Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ელისაშვილი - ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი


24 ნოემბერი, კვირა
ერთი დიდი და მტკივნეული დღე მქონდა. გუშინ, 23-ში, ჩემი ბავშვობის მეგობრის დაბადების დღე იყო და კარგად მოვილხინეთ. გიორგობაზე დაიბადა, მაგრამ მამამისმა დავითი დაარქვა. მაგარია! საუკუნეა, ცოლებთან ერთად მთელ სამეგობროს ასე კარგი დრო არ გაგვიტარებია. მაგრამ მეორე დღეს ასეთ შედეგებს არ ველოდი. მთელი დღე ვიწექი და ვკვნესოდი. ერთადერთი, ჩემი უსაყვარლესი არხი National Geographic-ი მიმსუბუქებდა მდგომარეობას. საღამოს დედაჩემმა საბურთალოდან ბავშვები გამოიყვანა. შაბათ-კვირას ჩემს მშობლებთან რჩებიან ხოლმე. ერეკლეც და სანდროც თანაგრძნობით მიყურებდნენ, არ უხმაურიათ, ისე წავიდნენ დასაძინებლად. დავამშვიდე, რომ ხვალ უკვე კარგად ვიქნებოდი.

25 ნოემბერი, ორშაბათი
დილა თავზარდაცემით დაიწყო: წინა დღის გეგმის მიხედვით, 11-ზე ვაპირებდი ადგომას და უკვე თორმეტისთვის სამსახურში - „კავკასიაში“ - მისვლას. მანამდე ნება-ნება ვისაუზმებ, ბავშვებს ვეთამაშები და წინა ღამით დამჯდარ ტელეფონს დავტენი-მეთქი, მაგრამ თერთმეტის ნახევარზე ირინამ ქვედა სართულიდან ამოირბინა, ლამის ყვირილით გამაღვიძა და ტელეფონი მომაჩეჩა. შალვა რამიშვილი იყო: სასწრაფოდ ჩაიცვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოდი, ნახევარ საათში შეწყალების კომისიის წევრების პირველი შეკრებააო. ჰაი, დედასა! წამოვხტი და აბაზანამდე მისვლა ვერ მოვასწარი, ქუჩიდან ჩემი პროდიუსერის, ტასოს ხმა გავიგონე, მეძახდა. ხალათმოცმულმა აივნიდან გავხედე და, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეძებს, სასწრაფოდ მოვიდესო. ტასო მთაწმინდაზე ჩემ მეზობლად ცხოვრობს. მოკლედ, თან ვიცმევდი, თან ვიპარსავდი, თან ვიღვიძებდი და ასე გავჩნდი სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ზუსტად 15 წუთში. არც საშვთა ბიუროში, არც დაცვასთან, საშვი არ იყო დაშვებული, რამდენჯერმე დავრეკე რამიშვილთან, რომელიც ყოველ ჯერზე მარწმუნებდა, რომ საშვი ნამდვილად იყო და მეც დაჟინებით ვითხოვდი საშვს. საბოლოოდ გაირკვა, რომ არა კანცელარიაში, არამედ ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა მივსულიყავი. ჩავირბინე თავისუფლებაზე, ჩავხტი ტაქსიში და მივფრინდი რეზიდენციასთან. შესასვლელში ლია მუხაშავრიას შევხვდი მასაც დაეგვიანა, ჩემმა სკოლელმა და ახლა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, გვანცამ, შეხვედრის ოთახამდე აგვიყვანა. ზუსტად შვიდი წუთით დავაგვიანე, ოთახში ხალხი შეკრებილიყო, ბოდიში მოვიხადე. გაირკვა, რომ ჩემ გარდა ყველას ჯერ კიდევ პარასკევს სცოდნია, რომ ორშაბათს 11 საათზე ავლაბარში სხდომა უნდა ჩატარებულიყო. ვის და რატომ გამოვრჩი, აღარც გამომიძიებია, მთავარია, ძალიან არ დამიგვიანია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან აბაშიძემ, მცირე შესავალი გააკეთა. კომისიის წევრებს ერთმანეთთან დიდი წარდგენა, პრინციპში, არც გვჭირდებოდა. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა მაინც მოვასწარით მსჯელობა იმაზე, როგორ წარმოგვედგინა კომისიის მუშაობა და რა იყო შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. აზრთა გაცვლა-გამოცვლა საინტერესო იყო. გვითხრეს, რომ მეორე დღეს უკვე საჯაროდ, პრეზიდენტის მიერ მოხდებოდა კომისიის წარდგენა. შეხვედრის შემდეგ კომისიის აპარატში ავედი, ძალიან ენერგიულმა და კვალიფიციურმა დიანამ ამიხსნა მათი აპარატის მუშაობის მექანიზმი, მითხრა გარკვეული დეტალები. საინტერესო მოსასმენი იყო ყველაფერი. შენობიდან რომ გამოვედი, ცოტა გამეცინა: რამდენიმე საათი ვიყავი შენობაში, რომლის ღობესთან წლების მანძილზე არაერთ საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. მაგრამ ასეთ რამეებზე ბევრი არ მიფიქრია. მთელი დღე შფოთვაში გავატარე: ყველა ნაცნობ იურისტს დავურეკე და ვკითხე, რას ფიქრობდა შეწყალების კომისიაზე, როგორ უნდა წარმართულიყო უკეთ მუშაობა და ასე შემდეგ.

საღამოს გადაცემა მქონდა, „ცხელი ხაზი“. გადაცემისთვის ძლივს მოვუყარე თავი აზრებს. მანამდე შალვა რამიშვილმა დამირეკა და ხვალ თორმეტის ნახევარზე იყავი კანცელარიაშიო.
თავისუფლების დღიურები - ალექსანდრე ელისაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:08 0:00

26 ნოემბერი, სამშაბათი
თორმეტის ნახევარზე კანცელარიაში მივედი. მეათე სართულზე ლიფტის კარი გაიღო თუ არა, უამრავი ვიდეოკამერა, ოპერატორი და ჟურნალისტი დამხვდა. გვანცამ ხელი მომკიდა და ჟურნალისტებს უთხრა, კომენტარს მერე გააკეთებსო. მეც დამნაშავესავით ჩავუარე ყველა მიკროფონმომარჯვებულს. რომ გამოვალ, ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით-მეთქი. ზვიად ქორიძის გარდა, ისევ სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ. ზვიადი უცხოეთშია და ამიტომ ვერ მოვიდა. დიდხანს არ გაგრძელებულა შეხვედრა პრეზიდენტ მარგველაშვილთან. დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ. „ბატონო პრეზიდენტო!“ - მიმართავდნენ გიორგის კომისიის წევრები და მეც ვიჯექი და ვცდილობდი აღმექვა, რომ წლების განმავლობაში ჩემი რესპონდენტი მარგველაშვილი პრეზიდენტია და რომ აქ ძალიან სერიოზულ საკითხზე ვართ შეკრებილები და რომ მეც სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრება. მალევე მე და გიორგი გავდივართ ჟურნალისტებთან, რამდენიმეწუთიანი ბრიფინგისა და წარდგენის შემდეგ, უკვე რიგრიგობით გადიან კომისიის წევრები კამერებთან და კომენტარებს იძლევიან. პრეზიდენტის პრესსამსახურის რჩევით, მე ბოლოს გავდივარ და უფრო ვრცელ კომენტარს ვაკეთებ. ერთი სული მაქვს, გავიდე კანცელარიიდან და მივიდე „კავკასიაში“. „კავკასიის“ ოფისი იქვეა, ლეონიძის ქუჩაზე. მივედი და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ყველაზე ენერგიული და ყველაზე რთული დღე: მოლოცვები და შეკითხვები ფეისბუკში (არც ერთი უპასუხოდ არ დამიტოვებია), მოლოცვები და შეკითხვები ტელეფონზე - დღის განმავლობაში სამი ეთერი: ჯერ დიანასთან და თეონასთან „მაესტროზე“, მერე 9 საათზე პირველ არხზე ეკა მიშველაძესთან, ბოლოს - საკუთარი „ბარიერი“. შუალედში დავურეკე ელენე თევდორაძეს - ორი სიტყვით მომილოცა, მაგრამ ძალიან განაწყენებულია, რომ მედიით შეიტყო ეს ამბები. ვთხოვ, რომ შემხვდეს და მეუბნება, შეხვედრის აზრს ვერ ვხედავო. დარწმუნებული ვარ, გადაუვლის წყენა და შემხვდება. ასეც ხდება: გვიან საღამოს მირეკავს და მეუბნება, ხვალ პირველის მერე შევხვდეთ კანცელარიაშიო.

ჩემი გადაცემის მერე სახლში მივდივარ, მაგრამ ვერაფრით ვიძინებ: კომისია, კომისია, კომისია... როგორ უნდა იმუშაოს? რამე არ გამომეპაროს, ყველა დეტალი აუცილებლად უნდა გავითავისო. თავი არ უნდა შევირცხვინო. ამ ფიქრებში ჩამეძინა.

27 ნოემბერი, ოთხშაბათი
12 საათზე უკვე სააგენტო „პირველის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ვარ. ეს ოფისი „დიდუბე პლაზაშია“, გამოფენასთან, და მიხარია, რომ იქამდე მისასვლელად მარშრუტი ისე გავანაწილე, რომ ორი მონაკვეთი ფეხით გავიარე. სახლიდან „რუსთაველის“ მეტრომდე და მერე მეტრო „წერეთლიდან“ - გამოფენამდე. ამ დღეების მანძილზე პირველად ვარ კმაყოფილი. არაფერი მირჩევნია თბილისში ამ ორ ტრანსპორტს: მეტროს და ჩემ ფეხებს! უზუსტესად შემიძლია გავთვალო, ნებისმიერ ადგილამდე მისასვლელად დრო, როცა მეტროთი და ფეხით მივდივარ.

მოკლედ, ამ დილის მარშრუტმა ცოტა ხასიათზე მომიყვანა, გზაში რაღაცები ავწონ-დავწონე, უახლოესი სამი დღის გეგმა დავსახე და კმაყოფილი მივედი სააგენტო „პირველში“. პრესკონფერენცია დაიწყო - ისევ ის შეკითხვები, რაც რამდენიმე დღეა მესმის, ისევ ჩემი გადაღეჭილი პასუხები. ცოტა ვბრაზდები, რომ უფრო მეტს ვლაპარაკობ კომისიაზე, ვიდრე მისი მუშაობა წარმომიდგენია, მაგრამ სხვა გზა არაა: წარბშეუხრელად ვლაპარაკობ რაღაცებს. ჟურნალისტებს ვეუბნები, აქედან ელენე თევდორაძესთან შესახვედრად მივდივარ-მეთქი, რამდენიმე მათგანი მომყვება.

კანცელარიაში ელენე თევდორაძის დაშვებული საშვით შევდივარ, მეხუთე სართულზე, მის ოთახში ვხვდებით. ვუმეორებ, რომ მართლაც კარგი იქნებოდა, ეთქვათ მისთვის წინასწარ, რასაც აპირებდნენ და რომ არ შეეტყო ამ ცვლილებების შესახებ ტელევიზიით, თუმცა მე მართლა არ ვარ დამნაშავე. შესავლის შემდეგ არსებით საკითხზე გადავდივართ, ძალიან გასაგებად და მკაფიოდ მიხსნის კომისიის მუშაობის მექანიზმებს, შესაძლო პრობლემებს, მიხსნის საკუთარი მუშაობის სტილს. გაფაციცებული ვუსმენ და ყველაფერს გონებაში ვინიშნავ. დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთახთან დადარაჯებულ ჟურნალისტებს ვეუბნები, რომ მადლობელი ვარ ქალბატონი ელენესი.

„კავკასიაში“ მისული, ვკითხულობ აკო მინაშვილის კომენტარს ჩემს დანიშვნაზე. ბატონი აკო მიიჩნევს, რომ მე „ქართულმა ოცნებამ“ მხარდაჭერა დამიფასა. თან ვბრაზდები, თან მეცინება და თან ვხვდები, რამხელა მსოფლმხედველობრივი სხვაობაა ჩემსა და აკო მინაშვილს შორის. ეს დანიშვნა მას, როგორც ჩანს, „მაგარ პონტში გაჩითვად“ მიაჩნია. ჩემს პასუხს ფეისბუკში სტატუსად ვწერ. ფეისბუკშივე პასუხს ვცემ წერილებს და სანდროს გამოსაყვანად მივდივარ სკოლაში. ეს დღეები წესიერად ყურადღება ვერც მივაქციე ჩემს კაცმაცუნებს და უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ვიცი, რომ პირველი კვირა ძალიან რთული მექნება.

სანდრო სახლში ამყავს და „კავკასიაში“ გავრბივარ, დაახლოებით რვა ადამიანს შევუთანხმდი შეხვედრაზე. ჯერჯერობით „მოქალაქეთა მისაღები“ ტელევიზიაში მაქვს, უფრო სწორად, ტელევიზიასთან, ვინაიდან ჩვენს პატარა ოფისში ხალხის მასპინძლობას მირჩევნია ყოველ ჯერზე გარეთ გავიდე და ისე მოვუსმინო მათ. სხვადასხვა ისტორიაა, სხვადასხვა პრობლემა. ვცდილობ, ყველა დავაკვალიანო. ყველას ვუხსნი, სად და როგორ მიიტანონ განცხადება, რა დაურთონ, როგორ დაწერონ. არაფერია იმაზე მაგარი განცდა, როდესაც გაჭირვებულ ადამიანს მოუსმენ, დააკვალიანებ და მისგან ამ ელემენტარულისათვის მადლობას მოისმენ. ვამპირივით ვარ, ეს ენერგია მავსებს და ამ ენერგიას მოვყავარ ხასიათზე.

დიანას ვურეკავ, კომისიის აპარატის თანამშრომელს, და ვთხოვ, კომისიის ყველა წევრს შეატყობინოს, რომ პარასკევს 11 საათზე სამუშაო სხდომა გვექნება. საღამოს მე და მერაბ მეტრეველს მიგვყავს „ცხელი ხაზი“. ერთ-ერთი სტუმარი ლანა ღოღობერიძე იყო. მაგრად მიყვარს ქალბატონი ლანას მოსმენა, ყოველთვის რაღაც ესთეტიკურად საუბრობს. მერე გენშტაბის ახალი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე იყო სტუმარი. ეს წარმოსადეგი, ინტელექტუალი ოფიცერი ჩემი უსაყვარლესი რესპონდენტია. არმიაზე საუბარს ეთერის მერეც განვაგრძობთ და კმაყოფილი მივდივარ სახლში. ღამე ისევ ძლივს ვიძინებ, ერთი სული მაქვს, გათენდეს.

28 ნოემბერი, ხუთშაბათი
12 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში ვარ ავლაბარში. დიანასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში 150 პატიმრის საქმე გავიარე. ეს ის პატიმრებია, რომელთა განცხადებებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და კომისიაში დაგროვილი 600 განცხადებიდან შეირჩა. კარგად ვიმუშავეთ მე და დიანამ, კიდევ ერთხელ უნდა შევაქო: იშვიათად მინახავს ასეთი მომზადებული და კვალიფიციური ადამიანი! ყოველ საქმეზე ჩემთვის შენიშვნებს ვიწერ და 3 საათისთვის გამოვდივარ რეზიდენციიდან. უკვე კარგ გუნებაზე ვარ. თანდათან ვერკვევი დეტალებში, თანდათან ვიაზრებ, რა როგორ მუშაობს.

ავლაბრიდან საბურთალოზე წავედი - „ტაბულას“ ტელევიზიაში გადაცემა „მძიმე კაცთან“ უნდა ჩამწერონ. საშინელ კითხვებს ველი, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. დანარჩენს ორშაბათს ნახავს მაყურებელი. ტელევიზიიდან გამოსული, დედაჩემს ვურეკავ და ვთხოვ, რამე საჭმელი მომიმზადოს. ვიცი, რომ ჩემს ასეთ თხოვნაზე გიჟდება ბედნიერებისგან. დედაჩემს სულ ჰგონია, რომ მშიერი დავდივარ და მშვიდად მხოლოდ მაშინაა, როცა საკუთარი ხელით მიმზადებს საჭმელს. სანამ ვჭამ, მამაჩემი ყველაფერს მეკითხება. როდესაც იგებს, რომ, მგონი, მანქანა უნდა მომემსახუროს, მაგრამ მე ამით სარგებლობას არ ვაპირებ, პაუზას აკეთებს და მეუბნება, რომ არ მეთანხმება. „ბაზარში არ უნდა არბენინო მანქანა და ოჯახის საქმეებზე, მაგრამ რაც გერგება, ის უნდა გამოიყენო საქმისთვის. აბა, ხალხმა იცოდეს, რომ მანქანა გემსახურება და შენ მაინც ფეხით ივლი? იფიქრებენ, რომ მატრაკვეცობ და ვერ გაგიგებენ“ - ასეთია მამაჩემის ლოგიკა. არ გეთანხმები-მეთქი, ვუთხარი და სკოლიდან სანდროს გამოსაყვანად გავიქეცი.

დედამიწაზე ყველაფერზე მეტად მიყვარს ჩემი შვილების სკოლიდან გამოსვლის მომენტი. თვალებით რომ გეძებენ, რომ დაგინახავენ და რომ გამორბიან შენკენ. სანდრო ჩვეულად ხმის დაწევით მეკითხება, რამე რო იყოს „მაკდონალდსში“ ხომ არ წავიყვანდი, ამბობენ ახალი სათამაშოებიაო. უარს ვეუბნები. არ გაუპროტესტებია: ხო, ვიცი, ახლა შენ პატიმრები უნდა გაათავისუფლო და დაკავებული ხარო - ძალიან სერიოზული სახით მითხრა. კინაღამ გავსრისე, ისე ჩავიხუტე. მალევე გავიქეცი „კავკასიაში“. სამსახურში ხალხი მელოდება - „მოქალაქეთა მისაღები“ ისევ ეზოში მაქვს - სტელას ბაღში. განცხადებებს ვიღებ, ვცდილობ, ყველა დავაკვალიანო. შუალედებში ტასოსთან ვაზუსტებ პარასკევის „ბარიერის“ სტუმრების ვინაობას და გემრიელად ვსვამ დედამიწაზე ყველაზე კეთილი ადამიანის, ხათუნა ჯანგირაშვილის მოდუღებულ ჯადოსნურ ყავას. საღამოს „ცხელი ხაზი“ მე და მუსიკოს ზაზა ხუციშვილს მიგვყავს. საინტერესო ეთერი იყო.

29 ნოემბერი, პარასკევი
თერთმეტს თხუთმეტი რომ აკლდა, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვიყავი. შესასვლელში ჟურნალისტებს ველაპარაკე კარგა ხანს და მერე ავედი გრძელ სხდომათა დარბაზში. კომისიის შვიდი წევრი შევიკრიბეთ სამუშაო შეხვედრაზე: გივი შაჰნაზარი, მეუფე თეოდორე, ბასა ჯანიკაშვილი, თეა გოგოტიშვილი, უჩა ნანუაშვილი, ზვიად ქორიძე და მე. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო დიანაც ფურცლების დიდი დასტებით. ოთხი საათის მანძილზე 78 საქმე განვიხილეთ და ჩვენთვის ამა თუ იმ პატიმრისადმი პოზიცია ჩავინიშნეთ. განხილვა იმაზე უფრო საინტერესო გამოდგა, ვიდრე ველოდი. ერთადერთი სახელმძღვანელო პრინციპი გვქონდა - ადამიანურობა. ყველგან და ყველაფერში ამას ვეძებდით. შუა განხილვისას რამდენიმე წუთით შემოვიდა შალვა რამიშვილი და გვკითხა, 23 ნოემბრის ჩავარდნილი შეწყალების საკომპენსაციოდ მოვახერხებდით თუ არა სიების მომზადებას საახალწლოდ და საშობაოდ. ჩვენმა განხილვის ტემპმა და შემართებამ დაგვარწმუნა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. დავთქვით კიდეც, რომ მთელი მომდევნო კვირა ყოველდღე 11 საათზე შევიკრიბებით და განვიხილავთ აბსოლუტურად ყველა საქმეს, როგორც აქამდე დაგროვილს, ისე ახალშემოსულსაც და, საერთოდ, ისე ვიმუშავებთ, რომ 50 საქმეზე მეტი ერთ ჯერზე არ დაგროვდეს.

დაღლილები და ძალიან კმაყოფილები დავიშალეთ. ჩვენი იმ დღის მუშაობის შედეგები და დასახული მიზნები წვრილად ავუხსენი რეზიდენციასთან მომლოდინე, გაყინულ ჟურნალისტებს და ფეხით დავეშვი „კავკასიისკენ“. ვენეციიდან დაბრუნებულმა ნინო ჯანგირაშვილმა ნერვები მომიშალა ვენეციის კულტურული მემკვიდრეობის დიდებულების აღწერით, თუმცა ამის მიუხედავად სტელას ბაღის „მოქალაქეთა მისაღებში“ მაინც გულმოდგინედ ვუსმენდი პატიმართა ოჯახის წევრების თხოვნებსა და ისტორიებს. საღამოს „ბარიერი“ ვილნიუსის სამიტზე და „შალახოზე“ მქონდა. ეთერის მერე მე და ირინა ნატა მურვანიძეს და ნიკა თავაძეს ვესტუმრეთ. მძიმე კვირის მერე საჭირო სტუმრობა იყო. არაფერი სჯობს ნიჭიერი არტისტების მიერ მოყოლილ ამბებს! ძალიან მაგრად შეაფასა ერთი ქალაქი ნატამ - „სრულიად არასაჭირო ქალაქიაო“... ბევრი ვიცინე ამ შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი რამ თბილისზე არ უთქვამს, თბილისი ბევრი ვაქეთ და მის დღევანდელ იერზე ბევრი ვიდარდეთ. სახლში 4 საათზე მოვედით.

30 ნოემბერი, შაბათი
დილიდან ვწერ დღიურს. რომ მოვრჩები, რადიო თავისუფლებისკენ დავიძრები. ზოგს, შესაძლოა, უკმარისობის განცდა ჰქონდეს და ამ განცდას დავუკმაყოფილებ - შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა გასულ კვირაში შემომთავაზეს. მანამდე ამაზე არასოდეს მიფიქრია. ჩემი პირობა ის იყო, რომ „კავკასიაში“ და „ჰამქარში“ უნდა დავრჩენილიყავი. ამიხსნეს, რომ ეს თანამდებობა საჯარო სამსახური არაა და ჩემს პირობას არ ეწინააღმდეგება. ნახევარი დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად. რამდენიმე მეგობართან კონსულტაციის შემდეგ დასტური ვთქვი. ჩემი პირადი გამოწვევა ისაა, რომ მინდა, ამ კომისიის მუშაობა ძალიან გასაგები და ადამიანური იყოს. ყველაფერი დაეფუძნოს ნათლად ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს და ჰუმანურობას. სხვა ყველა გვერდითი ფაქტორი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, კატეგორიულად გამოირიცხოს. ეს რომ ასე იქნება, დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ხელისუფლების ამ ეტაპის სურვილები და მზაობა და კომისიის წევრთა რეპუტაცია მაძლევს, მეც შესაბამისად ვარ შემართული.

ბოლოს აქ ამ დღეების ყველაზე დიდ ოცნებას გავამხელ: ძალიან მინდა, საახალწლოდ თუ საშობაოდ, შეწყალებით გამოსული პატიმრები აღარასოდეს მოხვდნენ საპატიმროებში! რომ შემეძლოს, სათითაოდ ვთხოვდი ამას თითოეულ მათგანს.
XS
SM
MD
LG