Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალურ ეჭვებზე თბილისსა და ბრიუსელში მსჯელობენ


ფილიპ ლეფორი
ფილიპ ლეფორი
რადგანაც განმარტებები არასათანადოდ ”მკაფიოდ” მიიჩნია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს განაგრძო ზომების მიღება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პოსტიდან მიმავალი ფილიპ ლეფორის წინააღმდეგ. შეტყობინება გაიგზავნა ბრიუსელში იმის შესახებ, რომ 21 იანვარს ცხინვალში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. რამდენად ადეკვატური და ზომიერია თბილისის რეაგირება შექმნილ სიტუაციაში?
მან გააჟღერა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ურყეობის შესახებ, თუმცა მკაფიო უარყოფა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოვისმინეთ...
დავით ზალკალიანი

მას, ვინც მოვლენების განვითარებას აკვირდება, არ გამოეპარებოდა, რომ 22 იანვარს უფრო გამკაცრდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებები. თუკი სამშაბათს ის ეჭვქვეშ არ აყენებდა ფილიპ ლეფორის მიუკერძოებლობასა და ერთგულებას საქართველოს ინტერესების მიმართ, უკვე ოთხშაბათს დავით ზალკალიანმა უკმაყოფილება გამოხატა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მისამართით და მედიას თადარიგის დაჭერის შესახებაც აცნობა:

”მან გააჟღერა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ურყეობის შესახებ, თუმცა მკაფიო უარყოფა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ინსტრუქცია მივეცით საქართველოს წარმომადგენლობას ევროკავშირში, ელჩს, რომ მან მოახდინოს დეტალური ინფორმირება ევროკავშირის ხელმძღვანელობის - ფილიპ ლეფორის, ანუ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, განცხადებასთან დაკავშირებით”.

დავით ზალკალიანის სიტყვები ცხადყოფს, რომ ფილიპ ლეფორმა ვერ მოახერხა თბილისი დაერწმუნებინა, რომ 20 იანვარს ცხინვალში, სადაც ის თანამდებობიდან წასვლის გამო დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდა, მას არ გაუკეთებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებები. გავიხსენოთ, რომ რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ფილიპ ლეფორმა ცხინვალში ასეთი რამ თქვა: სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი უკვე დიდი ხანია განსაზღვრულია ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მიერ და ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია... ეს არის რეალობა, რომლითაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა.

ზუსტად არავინ იცის, თუ რა თქვა ფილიპ ლეფორმა 20 იანვარს ცხინვალში, თუმცა ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური წყაროები მისი განცხადებებიდან მხოლოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი ერთი წინადადების ჩანაწერს ავრცელებენ:

”სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ამ პოზიციების შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია - ასე რომ, ამით უნდა ვიცხოვროთ”.
ამ არსებით საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა: ევროკავშირი მტკიცედ ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში...
ფილიპ ლეფორი

ამ მოკლე ჩანაწერიდან აზრის გამოტანა ძნელია და, ამასთან, ბევრს ლოგიკურად ებადება ეჭვი, რომ თუკი ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა ცხინვალში ამაზე მეტი რამ თქვა ადგილობრივების მოსაწონად და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ცხინვალი აუცილებლად გაავრცელებდა შესაბამის ჩანაწერს.

22 იანვარს ფილიპ ლეფორი ასევე დასამშვიდობებლად ჩამოვიდა თბილისშიც, თუმცა დღის განმავლობაში მას არ გაუმართავს ოფიციალური შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ოთხშაბათს, 12 საათისთვის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ წინასწარ გამოცხადებული შეხვედრა შემდგარა, რომელზეც მას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან განმარტებები უნდა მოესმინა ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

სამაგიეროდ, დღის განმავლობაში ფილიპ ლეფორმა განმარტებები გააკეთა ჟურნალისტებთან და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ მას ინტერვიუ არავისთვის მიუცია ცხინვალში, რომ დიპლომატიურ შეხვედრებზე აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლებელია და რომ მას იქ არ უთქვამს ის, რასაც მედია მიაწერს. საქართველოს მეტად მნიშვნელოვან ინტერესებთან დაკავშირებით ფილიპ ლეფორმა 22 იანვარს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, ”ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუშიც ილაპარაკა:

”ეს, უბრალოდ, საქართველოსთვის მეტად მგრძნობიარე საკითხია, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგებია. ამ არსებით საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა: ევროკავშირი მტკიცედ ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია, არამედ ეს არის ევროკავშირის, როგორც ინსტიტუციის, და მისი 28-ვე წევრის პოზიცია. ეს არის ასახული ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ ყველა დოკუმენტში - ჩემი უფლებამოსილების ჩათვლით... ასე რომ, არ უნდა იყოს არანაირი ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით”.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, ზედმეტი ხომ არ მოუვიდა თბილისს, როდესაც საჭიროდ ჩათვალა მწვავე რეაქციების გამოხატვა ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველ საკითხთან მიმართებით. „ევროპული
კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი
კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამ შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ მას შემდეგ, რაც მედიამ ფილიპ ლეფორის სავარაუდო განცხადებები ფართოდ გაავრცელა და გაახმაურა, ხელისუფლებას სხვა არჩევანი აღარ დარჩა:

”პროცესმა უკვე მიიღო პოლიტიკური სახე, პოლიტიკური დატვირთვა და ხალხი უყურებს ხელისუფლების რეაქციას... შესაბამისად, ხელისუფლება აკეთებს უფრო ხმამაღალ განცხადებებს, ვიდრე ამ სიტუაციაში არის საჭირო - რომ: ჩვენ ამას გავაკეთებთ, პასუხს მოვთხოვთ და ა.შ... რომ თავისი სახე შეინარჩუნოს და ვინმემ, ვთქვათ, არ დააბრალოს მას, რომ არ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ერთიანობის იდეას, საერთაშორისო ასპარეზზე არ რეაგირებს მწვავედ და ასე შემდეგ”.

ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების ფონზე, კახა გოგოლაშვილს ამ ეტაპზე უჭირს რეალურ სიტუაციაში გარკვევა, თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას ადრეც შეუმჩნევია საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლით და ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარით. ანალიტიკოსის შთაბეჭდილებით, თბილისს ფილიპ ლეფორის ქმედებებში ”ზედმეტი მოქნილობა და სირბილე” აღიზიანებდა.

ამ ჭრილში შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ გასული წლის მიწურულს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ფილიპ ლეფორი საკმაოდ დამაეჭვებელ კონტექსტში მოიხსენია. 27 დეკემბერს, როცა ის ძალის გამოუყენებლობის
ევროკავშირს ეყოლება ახალი წარმომადგენელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ახალ თანათავმჯდომარესთან ვიმუშაოთ, რომ იყოს მისი მხრიდანაც ისეთი სერიოზული მხარდაჭერა, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა თანათავმჯდომარეებისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან...
დავით ზალკალიანი
თაობაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი დოკუმენტის პროექტის საქართველოსთვის მიუღებელ მხარეებზე ლაპარაკობდა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარე რუსეთის სასარგებლოდ, საქართველოსთვის არასახარბიელოდ მოქმედებდა:

”ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და, გარკვეულწილად, გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი დაყოლიების კუთხით. მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, ყველა მონაწილემ გამოხატა, რომ კონსენსუსი არ არის. მომავალი წლიდან ახალი თანათავმჯდომარე იქნება - ლეფორი, რომელიც იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, მისი მოღვაწეობა დასრულდა. (26-ე რაუნდი) იყო მისთვის ბოლო რაუნდი. მან ეს გამოაცხადა. შემდეგი რაუნდი იქნება 25-26 მარტს, ევროკავშირს ეყოლება ახალი წარმომადგენელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ახალ თანათავმჯდომარესთან ვიმუშაოთ, რომ იყოს მისი მხრიდანაც ისეთი სერიოზული მხარდაჭერა, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა თანათავმჯდომარეებისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG