Accessibility links

logo-print

კეთილდღეობა რიცხვებში: ლეგატუმის ინსტიტუტი მორიგ ინდექსს აქვეყნებს


ლონდონში მოქმედმა ლეგატუმის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კეთილდღეობის მორიგი ინდექსი, რომელშიც, 142 სხვა ქვეყანასთან ერთად, წელს პირველად არის შეფასებული საქართველო. სიაში მას 93-ე ადგილი უკავია.

რა არის კეთილდღეობა? რა ფაქტორები განაპირობებს მას? რა პარამეტრებით შეიძლება მისი გაზომვა-გამოთვლა? ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტს, რომელიც, თავის მხრივ, დუბაიში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის განშტოებაა, ამ კითხვებზე ძალიან კონკრეტული პასუხები აქვს.

ეს ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია აქვეყნებს კეთილდღეობის ინდექსს, რომელშიც ქვეყნებში კეთილდღეობის ხარისხი რამდენიმე ფაქტორის, კერძოდ, 8 კონკრეტული მაჩვენებლის ერთობლიობით არის გამოთვლილი. ესენია: ეკონომიკა, მეწარმეობის შესაძლებლობები, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, დაცულობა-უსაფრთხოება, პიროვნული თავისუფლება და სოციალური კაპიტალი.

კეთილდღეობის ინდექსის პროექტის ხელმძღვანელმა ნათან გეიმსტერმა ჩვენთან საუბარში ინსტიტუტის მიდგომა ასე ახსნა:

„კეთილდღეობის ინდექსი იმის გამო არსებობს, რომ, ჩვენი აზრით, ეროვნული კეთილდღეობა მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება. წლების და თაობების განმავლობაში ამა თუ იმ ქვეყნის წარმატება მთლიანი შიდა პროდუქტით იზომებოდა, რაც ეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს. არადა, კეთილდღეობას კიდევ სხვა უამრავი რამ განაპირობებს - მაგალითად: თავისუფლება; ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილების ხარისხი; განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური კავშირები და კულტურა. ამდენად, ჩვენს ინდექსში კეთილდღეობის ცნებას მართლაც ძალიან ფართოდ განვსაზღვრავთ და მის გაზომვას მსოფლიოს 142 ქვეყანაში ვცდილობთ.“

ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, წლევანდელი ანგარიშის მთავარი დასკვნები შემდეგია: წინა წლების მსგავსად, ანგარიშის სათავეში კვლავ სკანდინავიის ქვეყნები არიან მოქცეული - ნორვეგია, დანია, შვედეთი. შემდეგ მოდიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, შვეიცარია, ფინეთი. ევროპის კეთილდღეობა,ზემოთ მოტანილი ფართო განსაზღვრებით, გაიზარდა; თუმცა, მხოლოდ ეკონომიკის მაჩვენებლის თვალსაზრისით, ევროპის მონაცემმა დაიკლო, ევროს კრიზისის გამო.

ანგარიშის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წამყვანი ქვეყნების ათეულიდან გამოვარდა აშშ. 2012 წლის ინდექსში ის მეთორმეტე ადგილს იკავებს. ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს თანდათან „ამერიკული ოცნების“ მიმართაც უღრმავდებათ სკეფსისი - სულ უფრო ნაკლებ ამერიკელს სწამს იმის, რომ მუყაითი მუშაობით აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

სიის ბოლოს, ყველაზე უარესი მაჩვენებლით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. ბოლოს წინა ადგილი კონგოს აქვს მიჩენილი. მას ერთი ადგილით უსწრებს ავღანეთი.

საქართველო 142 ქვეყნიდან 93-ე ადგილზეა - ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ ქვეყნებს ინდექსში ჯგუფური სახელი - ქვედა ზღვრის შუალედური მონაცემის სახელმწიფოები - ეწოდება.

ცხადია, „კეთილდღეობის ინდექსის“ მთავარ პრინციპს, რომ კეთილდღეობა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით არ და ვერ გაიზომება, მხოლოდ ლეგატუმის ინსტიტუტს ვერ მივაწერთ. ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ ეკონომისტები, იურისტები თუ სოციოლოგები. სახელმწიფოში მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ მშპ, შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ეს არ აისახებოდეს ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქის კეთილდღეობაზე. მეტიც, მშპ-ის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია ასევე მატულობდეს, მაგალითად, უმუშევრობის დონეც, რაც, თავის მხრივ, სიღარიბის მასშტაბის ზრდასაც ნიშნავს.
ნათან გეიმსტერი

ნათან გეიმსტერი


ნათან გეიმსტერმა ჩვენთან საუბარში ამის მაგალითად არაბული გაზაფხული მოიტანა, ანუ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გაჩენილი ამბოხების ტალღა, რომელსაც ბიძგი მისცა ტუნისელი ხილის გამყიდველის მიერ უკიდურესი სიღარიბის გამო ჩადენილმა აქტმა - თავის დაწვამ:

„დიახ, არაბული გაზაფხული ამის კარგი მაგალითია. გარკვეული ეკონომიკური ზრდა ტუნისშიც აღინიშნებოდა და ეგვიპტეშიც, მაგრამ მას თან გასდევდა მოქალაქეებში დაძაბულობა - განცდა, რომ ბევრი რამ არ იყო კარგად. ტუნისში გამოსვლების დაწყებას მხოლოდ ნაპერწკალი დასჭირდა, შემდეგ კი პროტესტი მთელ რეგიონს მოედო. ეს ნამდვილად არის იმის მაგალითი, რომ მხოლოდ ეკონომიკის ზრდა, მხოლოდ მშპ, არ არის საკმარისი ქვეყანაში რეალურად არსებული ვითარების გასაგებად.“

სწორედ ამის გამო, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ზოგადი სიმდიდრის თუ მშპ-ის გაზომვასთან ერთად იმის ცოდნაც აუცილებელია, თუ როგორ არის ეს სიმდიდრე განაწილებული საზოგადოებაში. უხეში უთანასწორობის და მწვავე სოციალური უსამართლობის პირობებში, მშპ-ის ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა შესაძლოა შენიღბოს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი კვლავაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, - ამტკიცებს, მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი კას სანშტეინი. ამის მაგალითს საქართველოც იძლევა: ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში მშპ თითქმის სამჯერ გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, ერთი მესამედი, 1,600 000-მდე ადამიანი, უკიდურეს გაჭირვებაში განაგრძობს ცხოვრებას. ამიტომ, სანშტეინის აზრით, მთავრობებმა, სულ მცირე, ის მაინც უნდა უზრუნველყონ, რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში მოქალაქეებს სასოწარკვეთა არ ეუფლებოდეთ და მათთვის ხელმიუწვდომელი არ რჩებოდეს უმთავრესი საჭიროებები - ჯანდაცვა, უსაფრთხო თავშესაფარი, განათლება.

თუმცა ლეგატუმის ინსტიტუტი თავს იკავებს პოზიციის გამოხატვისგან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ეკონომიკის მართვასა და სიმდიდრის გადანაწილებაში, რა სახის რეგულაციური მექანიზმები უნდა მოქმედებდეს ბაზრებთან მიმართებით, უნდა დაწესდეს თუ არა პროგრესული გადასახადი. კეთილდღეობის გასაზომ კრიტერიუმად ლეგატუმის ინდექსში მდიდრებს და ღარიბებს შორის განსხვავება არც არის გამოყენებული. ნათან გეიმსტერი ამას ლეგატუმის ინსტიტუტის დამოუკიდებელი პოზიციით ხსნის - გვეუბნება, რომ ინსტიტუტს არც პოლიტიკურ პარტიებთან აქვს კავშირი და არც რაიმე კონკრეტულ იდეოლოგიურ კონფიგურაციებს მისდევს. თუმცა მან ისიც დასძინა, რომ სიღარიბესთან ბრძოლის საქმეში სახელმწიფოს ფუნქცია თუ მთავრობის როლი ინდექსში ირიბად მაინც არის ასახული:

„8 მთავარ მაჩვენებელს შორის ერთ-ერთი მმართველობაა, რომელიც აანალიზებს ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს. ამასთან, ჩვენ მოქალაქეების აღქმაზე დაფუძნებულ, სუბიექტურ მოსაზრებებს შევისწავლით - მაგალითად, იმას, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი მთავრობის მიერ სიღარიბესთან ბრძოლით ან სხვა ნაბიჯებით. ამდენად, ის გავლენა, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებაზე მთავრობა ახდენს, - სიღარიბის აღმოფხვრის თუ არა, მასთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ჩვენს ინდექსში გარკვეულწილად მაინც აისახება.“
ბოლოს, ცოტა უფრო დეტალურად საქართველოს მაჩვენებელზე. კვლავ ნათან გეიმსტერი:

„ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 2012 წელს პირველად შევიდა. საერთო ანგარიშით, ის 93-ე ადგილზეა. საუკეთესო მონაცემი მმართველობის და დაცულობა-უსაფრთხოების მაჩვენებლებში აქვს. შემაშფოთებელი მონაცემები კი იკვეთება ეკონომიკაში - აქ ის 132-ე ადგილზეა, ისევე როგორც სოციალურ კაპიტალში - ამ ჭრილში, საქართველო 142 ქვეყანას შორის 140-ე აღმოჩნდა“.

მმართველობის, ანუ მთავრობის ქმედებებით მოქალაქეების კმაყოფილების კუთხით საქართველოს მართლაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს - 53, რაც დღევანდელ პერსპექტივაში, ყოფილი მმართველი ძალის მიერ არჩევნებში განცდილი ძლიერი მარცხის შემდეგ, საკმაოდ პარადოქსულად გამოიყურება. ინსტიტუტის თანამშრომლები - მათ შორის, მკვლევარი სერენა მასინო - არ გამორიცხავენ, რომ ერთი წლის წინ, როცა გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, საქართველოს მოქალაქეებმა, უბრალოდ, თავი აარიდეს რეალური პოზიციის გამოხატვას:

„ჩვენ გვსმენია საქართველოში მედიის კონტროლის თუ კორუფციის შესახებ. და ეს, შესაძლოა, რაღაც ფორმით უკავშირდებოდეს შედეგებს. შეეძლოთ თუ არა მოქალაქეებს თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი შეხედულებები? რამდენად ადეკვატურად ასახავს ეს მონაცემი მთავრობის ქმედებებით რეალურ კმაყოფილებას? რა ტიპის გავლენებთან გვაქვს საქმე?“

ეს არგუმენტი, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი პოზიციის ღიად გამოხატვას ავტორიტარული კლიმატის გამო უფრთხოდნენ, ყოფილი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოჰქონდათ წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვებში „ნაციონალური მოძრაობის“ შედარებით მაღალი მაჩვენებლის ასახსნელად.

ნათან გეიმსტერის თქმით, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას სხვა, საქართველოზე უფრო ავტორიტარულ, ქვეყნებში, რის გამოც მკვლევრებს სხვადასხვა ტიპის მონაცემების შეჯერება და „საღი აზრით“ ხელმძღვანელობა უწევთ:

„ეს ფაქტორი კარგად აჩვენებს მიზეზს, თუ რატომ ვიყენებთ როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მონაცემებს კეთილდღეობის ინდექსში. ობიექტური მონაცემები, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებზე - მთავრობების მმართველობის სტილის, მოქალაქეების თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით - ძალიან დაბალი იყო, თუმცა მაღალი იყო სუბიექტური მონაცემები, რომლებიც საკუთრივ მოქალაქეების გამოკითხვებს ეფუძნებოდა მათი თავისუფლების ხარისხის თუ მთავრობის ქმედებებით კმაყოფილების ირგვლივ. ასეთ დროს ვცდილობთ საღი აზრით ვიხელმძღვანელოთ. გვერდიგვერდ უნდა გაანალიზდეს როგორც ობიექტური ინდიკატორები, ისე სუბიექტური მონაცემები და დასკვნებიც აქედან უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სწორედ სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებს შორის განსხვავებაა ყველაზე მრავლისმთქმელი ფაქტორი ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ“.
XS
SM
MD
LG