Accessibility links

logo-print

ლავროვის ვარაუდით თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება დაგეგმილი პროვოკაცია იყო


სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვარაუდით, თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება „დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო, ხოლო ანკარის ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ, მიჩქმალონ ის, რაც 24 ნოემბერს გააკეთეს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. ლავროვმა ეს შეფასებები გამოთქვა მოსკოვში 25 ნოემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის თვითმფრინავი, რომელიც საჰაერო დარტყმებს ახორციელებდა ჩრდილოეთ სირიაში. ინციდენტის შედეგად რუსი მფრინავი დაიღუპა. „თურქეთთან ომს არ ვაპირებთ. თურქი ხალხისადმი დამოკიდებულება არ შეგვცვლია. გვიჩნდება შეკითხვები თურქეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მოქმედებასთან მიმართებით“, განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, ნატომ და ევროკავშირმა „უცნაური შეფასებები“ გამოთქვეს ინციდენტთან დაკავშირებით და არ გამოუთქვამთ „სინანული, ან მწუხარება“ მომხდარის გამო. ანკარა აცხადებს, რომ რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავმა რამდენჯერმე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და არ მოახდინა რეაგირება 10 გაფრთხილებაზე, ვიდრე მას ესროდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 25 ნოემბერს სტამბოლში გააკეთა განცხადება: „არავინ უნდა მოელოდეს, რომ ჩუმად დავრჩებით, როცა ჩვენს საზღვრებს გამუდმებით არღვევენ, ძირს უთხრიან ჩვენს სამართლებლივ უფლებებსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ ინციდენტის ესკალაციას, მხოლოდ ვიცავთ საკუთარ უსაფრთხოებასა და ჩვენი ძმების უფლებებს“, - განაცხადა სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG