგორც მის საჯარო ლექციაში სტალინ-მწიგნობარზე), შევჩერდები ამ ინტერვიუს მხოლოდ ერთ, ჩემთვის ყველაზე აბსურდულ მომენტზე – სტალინის სიყვარულზე მეცნიერებისადმი.

მეცნიერებისადმი სტალინის სიყვარული ისეთივე ოქსიმორონია, როგორიც ცივი ცეცხლი ან ცხელი ყინული: ყველა იმ ისტორიკოსს, ვინც სტალინის პირად არქივს გასცნობია, უწინარესად თვალში ხვდება ამ არქივში საექსპერტო დასკვნების არარსებობა. ანუ სტალინი, რომელიც დაახლოებით 25 წელი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა ქვეყანას, არც კი თვლიდა საჭიროდ, სხვადასხვა საკითხზე ექსპერტთა აზრი გაეგო. არადა, ეს ის ჯუღაშვილია, რომელსაც ოციანი წლების პოლიტბიუროს სხდომებზე ფინანსთა მინისტრ გრიგორი სოკოლნიკოვის გამოსვლების დროს ხშირად მარტივი ტექნიკური ტერმინები არ ესმოდა და სხვებს ეკითხებოდა, თუ რაზე იყო საუბარი (ვისაც ჩემი ამ ნათქვამისა არ სჯერა, ვთავაზობ, წაიკითხოს პოლიტბიუროს 1923-38 წწ. სხდომების სტენოგრამების სამტომეული). აქვე დავამშვიდებ ქართველ სტალინისტებს და დავამატებ, რომ უმეცრებაში სტალინს არც სხვა ბოლშევიკი ლიდერები ჩამოუვარდებოდნენ.

ან კი როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ჯუღაშვილი მართლაც პატივს სცემდა მეცნიერებას, როცა იგი მიიჩნევდა, რომ მას პირადად შეეძლო განესაზღვრა, რა არის და რა არ არის ჭეშმარიტი მეცნიერება და ერთი ხელის დაკვრით გაენადგურებინა მთელი სამეცნიერო დარგები?!20-იანი წლების მიწურულს, როცა ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციას ახდენს, ჯუღაშვილი იწყებს მეცნიერებაზე გალაშქრებას და ერესის ძებნას სხვადასხვა დისციპლინაში, დაწყებული გენეტიკითა და ფიზიოლოგიით, დამთავრებული ლინგვისტიკითა და თეორიული ფიზიკით. ამ პერიოდში მეცნიერება იმყოფებოდა არა მარტო პოლიტიკურსა და ორგანიზაციულ მარწუხებში (როგორც ეს, ზოგადად, დიქტატორულ რეჟიმებს სჩვევია), არამედ იგი განიცდიდა, აგრეთვე, არნახულ იდეოლოგიურ წნეხს. სტალინი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ნებისმიერი სამეცნიერო დარგი სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიასთან. მის ამ ახირებას არა მარტო ლისენკოიზმამდე მიჰყავდა ქვეყანა, არამედ ზოგჯერ კომიკურ სიტუაციებსაც წარმოშობდა. მაგალითად, თუ იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში უკვე გამოდიოდა საეჭვო ჟურნალი სახელწოდებით „მარქსიზმი და ბუნებათმეცნიერება“, სტალინის ბრძანებით 1931 წლის იანვრიდან ეს აკადემიური გამოცემა ბევრად უფრო მიზანმიმართულსა და პროგრამულ სახელწოდებას შეიძენს: „მარქსისტულ-ლენინისტური ბუნემათმეცნიერებისაკენ!“

მეცნიერებისადმი სტალინის დამოკიდებულება საუცხოოდ იკვეთება მისსავე დამოკიდებულებაში საბჭოთა ატომური პროექტისადმი. ჩერჩილისა და რუზველტისგან განსხვავებით (რომლებსაც მათივე თანამემამულენი გენიოსებად არ მიიჩნევენ), სტალინი ვერ ჩასწვდება ატომური პროქტის მნიშვნელობას და საბჭოთა ატომურ პროექტს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე გაყინავს.

მიუხედავად იმისა, რომ 1941 წლის სექტემბრიდან მოყოლებული საბჭოთა დაზვერვა „რეალურ დროში“ იღებდა ინფორმაციას ბრიტანეთისა და აშშ-ის ატომური პროექტების განვითარებაზე, სტალინი მხოლოდ ამერიკელთა მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ (1945 წლის 16 ივლისი) და, განსაკუთრებით, ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის შემდგომ (1945 წლის 6 და 9 აგვისტო) მიხვდება, თუ რა სახის იარაღთან აქვს საქმე, და მხოლოდ მაშინ მიიღებს, მართალია სწორ, მაგრამ ძალიან დაგვიანებულ გადაწყვეტილებას: ამაზე მეტყველებს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის, ГКО-ს 1945 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული რეზოლუცია. 1945 წლის აგვისტომდე კურჩატოვის ლაბორატორიას უბრალო გაიგერის მრიცხველებიც კი არ ჰქონდა საკმარისად, მაშინ როცა რუზველტს უკვე ორი მილიარდი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 35 მილიარდი) დოლარი ჰქონდა დახარჯული "მანჰეტენის პროექტზე", ხოლო ჩერჩილი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რათა მსოფლიოში არსებული ურანის ყველა საბადოს მონოპოლიზება მოეხდინა.

სტალინის ადვოკატი მკითხველი იტყვის, რომ 1945 წლის აგვისტომდე საბჭოთა დიქტატორს სხვა, უფრო პრიორიტეტული პრობლემები ჰქონდა. მართლაც ასეა, მაგრამ 1941 წლის გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, როცა ჩერჩილი გაეცნო ბრიტანეთის ატომური ბომბის პროექტის, მოდის კომიტეტის დასკვნას და გადაწყვიტა, მისთვის შეუზღუდავი დაფინანსება გამოეყო, მაშინ დიდი ბრიტანეთი, ფაქტობრივად, მარტო ებრძოდა ჰიტლერს და ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც სხვა, უფრო დიდი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი, ვიდრე ატომური იარაღის პროგრამა.

მეცნიერებისადმი უნდობლობაში სტალინი ისე შორს წავა, რომ 1943 წლის გაზაფხულამდე ბერიას აუკრძალავს საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალის ჩვენებას ფიზიკოსებისთვის. ანუ ბერიას იმის შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა, გაერკვია, დოკუმენტებს რომლებსაც მის აგენტებს ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში გადასცემდნენ კლაუს ფუქსი, თეოდორ ჰოლი, ალან მეი და სხვები, სარწმუნო იყო თუ საუბარი იყო ანგლოსაქსურ დეზინფორმაციაზე, რისი ეჭვიც თავად ბერიას ყოველთვის ჰქონდა.

არადა, 1940-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა თეორიული ფიზიკა არაფრით ჩამოუვარდებოდა დასავლურს. 1941 წლის ოქტომბერში პიოტრ კაპიცა გაზეთ „პრავდაში“აქვეყნებდა სტატიებს ატომური ბომბის პოტენციურ შესაძლებლობებზე, ხოლო ფიზიკოსი გიორგი ფრიოლოვი სტალინს წერილებით ბომბავდა და ცდილობდა, მისთვის აეხსნა, რატომ იყო ასე საჭირო მუშაობის დაწყება ატომური ბომბის შექმნაზე.

ასე რომ, პუტინის „აგიტპროპის“ საყვარელ ფრაზას, რომ „სტალინმა ქვეყანა გუთნით ჩაიბარა და ატომური ბომბით დატოვა“(რომელსაც სრულიად უმართებულოდ მიაწერენ ჩერჩილს), სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო. თუ 1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა წარმატებით გამოსცადა ატომური ბომბი, ამაში ყველაზე ნაკლებად სტალინს მიუძღვის წვლილი: საბჭოთა ატომურ პროგრამას გაუმართლა, რომ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ატომურ პროექტზე მუშაობდა ბევრი ფილოკომუნისტი მეცნიერი, რომლებმაც თვითონ მონახეს საბჭოთა აგენტები და მათ თავიანთი სამსახური შესთავაზეს; პროგრამას იმ მხრივაც გაუმართლა, რომ მას ხელმძღვანელობდა ბერია, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო ატომური მრეწველობის შექმნა; დაბოლოს, საბჭოთა ატომურ პროგრამას ასევე ძალიან გაუმართლა, რომ მას სათავეში ედგნენ ისეთი ფიზიკოსები (კურჩატოვი, ხარიტონი, ზელდოვიჩი), რომლებიც არა მარტო უმაღლესი რანგის მეცნიერები, არამედ ბრწყინვალე ადმინისტრატორებიც იყვნენ. ერთადერთი, რაშიც საბჭოთა ატომურ პროექტს არ გაუმართლა (და მე დავამატებდი: საბედნიეროდ მთელი მსოფლიოსათვის!), სტალინი გახლდათ...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG