Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ თიბილოვი - დე ფაქტო რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტი


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურში უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, 60 წლის ლეონიდ თიბილოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი დაამარცხა. მან ამომრჩეველთა ხმების 54 პროცენტი მოაგროვა, სანაკოევმა - 43 პროცენტი. თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თიბილოვი არჩეულ პრეზიდენტად დღეს დილით გამოაცხადა. ახლა მხოლოდ საბოლოო ოქმის გამოქვეყნებაღა რჩება. დამარცხებულმა გამარჯვებულს წარმატება უკვე მიულოცა,

ლეონიდ თიბილოვმა კი ცხინვალის საინფორმაციო ცენტრში გამართული პრესკონფერენციის დროს კონკურენტს თანამშრომლობა შესთავაზა.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართა. მასში ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასულმა დამკვირვებლებმა უმნიშვნელო დარღვევები დააფიქსირეს, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ეს საერთო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა.

თითქმის 7 თვის განმავლობაში ეს არაღიარებული რესპუბლიკა არჩევნების რეჟიმით ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებში გამარჯვებულ ალა ჯიოევას მოგება ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრემლის მოხელეების ჩარევით გააუქმეს და განმეორებითი არჩევნები დანიშნეს. რასაც ცხინვალში დაძაბულობა მოჰყვა. ალა ჯიოევას მომხრეების მიმართ კი რეპრესიები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერი თავისი ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ სპეცრაზმმა მისი ოფისი დაარბია, ჯიოევა კი საავადმყოფოში მოხვდა და ერთი თვე იქ გაატარა. ოპოზიციის ლიდერმა განმეორებითი არჩევნები ლეგიტიმურად არ ცნო, თუმცა ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. პოლიტიკოსების გარდა ამ 7-თვიან მარათონში ამომრჩევლებიც დაიღალნენ.

ექსპერტების აზრით, ოსმა ამომრჩეველმა არჩევანი ახალგაზრდულ ენერგიასა და გამოცდილებას შორის გააკეთა. თიბილოვს მკაცრი და წესრიგის მოყვარული კაცის იმიჯი აქვს ცხინვალში. გარდა წესრიგისა მას იმ ამომრჩევლების აზრის გათვალისწინებაც მოუწევს, რომლებიც დანგრეული ქალაქის აღდგენას, დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიური პრობლემების მოგვარებას და კორუფციის დაძლევას მოითხოვენ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატერებულ არჩევნებს არალეგიტიმური და უკანონო უწოდა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამავე არჩევნებს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. დავით ბაქრაძის განცხადებით, ვერც ერთ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ პირობებში და რეგიონში, საიდანაც მოსახლეობის უმრავლესობა განდევნილია, დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის პრეტენზია ვერ ექნება.

ახლა ლეონიდ თიბილოვი უკვე ინაუგურაციისთვის მზადებას იწყებს. კანონმდებლობით საბოლოო ოქმის გამოქვეყნების შემდეგ ინაუგურაცია 10 დღის შემდეგ ინიშნება. თიბილოვის შტაბში ვარაუდობენ, რომ ოქმი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გამოქვეყნდება, შესაბამისად, თიბილოვი საქმიანობას ოფიციალურად 19 ან 20 აპრილიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG