Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ცუცქირიძე - პოლიტოლოგი


კვირა, 20 მაისი
ისე, როგორც თეატრში


კვირა ჩემი გოგოების დღეა. ელენე ექსკურსიაზე წავიდა. ველოსიპედის ყიდვას შევპირდი და მომავალ კვირას უნდა მოვასწრო, თორემ მერე მთელი თვე აღარ მეცლება. არადა, მინდა პირობა შევუსრულო და ზაფხულისთვის ჰქონდეს. ძალიან სპორტულია - ცურავს, ჩოგბურთს თამაშობს და ჩემზე ბევრად უკეთ დგას თხილამურებზე. კარგ ლექსებსა და მოთხრობებს წერს. ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩოს ბლოგების კონკურსიც მოიგო. მოკლედ, ძალიან მეამაყება!

მატასი ძალიან პატარა გოგოა და მამის გულის სადავეებიც ხელში აქვს. ამ კვირა დღეს ბევრს ვისეირნებთ და ვითამაშებთ. ორ დას შორის დიდი სხვაობაა ასაკში: მატასი ერთ წელზე ცოტა მეტისაა, ელენე - უკვე 13-ის. სხვადასხვა საუკუნეებში არიან დაბადებული, მაგრამ ძალიან მინდა, კარგი მეგობრები იყვნენ.

მიყვარს შაბათ-კვირის სეირნობები; ძირითადად, ვაკის პარკში და, როგორც წესი, ბევრს ვსეირნობთ კიდეც. მერე მატასი იღლება, ეძინება და მე ვკითხულობ. ძალიან სასიამოვნოა პარკში კითხვა. ისე, პარკები კარგად აჩვენებს საზოგადო კულტურას. გაიარე ნებისმიერ პარკში, შეხედე, რა ხდება, რას აკეთებს ხალხი, როგორ ისვენებს, როგორ ურთიერთობს და ბევრ რამეს დაინახავ. მთავარია, ცოტა შორიდან შეხედო - როგორც თეატრში.

ელენე და მატასი ჩემი ცხოვრების მთავარი საზრუნავია. მინდა ძლიერი, თავდაჯერებული და თავისუფალი ქალები გაიზარდონ. ამ ბოლო დროს უფრო მეტად ვცდილობ დავინახო, როგორ უკავშირდება ჩემი საქმიანობა მათს მომავალს. მინდა ზუსტად ვხედავდე, რომ რასაც ვაკეთებ, მათს უკეთეს მომავალს უკავშირდება. კვირა დღე ყველაზე მშვიდია ჩემს კვირაში. ჰოდა, მეც ბევრს ვურთიერთობ შვილებთან - ვსეირნობთ, ვთამაშობთ, ვლაპარაკობთ. ამასობაში, სადღაც გონების უკანა ფონზე, მომავალი კვირის კონტურები იკვეთება...
თავისუფლების დღიურები - ლევან ცუცქირიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:51 0:00
გადმოწერა

21 მაისი, ორშაბათი
დასრულებული საქმის ნარჩენები


ორშაბათი დილაა. რადიო თავისუფლებიდან სამსახურში დავბრუნდი. ცოტა მეუხერხულება კიდეც ამ დღიურების წერა, მაგრამ უარი ვეღარ ვთქვი. კარგი, მერე მოვიფიქრებ, რა და როგორ. მოკლედ, ჩვეულებრივად დავიწყე სამუშაო დღე: ყვავილის მორწყვა, რომელიც ჩემი განუყოფელი თანამგზავრია და ხანგრძლივი მივლინებების დროს ჩემთან, სახლში სტუმრობს ხოლმე, ყავის მომზადება, კომპიუტერის ჩართვა და აივანზე გასეირნება. ზანდუკელის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის ნაწილი ჩანს კარგად და შეგიძლია დააკვირდე, როგორ იღვიძებს ქალაქი. ახლაც ვდგავარ აივანზე, ჩემი ასევე განუყრელი ჭიქით ხელში, და ვფიქრობ, როგორ და რაზე დავწერო. როგორც ჩანს, არ არის ადვილი საქმე. ჩემს პირდაპირ, წიგნის თაროზე, სამურაის თოჯინა დგას და აგერ უკვე რამდენი წელია, წარბიც არ შეუხრია, ისე მიყურებს. შინაგან თავისუფლებაზე, განთავისუფლებაზე ხომ არ დამეწერა რამე? სამურაებზე ხომ ბევრი სტერეოტიპი არსებობს. დავბრუნდი სამუშაო მაგიდასთან, ჩემი გოგოების ფოტოებს ვუყურებ. მათთვის როგორი თავისუფლება მინდა? ზედმეტად სენტიმენტალური იქნება...

დღემ სწრაფად გაირბინა. ჩემი დღეები, ტრადიციულად, ათის ნახევარზე იწყება და, თუ გამიმართლა, ცოტა უფრო ადრეც. ქუთაისის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებისთვის ლექცია მაქვს მოსამზადებელი. თან დღიურებზე მეფიქრება.
თავისუფლებას სხვადასხვა მანიფესტაცია აქვს - სხვადასხვა დროს... მატასის კბილები ამოსდის და ისე ტირის, ლამის მეც ავტირდე. 13-საათიანი სამუშაო დღის ბოლოს ყველაზე ძალიან რაც მჭირდება, არის თავისუფლება დასრულებული საქმეების ნარჩენებისგან.

22 მაისი, სამშაბათი
თავისუფლება სტალინის ქუჩაზე


დილის რვა საათია, NIMD-ის ოფისი. მოვასწრებ, კიდევ ერთხელ გადავხედო შუადღის ლექციას და მცირე საქმეებიც მოვაგვარო. ქუთაისში სტუდენტებს მშვიდობიანი პოლიტიკის, გავლენის სტრატეგიაზე მინდა ვესაუბრო.

ამჟამად NIMD-ის დემოკრატიის სკოლები მუშაობს თელავსა და ქუთაისში, სადაც ჭკვიანი და მიზანსწრაფული ადამიანები დემოკრატიის შესახებ ხუთთვიან სწავლებას გადიან. სულ მალე გორში გავხსნით მესამე ასეთ სკოლას. დასაფასებელი და მოსაფრთხილებელი ხალხი მოდის ამ სკოლებში, რომელსაც შეუძლია და უნდა, ახალი გაიგოს, ახალი ისწავლოს და რაღაც გააკეთოს სხვებისთვის.

გორში რამდენიმე ადგილი შევათვალიერეთ. დიდი ალბათობით, შესაძლოა, სტალინის ქუჩაზე აღმოვჩნდეთ. დემოკრატიის სკოლა სტალინის ქუჩაზე, ლექციებით მშვიდობიან პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიის ფორმებზე და ტირანიის შედეგებზე. აი, ეგრე! ვფიქრობ, პირველი ლექცია დემოკრატიის ისტორიაზე პირდაპირ მუზეუმში წავიკითხო.

ქუთაისშიც დროულად ჩავედით, ზუსტად დროზე. კომპიუტერი გავმართე, საათს დავხედე და ზუსტად ორია. მომწონს, როდესაც ყველაფერი თავის დროზეა და თავის ადგილზე. ლექციაც „წავიდა“. ძალიან საინტერესო თემაა: პოლიტიკური, მშვიდობიანი მოქმედება, როგორ მოახდინო გავლენა გადაწყვეტილებებზე... უკვე 15 წელია, პოლიტიკური განვითარების საქმეში ვარ. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ ვარ, რატომ ვაკეთებ მაინცდამაინც ამას... ექსტრემალური სპორტია - ხშირად ისეთ რამეს წააწყდები, შეიძლება იფიქრო, მაინც არაფერი გამოვაო. ხანდახან კი ოქრო გამოჩნდება და შენც დახარბდები, მისდევ და მისდევ, ჯიუტად თხრი და ატრიალებ ამ მიწას. მოკლედ, აქ ვარ, ჩემი საქმე ეს არის. ბევრს დავდივარ ქვეყანაში და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, საუკეთესო სკოლაა. უამრავ ხალხს ვხვდები, ვუსმენ მათს საუბრებს. საინტერესო პროცესია. ნაკლები დრო მრჩება ოჯახისთვის.

ვცდილობ, ელენეს მოვუყვე, რას ვაკეთებ და რატომ. მატასი ძალიან პატარაა, მისი ხანგრძლივად დატოვება ძალიან მიჭირს. რუსო კი ჩემი მოკავშირეა, ხმამაღლა არაფერს ამბობს - ჯერ.

კვირის დანარჩენი დღეები პოლიტიკური პარტიებისაა. მნიშვნელოვანი პროექტი გავუშვით წინასაარჩევნოდ. იმედი მაქვს, ყველაფერი დროულად მოესწრება. შაბათი და კვირა კი უნდა გადავინახო გოგოებისთვის.

ახლა შევამჩნიე, რომ ამ სასტუმრო ოთახში არც წყალი დგას, არც მინი-ბარი; არც ტელეფონია და არც გარდერობი. მაგარია!

23 მაისი, ოთხშაბათი
Miles Ahead


ჩემი პირადი თავისუფლება რამდენიმე რამეში ხორციელდება: ესაა გზა და მოგზაურობა, მუსიკა და სპორტი.

სამსახურის გამო ხშირად ვარ ბორბლებზე თუ ჰაერში. მიყვარს გზა და მგზავრობა, მანქანის მართვაც მიყვარს, არ მეზარება. გზაზე სივრცე მეტად შემოდის ადამიანში და რადგანაც თავისუფლებისთვის ვწერ, იმასაც ვიტყვი, რომ გზა და მოგზაურობა ჩემთვის არის კიდეც თავისუფლების ერთ-ერთი რეალიზაცია. მიყვარს გზაზე გაფენილი პატარა სოფლების, სასტუმროების, რესტორნების თვალიერება, განსაკუთრებით მომწონს კადრები სოფლის სკოლებში მიმავალი პატარა ბავშვების, ზურგზე მოკიდებული პატარა ჩანთებით, ხელიხელჩაკიდებულები რომ მიდი-მოდიან... ფოტოებსაც ვიღებ ხოლმე - შევანელებ და პირდაპირ მანქანიდან - რადგან ხშირად შეჩერების დრო არ მაქვს. მოკლედ, ცალკე ამბები მაქვს ასეთი მოგზაურობების ჩემთვის. რა თქმა უნდა თავისი საუნდტრეკით, აბა ისე როგორ იქნება?! დილანი, ჯონი კეში, მარკ ნოპფლერი. ეს ხალხი მიყვარს გზაზე, მგონი, თვითონაც უყვარდათ.

მუსიკა ჩემი თავისუფლების მეორე განზომილებაა. ჯაზი, როკი და ფოლკი ამათთან ახლოს. ამათი სინთეზებიც. ჯაზისთვის ცალკე განწყობა მჭირდება და ამას მომზადება უნდა. თავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო განსახიერებაა ეს მუსიკა. უტრიალებ თემებს და აჩვენებ და ახმოვანებ მათს სხვადასხვა მანიფესტაციებს. საოცარი რამეები ხდება ხოლმე ამ დროს. რა ცუდია, თბილისში რომ არ არის კარგი ჯაზ-კლუბები. ერთი არის, იქნებ ორიც, მაგრამ ძალიან ცოტაა დიდი ამბიციების ქალაქისთვის... კარგი ფესტივალები გვაქვს, მაგრამ კლუბის ამბებს ფესტივალები ვერ შეცვლის. ჰო, ჯაზს ვისკი უხდება. აბა, ისე როგორ გამოვა!

სპორტი ჩემთვის საკუთარ თავთან დარჩენის და გარემოსთან თავისუფალი ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. ცურვა, დილით ადრე სირბილი და, როცა დრო მაძლევს საშუალებას, ჩოგბურთი. სპორტის ინდივიდუალური სახეობები უფრო მომწონს. როცა ვახერხებ, დილით ადრე დავრბივარ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, ყველა სეზონში. ზამთარში დილის 7 საათზე ჯერ კიდევ ღამეა ხოლმე, როდესაც ვიწყებ სირბილს და თენდება, როდესაც ვარჯიშს ვამთავრებ. ამ დროს თითქოს რაღაც დიდი ტრანსფორმაციის ნაწილი ვხდები. ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ ერთი სამყაროდან მეორეში გადმოვდივარ და რაღაცნაირად მთლიანი ვარ. ცურვაც ასეა - წყალთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ზღვა ჩემი სტიქიაა, ოღონდ ეს არაა დასვენების, გარუჯვის და კოქტეილების სტიქია. ჩემი ზღვა მეზღვაურების, თავზეხელაღებული ხალხის, ვისკის, რომის და თავისუფლების სტიქიაა. ზღვაში შეგიძლია შეხვიდე ძალიან ღრმად და დიდხანს დარჩე მასთან ერთად. ყოველწლიური რიტუალური გაცურვის ცერემონია მაქვს და ამას „შიშის ზღვარზე ცურვას“ ვეძახი. მარტო შორს და ღრმად ვცურავ მანამ, სანამ მართლა არ შევშინდები და უკან დავიხევ. ეს გაცურვა მერე დიდი ხანი მყოფნის ხოლმე წლის განმავლობაში. ვაღიარებ, მომწონს, როდესაც ვარ „Miles Ahead“.

24 მაისი, ხუთშაბათი
ცარიელი ჩაის ჭიქა


ჩემი წიგნები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. წიგნები რომლებიც ჩემი პროფესიის ნაწილია; წიგნები, რომლებიც ჩემთან ყოველთვის ახლოსაა; და წიგნები, რომლებიც ვერ წავიკითხე.

ჩემი პროფესიის წიგნი ყველაზე მეტია. პროფესიული ლიტერატურის კარგი ბიბლიოთეკა მაქვს. ისე, ჩვენში წიგნების კითხვას მხატვრული ლიტერატურის კითხვას უწოდებენ. რატომ, არ ვიცი. დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველი ხელფასით რამდენიმე წიგნს ვყიდულობდი. დიდი ხანია არაა, რაც გავჩერდი და Kindle-ზე გადავედი. ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ლიტერატურაში კონფლიქტის, ომისა და პოლიტიკის ზღვარზე დაწერილი წიგნებია.

მეორე კატეგორია ის წიგნებია, რომელთაც ხშირად ვუბრუნდები. ეს მხატვრული ლიტერატურაა, სადაც განსაკუთრებული ადგილი ამერიკელ მწერლებს უჭირავთ. არ ვიცი, რატომ არის ასე. ალბათ იმიტომ, რომ ამერიკას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კარგი წიგნის წაკითხვის შემდგომ გემრიელი კერძისგან დატოვებული გემო მრჩება ხოლმე. ჩემი ცოლი ამას ჩემს გასტრონომიულ ვნებებს უკავშირებს და, შესაძლოა, მართალიცაა. ასეა თუ ისე, ამერიკელი მწერლები უფრო „მეგემრიელება“; ფოლკნერი, მაგალითად, ჰემინგუეი, სტაინბეკი. მიყვარს მათი აშლილი და მტვრიანი გზები, ფერადკანიანთა სიმღერები, ძველი მანქანების ხმაური. ზღვაც ხომ მიყვარს და მიყვარს და ვკითხულობ ხოლმე ხშირად. მეორე ჩემი გატაცება უტოპიაა. მგონი, ყველა მთავარი უტოპია მაქვს სახლში, რაც კი დაწერილა. ედვარდ ბელამი, თომას მური, იოჰან ვალენტინ ანდრეს „ქრისტიანოპოლისი“ და სხვები. რაღა თქმა უნდა, ორუელის „1984“-იც! მოკლედ, მარცხნიდან მარჯვნივ, რაც კი წარმოუდგენიათ და კარგად დაუწერიათ, მაქვს. უტოპიის კითხვა საინტერესოა, რადგანაც ხედავ ადამიანის საუკეთესო და ყველაზე საშინელი ფანტაზიის შესაძლებლობათა ჰორიზონტებს. აკა მორჩილაძის მიმდევარიც ვარ. ჯერ ერთი, რომ სიტყვის კარგი ოსტატია; მერე ისტორიები იცის კარგი და ჩემთვის ახლობელ რამეებზე და ადგილებზე წერს; დამაბრუნებს ხოლმე ბავშვობაში და თავიდან მახსენებს პლეხანოვის თუ არცთუ ისე ძველთბილისურ ამბებს.

მესამე კატეგორია ის წიგნებია, რომლებიც ვიცი, რომ უნდა წავიკითხო და ვერ წავიკითხე. მაგალითად, დიდი ხანია, თაროზე მიდევს ჰენრი კისინჯერის „დიპლომატიის ისტორია“. თან იმხელაა, რომ ყოველი გავლისას თვალში მხვდება და რაღაცნაირად მაწვალებს. ვერა და ვერ გადავშალე. ასეა მრავალი სხვაც. ეს საქმე კი არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეტიც, ასეთი წიგნები ყოველთვის მახსენებენ, რამდენი რამე არ იცი და რამდენი რამეა, რაც ჯერ ვერ მოვიდა შენამდე. კარგი წიგნი წაუკითხავიც სასარგებლოა. ის გაჩვენებს, თუ რამხელა თავისუფალი სივრცეა კიდევ შენში, რომელსაც შეუძლია, რაღაც ახალი და საინტერესო დაიტიოს.

ახლა რამდენიმე რამეს ვკითხულობ. პირველია ჩერჩილის ექვსტომეული - „მეორე მსოფლიო ომი“. დიდებული საკითხავია როგორც პოლიტიკით, ისე ისტორიით თუ ლიტერატურით დაინტერესებული ხალხისთვის! ომის დაწყებიდან მის დასრულებამდე საოცარი თხრობაა, რომელიც რამდენიმე დღე თუ გამოტოვე, მერე უკვე განიცდი და ცდილობ, მალევე დაუბრუნდე. საოცარი ფასი გაიღო მსოფლიომ მაშინ თავისუფლებისთვის და არ ვიცი, ჩერჩილის გარეშე როგორ შემოტრიალდებოდა ამბები და სად ვიქნებოდით ახლა. მეორე ბობ დილანის ავტობიოგრაფიაა, რომელიც LIFE-მა დაბეჭდა. დიდი ხანია მიდევს, მაგრამ ვერ გავედი ბოლოში. ისე, სად დილანი და სად ჩერჩილი?! მეორე მხრივ, ეგ ყველაფერი ერთი დიდი საზოგადოების და ერთი დიდი კულტურის ნაწილია.

კითხვას თავისუფლება სჭირდება; ოღონდ შინაგანი, გონისმიერი თავისუფლება. შეიძლება წიგნი დახურული და წვერწამახული გონებით წაიკითხო და დაიმახსოვრო, რა ეწერა და იყო „ნაკითხი“. შეიძლება პირიქით, გახსნა გონება, შენი თვალსაწიერი და როგორც ძენის მიმდევრები ამბობენ, „აირეკლო სამყარო, როგორც მშვიდმა ტბამ და გახდე „განათლებული“. ამის მერე შეიძლება ვეღარც გაიხსენო მოთხრობილის ბევრი დეტალი, მაგრამ შეიმეცნო მისი შინაარსი და გაიგო მისი ემოცია. ამიტომაც განთავისუფლება მნიშვნელოვანია ახლის მისაღებად. ეს, ჩემი აზრით, სამყაროსადმი დამოკიდებულებაცაა და ჩვევაც. თუ ეს არ შეგიძლია, იკითხე რამდენიც გინდა, მაინც არ იქნება ხეირი. ძველი ჩინური ანდაზაა: „ჩაით სავსე ჭიქაში ახალი ჩაი აღარ უნდა დაამატო“.

25 მაისი, პარასკევი
უსარგებლო კაკლები


ფეისბუკში გრემში გადაღებული ფოტო ავტვირთე. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. როგორც წესი, პანორამებს ვიღებ ხოლმე. ზოგი მეუბნება, კარგი ფოტოებიაო. ფოტოები კი არაა კარგი, უბრალოდ, ხანდახან ისე ხდება, რომ კარგ ადგილას ვხვდები და ფოტოც, შესაბამისად, საინტერესო გამოდის. ესაა, რომ ფოტოებს ყოველთვის ვერ ვიღებ - მარტოობა მჭირდება, რომ ვიარო და ისეთი კადრი გადავიღო, როგორიც მინდა. ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა და მინდა კარგი ხედის მქონე ადგილზე პატარა, ლამაზი სახლი ავაშენო. სახლი ბევრია თბილისის გარშემო, მაგრამ უგემოვნოდ აშენებულია და არ გამომადგება. სადმე კახეთისკენ უნდა დავსახლდე, იქ ბევრი მზეა. მინდა მომცრო ვენახი და ლამაზი სახლი! წელიწადში ერთი კვირაც რომ გავატარო იქ, მგონი უკეთესი ადამიანი გავხდები. იმდენად ჩამითრევს ხოლმე კარ-მიდამოს მოვლის საქმეები, რომ ექსტრავაგანტურ ძალისხმევას გამოვიჩენ ხოლმე ხანდახან. ერთხელ მექსიკური კაკლის გაშენება გადავწყვიტე ჩემს მიწაზე, მაგრამ მშრალი ნიადაგია და იმ ადგილზე არც წყალი მაქვს მიყვანილი. ჰოდა კი დავრგე ხუთი ნერგი, მაგრამ მთელი გაზაფხულ-ზაფხული თბილისიდან ვეზიდებოდი წყალს. მოვრწყავდი, დავბარავდი და მერე ვიწექი მინდორზე კარგა ხანს. მაგარი რამეა! გახმა ის ნერგები, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებაში გატარებული დრო კი შემრჩა. ისეთი ადგილია, უწყლო და უნაყოფო, მაგრამ მამაჩემს უყვარდა იქ რაღაცეების კეთება. რაღაც საქმეებს ვიგონებდით. არც მას ჰქონდა მაინცდამაინც დეველოპერული მიზნები და არც მე მაქვს. ხან რაღაცას დავრგავდით, ხან დავბარავდით, რაღაცებს გავკაფავდით, რაღაცის შენებას დავიწყებდით და ეგრე. ბევრს ვლაპარაკობდით, მოკლედ. ჰოდა, მეც რაღაცებს ვიგონებ ხოლმე პერიოდულად. უბრალოდ, შეგიძლია წახვიდე, რაღაც გააკეთო, დაიღალო, დაისვენო და დაბრუნდე.

სამუშაო კვირის ბოლოა და მიხარია, რომ გოგოებთან ერთად ორ დღეს გავატარებ. ეგებ ელენესთან ჩოგბურთის თამაშიც მოვახერხო... ჩემი სამურაი ისევ წარბშეუხრელი მიყურებს. კარგი პარასკევი უნდა გამოვიდეს, მეგობრები იკრიბებიან ჩვენთან. მშვენიერი იდეა იყო ქვევრის ღვინოების გამოშვება ბოთლში. კარგად თუ გააცივებ, მაგას არაფერი ჯობია: ლაპარაკის საღერღელსაც აგიშლის, ხასიათსაც გამოგიკეთებს და დაღლილობასაც უშველის. პარასკევი უკვე ისე აღარ გამოდის, ამ ღვინის გარშემო თუ არ „დაირაზმა“ სამეგობრო.

26 მაისი, შაბათი
მთლიანი თავისუფლება


გუშინ, როგორც მოველოდი, კარგი დღე გამოვიდა: ბევრნი ვიყავით და ბევრი ამბავიც მოვყევით. გუშინვე მეგობრებს გავუმხილე, რომ „თავისუფლების დღიურებს“ ვწერ. არა უშავსო, დამამშვიდეს...

აზია ყოველთვის მაინტერესებდა, თავისი ფერებით და მრავალფეროვნებით. მალე ინდონეზიაში მივდივარ - ბალიზე. ეს უკიდურესი აღმოსავლეთია, სადაც ოდესმე ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს, რას აღმოვაჩენ ახალს. იქ ბევრი ცურვა არ გამომივა, რაღაც შემჭამს, მაგრამ ჩაყვინთვა - იცოცხლე! და მინდა ოკეანეც ვნახო და იქ ჩაძირული საბრძოლო ხომალდებიც.

მოგზაურობა ჩემი თავისუფლების დიდი შემადგენელია, მაგრამ არსად ისე კარგად არ ვგრძნობ თავს, როგორც ამერიკაში. ამერიკაში თავისუფლება არის ყველაზე უშუალო და პირდაპირი. შენს თავისუფლებას არავინ ეცილება, საკუთარი თავისუფლების დასაცავად კი შეიძლება გესროლონ.

ჩემს ცოლს დღიურები წავაკითხე. მომწონს ამდენი თავისუფლება შენში ამდენი ხნის თანაცხოვრების მერეო. მის გარეშე ეს თავისუფლება არ იქნებოდა, რადგანაც მისი ფორმისა და შინაარსის შემოქმედია.

დღეს ჩვენი ქვეყნის დღეა - 26 მაისი. ასეთ კარგ დღეს დღიურების დასასრულებლად ვერც ვინატრებდი...
XS
SM
MD
LG