Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი

სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი

აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების სრულიად განსხვავებულ თემებზე საუბრისას ერთმანეთის მიმართ ბრალდებები და მუქარა გაისმა. კრემლი აშშ-ის სენატის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, ვიზაზე უარის თქმას გეგმავს, რაც პასუხი იქნება აშშ-ის სენატის მიერ ხუთშაბათს მიღებულ კანონმდებლობაზე, რომელიც, ერთი მხრივ, სანქციებს უწესებს კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საპატიმროში სიკვდილთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებს და, ამავე დროს, აუქმებს ცივი ომის დროინდელ რუსეთთან ვაჭრობის შემზღუდავ კანონს (ჯეკსონ-ვენიკის), რითაც გზა ეხსნება აშშ-სა და რუსეთს შორს კომერციული კავშირების გაფართოებას. ამაზე რეაქცია იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ რუსეთი სამაგიერო ნაბიჯებს გადადგამს. ხუთშაბათს დუბლინში, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან საქმის კურსში ჩააყენა კლინტონი მოსკოვის გეგმის შესახებ. რუსეთის საგარეო უწყებამ პარასკევს რუსეთის ტელევიზიასთან საუბარში სენატის გადაწყვეტილებას „აბსურდის თეატრის წარმოდგენა“ უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს ორმხრივ ურთიერთობაზე გავლენა ექნება:

„ეს აბსურდის თეატრის წარმოდგენაა. ან ვაშინგტონში დაავიწყდათ რომელი წელია და ჰგონიათ, რომ ცივი ომი არ დასრულებულა, ან სენატორები გაერთნენ „თვითპიარით“ და უგულებელყოფენ რეალობას. ორივე მხარეს შეუძლია თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. ამისთვის საკანონმდებლო აქტი საჭირო არაა“.
სერგეი მაგნიტსკი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ის გადაიქცა სამართლიანობისთვის, პატიოსნებისა და კანონის უზენაესობისთვის გამორჩეულ მებრძოლად რუსეთში, სადაც ამ პრინციპებმა ლამის უკვე დაკარგეს ყოველგვარი აზრი ...

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის აზრით, ამ კანონმდებლობამ კრემლს ცხადი მესიჯი გაუგზავნა:

„სერგეი მაგნიტსკი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ის გადაიქცა სამართლიანობისთვის, პატიოსნებისა და კანონის უზენაესობისთვის გამორჩეულ მებრძოლად რუსეთში, სადაც ამ პრინციპებმა ლამის უკვე დაკარგეს ყოველგვარი აზრი. ჩემი აზრით, ვლადიმირ პუტინს და რუსეთის კლეპტოკრატებს ვუგზავნით მესიჯს, რომ ადამიანის უფლებების ასეთი შელახვა არ დარჩება ჩვენი მხრიდან შესაბამისი პასუხის გარეშე“.

ახლა კანონმდებლობას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ობამამ, რომელიც, მისი თქმით, ელის, როდის წარუდგენენ მას დოკუმენტს ხელმოსაწერად. სანამ რუსეთი ამ აქტის მიმართ საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეფასება მისცა და გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისეული სტრატეგია, შექმნას „ევრაზიული კავშირი“. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის მცდელობა ევრაზიის კონტინენტზე გააღრმავოს ეკონომიკური ინტეგრაცია ნიშნავს ამ რეგიონში საბჭოთა კავშირის მსგავსი ვითარების აღდგენის ცდას. ეს კლინტონმა განაცხადა დღეს დუბლინში, სადაც ის იურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. კლინტონმა იგულისხმა რუსეთის ინიციატივით შექმნილი საბაჟო კავშირი, რომელშიც, ამ ქვეყნის გარდა, შედიან ბელორუსია და ყაზახეთი. „ჩვენ ვიცით, რა არის ამის მიზანი და ვცდილობთ გამოვნახოთ ეფექტიანი გზები ამ პროცესის დასამუხრუჭებლად ან შესაჩერებლად“, თქვა სახელმწიფო მდივანმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კლინტონის განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ მას სრულიად მცდარად ესმის ვითარება. პესკოვმა განმარტა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ხდება ახალი ტიპის ინტეგრაცია, რომელიც ეკონომიკას ეფუძნება. ყოველგვარი სხვა ინტეგრაცია სრულიად წარმოუდგენელია. როცა პუტინმა წარმოადგინა თავისი ეს კონცეფცია, გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე არაა ლაპარაკი, რომ საქმე ეხება მჭიდრო ინტეგრაციას, რომელიც ახალ ფასეულობებს, პოლიტიკას და ეკონომიკას დაეფუძნება. ჰილარი კლინტონმა ამავე გამოსვლისას გააკრიტიკა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და თურქმენეთში, მისი თქმით, აშშ-ის ხელშეწყობით მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობების კრიმინალიზება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ახალი კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება და მათ „უცხოელი აგენტების“ სტატუსს ანიჭებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG