Accessibility links

logo-print

​10 სექტემბერს თბილისში, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ლია ელიავა“. წიგნში ფოტოებითა და მოგონებებითაა მოთხრობილი ცნობილი მსახიობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წიგნს განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ლია ელიავას მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბები, ბავშვობიდან მოყოლებული, ცხოვრების ბოლომდე.

როცა მინდა, რომ რაღაც ძალიან კარგად გამომივიდეს, ის ან ცუდად გამომდის, ან ისე რა, კარგად. დიდხანს მქონდა მონიტორზე გაშლილი ცარიელი ფაილი, ყველაზე შესაფერის დასაწყისს ვეძებდი და მერე მივხვდი, რომ არის ისტორიები, არიან ადამიანები, რომლებსაც, პირიქით, სულაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული სიტყვები და ეპითეტები. საკმარისია დაწერო ან წარმოთქვა ამ ადამიანების სახელები და უკვე ყველაფერი ცხადზე ცხადია. ასეა ლიაც. ელიავა. ახლა, წესით, უნდა ვთქვა, რომ ის იყო ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი, ნიჭიერი მსახიობი, მაგრამ ესეც ძალიან ბანალური იქნება. მისი სილამაზისა და ნიჭიერების შესახებ უჩემოდაც ბევრი დაწერილა... მე სხვა ამბავს მოვყვები - ლიას ამბავს, კადრებად აწყობილს, მისი მეგობრები, მისი ახლობლები რომ ჰყვებიან მასზე. და კიდევ იმასაც, რა კადრებს ინახავდა ლიას თვალები, ლიას მეხსიერება. ეს ამბავი მასზე დაწერილ წიგნში წავიკითხე. ლია იხსენებს მშობლების ამბავს - სამი წლისას, 1937 წელს, მამა რომ დაუხვრიტეს და მერე დედა გადაუსახლეს:

„მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს, ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო სოლოლაკში, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი მესამე სართულისკენ. ფანჯარაში, ფარდის მიღმა, ჩანდა ჩვენი ავეჯის ნაწილი, ლამაზი „ბუფეტის“ კუთხე. იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ ჩვენ მაგივრად სხვები ცხოვრობდნენ“.

ლია ელიავა

ლია ელიავა

ლიას დედა გადასახლებიდან ცხრა წლის თავზე დაბრუნდა. დედასთვის თურმე „დეიდა კატიუშა“ დაუძახია. სიცოცხლის ბოლომდე ხსომებია ლიას დედის ელდანაცემი სახე და ბოლომდე ვერ უპატიებია თურმე ეს საკუთარი თავისთვის.

ბავშვობაში ცელქ ლიას კითხვა ჰყვარებია. ასე გადაუკითხავს მერხის ქვეშ წიგნები კინოსა და თეატრის შესახებ. ლიამ მსახიობობაზე ოცნება მას შემდეგ დაიწყო, რაც შემთხვევით ქუჩაში ულამაზეს მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს გადაეყარა. სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მოგვიანებით სწავლა მოსკოვში, ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა. სწორედ იმ პერიოდში ჩავიდა მოსკოვში ფილმ „ბაში-აჩუკის“ გადამღები ჯგუფი და რეჟისორმა ლეო ესაკიამ ლია ტყუპი დების პირიმზისა და პირიმთვარისას როლზე დაამტკიცა. „ბაში-აჩუკის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლიამ ოთარ კობერიძე, მომავალი მეუღლე.

ლიამ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა და სილამაზითა და ნიჭით თავი დაამახსოვრა მაყურებელს:

საოცარი იყო ლია, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვა სახე, რასაც ის საერთოდ ქმნიდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. რასაკვირველია, ის ძალიან ლამაზ ქალს თამაშობდა, სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა...

- შენ ხომ არ იცი, მე რა გოგო ვიყავი - ან როგორ ვხატავდი, ან რა ლექსებს ვწერდი... მაგრამ, რა...

ეს არის ლიას სიტყვები ფილმიდან „ოჯახი“. ფილმი ყოველდღიურ ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ერთი თბილისური ოჯახის ცხოვრებას ასახავს. ფილმის დამდგმელი რეჟისორი ნანა ჯანელიძე მაშინ ახალბედა რეჟისორი იყო და ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმიც მისი სადიპლომო ნაშრომია. ნანა ჯანელიძე ლია ელიავას ასე იხსენებს:

„საოცარი იყო ლია, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვა სახე, რასაც ის საერთოდ ქმნიდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. რასაკვირველია, ის ძალიან ლამაზ ქალს თამაშობდა, სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა. ლიას გმირი ჩემს ფილმში არის ლამაზი, ცოტა ამპარტავანი და ჭირვეული ქალი, რომელიც თავისი სილამაზისა და ახალგაზრდობის უკანასკნელ წუთებს ებღაუჭება და ცდილობს, არ ჩაებას საოჯახო ყოველდღიურ ორომტრიალში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა, რადგან ეს როლი მისთვის უჩვეულო იყო და მახსოვს, როგორ მაკვირდებოდა, რადგან მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ჩვენ ერთად უნდა გვემუშავა“.

წიგნში, რომელიც ლია ელიავას ცხოვრების საინტერესო მომენტებს, ფოტოებსა და მოგონებებს ამზეურებს, ვკითხულობთ:

ლიასგან გავიგე, რომ მას თენგიზისგან ჰქონდა შეთავაზება ქეთი ბარათელის როლზე. მე მაშინ არ ვიცოდი და მოგვიანებით გავიგე, რომ ეს როლი ზედმიწევნით ასახავდა მის ბავშვობას, მის ცხოვრებას და, ფაქტობრივად, ეს იყო ერთი და იმავე ადამიანის ბედი...

„ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“...

ლია ელიავას ამ გულისტკივილის ერთგვარი გამოძახილი შეიძლება იყოს ნანა ჯანელიძის ერთი მოგონებაც, რომელიც მას მსახიობთან ურთიერთობის შემდეგ შემორჩა და რომელიც ლიამ მას საიდუმლოდ გაანდო. ამბავი თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ეხება:

„ლიასგან გავიგე, რომ მას თენგიზისგან ჰქონდა შეთავაზება ქეთი ბარათელის როლზე. მე მაშინ არ ვიცოდი და მოგვიანებით გავიგე, რომ ეს როლი ზედმიწევნით ასახავდა მის ბავშვობას, მის ცხოვრებას და, ფაქტობრივად, ეს იყო ერთი და იმავე ადამიანის ბედი. მაგრამ შემდეგ ისე წარიმართა ფილმი, რომ ამ როლზე დაამტკიცეს ზეიკო ბოცვაძე. ლია ამას ძალიან განიცდიდა, რადგან ის თვლიდა, რომ ეს არის მისი როლი და მისი ცხოვრების სათქმელი. ეს მე არ ვიცოდი და ჩემს ფილმზე მუშაობისას მომიყვა“.

ლია ელიავა

ლია ელიავა

უკვე ვთქვი, ლიას ამბებს კადრებად მოვყვები-მეთქი. სწორედ კადრებად არის აწყობილი წიგნი „ლია ელიავა“, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა და რომელშიც, მდიდარი ფოტომასალის გარდა, არაერთი ცნობილი ადამიანის მოგონება შეიძლება ამოიკითხოს მკითხველმა. ამ ადამიანებს შორის არიან რეჟისორები, მხატვრები, ჟურნალისტები, კომპოზიტორები. უდავოა, რომ თითოეული მათგანი ლია ელიავას ნიჭიერებაზე, სილამაზესა და განსაკუთრებულ ადამიანურობაზე საუბრობს. ეს მოგონებები კინომცოდნე მარინა კერესელიძემ შეაგროვა. წიგნის იდეა თურმე ჯერ კიდევ ლია ელიავას სიცოცხლის დროს არსებობდა. ამიტომაც იყო, რომ მარინა, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს იწერდა მასთან ინტერვიუებს და წიგნისთვის აგროვებდა. თუმცა ამის შესახებ უკეთ თვითონ ის გვეტყვის:

„ლიას ძალიან უნდოდა დაეწერა თავისი მოგონებები. მის ინტერვიუებს, მის ხმას სხვადასხვა თაობის დიქტოფონებზე წლების მანძილზე ვიწერდი. მისი ინტერვიუები ხასიათით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. უფრო მოგვიანებით დაიწყო თავის ბავშვობაზე, თავის ტკივილებსა და განცდებზე ლაპარაკი. მანამდე თითქოს ამ თემას გაურბოდა. ნელ-ნელა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რა სტკიოდა, რა არ აკმაყოფილებდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ლია მოსწრებოდა წიგნის გამოცემას, შეეტანა თავისი კორექტივები, მაგრამ ისე მოულოდნელად გარდაიცვალა... მახსოვს, 1998 წლის ოქტომბერი იდგა. გამოფენაზე ვიყავით ერთად. ისე კარგად გამოიყურებოდა, ისეთი ლამაზი იყო!.. მითხრა, რამდენი ხანია ჩემთან არ გამოჩენილხარ, შემოიარე, ბევრი სალაპარაკო დამიგროვდაო. მეც დავპირდი, ხვალ დაკავებული ვარ და ზეგ აუცილებლად მოვალ-მეთქი. სწორედ იმ საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ ლია გარდაიცვალა“, - იხსენებს მარინა კერესელიძე.

ის საავადმყოფოში იწვა. მივედი, ძალიან გაუხარდა, ვილაპარაკეთ. მე ვუთხარი, აბა, „წაიხახატუშკე“-მეთქი. მიყვარდა, როცა იცინოდა. მერე ვკითხე, რა გენატრება-მეთქი. ჩემო ვაჟაო, მენატრება, აქედან მალე გავიდე და ჩემი სამშობლო ვნახო თავისუფალიო...

კიდევ ერთი კადრის შესახებ უნდა გითხრათ, რომელიც ლიას მეგობარს, ვეტერან კალათბურთელ ვაჟა ჟღენტს სამუდამოდ დაამახსოვრდა. ეს ლიას და ვაჟას უკანასკნელი შეხვედრა იყო:

„ის საავადმყოფოში იწვა. მივედი, ძალიან გაუხარდა, ვილაპარაკეთ. მე ვუთხარი, აბა, „წაიხახატუშკე“-მეთქი. მიყვარდა, როცა იცინოდა. მერე ვკითხე, რა გენატრება-მეთქი. ჩემო ვაჟაო, მენატრება, აქედან მალე გავიდე და ჩემი სამშობლო ვნახო თავისუფალიო“...

ნანა ლიას და ოთარის ერთადერთი ქალიშვილია. ხელში წიგნი უჭირავს, წარწერით „ლია“, და ავტოგრაფებს არიგებს. როგორც წესი, შვილებს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები სათქმელი აქვთ ხოლმე მშობლებზე. ასეა ნანაც. ეს ამბავი კინოკადრს ჰგავს:

„ახალი წელი მოდიოდა და არაჩვეულებრივად ლამაზი ზამთარი იდგა. დედამ დღისით დამაძინა და რომ გავიღვიძე, მოსაღამოებული იყო და ოთახში სასწაულად ლამაზი ნაძვის ხე იდგა. დედას მოერთო. დედაც თვითონ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ახალგაზრდა და ისე უხდებოდა იქაურობას... ეს კადრი უცნაურად ჩამებეჭდა მეხსიერებაში. თუმცა ყოველი დღე მასთან ურთიერთობის ჩემთვის წარუშლელია, ისევე როგორც მისი მეგობრებისა და კოლეგებისთვის“, - იხსენებს ლიას ქალიშვილი, ნანა კობერიძე.

და ერთიც, ბოლო ნაწყვეტი ლიას ნაამბობიდან:

„უსზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი“...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG