Accessibility links

logo-print

ლავროვი: აშშ-ს მსოფლიოში „დომინირება“ სურს


სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

შეერთებულ შტატებს სურს მსოფლიოში დომინირება, ამერიკელები კონფრონტაციის კურსს დაადგნენ, მათი ფილოსოფიაა „ჩვენ ვართ ნომერი პირველი და ყველა დანარჩენმა ეს უნდა აღიაროს“ - ასე ჟღერს რამდენიმე შეფასება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მედიის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა სულ რამდენიმე საათში მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას ობამამ აღნიშნა, რომ სანქციები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი მოქმედების გამო, მუშაობს. „ამერიკა ძლიერია და დგას თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი კი იზოლირებულია და მისი ეკონომიკა დანგრეულია“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ლავროვის ინტერპრეტაციით, დასავლეთი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, თუმცა, განაგრძობს მინისტრი, ასეთი ძალისხმევა ამაოა. პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთში ბევრი ემხრობა რუსეთის იზოლირებას და მსგავსი მოწოდებით გამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებაში.

„მთელი ეს მცდელობები შედეგს ვერ მოიტანს. და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი კურსის მიუხედავად, პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა და ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი არასოდეს დაადგება თვითიზოლაციის, ეჭვიანობის, მტრების ძიების გზას“, - ამბობს ლავროვი. მისი განმარტებით,რუსეთს არ სურს ახალი ცივი ომი და ვაშინგტონს მოუწოდებს თანამშრომლობის განახლებისაკენ.

„ჩვენ არ გვსურს და არ დავუშვებთ არავითარ ახალ ცივ ომს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია მცდელობებით, ცალმხრივად იმოქმედო, ცალმხრივი ზეწოლა მოახდინო პარტნიორებზე საერთო საქმის კეთებისას. ამის გამო საერთო საქმე სერიოზულად ზარალდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთი უარყოფს კავშირს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან, რომელმაც, შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, 4700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. თავის მხრივ, უკრაინა და ნატო აცხადებენ, რომ უტყუარი მტკიცებულებები ცხადყოფს კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობას. მაგრამ, ლავროვის განცხადებით, მოსკოვისთვის არ წარუდგენიათ სამხილები, რომ რუსეთი მართლაც აწვდის ცოცხალ ძალას და შეიარაღებას აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს. ეს მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები უკრაინას იარაღით ეხმარებიან და არღვევენ „საერთაშორისო ნორმებსო“, თქვა პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ამერიკელები კონფრონტაციის კურსს დაადგნენ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აფასებენ საკუთარ ნაბიჯებს და პრეზიდენტ ობამას გუშინდელი მიმართვა აჩვენებს, რომ ფილოსოფიის ცენტრში დგას მარტო ერთი რამ: ჩვენ ნომერი პირველი ვართ და ყველა დანარჩენმა ეს უნდა აღიაროს. მაგრამ ეს, ცოტა არ იყოს, არათანამედროვე (მიდგომაა), არ შეესაბამება ამჟამინდელ რეალიებს, აჩვენებს იმას, რომ შეერთებულ შტატებს სურს მსოფლიოში დომინირება და არა, თუნდაც, პირველობა თანასწორთა შორის“ - ასეთი იყო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოხმაურება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

ბარაკ ობამამ ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შეერთებული შტატების ეკონომიკურ გაჯანსაღებას. ეს იყო ობამას მეექვსე მიმართვა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და პირველი მოხსენება, რომელიც ობამამ გააკეთა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წინაშე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG