Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

55 წლის წინ ბერლინში, რკინის გალიაში...


55 წლის წინ, 1961 წლის 13 აგვისტოს, დაიწყო ბერლინის კედლის მშენებლობა. იმ კედლებსა თუ თხრილებს შორის, კომუნისტურმა სისტემამ თავისი ისტორიის მანძილზე რომ აღმართა თუ გათხარა, ბერლინის კედელი, ალბათ, ყველაზე სიმბოლურია.

გერმანიის „დემოკრატიულად“ წოდებული რესპუბლიკის (გდრ) შექმნისთანავე მოსკოვმა დაიწყო ოცნება იმ დღეზე, როცა სოციალისტური დროშის ქვეშ გაერთიანდებოდნენ გერმანიის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები და ეს ერთიანი ქვეყანა მთლიანად გახდებოდა კრემლის ვასალი. მაგრამ წითელი დროშის ქვეშ გერმანიის გაერთიანებამდე საჭირო იყო, რომ აღმოსავლეთ გერმანიას თავისი ტყუპისცალ დასავლეთ გერმანიასთან პაექრობით დაემტკიცებინა მსოფლიოსათვის, რომ სოციალისტური სისტემა კაპიტალისტურზე ეფექტიანი იყო. ცდუნება დიდი იყო, ფსონები – მაღალი, და კრემლიც ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა გდრ-ისგან სოციალიზმის ვიტრინა შეექმნა...

მაგრამ „ვიტრინის“ შექმნამდე საჭირო იყო, რომ გდრ-ში გერმანელებს ეცხოვრათ. არადა, 1945 წლიდან მოყოლებული, 1961 წლის აგვისტომდე 3,5 მილიონმა აღმოსავლეთგერმანელმა დატოვა სოციალისტური „სამოთხე“ და გადასახლდა დასავლეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (გფრ). თუ ასე გაგრძელდებოდა, საქმე შეიძლებოდა იქამდე მისულიყო, რომ წითელი გერმანიის დიქტატორი ვალტერ ულბრიხტი გდრ-ის ტერიტორიაზე განლაგებული თითქმის ნახევარმილიონიანი საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის ამარა დარჩებოდა...

შეშინებული ულბრიხტი საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერისგან, ნიკიტა ხრუშჩოვისაგან დაჟინებით მოითხოვდა ნებართვას, ბერლინში კედლის მშენებლობა დაეწყო. საკუთარი ხალხის გალიაში მოქცევაზე საბოლოო თანხმობა კრემლისგან ულბრიხტმა 1961 წლის 6 ივლისს მიიღო და ამ მისიის განხორციელება თავის მარჯვენა ხელს, ერიხ ჰონეკერს ჩააბარა. გდრ-ის მომავალ დიქტატორს სულ ერთი თვე დასჭირდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად და 12-დან 13 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, დაიწყო 155-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა.

13-ში დილით გაღვიძებულ ბერლინელებს 1945 წლის შავი ზაფხულის დღეები გაახსენდებოდათ. ბერლინელებისაგან განსხვავებით, მსოფლიოს ლიდერთაგან ვერც ერთმა ვერ შეაფასა სრულად ამ მოვლენის მასშტაბურობა: არც ბრიტანეთის პრემიერს ჰაროლდ მაკმილანს, და არც საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს, არ შეუწყვეტიათ ზაფხულის არდადეგები, ხოლო გფრ-ის კანცლერი კონრად ადენაუერი კედლის მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ მეცხრე დღეს ეწვია დასავლეთ ბერლინს.

1962 წლის 17 აგვისტოს, მშენებლობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ბარბაროსული რეჟიმი მართავდა აღმოსავლეთგერმანელებს: როცა 18 წლის პეტერ ფეხტერმა კედლის გადალახვა სცადა, იგი გდრ-ელმა მესაზღვრეებმა ჩარცხრილეს. ფეხტერი 45 წუთის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს და ეს ბრძოლა არაერთმა კამერამ აღბეჭდა ფირზე.

თავისუფალი არჩევანის ფასი გდრ-ელებისთვის მეტისმეტად მაღალი გამოდგა: კედლის არსებობის 28 წლის, ორი თვისა და 27 დღის მანძილზე ქვეყნიდან გაქცევის ცდას 1245 პირი შეეწირა. მიუხედავად მაღალი რისკისა, სხვადასხვა გზით გდრ-იდან გაიქცა 40 ათასამდე ადამიანმა: ზოგი საჰაერო ბუშტის გამოყენებით, ზოგი – მიწისქვეშა გვირაბით, ზოგიც სხვა, არანაკლებ ორიგინალური ხერხით (1979 წელს ორი ოჯახის აეროსტატით აღმოსავლეთ გერმანიიდან გაქცევაზე ჰოლივუდმა მხატვრული ფილმიც კი გადაიღო, Night Crossing.

პოლიტიკოსი ბჭობდა და ხალხი იცინოდაო: კედლის დანგრევამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც 2000 წლისთვის იგეგმებოდა ინფრაწითელი შუქის დეტექტორებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე კედლის საზეიმო გახსნა. ხოლო 1989 წლის სექტემბერში, ანუ ბერლინის კედლის დაცემამდე სულ ორი თვით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა გამართეს მოლაპარაკება აღმოსავლეთ გერმანიასთან საერთო გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით. 1989 წლის დეკემბრის ბოლოს მიტერანი ეწვია კიდეც აღმოსავლეთ ბერლინს (სხვათა შორის, პირველად!) და ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხუთწლიან გეგმას. მსოფლიო რუკიდან გდრ-ის გაქრობამდე ცხრა თვეღა რჩებოდა...

(თუ მიტერანს თავისი პოზიცია არცთუ მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული, თეტჩერი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გერმანიის გაერთიანებას და ამ პროცესის ჩასაშლელად არ თაკილობდა ბინძური და დიპლომატიისათვის მიუღებელი მეთოდების გამოყენებას).

ამ ამბის ბედნიერი დასასრული კარგად გვახსოვს: 9 ნოემბრის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში, გდრ-ის ერთიანი სოციალისტური პარტიის პოლიტბიუროს დაბნეული წევრის, გიუნტერ შაბოვსკის ბლუკუნი, მისი უცაბედად და უნებლიეთ წამოსროლილი მაგიური ფრაზა გდრ-ის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების კანონის დაუყოვნებლივ ამოქმედების შესახებ და ხალხის მძლავრი ტალღა, რომელმაც ჯერ კედელი, შემდეგ კი მთავრობაც წალეკა...

საინტერესოა, რომ, შაბოვსკის პრესკონფერენციის პარალელურად დასავლეთ გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი ვარშავაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა „სოლიდარობის“ მოძრაობის ლიდერთან და პოლონეთის მომავალ პრეზიდენტთან, ლეხ ვალენსასთან. როგორც ამ შეხვედრის სტენოგრაფიული ჩანაწერი ადასტურებს, ვალენსასგან განსხვავებით, კოლი ვერ ხვდებოდა, რომ შაბოვსკის ფრაზა დეტონატორის როლს შეასრულებდა და ბერლინის კედლის აეფეთქებას გამოიწვევდა.

„Something we’ve wanted for 40 yrs * Eur that’s whole + free“ („ეს ის არის, რასაც 40 წელია, ვნატრობთ: ერთიანი და თავისუფალი ევროპა“) – ასეთი ჩანაწერით გამოეხმაურა აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ბერლინის კედლის დაცემას. თუმცა მისთვისაც და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისათვისაც (საუბარია უფროს ჯორჯ ბუშზე), კედლის დაცემა სრულიად მოულოდნელი გამოდგა...

გაყოფილი ბერლინი, რომელიც გახლეჩილი ევროპისა და ცივი ომის სიმბოლო იყო, გამთლიანების შემდეგ მალევე იქცა ევროპის ერთიანობისა და ეკონომიკური აღმავლობის ეპიცენტრად.

დღეს, როცა გერმანია გამოსულია „ნაციონალური ბედისწერის“ პერიოდიდან, მას შესწევს ძალა, მშვიდად გაუსწოროს თვალი თავის წარსულს, საკუთარ გრძელ XX საუკუნეს, იმ განვლილ ასწლეულს, რომელიც შუქ-ჩრდილებითაა სავსე.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG