Accessibility links

საქართველოს გაწევრიანება ნატოში: პოლიტიკური სპექტაკლი თუ მექსიკური სერიალი?


„არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში, მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ან სულაც უფრო მეტხანს, ნატოს შემდგომი გაფართოება შესაძლებელი იყოს“ - განაცხადა 22 აპრილს აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ლონდონში.

დუგლას ლუტი მაგონებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარ „იმპერატორის ახალი ტანსაცმლის“ პერსონაჟ პატარა ბიჭუნას, ანუ იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც გაბედავს და განაცხადებს იმას, რაც თითქოს ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, სულ ცოტა, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ. იქნებ ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებამ გონზე მოიყვანოს საქართველოს პოლიტიკური „ელიტა“, რათა ეს უკანასკნელი, სულ ცოტა, რვა წლის დაგვიანებით შეეცადოს, სხვა გზები ეძებოს, თუ როგორ დაიცვას საქართველო რუსეთის მორიგი ავანტიურისგან?! მაგალითად, ძალიან მიკვირს, რატომ არასდროს გამოიჩინეს ძალისხმევა ქართველმა პოლიტიკოსებმა, რათა საქართველოს მიეღო ამერიკის შეერთებული შტატების Major non-NATO ally-ს (MNNA) სტატუსი (მთავარი მოკავშირე ნატოს ფარგლებს გარეთ). სტატუსი, რომელიც, სულ ცოტა, აღჭურვის და წვრთნის მხრივ ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნების არმიებს, ვიდრე ის „ჰაერში გამოკიდებული“ სიტუაცია, რომელშიც საქართველოა 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს მხრიდან საჭირო ძალისხმევის შემთხვევაში, თბილისი აუცილებლად მიიღებდა ვაშინგტონიდან MNNA-ს ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამ ძალისხმევის შემთხვევაში საქართველოს, 28 ქვეყნის ნაცვლად, მხოლოდ ვაშინგტონის, ანუ მისი სტრატეგიულ პარტნიორის დარწმუნება მოუხდებოდა.

2016 წლის 22 აპრილს ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა ის, რაც, წესით, ბავშვისთვისაც ნათელი უნდა ყოფილიყო: ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსათვის წევრობის შეთავაზებაზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. ძალიან მაიტერესებს, ქართული პოლიტიკური „ელიტა“ იცნობს ნატოს ქარტიას? იცის, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთსულოვნად იღებენ? იცის, თუ რა ტიპის სიძნელეებს წააწყდა MAP-ის გზაზე დამდგარი საქართველო 2008 წლის აპრილში? ვიქტორია ნულადს (აშშ-ის მაშინდელ ელჩს ნატოში და ახლანდელ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს), არ მოუყოლია მათთვის 2008 წლის სამიტზე ვალტერ შტაინმაიერის (გერმანიის მაშინდელი და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის) შეხედულება იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა მიენიჭათ საქართველოსთვის MAP-ი? არც ის იციან, რომ 2008 წლის აგვისტოს მერე შტაინმაიერების რაოდენობა, სულ ცოტა, ხუთჯერ გაიზარდა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის?! არც კონდოლიზა რაისის ძალზედ გულახდილი მოგონებები წაუკითხავთ, სადაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დეტალურად აღწერს ნატოს ბუქარესტის სამიტს? ბოლოს და ბოლოს, ის აბსურდული დიპლომატიური ფრაზები მაინც არ მობეზრდა თბილისის „პოლიტელიტას“, რომლებსაც იყენებენ „ნატოს შესასვლელის წინ გაჩხერილი“ მდგომარეობის აღსაწერად?! (ერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ სულ რაღაც სამიოდ დღის წინ წარმოთქმულმა ერთ-ერთმა ასეთმა მორიგმა ფრაზამ ძალიან გამახალისა: „(Georgia as) the most interoperable non-Nato member military force“)... ვერ ხვდებიან, რომ ეს მოსახლეობაში მხოლოდ და მხოლოდ ნატოს იდეით განხიბვლას გამოიწვევს? და დღეს მათ კიდევ გაუკვირდებათ, თუ პრორუსული ძალები ერთიანი ლოზუნგით - „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით!“ - საერთო ფრონტით გაეშურებიან ოქტომბრის არჩევნებისკენ ?! თუ გაკვირვების მაგივრად ხელისუფლება და ოპოზიცია ჯგროდ ივლის ერთი ტოკშოუდან მეორეში და ერთმანეთის ქილიკში - „ეს თქვენი ბრალია“ - გაიყვანს ისევ დროს?!

დუგლას ლუტის განცხადებიდან კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ერთადერთი რამ: რას ნიშნავს „მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ან სულაც უფრო მეტხანს“? ამერიკელი ელჩი ამ შემთხვევაშიც დიპლომატისთვის უჩვეულოდ კონკრეტული გახლავთ: მანამდე, სანამ „რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ გარემოში“. ანუ სანამ რუსეთი რეგიონალური მასშტაბით ძლიერი რჩება და მრავალი ბერკეტი მოეპოვება.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ თბილისის პოლიტიკურმა „ელიტამ“ როგორც ძლიერი რუსეთის შემთხვევაში არ გათვალა უსაფრთხოების ალტერნატიული გზა, არც ძალზედ დასუსტებული და უბერკეტო რუსეთის შემთხვევისათვის აქვს მომზადებული სათადარიგო გეგმა. სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისთვის, როცა მოსკოვი ძალაუფლების ვაკუუმში აღმოჩნდება (მაგალითად, პუტინის სიკვდილისას), რაც დიდი ალბათობით ჩეჩნეთში (და საერთოდ მთელ ჩრდილო კავკასიაში) სამოქალაქო ომს გამოიწვევს. სათადარიგო გეგმის არქონაზე კი ის მეტყველებს, რომ დღევანდელ მთავრობას სრულიად მივიწყებული აქვს პანკისის რეგიონი. და ეს წინა მთავრობის მიერ განხორციელებული ისეთი კრიმინალური აქციების შემდეგ, როგორიც, მაგალითად, ლაფანყურის საქმე იყო.

დიპლომატია სავსეა პოლიტიკური სპექტაკლებით. თუ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესი და პალესტინის ავტონომიისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა მსოფლიოს დიპლომატიურ ასპარეზზე ყველაზე ცნობილი სპექტაკლია, ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეიძლება მსოფლიოს ყველაზე ტრაგიკომიკურ სპექტაკლად მოვნათლოთ. ტრაგიკომიკურად, ვინაიდან ამ მექსიკურ სერიალს არა ჟურნალისტებმა (რომლების ფუნქციაა, მაყურებლებს აუხსნან, სად იტყუებიან პოლიტიკოსი-მსახიობები), არამედ თვით ამ სპექტაკლის მსახიობმა დუგლას ლუტმა დაუსვა წერტილი.

XS
SM
MD
LG