Accessibility links

logo-print
აქ ასეთი წესი აქვთ: ერთ მძიმე რკინის კარს რომ გასცდები, ცხვირწინ აყუდებულ კარს ისე არ გაგიღებენ, თუ ზურგს უკან დარჩენილი კარი არ ჩაიკეტა. ჩარაზულ კარს იქით მთელი დედამიწაა - სადაც გინდა, რომ წახვალ და როგორც გინდა, რომ წახვალ და თუ გინდა ყურებზე, რომ დადგები, ისეთი დედამიწაა. კარს აქეთ, ცუდად განათებულ, ყვითელ ოთახში ვტოვებ ორ ჩანთას, მობილურ ტელეფონს და, მოკლედ, ყველაფერს, ხმის ჩამწერისა და მიკროფონის გარდა. ნებართვა მიღებული მაქვს. ციხის თანამშრომელი საშვს მაწვდის და მაფრთხილებს, არ დაკარგოო. ფურცელს ოთხად ვკეცავ და ჯინსის ჯიბეში საგულდაგულოდ ვინახავ. საკუთარ თავს ვეხუმრები გულში, ახლა ეს საშვი რომ დავკარგო და უკან აღარ გამომიშვან!.. ხუმრობა იქით იყოს, ყოველი შემთხვევისთვის, საშვს კიდევ უფრო ღრმად ვიტენი ჯიბეში და გზას ვაგრძელებ. ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ - ყველგან გისოსებია. აქაურობა უჯრიან რვეულს ჰგავს, მათემატიკის რვეულს. აქ მათემატიკა და არითმეტიკა იმისთვის თუ დაგჭირდება, რომ მისჯილ წლებს მოხდილი წლები გამოაკლო და დარჩენილი წლები მიიღო... გისოსებს იქით ბეტონის კედელია, კედელზე - მავთულხლართი... კედლის ძირში იასამნისფერი ზამბახები ყვავის - აი, ზუსტად ისე, როგორც მათემატიკის რვეულში, წითელი ხაზით გამოყოფილ მინდორზე, პირველკლასელის ხელით მიხატული ყვავილები. ზამბახებს ქარი მიწაზე აწვენს. ანუ ქარია.

ციხის სასწავლო ცენტრში, რომელიც ამჯერად აღარ ფუნქციონირებს და ახლა ის, უბრალოდ, ერთი სუფთა ოთახია, თოთხმეტი მსჯავრდებული ორ მწერალს ელოდება. ჩუმად სხედან. რამდენიმეს ხელში რვეული უჭირავს. აშკარაა, რომ ახალგაზრდა მწერლების მოსმენაზე მეტად მათ სტუმრებისთვის საკუთარი ნაწერების წაკითხვა ურჩევნიათ. ან რა არის გასაკვირი. მათი ლექსები, პიესები თუ მოთხრობები საკნის კედლებს ვერ სცდება, ახლა კი შანსი აქვთ, საკუთარი შემოქმედება სხვებსაც გააცნონ. და თუკი ვინმე მკითხავდა, ერთი წინადადებით მითხარი, რაზე წერენ მსჯავრდებულებიო, ვეტყოდი: ისინი წერენ სინანულსა და თავისუფლებაზე. ამას არც პატიმრები უარყოფენ, არც ლექსო:

”...ცხაურის მიღმა კედელია მავთულხლართებით,
სევდის სავანე ვერ ხალისობს ჩიფირ-ფარჩებით,
იმედი მაინც დაფარფატებს დამწვარი ფრთებით,
თავისუფლებას ველოდებით ჩვენ გააფთრებით...”

მე სიცოცხლეზე აღვმართე ხელი, და მე სიცოცხლეს მტრად მოვექეცი, როცა სიკვდილმა გამომჭრა ყელი, როცა სიყვარულს ვერ გავექეცი. მე უსამართლო მსაჯულთ წინაშე, ბინძურ ხელებით სული ვათრიე, დღეს კი მარტო ვარ მე ჩემს წინაშე და ეს დაცემა ვერ ვიპატიე...
”აქ ყველა ერთი ტიპის ლექსებს წერს. წერას რომ იწყებენ, ყველას ლექსი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მერე ტექნიკაც უვითარდებათ. ბევრი ვიკითხე შვიდი წლის განმავლობაში, ვინ რას წერდა. თავიდან რომ შეხედავ, ეგრევე მიხვდები, რომ პატიმრის დაწერილია”, - ამბობს ლექსო.

თავის რიგს ელოდება 23 წლის ლევანი. ხელში ატრიალებს შესაშური კალიგრაფიით ნაწერი ლექსებით სავსე ბლოკნოტს. ლევანი ჩუმადაა. მის მაგივრად ციხის თანამშრომელი მეუბნება, წერა ერთი წლის წინ დაიწყოო. ლევანი ბლოკნოტს ფურცლავს. ალბათ, ცდილობს საუკეთესო ლექსი შეარჩიოს. მერე ამბობს, რომ ლექსი ზეპირად იცის. ბლოკნოტს გვერდზე დებს და ჰყვება ამბავს, როგორ აღმოჩნდა ციხეში 13 წლით:

”რაც მოხდა და რის გამოც მოხდა, ლექსი მაქვს დაწერილი და ვიტყვი ასე, თქვენთან, ხმამაღლა:

მე სიცოცხლეზე აღვმართე ხელი,
და მე სიცოცხლეს მტრად მოვექეცი,
როცა სიკვდილმა გამომჭრა ყელი,
როცა სიყვარულს ვერ გავექეცი.
მე უსამართლო მსაჯულთ წინაშე,
ბინძურ ხელებით სული ვათრიე,
დღეს კი მარტო ვარ მე ჩემს წინაშე
და ეს დაცემა ვერ ვიპატიე.
ცის სამართალზე ვყვიროდი მაშინ,
სულის ღაღადით სისხლი ვაქციე.
მაგრამ ცამეტჯერ მესროლეს ტანში,
და ცამეტი წლით უკან დამწიეს.
ნუთუ ავბედად მომნათლა ზეცამ,
ნუთუ არასდროს არ მაპატიებს,
რომ სიყვარულით ვსერავდი ჩემს თავს,
რომ მართლებისთვის მეთქვა რაიმე,
რომ უსუსური ვიყავი ვაჟი,
რომ სიყვარულის შურით ავივსე,
ნუთუ შავბნელი ღრუბლები ცაში
ჩემთვის არასდროს არ გადაიღებს.
ვაი, სიცოცხლევ, დღეს შენი ფასი,
შენი სიწმინდის არა მყავს მსგავსი.
ვაითუ, მალე შენც შემიძულო,
მსგავსად, როგორც მე შემძულდი მაშინ”.

პატიმრები ცდილობენ ყველაზე ნაკლები იმაზე ილაპარაკონ, რის გამოც ციხეში აღმოჩნდნენ. არც ირაკლია გამონაკლისი. შვიდი წელია ციხეში ზის. ირაკლისთვის ყველაზე რთული გადასატანი ის წლები აღმოჩნდა, როცა ოჯახის წევრებს მხოლოდ შუშის გადაღმა ხედავდა და ელაპარაკებოდა. ის იხსენებს იმ დღეს, როცა, შვიდი წლის შემდეგ, პირველად შეეხო შვილს, რომელმაც ვერ იცნო და ახლოს არ მიიკარა. ამაზე დიდი სასჯელი, ალბათ, აღარც არაფერიაო, ამბობს ირაკლი:

”ოჯახს, შვილს, შეიძლება ”სტეკლოს” იქიდან ესაუბრებოდე? ახლა რაღაც-რაღაცები შეიცვალა, ოჯახებს ახვედრებენ პატიმრებს... მე შვიდი წლის განმავლობაში პირველად შევეხე შვილს. ოთხი საათის განმავლობაში ახლოს არ მომეკარა. მიუცხოვა. ვერც მე მივეკარე. უცხო ადამიანებივით შევყურებდით ერთმანეთს”.

ეს არის ჟურნალის იდეა, რომელშიც დაიბეჭდება ციხის ბინადრების - კაცების, ქალების, არასრულწლოვნების შემოქმედება. ზოგმა შეიძლება მოთხრობა დაწეროს, ზოგმა ლექსი. ზოგმა შეიძლება საინტერესო წერილი დაწეროს და ასე გამოიტანოს თავისი ხმა საპატიმროდან...
”ერთ ღამეს სიზმარი ვნახე. გამეღვიძა. წამოვჯექი საწოლზე. საკანში ფურცელი ვიპოვე და ნახევრად მძინარემ სიზმრად ნანახი ლექსად დავწერეო“, მეუბნება ირაკლი. ლექსი ცოლს ეძღვნება:

”შენს სასთუმალთან მუხლზე ვიდექი,
ახლოს რომ დამენახე.
გულმა ვერ გაუძლო ამდენ მონატრებას,
შენი სიყვარულით მთვრალი,
ახლოს მოვიწიე, ტუჩზე გაკოცე და
უცებ გამეხილა თვალი.
მხოლოდ ეს შემომრჩა - ტკბილი მოგონება,
ორი სიზმარი რომ ვნახე:
ერთში დღე იყო ნათელ ფერებით.
მეორეში კი - ღამე.”

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, პატიმრებთან შესახვედრად 10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30-მდე მწერალი შევიდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა მწერალი მიშა ბახსოლიანი. ერთი პატიმარი აღმოვაჩინე, რომელსაც, 2006 წლიდან მოყოლებული, 4000-მდე წიგნი ჰქონდა წაკითხულიო, მეუბნება ის. და კიდევ: მიშა ამბობს, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც მართლა ყველას აინტერესებდა რას ვწერდი და ყველა გაფაციცებული მისმენდაო. მიშამ საპატიმროში, საკუთარი წიგნების გარდა, ერთი იდეაც მიიტანა:

”ეს არის ჟურნალის იდეა, რომელშიც დაიბეჭდება ციხის ბინადრების - კაცების, ქალების, არასრულწლოვნების შემოქმედება. ზოგმა შეიძლება მოთხრობა დაწეროს, ზოგმა ლექსი. ზოგმა შეიძლება საინტერესო წერილი დაწეროს და ასე გამოიტანოს თავისი ხმა საპატიმროდან. ხარისხი, არ ვიცი, რამდენად მაღალი იქნება, მაგრამ ის, რომ ამ ხალხს რაღაც კარგი საქმით დაკავების საშუალება მიეცემა, ეს ფაქტია და თან რაღაც მინიმალურ ჰონორარსაც მიიღებენ. თუ ადამიანი შეძლებს, რომ 50 ლარი იშოვოს მოთხრობის დაწერით, იმ საღამოს არ წავა სეკას სათამაშოდ მეზობელ საკანში, წავა, დაჯდება და მოთხრობას ან ჩანახატს დაწერს, რომლის დაწერაც უფრო ადვილია, ვიდრე სეკაში ფულის მოგება, და ამით იშოვის ფულს”, - ამბობს მიშა ბახსოლიანი.

უახლოეს მომავალში აპირებს ახალი წიგნის გამოცემას მწერალი გურამ მეგრელიშვილი. მან პატიმრებს პირობა მისცა, რომ თუკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანხმობაც იქნება, მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია სწორედ მათ საპატიმროში გაიმართება:

”მოდით, ერთგვარად დავანგრიოთ სტერეოტიპები. რატომაც არა, გავაკეთოთ ციხეში წიგნის პრეზენტაცია. ამ წიგნის შესახებ არავის არაფერი ეცოდინება და პირველები თქვენ გაიგებთ. აგერ მე, აგერ ჩემი წიგნი იქნება მალე და აგერ თქვენ. ვნახოთ, რა გამოვა”...

ჯიბიდან ვიღებ საგულდაგულოდ შენახულ საშვს, რომელსაც საკუთარ ჩანთასა და მობილურში ვცვლი. ზუსტად იმავე თანმიმდევრობით, ზურგსუკან ჩარაზულ კარს, ცხვირწინ ჩარაზული კარი ცვლის. პატიმრები გისოსებს იქით რჩებიან, მათი ხმები კი ჩემი დიქტოფონით გისოსებს აქეთ გამომაქვს.
XS
SM
MD
LG