Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლბტ ქალები - უჩინრად ყოფნისთვის განწირულები


„ლბტ ქალების მიმართ ძალადობის დაძლევის გზების ძიება“ - ეს თემა განიხილეს რამდენიმე დღის წინ მრგვალი მაგიდის გარშემო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და საქართველოში ამ თემის დასარეგულირებლად შექმნილი კანონების ხარვეზებზე ისაუბრეს. უფლებადამცველების თქმით, ამ მხრივ, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგებს ხელისუფლების მიდგომა ჰომოფობიისა და ტრანსფობიისადმი.

„სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული ჰომოფობია და ტრანსფობია სოციალურ პრობლემად“, - მეუბნება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი ნათია გვიანიშვილი, რომლის აზრითაც, სანამ სახელმწიფო ჰომოფობიაში პრობლემას არ დაინახავს, მანამდე ლგბტ ადამიანების მიმართ არც ზოგადად საზოგადოების მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება შეიცვლება. მეტიც, მისი თქმით, დღემდე ლგბტ თემი არ განიხილება როგორც სოციალური ჯგუფი და ის გამოიყენება პოლიტიკური ძალების მიერ ოპონენტების დისკრედიტაციისთვის:

„ლგბტ ადამიანების უფლებები რჩება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ ერთმანეთისთვის სასროლ ქვად. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი, რასაც მე ყოველთვის ვსვამ, რადგან სანამ ჩვენ არ აღგვიქვამენ სოციალურ ჯგუფად და არ დაგვინახავენ როგორც ცოცხალ ადამიანებს, რომლებსაც გვტკივა, გვიხარია და ა.შ., ანუ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და აღგვიქვამენ მხოლოდ რაღაცა პოლიტიკური პარტიისადმი მიკერებულ საკითხად, ძალიან გაგვიჭირდება რაიმე პროგრესზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მთავრობის პირობებში არ გვილხინდა განსაკუთრებით, მაინც ხდება ამ საკითხის მიკერება ერთი პარტიიდან მეორეზე“.

ეს ქალები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც არიან ძალიან მარგინალიზებულნი და უხილავნი. მათი უფლებები დაუცველია. ისინი თვითონ არიან მრავალი საფრთხის წინაშე, რადგან არიან ხოლმე ძალადობის მსხვერპლნი და მრავალგვარი დისკრიმინაციის ქვეშ მყოფნი...
ნანა ფანცულაია

ნათია გვიანიშვილის თქმით, დღემდე სახელმწიფოს მიერ არ გადადგმულა არანაირი ნაბიჯები იმისათვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სექსუალობის, გენდერისა და ზოგადად ლგბტ ადამიანების შესახებ. „ლესბოსელი, ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია საქართველოში“ - ასე დაასათაურა ნათია გვიანიშვილმა თავისი ვრცელი გამოკვლევა, რომელიც მან 20 თებერვალს „ქალთა ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე წარმოადგინა და რომელიც ლბტ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზების ძიებისკენაა მიმართული. ნათიას გამოკვლევა „ქალთა ფონდის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომზადდა. საქართველოში ქალთა ფონდის ხელმძღვანელი ნანა ფანცულაია ამბობს, რომ კონკურსი, პირველ რიგში, მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლბტ) ქალების უფლებების დაცვასა და ამ ჯგუფების წარმომადგენელთა გაძლიერებას, ასევე არაძალადობრივი გარემოს შესაქმნელად მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ლობირების აქტივობებს:

„ეს ქალები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც არიან ძალიან მარგინალიზებულნი და უხილავნი. მათი უფლებები დაუცველია. ისინი თვითონ არიან მრავალი საფრთხის წინაშე, რადგან არიან ხოლმე ძალადობის მსხვერპლნი და მრავალგვარი დისკრიმინაციის ქვეშ მყოფნი. ის, რომ ისინი უხილავნი არიან, ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ საზოგადოებაში მათი პრობლემები არ განიხილება, მათი უფლებების დაცვის საკითხები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქალები არიან და მეორე ის, რომ საზოგადოებისათვის მიუღებელი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონენი. ანუ საზოგადოება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ უხილავებიც და გარიყულები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, პოლიტიკური ცხოვრებიდან და ა.შ.“.

როდესაც ადამიანი ხდება ასეთი ძალადობის მსხვერპლი, მას არ უნდა ეშინოდეს პოლიციის გამოძახების, რაც ჩვენს შემთხვევაში ხშირად ხდება. ანუ მოლოდინი იმისა, რომ მე პოლიციელი ცუდად მომექცევა, ყოველთვის არის. სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება თემის მიმართ...
ნათია გვიანიშვილი

ის, რომ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების მიმართ ხშირია დისკრიმინაციის ფაქტები და ხშირად ეს ფაქტები უხილავი რჩება, ამაზე ციფრებიც მეტყველებს. ნათია გვიანიშვილი თავის გამოკვლევაში წერს, რომ, 2012 წლის მონაცემებით, ყოველი მეხუთე ლესბოსელი და ბისექსუალი ქალი არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 2014 წელს ეს მონაცემები მცირედით შეიცვალა და ძალადობის შემთხვევები ამ თემის ყოველ მეოთხე ქალზე მოდის. მასშტაბურია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც და ის, 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ერთხელ მაინც განუცდია გამოკითხული ქალების 64 %-ს. აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ, 2012 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, გამოვლენილი ძალადობის 48 მსხვერპლიდან პოლიციას მიმართა მხოლოდ 27 %–მა, აქედან 46 %–მა ინანა, რომ ასე მოიქცა; 30%–მა განაცხადა, რომ პოლიციელები დადებითად მოექცნენ: „ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამართალდამცავების“, - მეუბნება ნათია გვიანიშვილი, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამართალდამცავების რეაგირებაზე, როდესაც საქმე სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას ეხება. ნათია როგორც საკუთარი, ისე თემის სხვა წევრების გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ პოლიციისადმი დაბალი მიმართვიანობის საფუძველი დისკრიმინაციული მოპყრობის მოლოდინია. როგორც ნათია ამბობს, რესპონდენტების მონათხრობიდან ჩანს, რომ რიგ შემთხვევებში პატრულის თანამშრომლები მათ დამცინავად ექცევიან - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ტრანსგენდერ ადამიანებს ეხება:

„როდესაც ადამიანი ხდება ასეთი ძალადობის მსხვერპლი, მას არ უნდა ეშინოდეს პოლიციის გამოძახების, რაც ჩვენს შემთხვევაში ხშირად ხდება. ანუ მოლოდინი იმისა, რომ მე პოლიციელი ცუდად მომექცევა, ყოველთვის არის. სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება თემის მიმართ. გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული ევროინტეგრაციის პროცესში არა მარტო ლგბტ ადამიანის უფლებების დაცვის, არამედ, ზოგადად, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. ქვეყანაში ადამიანების უფლებების მდგომარეობა, როგორც წესი, იზომება ყველაზე მარგინალური ჯგუფების მდგომარეობის მიხედვით: რაც უფრო ცუდად არის მათი საქმე, მით უფრო ცუდადაა ზოგადი მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ. მგონი, რომ მთავრობას მოუწევს ამის გააზრება და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუკი ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა“.

განა ის, რომ მღვდელმსახური ამბობს, რომ რატომ დააკანონეთ ის, რომ უმცირესობის წარმომადგენლის უფლებები უნდა იყოს დაცული და თუ ჩაიწერება კანონში ეს ფორმულირება, ჩვენ მათ ვეღარ ვცემთ, ამაზე არ არის აქ ლაპარაკი...
გურამ ოთხმეზური

ერთ-ერთ ასეთ ქმედით ნაბიჯად, რომელიც უკანასკნელ ხანებში მთავრობამ უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით გადადგა, შესაძლოა მოიაზრებოდეს 2014 წლის მაისში მიღებული „კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და, ასევე, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და გეგმა. სამივე დოკუმენტი შეიცავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, თუ რა პერიპეტიები უძღოდა წინ, მაგალითად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განხილვას. პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, დოკუმენტი მიზნად ისახავს დისკრიმინაციისგან დაცვას მრავალი მიმართულებით, - მაგალითად, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა თუ რელიგიისა და რწმენისა, - თუმცა ეკლესია და საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ამ ჩამონათვალში შეტანილ ”სექსუალურ ორიენტაციასა” თუ ”გენდერულ იდენტობას”. მათ შორისაა დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური გურამ ოთხმეზური, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სისუსტედ და გაუმართლებელ ნაბიჯად აფასებს 2012 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მღვდელმსახურებისა და საზოგადოების ქმედებებს, თუმცა მისთვის მიუღებელია ანტიდისკრიმინაციულ კანონად წოდებულ დოკუმენტში ”სექსუალური ორიენტაციისა” თუ ”გენდერული იდენტობის” ფორმულირების არსებობა. ამ საკითხისადმი მას, აი, ასეთი მიდგომა აქვს:

„განა ის, რომ მღვდელმსახური ამბობს, რომ რატომ დააკანონეთ ის, რომ უმცირესობის წარმომადგენლის უფლებები უნდა იყოს დაცული და თუ ჩაიწერება კანონში ეს ფორმულირება, ჩვენ მათ ვეღარ ვცემთ, ამაზე არ არის აქ ლაპარაკი. საქმე იმაშია, რომ აი, მაგალითად, მოვიდა ლესბოსელი, სკოლაში ითხოვს გაკვეთილს, ის, ბუნებრივია, მოიტანს თავის ცნობიერებას. ჩვენ შვილები გვყავს და გვეშინია. ეს უკვე კარს გაუხსნის პროპაგანდას სკოლებში და ყველგან, რომ ეს ყველაფერი ცხოვრების ჩვეულებრივ წესად იქცეს და ჩვენ არ გვექნება მექანიზმი, რომ თავი დავიცვათ. ოდნავ შენიშვნას მივცემ და დამიჭერენ და კანონგარეშედ გამომაცხადებენ. ახლა, ეს თუ ასე არ არის და საქმე აქამდე არ მივა, მაშინ ეს უკვე სხვა თემაა“.

მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფორმულირება უცვლელი სახით დარჩა კანონში, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო კვლავაც არ ასახავს სრულად ლგბტ ადამიანების უფლებებსა და საჭიროებებს. მაგალითად, საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ არ მოიცავს გენდერულ იდენტობას, ისევე როგორც საქართველოს შრომის კოდექსი. ეს კი განსაკუთრებით დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს ტრანსგენდერ ადამიანებს. ყურადღების მიღმაა დარჩენილი სქესის სამართლებრივი აღიარების სწრაფ და გამჭვირვალე პროცედურებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ტრანზიციის პროცესის ოფიციალურად რეგულირება. ამ მიმართულებით კანონმდებლობის დარეგულირების რეკომენდაციას იძლევა სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტი ქალთა უფლებების საკითხებში ანა ლობჟანიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატს მსგავსი პრობლემით ხშირად მიმართავენ ტრანსგენდერი ადამიანები:

კუს ტბის დაცვის 19 ბიჭი დამხვდა შესასვლელში და ისეთი გინება, რაც მე იმ დღეს გავიგე... რაო, მხარს უჭერ პიდარასტებს? ხოდა, შენც პიდარასტი ხარ... შევასწარი რესტორანში. მერე ის მზარეული გამოვიდა და შეეშვით, ბავშვებოო...
ლიზა

„როგორ უნდა მივუდგეთ მათ, როცა ჩვენ გვინდა ხელწერილი დავაწერინოთ... ქალია თუ კაცია და, მაგალითად, ექიმთან ვიზიტის დროს ვინ უნდა გასინჯოს ის. ზუსტად ასეთი ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს ის რეკომენდაცია, რომელშიც სახალხო დამცველი გულისხმობს, რომ უნდა დარეგულირდეს კანომდებლობა. როდესაც კანონმდებლობა დარეგულირდება, ეს რაღაც კუთხით მოაწესრიგებს სხვა პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით და ეს არის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც შეიძლება ასე ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მუშაობაში ძალიან ბევრია. მაგალითად, უნდა დარეგულირდეს ისეთი პროცედურები, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანი იწყებს, მაგალითად, მუშაობას. მას ხომ სჭირდება ხელშეკრულება. იქ უნდა მიუთითოს ან მდედრობითი და ან მამრობითი. ამ შემთხვევაში ვერც ერთს ვერ მიუთითებს, უნდა ჩაწეროს ტრანსგენდერი. ტრანსგენდერს ვერ წერს. შესაბამისად, ხელშეკრულებას ვერ აფორმებს. თუ დამსაქმებელი გაიგებს, რომ ის ტრანსგენდერია, ამას კიდევ ისიც ემატება, რომ დიდია იმის შანსი, რომ ეს დამსაქმებელი ჰომოფობი იყოს. სწორედ ამას გლისხმობს კანონმდებლობის დარეგულირება - ასეთი ტიპის პრობლემების აღმოფხვრას“.

ამ პრობლემის არსს კარგად გადმოსცემს 25 წლის ტრანსგენდერი ქალის, ლიზას, მაგალითი, რომელიც კუს ტბაზე, ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. მისი თქმით, რესტორნის მზარეულმა იცოდა, რომ ლიზა 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მიდიოდა და ეს რესტორნის დაცვის თანამშრომლებს უთხრა. აი, რას ჰყვება ლიზა:

„კუს ტბის დაცვის 19 ბიჭი დამხვდა შესასვლელში და ისეთი გინება, რაც მე იმ დღეს გავიგე... რაო, მხარს უჭერ პიდარასტებს? ხოდა, შენც პიდარასტი ხარ... შევასწარი რესტორანში. მერე ის მზარეული გამოვიდა და შეეშვით, ბავშვებოო. ის კი არ თქვა, რომ ადამიანია, პიროვნებაა და არ დაარტყათო, არა, ჯარიმას გადაგახდევინებენ და შეეშვითო, იმათმა, ფეხებზე გვკიდიაო“...

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გაღვივებას უწყობს ხელს, ეს ამ თემებისადმი განათლების სისტემის ნაკლებსენსიტიურობაა. მაგალითად, როგორც ნათია გვიანიშვილი ამბობს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სასკოლო და საუნივერსიტეტო კურიკულუმებში არ არის საუბარი გენდერსა და სექსუალობაზე. მისი თქმით, 2013 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ ცოდნა გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. პედაგოგებმა არ იციან როგორ გამოავლინონ და მოიქცნენ ჰომოფობიური ბულინგის შემთხვევაში. ამ ჭრილში უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლილი მამულაშვილმა იმუშავა. როგორც ლილი ჰყვება, პედაგოგების დამოკიდებულება ჰომოსექსუალობისადმი არაერთგვაროვანია. ერთი ნაწილი ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევს, მეორე ნაწილისთვის ეს თემა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ლილი, ამასთანავე, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მან მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებული სკოლების პედაგოგთა განწყობები გამოიკვლია.

„ერთ-ერთ მასწავლებელს ჰქონდა სწორედ ასეთი შემთხვევა: მან იცოდა, რომ მის კლასში გეი მოსწავლე სწავლობდა და აბსოლუტურად ჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ბავშვთან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდა ბიჭიც და დანარჩენი კლასიც, რომ რაიმე სახის ძალადობას არ ჰქონოდა ადგილი”, - ამბობს ლილი მამულაშვილი.

არსებულ ფონზე, ლგბტ უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას სახელმწიფომ აღიაროს ჰომოფობია/ტრანსფობია სოციალურ პრობლემად; სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე; სქესის სამართლებრივი აღიარების პრაქტიკა შეიცვალოს და გახდეს სწრაფი, გამჭვირვალე და მისაწვდომი ტრანსგენდერი ადამიანებისათვის; ტრანზიციის საკითხები მოწესრიგდეს და დაიფაროს სახელმწიფოს მიერ; პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ლგბტ ამომრჩევლებისა და საზოგადოების მიმართ და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა; ჟურნალისტები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ლგბტ საკითხების გაშუქებას.

XS
SM
MD
LG