Accessibility links

logo-print

23 ნოემბერი, კვირა

ადრე გამეღვიძა, დაახლოებით 8 საათზე. დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეა. ყველა რელიგიური დღესასწაული ჩემთვის საკუთარი თავის შეხსენების დღეა. ამ დღეებში უფრო მეტად ვფიქრობ სიკეთეზე, ბოროტებაზე, და ვხვდები, რომ სიყვარული, პატივისცემა და თანაგრძნობა ისაა, რაც მინდა, რომ სულ მახსოვდეს.

ზაურ დარგალმა შემომთავაზა, მარნეულში, აზერბაიჯანელ ბავშვებს შევხვედროდი და გვესაუბრა თანასწორობაზე, ქალის და კაცის თანასწორობაზე. მე შევთავაზე, იქნებ ეს შეხვედრა კვირას, გიორგობის დღესასწაულზე მოვაწყოთ-მეთქი. ისიც დამთანხმდა. დილის 10 საათზე მე და ლელა ბერიშვილი შევხვდით ერთმანეთს და წავედით მარნეულში. 10:30 საათზე უკვე მარნეულში ვიყავით. ცოტა ადრე მოგვივიდა და ამიტომ იქვე, „სმარტში“ შევედით ყავის დასალევად, თან ვსაუბრობდით დედამთილის და რძლის ურთიერთობაზე, შვილების აღზრდის საკითხებზე... ლელა გამოცდილია, ორი შვილი ჰყავს, და ამიტომ მისი მოსაზრებები გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე ჩემი. საბოლოოდ კი შევთანხმდით, რომ საქართველოში გაფართოებულ ოჯახებად ცხოვრების სტილი არ მოგვწონს, შვილები, მათი მეუღლეები, მშობლები და ბებია-ბაბუები რომ ერთად ცხოვრობენ, გარდაუვალია გაუგებრობა, კამათი; ხოლო ისეთ საზოგადოებაში, სადაც აგრესიის მართვას და განსხვავებული აზრის პატივისცემას სკოლაში ჯერ კიდევ არ გვასწავლიან, ძნელია გაუმკლავდე ასეთ პრობლემებს...

ამ ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრით შევედით მარნეულის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში. შევხვდი ზაურს, რომელმაც შემომთავაზა, დაგვეთვალიერებინა ცენტრი. პირველი ემოცია სასიამოვნო გაკვირვება იყო: ცენტრი, სადაც რამდენიმე ათეული ოთახია, სამ სართულზეა განლაგებული. სახელოვნებო კლასები, ცეკვის წრის ოთახები, ქარგვა, უცხო ენის შემსწავლელი კურსები, ხატვის კურსები, ჭადრაკი და კიდევ მრავალი სერვისის შეთავაზება ხდება ახალგაზრდებისთვის. ცენტრში, თურმე, ათასზე მეტი ბავშვი დადის, რომლებიც შორეული სოფლებიდან და სხვა რაიონებიდანაც საგანგებოდ გამოყოფილი ავტომობილით, სრულიად უფასოდ ჩამოჰყავთ.

ცენტრში გატარებულმა რამდენიმე საათმა ბავშვობა გამახსენა. ოზურგეთში თუ რაიმე სახის ბავშვთა გაერთიანება იყო, ყველგან ვიყავი ჩართული, იქ ვსწავლობდით ბავშვთა უფლებების სტანდარტებს, არგუმენტირებულ კამათს, სამართლის საფუძვლებს, ვმონაწილეობდით სამართლებრივ ოლიმპიადებში. მოკლედ, ნამეტანი „ინტრიგნული ბაღნობა“ მქონდა. სკოლის მასწავლებლები, როცა ჩვენს პროტესტზე ან შეპასუხებაზე გაბრაზდებოდნენ, მაშინვე აყვირდებოდნენ ხოლმე, იმ თქვენს სატლიკინოებში რომ დადიხართ, მაგიტომ გახვედით თავსო. „სატლიკინოები“, ანუ ბავშვთა გაერთიანებები...

გიორგობის დღეს, მე და მარნეულელი აზერბაიჯანელი ბავშვები ვსაუბრობდით სტერეოტიპებზე, რომლებიც გენდერულ უთანასწორობას შობს, ოჯახებში ქალთა ჩაგრულ როლზე, განათლების შეზღუდვის პრობლემაზე. ბავშვებს, როგორც წესი, ყველაფერი სწორად ესმით. ტრენინგის დაწყებამდე ოთახში რომ შევედი, ბავშვებმა „გამარჯობის“ შემდეგ გიორგობის დღესასწაული მომილოცეს. მესიამოვნა, მეც მივულოცე, გამიღიმეს და დავიწყეთ ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

ტრენინგმა კარგად ჩაიარა. როგორც ყოველთვის, ბავშვებთან შეხვედრამ გამაბედნიერა, ძალიან გახარებული წამოვედი. ბავშვები ყველაზე ტოლერანტი, სოლიდარული, ემპათიური ადამიანები არიან.

ღამე, ძილის წინ, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე ჩემ თავსაც მივულოცე.

24 ნოემბერი, ორშაბათი

ხვალ ქალთა ძალადობისაგან დაცვის საერთაშორისო დღეა. დილიდან ვფიქრობ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, რომლის მზადებაც რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ქალებმა. სამზადისში რამდენიმე ასეული ქალი ჩართული. აქციისთვის ყველაფერი მომზადებულია, გოგოებმა რეგიონების მობილიზებაც მოახერხეს და ეს ბოლო დღეები ყველა ვცდილობთ, როგორმე ხალხის ყურებამდე და გულებამდე მივიტანოთ ამ აქციის მნიშვნელობა და ვთხოვოთ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტთან 13 საათზე. ამ მიზნით მე და თუთა მივედით გოგი გვახარიასთან გადაცემაში „თავისუფლების ერთი საათი“. პირველ ბლოკში თუთა საუბრობდა, რადგან მთხოვა, ბავშვები სკოლიდან მყავს გამოსაყვანი და მაგვიანდება, უნდა გავიქცეო. უცებ იქვე მჯდომ ნინოს მიაწოდა ტელეფონი, იქიდან ვიღაც საუბრობდა. ნინომ თუთას სიჩქარისგან ნახევრად ჩაყლაპულ სიტყვებში ამოიცნო მთავარი გზავნილი: უთხარი დედაჩემს, რომ ბავშვებს მე გამოვიყვან ბაღიდანო (ნინოც მშობელია და, ალბათ, ამიტომაც გაუადვილდა მიხვედრა). მოკლედ, გენდერული საკითხები არის ყველგან, სადაც ადამიანია, მაგრამ იქ უფრო მეტია, სადაც ქალია.

თუთამ ისაუბრა აქციის ორგანიზების ისტორიაზე, მნიშვნელობაზე, მოუწოდა მსმენელებს, მოვიდნენ და უთხრან ძალადობას: „არა!“ ახლა ჩემი დროა. ვინც იცნობს გოგის (ვინმე არის, ვინც არ იცნობს? :)) დამეთანხმება, რომ არის ფანტასტიკური თანამოსაუბრე, მასთან სტუმრობა ყოველთვის მიხარია, ერთი საათით მაინც ვარ თავისუფალი.

ხალხს ქალზე ძალადობა ჩვენი მოგონილი ჰგონია. ის კი არა, იმ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მოსულმა ფსიქოლოგებმა მოძალადე კაცების შეცოდება დაიწყეს: თურმე მათ ყველაზე მეტად უჭირთ, იმ ქალებზე მეტადაც, ალბათ, ვინც მოკლულია მათი ხელით, უნდა ვიფიქროთ მოძალადეების გადარჩენაზე და ა.შ. უფრო უარესიც მოხდა იმ დღეს: კოალიცია „ქართული ოცნების“ ქალთა ფრთის ხელმღვანელმა (სტრესმა მისი სახელიც კი დამავიწყა) გვითხრა, რომ ქალებზე ძალადობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ბრალია.

მოკლედ, გადაცემაში ვისაუბრე ქალთა ძალადობისაგან დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიაზე, მინდოდა მსმენელს სცოდნოდა, რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს დამწუხრებულები, მაგრამ შემართებით და იმედიანად. დაახლოებით 54 წლის წინ, 25 ნოემბერს, დომინიკელთა რესპუბლიკაში ძალადობრივად მოკლეს პოლიტიკურად აქტიური სამი და, რომლებიც დომინიკელ დიქტატორებს. იმ სამ მოკლულ ქალს ლათინურ ამერიკაში „დაუვიწყარი პეპლები“ უწოდეს.

25 ნოემბერი, სამშაბათი

ადრე გავიღვიძე, შვიდის ნახევარი იქნებოდა. ვნერვიულობდი მთელი ღამე, დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია უნდა გაიმართოს. გუშინ იდამ დამირეკა, ხვალ 8 საათზე უნდა მივიდეთ პარლამენტთან − ტელევიზია მოვა აქცია უნდა დავაანონსოთო. მივედით, ცივა ძალიან, თან წვიმს, მოკლედ ამინდი კია საკითხის სიმძიმის შესაბამისი. დავაანონსეთ აქცია მე და იდამ და გაყინულები დავიშალეთ, მე რადიო თავისუფლებაში მეჩქარება. დღეს აქციამდე კიდევ ერთხელ მოვახერხებ ხალხთან საუბარს, ნიკო ნერგაძის გადაცემაში. მსმენელმა დარეკა. ჩანს, რომ აწუხებს ეს თემა, მაგრამ ვერ გაურკვევია, რა არის ქალზე ძალადობის მიზეზი. მიზეზი ერთია, ჩვენი წარმოდგენა ქალის შესახებ, რომ ის შეიძლება დავჩაგროთ, მასზე ამოვანთხიოთ ბრაზი, ის ხომ კაცს უნდა ემორჩილებოდეს. ამაზე ერთი გურული ხალხური სიმღერის ტექსტი მახსენდება: „კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს მჯავრობასო“.

რადიოდან წამოვედი ოფისში. მანქანაში, სამსახურისკენ მიმავალი, ფიქრებში წავედი. ამ ფიქრისას უმეტესი დრო უკავია ერთ კითხვას: „რატომ სწირავს თავს ხალხი?“ რა არის ამ ადამინების მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხშირად საშიშ ნაბიჯსაც ადგმევინებს? პოლიტიკოსებს აკრიტიკებინებს, მერე მათ ლანძღვას ატანინებს, ხშირად სიცოცხლესაც არისკვინებს. მაგრამ ეს ხალხი მაინც აკეთებს ამას. ამის პასუხს ვგრძნობ ყველა საქმეში, სადაც ოდნავ მაინც ვცვლით რაღაცას, ერთ ადამიანს მაინც ვეხმარებით ცხოვრების ოდნავ გაუმჯობესებაში. ამ დროს ვხვდები, რატომ რისკავენ ადამიანები სხვებისთვის.

გზად დიდ საცობში აღმოვჩნდი: ფილარმონიიდან სპორტის სასახლემდე თითქმის ერთი საათი დამჭირდა. ძალიან ვბრაზდები ასეთ შემთხვევებში, რადგან მგონია, რომ ტრანსპორტში იკარგება ყველაზე ძვირფასი დრო. ამას დაემატა ისიც, რომ გმირთა მოედანზე სიცივეში მდგომი პოლიციელი არეგულირებდა მოძრაობას ნამეტანი სახალისო მანერით, ე. ი. მზესუმზირის პირში ჩადების დროს აწევდა მარჯვენა ხელს და მკერდის მიმართულებით მოძრავ მანქანებს აძლევდა საშუალებას ემოძრავათ მარჯვნივ, ამასობაში ზურგის ქარი აიძულებდა შებრუნებულიყო რათა ცოტა მაინც გადაენაწილებინა სიცივე სხეულზე, ამ დროს კი ჩვენ ყველანი ვჩერდებოდით გაურკვეველი ვადით. როგორც იქნა, მზესუმზირა დამთავრდა და პოლიციელი თანაბრად გაიყინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიძარით.

13 საათზე, მთელი PHR-ი (ორგანიზაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ) სრული შემადგენლობით მივედით აქციაზე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ბევრი ხალხი მოვიდა, მათ შორის პოლიტიკოსები (ძველები ახლები), მსახიობები, მომღერლები, გამყიდველები, მოკლული ქალის მშობელი, მისი მეგობრები. მოკლული ქალის დედამ პირველივე წუთებიდან მიიქცია ყველას ყურადღება. ის გულმხურვალედ დასტირის თავის მოკლულ შვილს. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია, ძალიან მძიმე, მაგრამ მოსასმენია, რადგან ესაა მწარე რეალობა, რომელიც არ უნდა დაიმალოს. ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო გამოვიძახეთ.

აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რამდენიმე ქალმა სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს. ამ დროს წინა რიგებში ვიდექი მგლოვიარე ქალის გვერდით. ყურადღებით ვუსმენდი გამომსვლელებს. ამ დროს ყველა ქალი მახსენდებოდა, ვინც მინახავს ქმრისგან, მამისგან პარტნიორისგან ნაცემი, ყელგამოჭრილი, დატანჯული. ესენი მინახავს სახლებში, ქუჩაში, ოფისში, თავშესაფარში. მათ აერთიანებთ ის, რომ არავინ უსმენთ, არ სჯერათ, არ ამხნევებენ, არ ეხმარებიან; საკუთარი მშობლებიც კი კარს უხურავენ მოძალადისგან გამოქცეულებს.

დღიურს პირველად ვწერ. მხოლოდ წამიკითხავს ერთი დღიური, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ახლაც იმ დღიურზე ვფიქრობ. მისი ავტორიც ასე წერდა, ჩემსავით ითვლიდა დღეებს, გადმოსცემდა ისტორიებს, ყოველდღიურ მოვლენებს. მე წავიკითხე მისი ყველა დღე, ბოლო დღემდე. ის იყო ძალიან ახალგაზრდა ქალი, რომლის ყველა დღე (დღიურიდან ჩანს) იყო მწუხარება, სირცხვილის განცდა, საკუთარი თავის დადანაშაულება, ტკივილი, ტანჯვა, მობეზრება, შიში, ამ ემოციების უმეტესობას იწვევდა მოძალადე, რომელმაც ის მოკლა. არასდროს დამავიწყდება იმ დღიურის ერთი ფურცელი, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „დამეხმარეთ“.

ქალებმა გადავწყვიტეთ, საღამოს შევიკრიბოთ და ვისაუბროთ დღის შესახებ, და თან ცოტა კიდევ გავამხნევოთ ერთმანეთი. მეც წავედი ამ შეკრებაზე. გზად დამირეკა თამუნამ, პატარა გაბრიელის დედამ. ეს ის გაბრიელია, რომელიც საბავშვო ბაღიდან ნაცემი წამოიყვანეს მშობლებმა. გაბრიელი აუტისტური სპექტრის მქონე პატარა ბიჭია. თამუნამ მითხრა, რომ შიმშილობას იწყებს, მიზეზი კი პროკურორის დადგენილებაა, რომლითაც დედას უარი უთხრეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ამის გამო თამუნა საქმის მასალებს ვერ გაეცნობა. თამუნა არის სამაგალითო მშობელი, რომელიც შესაშური კეთილსინდისიერებით აკეთებს ყველაფერს თავისი და სხვა ბავშვების დასაცავად. მან მითხრა, ჯერ პრესკონფერენციას გავმართავ და მერე მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას დავიწყებო. PHR-ი სამართლებრივ დახმარებას უწევს გაბრიელის მშობლებს. მაშინვე მოვატრიალე მანქანა და წავედი თამუნასთან.

დღეს თამუნას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ბედნიერმა, ღამის 3 საათამდე ვერ დავიძინე.

26 ნოემბერი, ოთხშაბათი

8 საათზე უკრაინაში მივფრინავ. ღამით სულ სამი საათი მეძინა. სულ უძილობას მაინც ეს ჯობია. კიევში მიმიწვია ადამიანის უფლებათა სახლის ქსელმა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აწყობს ადამიანის უფლებათა დამცველების სტრატეგიულ შეხვედრას. პირველი დღე მთლიანად დაეთმო უკრაინის ბოლოდროინდელ მოვლენებს.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უკრაინის სახალხო დამცველის სიტყვა. ომბუდსმენმა გაგვაცნო კონფლიქტურ ტერიტორიებზე დაზარალებული ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საშინელი მოპყრობის შემთხვევები. მძიმე ამოჩნდა ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირების ავტობუსიდან ჩამოყრის ისტორია, როცა მათ არ აძლევდნენ აუცილებელ მედიკამენტებს, არ ატარებდნენ საზღვარზე და ბევრი სხვა, ამ საუკუნისთვის წარმოუდგენელი სირცხვილი. ამას კი „მოძმე“, ერთმორწმუნე ერის მთავრობას უნდა „უმადლოდნენ“ უკრაინელები.

27 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შეხვედრის მონაწილეები მივდივართ კიევში აზერბაიჯანის საელჩოსთან, რათა სოლიდარობა გამოვუხატოთ აზერბაიჯანელ მეგობრებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, გავაპროტესტოთ მათი პოლიტიკური პატიმრობა. ასეთ აქციაში პირველად ვმონაწილეობ, ამიტომ ეს დღე ჩემთვის ორმაგად ამაღელვებელია. ყველამ ჩავიცვით მაისურები, რომლებზეც ამ ადამიანების სახეებია გამოსახული. ძალიან ცივა, მინუს 6 გრადუსი მაინც იქნება. აქცია ერთ საათს გაგრძელდა. ამ აქციაზე ჩვენ, ქართველები, და უკრაინელები ვითხოვდით აზერბაიჯანის მოქალაქეების გათავისუფლებას. საქართველოში ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რატომ აპროტესტებ იმას, რაც შენ არ გეხება, რა საერთო გაქვს, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობის, რელიგიური უმცირესობის, მსხვერპლი ქალებისა თუ ლგბტ თემის წარმომადგენლებთანო? მგონია, რომ საერთო, რაც ყველას გვაქვს, ეს ჩვენი არსია, ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენი ღირსების შეგრძნებით და თანასწორი უფლებებით; მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს განსხვავებულობას სხვადასხვა ნიშნით, მე ასე მჯერა. მაგრამ ზოგი ამას, სამწუხაროდ, სადაოდ ხდის. ძნელია ასეთ ხალხთან კამათი, გიწევს უმტკიცო, რომ ყველას აქვს სიცოცხლის, მშვიდი სიცოცხლის, უსაფრთხოების უფლება, ყველას აქვს უფლება, არ აწამონ, თავისუფლება უკანონოდ არ შეუზღუდონ, არ გაანადგურონ. არადა, რა მარტივია! ძალიან მარტივი. მინდა, როგორმე შევძლოთ და გავიგოთ, რომ უთანასწორობას, უსამართლობას ერთგან ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მიმართ თუ დავუშვებთ, ეს აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს სამართლიანობასა და თანასწორობას − ყველგან.

28 ნოემბერი, პარასკევი

დღეს ვბრუნდები საქართველოში. ფრენა 13 საათზეა. ყველას დავემშვიდობეთ, ვუსურვეთ მშვიდობა ერთმანეთს და გავუდექით ჩვენ-ჩვენ გზას. რაღაც ისე მოხდა, რომ ეს კვირა ძალიან დატვირთულია ემოციებით ჩემთვის. თან ეს ემოციები „თემატურად“ ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

დღეს, თბილისში, 17 საათზე, ორგანიზაციის − „ქალთა ფონდი საქართველოში“ − ორგანიზებით, კატო მიქელაძის სახელობის პრემია გადაეცემა აქტივისტს ქალს, რომელმაც 2014 წელს თავი გამოიჩინა, როგორც ქალთა უფლებების ქომაგმა. კატო მიქელაძე იყო ქალი აქტივისტი, ფემინისტი, რომელიც ათეული წლების წინ საუბრობდა იმაზე, რაზეც დღეს მსოფლიო საზოგადოება მსჯელობს, ადგენს დღის წესრიგს ქალთა უფლებების თემაზე.

კატო მიქელაძის სახელობის პრემიის კანდიდატებს შორის მეც აღმოვჩნდი სხვა 10 ქალთან ერთად. უცნაური გრძნობა დამეუფლა, როცა ამის შესახებ შეტყობინება მომივიდა: სამჯერ დავხურე და ისევ გავხსენი კომპიუტერი. გვიანი საღამო იყო და ვიფიქრე, ალბათ წესიერად ვეღარ ვკითხულობ-მეთქი. მერე მეგობარს დავუძახე, ვთხოვე, წერილი წაეკითხა. მოკლედ, დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ვაღიარებ, ძალიან სასიამოვნოა. ცხადია, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრემიას ვერ მივიღებ. რადგან ასეთი რამ ჩვეულებრივ არ ხდება, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. სინდისი არ მატყუებს ხოლმე, ვგრძნობ, როდის რას ვიმსახურებ. თუმცა, მოტივაცია იმისა, რომ გავაგრძელო, რასაც ვცდილობ ქალთა გაძლიერებისთვის, აშკარად გამიათმაგდა ამ წარდგენის შემდეგ. პრემია გადაეცა ჩემს კოლეგას, მარინა თაბუკაშვილს, საპატივცემულო ადამიანს მისი პიროვნული თვისებებისა და მრავალწლიანი დაუღალავი შრომის გამო. მინდა, აქაც მივულოცო.

დაჯილდოების ცერემონია მაშინ მიმდინარეობდა, როცა მე უკრაინიდან მოვფრინავდი. ახლა უკვე თბილისში ვარ, 19 საათია.

29 ნოემბერი, შაბათი

შაბათია, მაგრამ სამუშაოდ უნდა წავიდე გორში, ამიტომ დილით ადრე მომიწია ადგომა. დავიღალე, მაგრამ არა უშავს, ხვალ კვირაა და გამოვიძინებ. მივდივარ გორში, სადაც ტრენინგი უნდა ჩავატარო დასაქმების ადგილზე გენდერული დისკრიმინაციისა და სქესის ნიშნით უთანასწორობის თემაზე. მონაწილეები ახალგაზრდა ქალები და კაცები არიან. ამ თემაზე ტრენინგებს ერთი წელია, ვატარებ. სულ ვაკვირდები, ჯგუფში, სადაც ქალებიც არიან და კაცებიც, გაცილებით ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულია მუშაობა, გაცილებით საინტერესოა გარემო. ასევე ნაკლებია დისკრიმინაციის მომხრეთა რაოდენობა. ხანდახან ცოლ-ქმარიც ზის ერთ ტრენინგზე. ყოფილა შემთხვევა, როცა ქმარმა მეორე დღეს ცოლი მოიყვანა ტრენინგზე. მოკლედ, ბევრს კი დავდივართ, მაგრამ ბევრს მაინც არ სჯერა, რომ აზრი აქვს ამ ტიპის საუბრებს. ჩემი აზრით, საუბარს ყველასთან აქვს აზრი. დისკრიმინაციას ხომ არასწორი წარმოდგენები, ინფორმაციის ნაკლებობა ასაზრდოებს, ჰოდა თუ მივიღებთ ამ საჭირო ინფორმაციას, მჯერა, რომ მხოლოდ ასე და აქედან დაიწყება დამაზიანებელი საქციელის, აზრების ცვლილება.

შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ვბრუნდები გორიდან თბილისში, დღეს ჩემი დისშვილები უნდა მოვინახულო. მირეკავენ და ნაწყენი ხმით მთხოვენ, მათთანაც მივიდე. აუცილებლად მივალ, ახლავე წავალ, წარმოუდგენლად დიდი მხარდამჭერები არიან ჩემთვის. აქ რაც დავწერე, ახლა მათ უნდა ვანახო, ყველაზე კრიტიკულ მკითხველებს და მსმენელებს.

XS
SM
MD
LG