Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე, ლატვია, საქართველოს გვერდშია


საქართველოს სტუმრობს ლატვიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაცია, პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ხელმძღვანელობით, რაც, ექსპერტების თვალთახედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ლატვია მალე დაიკავებს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პოსტს. სწორედ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტი, რომელსაც საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება. საქართველოს ბალტიისპირა მეგობარი სახელმწიფოს იმედი აქვს ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევასთან მშვიდობიანად გამკლავების ჭრილშიც.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 26 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. საქართველოს პრეზიდენტი გულისხმობდა რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორშაბათს სოჭში ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ეს ნათელი სიგნალია იმისა, რომ რეგიონის ოკუპაცია ანექსიისკენ მიდის და რომ, რუსეთის ქმედებების ჭრილში, საქართველოს პრობლემები რეგიონალური პრობლემების ნაწილია:

„ჩვენი ყველა მცდელობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, რომელსაც ამ საკითხთან შეხება აქვს, ჩართული იყოს ამ პროცსში და უნდა მოხდეს კიდევ უფრო გაფართოება და ინტერნაციონალიზაცია იმისთვის, რომ მეტი მოთამაშე იყოს ჩართული და რეალურად პრობლემის რაციონალური გადაჭრა მოხდეს. ამავე დროს, ჩვენ უნდა დავინახოთ ის, რომ, რეალურად, საქართველო, უკრაინა და სხვა ქვეყნები არ უნდა იქნენ დასჯილი თავიანთი თავისუფალი არჩევანისთვის. რეალურად უნდა იყოს დაცული დემოკრატიული თანამედროვე ქვეყნების – საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის - არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ბევრად უფრო არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ხდება“.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სამეზობლოში ჰყავთ რუსეთი და ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს – უნდა გამოვნახოთ გზები ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად მეზობლებთან, მათ შორის – რუსეთთან...

რუსეთსა და საქართველოს აფხაზეთს შორის ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას „უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს და ეჭვქვეშ აყენებს სტაბილურობას რეგიონში. შესაბამისად, პრეზიდენტი ბერზინში თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი რეგიონის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესის გაგრძელებაშია. ამ ჭრილში ის ხედავს თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე თავდაცვის სამინისტროებს შორის. ხოლო რაც შეეხება რუსეთთან დიალოგის წარმართვისა და ურთიერთობათა დალაგების მცდელობის შედეგიანობას, ლატვიის პრეზიდენტი სამშვიდობო მიდგომების ალტერნატივას ვერ ხედავს:

„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სამეზობლოში ჰყავთ რუსეთი და ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს – უნდა გამოვნახოთ გზები ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად მეზობლებთან, მათ შორის – რუსეთთან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური ურთიერთობების დასამყარებლად, თუმცა ამას დრო სჭირდება. და ჩვენთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა არის მნიშვნელოვანი რესურსი პოზიტიური შედეგების მისაღწევად“.

ჩვენი მთავრობა მზად არის შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის...

როგორც დაცულობისა და განვითარების გარანტიას, საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ყოველთვის უჭერდა მხარს ლატვია და, როგორც პრეზიდენტმა ბერზინშმა აღნიშნა 26 ნოემბერს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო განმტკიცდება და ლატვიას შეუძლია მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შესაბამისი მაღალი სტანდარტების დასანერგად სხვადასხვა დარგში. პარალელურად კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ორი ქვეყნის ურთიერთობები.

ლატვიის დელეგაცია 100-ზე მეტი ადამიანით არის წარმოდგენილი და მათ შორის არიან სხვადასხვა დარგის მინისტრები თუ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. დელეგაციის შემადგენლობაში ითვლიან 70-მდე ბიზნესმენს, რომლებსაც საქართველო პოტენციურ ინვესტორებად განიხილავს. ბიზნესმენთა შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მოსასინჯად, ლატვიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საგანგებოდ დაიგეგმა ორი ბიზნესფორუმი: ოთხშაბათს – თბილისში, ხოლო ხუთშაბათს – ბათუმში.

„ჩვენი მთავრობა მზად არის შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 ნოემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ბიზნესფორუმში მონაწილე ლატვიელ ბიზნესმენებს. პრემიერმა მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ამსახველი პარამეტრებისა და სამოქმედო გეგმების თაობაზე. ითქვა, რომ დაარსდება საქართველოში ყოველწლიური კონფერენცია - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას დაისახავს მიზნად. ბიზნესფორუმის მონაწილეებს პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმაც მიმართა და, თავის მხრივ, დახმარება აღუთქვა ქართველ ბიზნესმენებს ლატვიაში.

ლატვია ხდება 2015 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა... მისი ერთ-ერთი მკაფიო პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა. ჩვენ ველოდებით ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით...

ლატვიის დელეგაცია, პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ხელმძღვანელობით, თბილისში გამართული შეხვედრების დროს არაერთი მადლობის ადრესატი გახდა საქართველოს მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული მეგობრობისა და ერთგულებისთვის. საგანგებოდ აღინიშნა, რომ ლატვიის პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. გამოიხატა იმედები მომავალი წლის გაზაფხულზე რიგაში დაგეგმილი სამიტის ჭრილში და ეს იმედები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებს უკავშირდება. მართალია, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის რიგის სამიტის დასრულებისთანავე ვერ გახდება შესაძლებელი, მაგრამ თბილისი მოელის, რომ ამის შემდეგ დიდი დრო აღარ იქნება დარჩენილი, ისევე როგორც ეს მოლდავეთის შემთხვევაში მოხდა – 2013 წლის ნოემბრის ვილნიუსის სამიტის შემდეგ.

„ლატვია ხდება 2015 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა... მისი ერთ-ერთი მკაფიო პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა. ჩვენ ველოდებით ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, – უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პოსტს ლატვია 2015 წლის 1 იანვრიდან 6 თვის ვადით დაიკავებს და, შესაბამისად, ქვეყანა უკვე ემზადება ამისათვის. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შორენა ლორთქიფანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე პრეზიდენტის ჩამოსვლა დასტურია იმისა, რომ საქართველო ლატვიის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, დღის წესრიგში მნიშვნელოვან ყურადღებას დაიმსახურებს:

„ლატვია მეგობარი ქვეყანაა ჩვენი. ის დაახლოებით იმავე პრობლემებსა და საფრთხეებს მოელის რუსეთისგან, რასაც საქართველო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პრობლემების ქვეყნების მიმართ სოლიდარობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ლატვია სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც კარგად ესმის საქართველოს მდგომარეობა“.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შორენა ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის მოსალოდნელი ანექსიის პრობლემა უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უფრო ყურადღებით განიხილებოდეს ევროკავშირის სივრცეში.

XS
SM
MD
LG