Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ოლიმპიური ოქრო და ზეაღმართული ცერა თითი


ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი
მთელი ღამის განმავლობაში სოფელ კარალეთში ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიურ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორტსმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია. კვირას ლაშას ორთაბრძოლების საყურებლად მის ოჯახში ნათესავები და მეგობრები შეიკრიბნენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც მის ჭიდაობას ვერ უყურებდა, ლაშას დედაა, თეა შავდათუაშვილი. ის დილიდან ლოცულობდა და შვილის წარმატების იმედი ჰქონდა.

ლაშამ ჭიდაობაში ვარჯიში 11 წლის ასაკიდან გორის ძიუდოს სკოლაში ოლიმპიურ პრიზიორ გია თენაძესთან დაიწყო. შრომისმოყვარე ახალგაზრდამ წარმატებას ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მიაღწია და მალე საქართველოს ძირითად ნაკრებში მოხვდა. ოლიმპიურ თამაშებზე კი უკვე ოპტიმალურ ფორმაში იყო.

კარალეთში შავდათუაშვილის გამარჯვებას ზეიმობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00

ლაშას მამა, გენადი შავდათუაშვილი, ყველაზე მეტად განიცდიდა შვილის წარმატებას - მას სჯეროდა, რომ ლაშა ფინალსაც უპრობლემოდ მოიგებდა. შვილმა კი მამას პირობა შეუსრულა და გამარჯვების შემდეგ ცერა თითი ზემოთ ასწია. სწორედ ეს იყო წინასწარ დადებული პირობა.

მთელი ღამის განმავლობაში გორსა და კარალეთში, ლაშას ახლობლების გარდა, მის წარმატებას ჭიდაობის გულშემატკივრები აღნიშნავდნენ. განსაკუთრებული ზეიმი კი ლაშას სახლთან იყო, სადაც მთელმა სოფელმა მოიყარა თავი.

ძიუ–დოს სპეციალისტები ამბობენ, რომ 20 წლის სპორტსმენისთვის ეს დიდი წარმატებაა და, ლაშას შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, მას კიდევ არაერთხელ შეუძლია ქართველი გულშემატკივრების გახარება.
XS
SM
MD
LG