Accessibility links

logo-print
თბილისობის შაბათი

თბილისში ზარზეიმით შემოცურდა საფრანგეთის მშვენება - ხომალდი "მისტრალი". გემი მტკვარზე გამოუშვეს და მას "მშვიდობის ხიდთან" დაუხვდა მთელი სანაქებო თბილისელობა. მართალია, "მისტრალი" ხიდის ქვეშ ვერ გაეტია, მაგრამ სანახაობა მაინც შთამბეჭდავი გამოვიდა. საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ბორნებით შეეგებნენ ერთმანეთს და სიამოვნებით უცქირეს ქართველ აკვალანგისტთა ცეკვას, რომელთა ცნობილ ნომერს - "რა სასიამოვნოა მტკვარში დამხრჩვალის პოვნა" - მთელი ქალაქი იცნობს და ჰყვარობს.


თბილისობის კვირა

მავანმა არუთინოვნა, ქსენოფობ სტურუასთან შეთანხმებით, დაამზადა გოგრისოდენა ყუმბარა, რომელსაც გადამწყვეტ დროს მუცლის ქარების მსგავსი ხმა უნდა გამოეცა. ყუმბარას მაშინ უნდა გამოეშვა უხერხული ბგერები, როცა საქართველოს პრეზიდენტი ხელს ჩამოართმევდა საფრანგეთის პრეზიდენტს... ("პრუწ... ვაი... კესკესე?.." - ამ სავარაუდო დიალოგის თანხლებით).

ბომბის დამზადება არც ისე ადვილი გამოდგა და არუთინოვმაც პირდაპირ შესთავაზა პარტნიორ ქსენოფობს - თავად ხომ არ შეითავსებდით ბომბის ფუნქციასო?

- მე ჩემს სამშობლოში ვრჩები და როცა მეტყვით და რასაც მეტყვით, ყველაფერს ვიკადრებ, - უპასუხა ქსენოფობმა.


თბილისობის ორშაბათი

უხილავმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ივანიშვილმა უნიკალური საარჩევნო კამპანია წამოიწყო: "არ მხედავთ, არ მიცნობთ, არ მელაპარაკებით, მაგრამ მაინც პრეზიდენტად მირჩევთ".

"შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში ღმერთი იღებს მონაწილეობას", - ბრძანებს პოლიტ-ექსპერტი აბონ ციციაშვილი, - "ღმერთი საჩხერის რაიონიდან..."

მოქმედი პრეზიდენტი კი ისტერიკაშია. საფრანგეთის პრეზიდენტი - გაოგნებული...

- რა გჭირთ, მიქელ? - ეკითხება კოლეგას, - ხომ კარგად ხართ?

- უმძიმესი კონკურენტი გამომიჩნდა, ბატონო ნიკოლას...

- რა მხრივ, ხმებს ყიდულობს?

- არა, უარესი... სულები აქვს ნაყიდი.

- გაეცალეთ, პირდაპირ გეუბნებით, - მკაცრდება ფრანგთა მეუფე, - თორემ სულს წაიწყმედთ მისი გინებისას...

- ურთულესი ბრძოლა მელის...

- "უხილავთან" ბრძოლა შეუძლებელია... ჯერ კიდევ როდის წერდა პასკალი.


თბილისობის სამშაბათი

"მისტრალი" მიდის. არუთინოვის "ბომბი" შეუჩერებლად უშვებს ქარებს. ქალაქში წინასაარჩევნო განცხადებები ჩნდება: "ვყიდი ხმას 1000 ლარად", "ვყიდი კარგ თბილისურ სულს 1500 ლარად", "ვყიდი ვაჟკაცურ ქართლურ ხმას 1200 ლარად", "ვყიდი სათუთ იმერულ სულს 2000 ლარად"... და ა. შ. და ა. შ.
XS
SM
MD
LG