Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს უფლებადამცველი ლეილა იუნუსი


ლეილა და არიფ იუნუსები
ლეილა და არიფ იუნუსები

აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს ცნობილი უფლებადამცველი, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორი ლეილა იუნუსი, რომელსაც წელს, აგვისტოში, 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თაღლითობის, უკანონო ბიზნესსაქმიანობის, გადასახადებისათვის თავის არიდებისა და დოკუმენტების ფალსიფიცირების ბრალდებების საფუძველზე. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მართლმსაჯულების ფარსად მიიჩნევენ ლეილა იუნუსისა და მისი მეუღლის, არიფ იუნუსის, სამართლებრივ დევნას.

9 დეკემბერს ლეილა იუნუსს ციხესთან ახლობლები დახვდნენ, მათ შორის, მეუღლე, არიფ იუნუსი, ისევე როგორც ჟურნალისტები. ჩვენი რადიოს მიერ მოპოვებულ ვიდეოზე ჩანს, რამდენად სუსტად არის ლეილა იუნუსი: მას უჭირს სიარული, აშკარად ეტყობა, რომ ჟურნალისტებთან საუბრის და, საერთოდ, საუბრის დიდი სურვილი არა აქვს. კონკრეტულად ციხიდან გამოსვლაზე იუნუსი არაფერს ამბობს.

სასამართლოში გამოსვლისას მე ვთქვი, ბანაკის მტვრად მაქციეს-მეთქი, - ეუბნება იუნუსი ჟურნალისტებს რუსულად, რომელსაც ის, როგორც აზერბაიჯანელმა კოლეგებმა მითხრეს, აზერბაიჯანულზე უკეთ ფლობს. ამის შემდეგ ლეილა იუნუსი დიდი რუსი პოეტის ფიოდორ ტიუტჩევის ლექსიდან რამდენიმე სტრიქონს წარმოთქვამს, თუმცა ტექსტს ცვლის, პერიფრაზირებას ახდენს.

59 წლის ლეილა იუნუსი ციხიდან გამოუშვეს მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უფლებადამცველის გათავისუფლება მოითხოვეს. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ლეილა იუნუსისათვის მისჯილი 8,5 წლით პატიმრობა 9 დეკემბერს ხუთწლიანი პირობითი სასჯელით შეცვალა. სასამართლომ ხუთწლიანი პირობითი სასჯელით შეცვალა ასევე ლეილა იუნუსის მეუღლისთვის გამოტანილი ვერდიქტი: შვიდი წლით პატიმრობა. ის გასულ თვეში გამოუშვეს ციხიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ლეილა იუნუსი მეუღლესთან, არიფ იუნუსთან ერთად ბაქოში დაფუძნებულ „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტში“ მუშაობდა.

ლეილა იუნუსი ციხიდან გაათავისუფლეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

ცოლ-ქმარი შარშან ივლისში დააპატიმრეს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით. მათ წაყენებული აქვთ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებაც.

იუნუსების სამართლებრივ დევნას სრულიად უსაფუძვლოდ თვლიან უფლებადამცველები როგორც აზერბაიჯანში, ისე უცხოეთში. წამყვანი ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ჩახშობის მცდელობად მიიჩნევენ ჟურნალისტებისა და აქტივისტების, მათ შორის, იუნუსების გასამართლებას ფინანსური დარღვევებისა და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG