Accessibility links

logo-print
30 ივნისი, კვირა
დღეს კვირა დღეა, დასვენების დღე. დიდი ხანია, არ დამისვენია, საქმე ძალიან ბევრია და შაბათ-კვირასაც ხშირად ვერ ვისვენებ, როგორც საჭირო იქნებოდა.

მე მქვია ადელინა. საფრანგეთის მოქალაქე ვარ. 2008 წლის სექტემბერში დავიწყე მუშაობა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში - ყოფილ დიუმას ცენტრში. თითქმის ხუთი წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. რა ჩქარა გარბის დრო!..

საქართველოში პირველად 2002-ში ჩამოვედი. მაშინ 20 წლის ვიყავი. არც ქართული ვიცოდი, არც რუსული. ზუგდიდში ვიყავი ერთი თვე, ხუთ სხვა ფრანგ გოგოსთან ერთად ფრანგულ ენას ვასწავლიდი საჯარო სკოლაში. ამ ერთმა თვემ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღეს მივხვდი, რომ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრება დაკავშირებული იქნებოდა ამ ქვეყანასთან. შუაღამეს, თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედით, ძველ აეროპორტში, პირველად დავინახე ქართული ასოები. ამ ლამაზი ენის მიმართ ეგრევე ვიგრძენი განსაკუთრებული ინტერესი.

იმ ზაფხულის შემდეგ გავაგრძელე სწავლა საფრანგეთში და გერმანიაში. სულ ექვსი წელი ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობების და კულტურული ღონისძიებების მართვის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან დიდი სიყვარული მაქვს უცხო ენების და კულტურების მიმართ. ორ ენას ვსწავლობდი სკოლაში, როგორც ყველა ფრანგი მოსწავლე. მე ინგლისური და გერმანული ავირჩიე. უნივერსიტეტის მესამე კურსზე დავიწყე რუსული. ზაფხულობით რუსეთში მივდიოდი ხოლმე.

მაგრამ საქართველო სულ თავში მიტრიალებდა. სადაც არ მივდიოდი, შემთხვევით ვხვდებოდი ქართველებს, ძირითადად სასაცილო სიტუაციაში. ერთხელ მივდიოდი ეგვიპტეში ერთ მეგობართან ერთად. სტუდენტები ვიყავით. თვითმფრინავში ჩემ გვერდით აღმოჩნდა ორი ქართველი გოგო, რომელიც იმავე ტურს აკეთებდა. ნათია და მაია დღესაც ჩემი მეგობრები არიან. გერმანიაში როცა ვსწავლობდი, უნივერსიტეტის ლიფტში ერთი გოგო კითხულობდა ქართულ წიგნს. ნანა გახდა ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი. ქალაქ ლიონში, საფრანგეთში, შემთხვევით შევხვდი ერთ ქართველ ბიჭს. ისიც ჩემი კარგი მეგობარი გახდა.

გერმანიაში დავიწყე ქართული ენის სწავლა. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ეს ასოები და ამ უცხო ბგერების გამოთქმა: „ყ“, „წ“, „ჭ“, „კ“... როცა პარიზში დავბრუნდი, დამოუკიდებლად გავაგრძელე ქართული ენის სწავლა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ არსებობს ქართული ენის სასწავლო მეთოდი.

2004 და 2005 წლებში ჩამოვედი საქართველოში მეგობრების სანახავად. 2006 წელს კი ექვსი თვე ვიმუშავე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში. ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი ქართულად და ხანდახან მიჭირდა ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთობა. მაგრამ საქართველო კიდევ უფრო შემიყვარდა.

2008 წლიდან კურსების დირექტორად და გენერალურ მდივანად ვმუშაობ ფრანგულ ინსტიტუტში. ახლა უფრო ადვილად ვეკონტაქტები ხალხს. ლაპარაკი ჯერ კიდევ მიჭირს, მაგრამ თითქმის ყველაფრის გაგება შემიძლია.

კვირა დღეა და ძალიან დაღლილი ვარ. ბოლო პერიოდი საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. ბევრი პირადი პრობლემა მქონდა და ახლა ჩემს თავს მინდა დავუთმო დრო.

ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ღია აუზზე წასვლა. ფრანგი მეგობარია. ხუთი წელია, რაც პრაქტიკულად სულ ქართველებთან დავდივარ. ეგზოტიკა ჩემთვის ის გახდა, როცა უცხოელებთან ვარ. მაგრამ ხანდახან სასიამოვნოა ურთიერთობა და ყოფნა იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემს დედაენაზე ლაპარაკობენ...

კარგი დღე იყო. ბავშვებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ბევრი ვითამაშეთ წყალში, მზეზე, და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სულ სხვა ქვეყანაში ვიყავი რამდენიმე საათით.

1 ივლისი, ორშაბათი
სამუშაო დღეა. საქართველოში გვიან იწყება მუშაობა. 10 საათიდან იხსნება ფრანგული ინსტიტუტი. 19 საათამდე ვმუშაობთ. მანამდე სხვა რეჟიმს ვიყავი შეჩვეული: ჩვენთან მუშაობა 8 ან 9 საათიდან იწყება.

დღეს 9:30-ზე დაპატიჟებული ვარ საზოგადოებრივ რადიოში. ფრანგულ ინსტიტუტში ამ ზაფხულს ახალ კურსებს ვთავაზობთ, ამათ შორისაა სამზარეულოს სახელოსნოები ფრანგულად. ჟურნალისტებს ძალიან აინტერესებთ ეს სიახლე. რადიოში ჩემს თანამშრომელ მარისთან ერთად მივდივარ. საუბარი პირდაპირ ეთერში მიდის და მეშინია, რომ პასუხს ქართულად ვერ მოვახერხებ. მსმენელები რეკავენ და ფრანგულ სამზარეულოზე გვისვამენ კითხვებს. ვსაუბრობთ მომავალ კულტურულ ღინისძიებაზეც, ლიტერატურულ ღამეზე, რომელიც 5 ივლისს ჩატარდება მწერალთა სახლში. კარგად ჩაიარა ყველაფერმა და საინტერესო გადაცემა გამოვიდა.

დღეს ჩამოვიდა ორი ფრანგი სტუმარი, ჩვენი ბუღალტრები არიან. ერთი რეგიონალური ბუღალტერია, ბაქოში მუშაობს, საფრანგეთის საელჩოში, და აკონტროლებს ხუთი თუ ექვსი ფრანგული ინსტიტუტის ბუღალტერიას ამ გეოგრაფიურ ზონაში. მეორე მთავარი ბუღალტერია, პარიზში მუშაობს, საგარეო საქმეთა სამინისტროში. ორივე ჩამოვიდა ჩვენი ბუღალტერიის აუდიტის ჩასატარებლად.

სამსახურში დრო ისე სწრაფად გარბის, რომ ხშირად მის გასვლას ვერც კი ვგრძნობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან მრავალფეროვანია და არასდროს არ ვარ მოწყენილი. ვმართავ ფრანგული ენის კურსებს და ვაკონტროლებ ინსტიტუტის საერთო საქმიანობას. ამაში შედის წლიური ბიუჯეტი, თვიური ბუღალტერია, პერსონალი და ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხები.

ჩვენს ორგანიზაციას ინსტიტუტი ჰქვია. ქართველებს ხშირად ჰგონიათ, რომ სკოლა ან უნივერსიტეტი ვართ. ადრე, როცა ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი ერქვა, ჩვენი ორგანიზაციის როლი და ფუნქციები უფრო გასაგები იყო. 2010 წელს მთელს მსოფლიოში შეიცვალა ფრანგული კულტურის ცენტრების სახელები. დღეს მათ ყველგან ფრანგული ინსტიტუტები ჰქვიათ.

ჩვენთან სწავლობს შვიდასამდე სტუდენტი. ხშირ შემთხვევაში ფრანგულ ენაში დამწყებები არიან, როცა ეწერებიან ჩვენს კურსებზე. თუ ადრე სწავლობდნენ ფრანგულს (ან სკოლაში, ან უნივერსიტეტში), ენაში გარკვეული დონე აქვთ და ჩვენ შესაბამისი დონის ჯგუფს ვურჩევთ. ჩვენი სტუდენტები ყველა ასაკისა არიან. სამი წლის ბავშვებისთვისაც გვაქვს ჯგუფები. ზოგი კი უკვე მუშაობს და გადაწყვიტა, ფრანგული შეისწავლოს. მას ენა სჭირდება პროფესიონალურად, ან სწავლობს იმიტომ, რომ თავისუფალი ცოტა დრო აქვს და უნდა, რომ ჩვემი ლამაზი ენა სიამოვნებისთვის იცოდეს. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ჩააბაროს ფრანგული ენის გამოცდა და აიღოს საერთაშორისო დიპლომი. ჩვენი ინსტიტუტი ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდების ერთადერთი ლიცენზირებული ცენტრია საქართველოში.

მე ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია, ყველამ ორი უცხო ენა მაინც იცოდეს. რამდენიმე წელიწადში ინგლისური აღარც იქნება უცხო ენა, რადგან ყველა ასე თუ ისე ილაპარაკებს ამ ენაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სხვა ენები ისწავლონ. რუსული აუცილებელია, და კიდევ ერთ-ერთი ევროპული ენა. ვიმედოვნებ, რომ ეს მეორე ენა ფრანგული იქნება. სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებიდან უფრო და უფრო ქრება გერმანული და ფრანგული ენები.

საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. როცა აქაურ სკოლებში და უნივერსიტეტებში დავდივართ ფრანგული ენის პროპაგანდისთვის, ბევრ მშობელს უკვირს ეს ფაქტი. გარდა ამისა, საფრანგეთის უნივერსიტეტები ბიზნესის და ეკონომიკის სფეროებში მსოფლიოში საუკეთესოების რიცხვში შედიან. ზოგ უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა დღე, როცა საქართველოში ყველა დარწმუნებული იქნება უცხო ენების სწავლის მნიშვნელობაში, როცა საქართველოში ბევრი ილაპარაკებს ფრანგულად. ადრე ფრანგული ენა საერთაშორისო ურთიერთობების და პრესტიჟული ენა იყო საქართველოში. ნეტავ, ჩემი ენა ისეთივე პოპულარული გახდეს საქართველოში, როგორც მაშინ!

სამსახურის მერე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ვახშამზე ვპატიჟებთ ჩვენს სტუმრებს. ავირჩიეთ კარგი ქართული რესტორანი, რომ გემრიელი კერძები გასინჯონ. საფრანგეთი ძალიან ცნობილია თავისი გასტრონომიით და ღვინით, და ფრანგებისთვის ჭამა და დალევა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ალბათ ამიტომ არის, რომ ფრანგები საქართველოში ასე კარგად გრძნობენ თავს! ვახშმის მერე ათვალიერებენ თბილისის ისტორიულ ცენტრს. ძალიან მოსწონთ ძველი სახლები, აივნები და ეზოები. რა ლამაზია თბილისი!

2 ივლისი, სამშაბათი
ვაგრძელებთ მუშაობას ბიუჯეტსა და ბუღალტერიაზე ჩვენს სტუმრებთან ერთად. ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვეძებთ გამოსავალს და ერთად ვწერთ პროცედურებს.

შუადღისას კულინარიის აკადემიაში მივდივარ, აგრარულ უნივერსიტეტში. იქ შეხვედრა მაქვს სამზარეულოს მანაჯერთან. მომავალი კვირის ბოლოს მათთან პირველად ჩატარდება ჩვენი სამზარეულოს სახელოსნო ფრანგულად და ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. პედაგოგი ფრანგი იქნება. მონაწილეები მოამზადებენ ტრადიციულ ფრანგულ კერძებს, მერე ერთად დააგემოვნებენ გამზადებულ სადილს, საუკეთესო ღვინოს, და ისაუბრებენ ფრანგულად. მე მგონი, ძალიან ორიგინალური და საინტერესო სახელოსნო იქნება. თან არ არის აუცილებელი, მონაწილეებმა კარგად ილაპარაკონ ფრანგულად. რამდენიმე საბაზო სიტყვის ცოდნაც საკმარისი იქნება. მასწავლებელს შეუძლია რეცეპტების და ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე. მათ, ვინც შეძლებს, ისაუბრებენ ფრანგულად ვახშმის განმავლობაში, სხვები კი დააგემოვნებენ სადილს სასიამოვნო გარემოში.
ჩვენი ფრანგი სტუმრები მიდიან. კარგად ვიმუშავეთ ერთად, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

საღამოს სახლში ვისვენებ. საჭმელს ვამზადებ, რაც იშვიათად ხდება: ზარმაცი ვარ და როცა სამსახურის მერე სახლში მოვდივარ, ისე დაღლილი ვარ, რომ თავიც არ მაქვს, ერთი ან ორი საათი სამზარეულოში გავატარო. მირჩევნია, უცებ ვჭამო რაღაც და დავისვენო. სახლში ორი კატა მყავდა. ორი წლის წინ თავშესაფრიდან ავიყვანე. ძალიან ბედნიერები იყვნენ ჩემთან ერთად. რამდენიმე დღის წინ ერთი მოკვდა. რთული ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ვერ გადარჩა. დიდი ტრავმა იყო ჩემთვის.

ცხოველები ძალიან მიყვარს და ცხოველთა დაცვის სფეროში ვაქტიურობ. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ასე მცირე ინტერესია ცხოველების მიმართ. ხალხი ხშირად იცინის, როცა ცხოველებზე ველაპარაკები. რა დროს ცხოველებიაო, მეუბნებიან. ბავშვებს უმეორებენ, რომ ქუჩის ცხოველები ჭუჭყიანი ან საშიშია. ამიტომ ამ ბავშვებს არ უყვართ ცხოველები.

განდიმ თქვა: „ერის სიდიდეზე მსჯელობა იმის მიხედვით შეიძლება, თუ როგორ ექცევიან იქ ცხოველებს.“

3 ივლისი, ოთხშაბათი
დღეს სამსახურში ყოველკვირეული საერთო კრება ტარდება. ყველა თავის პროექტზე ლაპარაკობს და გუნდს ინფორმაციას აძლევს. ერთად ვწყვეტთ ბევრ საკითხს.

ახლა ფრანგული ენის საზაფხულო კურსებზე ვმუშაობ. მინდა, რომ ფრანგულმა ინსტიტუტმა ამ ზაფხულს ხალხს შესთავაზოს არა მხოლოდ ინტენსიური კურსები, არამედ ასევე მოკლე და სახალისო შემსწავლელი ფორმულები: სამზარეულოს სახელოსნოები, სასაუბრო კურსები, გასართობი სახელოსნოები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ფრანგული ენა კინოს საშუალებით და სხვა. სწორია, რომ უმრავლესობა ისვენებს და ქალაქიდან გადის, მაგრამ მაინც ბევრ ოჯახს ვიცნობ, რომელიც თბილისში რჩება და რომლის მშობლებიც ფიქრობენ, როგორ დააკავონ ბავშვები ზაფხულში. ამ ახალი კურსების მოსამზადებლად ბევრი მუშაობაა საჭირო.

აგვისტოში ბავშვების ჯგუფს ვაგზავნით საფრანგეთში ჩვენს ერთ-ერთ მასწავლებელთან ერთად. ფრანგულ ენას ქალაქ ნიცაში ისწავლიან, 10 დღით მიდიან. დღეს კრება გვაქვს მშობლებთან, რომ ბოლო ინსტრუქციები მივცეთ.

7 საათია. სამსახურს ვამთავრებ და ფრანგ მეგობართან ერთად მივდივარ პატარა კაფეში. 10 თვის განმავლობაში ეს გოგო საქართველოში ცხოვრობდა, ახლა უნდა დაბრუნდეს პარიზში. ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს, მეცნიერია და ქართულ ენაზე მუშაობს აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში. ძალიან კარგი მეგობარი გახდა ჩემი, ერთად ბევრი დრო გავატარეთ თბილისში. კაფეში ბევრს ვსაუბრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს გეგმებზე და ოცნებებზე. ძალიან მოწყენილია, რომ საქართველოს ტოვებს, მაგრამ უკვე გეგმავს თავის მომავალ ჩამოსვლას. საოცარია, რა მიმზიდველ ძალას ატარებს საქართველო უცხოელებისთვის! ვინც აქ ჩამოდის, ყოველთვის კიდევ ბრუნდება.

4 ივლისი, ხუთშაბათი
დღეს ჩამოვიდა ფრანგი მწერალი, რომელიც თბილისში დავპატიჟეთ, რომ მონაწილეობა მიიღოს ხვალინდელ ღონისძიებაში: ლიტერატურულ ღამეში. ახალგაზრდა ქალია, ძალიან განათლებული და საინტერესო ადამიანი. სამი წლის წინ საქართველოში უკვე იყო ჩამოსული, როგორც არჩევნების დამკვირვებელი. მეც დამკვირვებელი ვიყავი და მაშინ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან მოეწონა ქვეყანა, ხალხი და ენა და რამდენიმეჯერ გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. ჩვენი მოწვევა სიხარულით მიიღო. ოთხ დღეს რჩება თბილისში, ყველაფერს ფეხით ათვალიერებს.

6:30-ზე გერმანულის გაკვეთილი მაქვს. შვიდი თვეა, რაც გერმანულ ინსტიტუტში დავდივარ და ჯგუფში ვსწავლობ. თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანიაში ვცხოვრობდი. ამის მერე გერმანულ ენასთან შეხება არ მქონია და ყველაფერი დამავიწყდა. რამდენიმე წელია საჭირო, რომ უცხო ენა ვისწავლოთ, ბევრი წვალება და მუშაობა უნდა. და მერე ისე სწრაფად გვავიწყდება, რაც ვისწავლეთ! ძალიან ვნანობ, რომ მანამდე არ გამიკეთებია ეს ნაბიჯი. გერმანიაში სამი თუ ოთხი მეგობარი მყავს კიდევ, და ალბათ შევძლებ აგვისტოში მათთან ჩასვლას. გაკვეთილი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდება და საკმაოდ ვიღლები. სახლში ვბრუნდები. მარშრუტკაში ჩემს ცხოვრებაზე და მომავალზე ვფიქრობ.

5 ივლისი, პარასკევი
დღეს ტარდება ჩვენი ლიტერატურული ღამე. მას ორგანიზებას უწევს სამი ძირითადი ევროპული კულტურის ინსტიტუტი: გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანული საბჭო და ფრანგული ინსტიტუტი. ღონისძიება იმართება მწერალთა სახლში. მოწვეულია ოთხი ევროპელი ავტორი. საღამოზე წაიკითხავენ მათ ტექსტებს როგორც ორიგინალში, ასევე ქართულად. შესვენებებზე კი ჯაზის კონცერტი იქნება. სავარაუდოდ, ბევრი სტუმარი გვეყოლება.

6 ივლისი, შაბათი
ერთ კვირაში მივფრინავ საფრანგეთში თვენახევრით. ჯერ სტაჟირებაზე მივდივარ ქალაქ ვიშიში (ვიში ცნობილია კოსმეტიკის ნაწარმით), მერე შვებულებაში ვიქნები პარიზში.

წასვლამდე რამდენიმე საკითხი უნდა მოვაგვარო. ძალიან ვნერვიულობ, რომ ჩემი კატა მარტო დარჩება ამდენი ხნით. საბედნიეროდ, თანამშრომელი დამპირდა, რომ ყოველდღე ივლის ჩემთან და მოუვლის. მაინც, ჩემს კატას გაუჭირდება მარტო ყოფნა.

ბანკში და მაღაზიებში მივდივარ.

ყოველთვის მიყვარდა კითხვა. ბავშვი როცა ვიყავი, დიდხანს მეგობრები არ მყავდა, წიგნების გარდა არაფერი მაინტერესებდა. დღეში ერთ ან ორ წიგნს ვკითხულობდი. ახლა ნაკლები დრო მაქვს, მაგრამ მაინც ხშირად ვკითხულობ ძილის წინ. დღეს მივდივარ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, თავისუფლებასთან ახლოს. იქ 2000-ზე მეტი წიგნი, ჟურნალი და ფილმია ფრანგულ ენაზე.

მეგობრებთან ერთად ავდივარ ლისის ტბაზე. გვიყვარს იქ სეირნობა. ბევრი ბავშვი და ძაღლია. კარგი ამინდია და ძალიან მომწონს სუფთა ჰაერზე სიარული.

საღამოს კი ჩემს თანამშრომელთან მივდივარ. შვიდი წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, იქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს. საქართველოში დაბრუნდნენ და დაიბადა ლუკა, უჭკვიანესი და უსაყვარლესი ბიჭი. ხშირად ჰყავთ ფრანგი სტუმრები და ლუკამ უკვე იცის ბევრი ფრანგული სიტყვა.

ეს ერთი კვირა დასრულდა. ასეთი კვირა უკვე ბევრი იყო ჩემთვის საქართველოში გატარებული ამ ხუთი წლის განმავლობაში. ხვალიდან ახალი კვირა იწყება დატვირთული ახალი ამბებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG