Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა არგანაშვილი - უფლებადამცველი


24 თებერვალი, კვირა
დღეს მოღრუბლულია. ანდროს სიცხე აქვს. წინა კვირა სულ მივლინებაში ვიყავი და ლურსმნებზე ვიჯექი. ანდროს სიცხე ხან აუწევს, ხან დაუწევს. ღამით ხველებას ვითვლიდი. მაწუხებს, რომ ისეთი დედა არ ვარ, დილას რომ თბილ ბლინებს ახვედრებს. არადა, მინდა ვახვედრებდე. თუ ვახერხებ რაიმეს გამოცხობას, ისეთი აღარ გამომდის, როგორიც ადრე, მაგრამ მაინც მეუბნება, რომ მოეწონა. სოლიდარობას მიცხადებს. დილაობით, „სპანჯ-ბობს“ ვუყურებთ. მერე მე სამსახურში და ის სკოლაში მივდივართ. მანქანაში ჩემი სამსახურის ამბებს ვუყვები: უფროსმა რა მითხრა, მე რა ვუპასუხე. ის მე მამხნევებს, მე მას ვამხნევებ. ვეუბნები, რომ ისტორიის მასწავლებელს უნდა დაუმტკიცოს, რომ ძლიერი პიროვნებაა.

ბავშვების გაჩენა, მგონი, ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ გახდე ზრდასრული. „ზრდასრული“ ნიშნავს ემოციების მართვას, შიშების დაძლევას, გაღიმებას, როდესაც სამსახურში გაგლანძღეს და არავის დანახვა არ გინდა, მაგრამ ბავშვს აუცილებლად უნდა აარჩევინო „ბოტასები“.

ზრდასრულობა, ასევე, ნიშნავს, არჩევნების შედეგი აღიარო და რეალობას შეეგუო; ცხოვრება გააგრძელო და შეგეძლოს, გახდე „მეორე“; ასევე ნიშნავს, მოწინააღმდეგე მხარეს ყოველდღე ნიშნის მოგებით არ გაუმეორო, რომ დამარცხდა და არ დაამცირო, არ აგრძნობინო, რომ ის უმცირესობაშია.

ხანდახან არც მე გამომდის. ამაზე ერთად ვსაუბრობთ: მახსენებს ხოლმე, როგორ არ მომითმინა ერთხელ ნერვებმა და დავსაჯე. ის მახსენებს სიცილით, მე მეასეჯერ ვუხდი ბოდიშს. რა ვუყოთ, ზრდასრულებს შეიძლება შეგვეშალოს. აღიარება სირცხვილი არ არის, უბრალოდ, უნდა იცოდე, რომ მოგისმენენ და მოგცემენ საშუალებას, გამოასწორო. თუ ამის საშუალებას მხარე არ გაძლევს, უპირატესობა შენკენ გადმოდის. და, ფაქტობრივად, როლებს ცვლით. ახლა შენ ხარ დაზარალებული, თუნდაც ადრე მოძალადე ყოფილიყავი. შეუწყნარებლობა, მგონი, ყველაზე სახიფათოა.

მთელი დღე სახლში ვარ. ანდროს და გაბიკოს ვუვლი. იმუშავე, დედავ! ეს ისეთივე საქმეა, როგორიც სხვა. საღამოს სიცხემ ცოტა დაუწია. ვნახოთ, ხვალ რას ვიზამთ.
თავისუფლების დღიურები - ანა არგანაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:13 0:00
გადმოწერა

25 თებერვალი, ორშაბათი
მიყვარს ორშაბათი. ამ ბოლო დროს ნინო ჯინსების ჩაცმაზე აღარ მეჩხუბება. ვიცმევ ჯინსებს, კედებს, ვიკიდებ ზურგჩანთას. ეს მარტო შინაგანი კომფორტი არ არის. წარმოიდგინეთ, როდესაც შედიხართ სახელმწიფო დაწესებულებაში. რაღაც ძალიან გიჭირთ. აბა, ისე რატომ მიხვიდოდით? ცოტა აჩეჩილიც ხართ, გაცვიათ დაჭმუჭნილი ტანსაცმელი და ეს ოხერი დალაქავებული შარვალი. აი, მოდის იგი, თქვენი გადასახადებით დაქირავებული სახელმწიფო მოხელე, აცვია გაპიწკინებული პერანგი და პიჯაკი, მაღალ „შპილკებზე“ დგას, აქვს გრძელი და მოვლილი ფრჩხილები. ამ დროს თქვენ, ალბათ, ხელებს სახელოში დამალავთ და გაიფიქრებთ, რომ თქვენსა და მას შორის ათასი კილომეტრია. თქვენსა და თქვენს მიერ შექმნილ სახელმწიფოს შორის არის ეს მანძილი.

როდესაც ოფისში მოდიან ძალიან გაბრაზებული დედები და მამები, და როდესაც ვერავის უტოვებენ ბავშვს, მე ამ ბავშვთან ერთად მინდა იატაკზე ვიჯდე და ვხატო. დაღლილმა და დაჭმუჭნილპერანგიანმა, არ უნდა გაიფიქროს რომ მე მის პრობლემას ვერ გავიგებ, იმიტომ რომ არ ვიცი, რას ნიშნავს, უსახლობა. კედებით უფრო ადვილად დადიხარ ქვებზე. პარკეტზე ადამიანის უფლებები იშვიათად ირღვევა. ჩემი მაგიდის კიდეზე დევს ორი სანთლის სათამაშო და ერთი დასაქოქი წიწილა.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ორი ბავშვი ვერავისთან დატოვა და თან მოიყვანა. ერთს შაქრიანი დიაბეტი აქვს, მეორე მთლად თოთოა და დედას ხელში უჭირავს. ბავშვმა სისხლში შაქრის შემცველობა იქვე გაისინჯა და სანამ მე კანონმდებლობაზე ვუყვებოდი, დედას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. დედა ამბობს, რომ თუ დაუყოვნებლივ რამე საკვებს არ მიიღებს, შეიძლება ადგილზე შეტევა მოუვიდეს. მეორე დღისთვის კი მას ინსულინის დოზა უთავდება. მაშინ მახსოვს, როგორ შემეშინდა და მარი მესხს ვურეკავდი და ვთხოვდი, რომ დაუყოვნებლივ რაღაც ეშველა მათთვის. ისიც ვიცი, რომ კანონი ყველა გამონაკლისს ვერ გაითვალისწინებს. მარიმ რაღაც საოცრება გააკეთა და ბავშვებს მეორე დღეს ინსულინიც ჰქონდათ და საკვებიც. იმ დღეს დამჭირდა დასაქოქი წიწილა. წკაპ-წკაპ, წკაპ-წკაპ... დადის და კენკავს.

დღეს სახალხო დამცველის ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ახალი ანგარიშის პრეზენტაციაა. მოხსენებას ვუსმენ და ვგრძნობ, რომ ჩვენ ყველანი კარგად განათებულ ოთახში, რბილ სავარძლებში და ყავის შესვენების პერსპექტივით, ვლაპარაკობდით ადამიანებზე, რომლებსაც იძულებით კეტავენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რადგან თემზე დაფუძნებული რეაბილიტაციის ცენტრები არ არსებობს. ადამიანებზე, რომლებიც ქმედუუნაროდ აღიარეს და მეურვე არ დაუნიშნეს და რომლებიც ბნელ, გაუნიავებელ ოთახებში ცხოვრობენ. ამ ჩვენს კარგად განათებულ ოთახში, არც ერთი მათგანი არ არის და ამის გამო თავი უხერხულად ვიგრძენი. რა ვიცი, იქნებ როდისმე მეც იქ მოვხვდე, პეწიანად ჩაცმულებმა და სუნამოდასხმულებმა კი ჩემზე სადღაც ილაპარაკონ. არ მესიამოვნა ეს განცდა.

ისევ ანდროს სიცხეზე ვნერვიულობ და ნინო მახაშვილს ვუყვები. კარგი ექიმი მირჩია. ცოტა დავმშვიდდი. ნინოსგან სულ დადებითი ენერგია გამოდის. რაც უნდა მირჩიოს, რაც უნდა მითხრას... ასხივებს და მორჩა!

26 თებერვალი, სამშაბათი
დღეს წერის დღე მაქვს. ყველაფერს ვივიწყებ და რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობ. ხანდახან მჭირდება დღე, როდესაც არ ვლაპარაკობ. ამ დროს ჩემმა თანამშრომლებმა იციან, რომ, სავარაუდოდ, მთელი დღე ერთ წერტილს ვუყურებ და ჩუმად ვივლი. მერე, მეორე დღეს, მეუბნებიან, რომ იმ დღეს ჩემს თავს ველაპარაკებოდი. ჰოდა, ეს დღეც ამისთვისაა. ჩემს თავთან რაღაც ანგარიშები მაქვს გასასწორებელი.

როგორც ვაკვირდები, გარეგანი შეზღუდვები არასანდოა ადამიანში. ისინი შეიძლება ვერ გადაიქცეს ინტერნალიზებულ ქცევის ნორმად. ხოლო შინაგანი ნორმები საზოგადოებისთვის უხილავია, ისინი შეიძლება მოწყდეს რეალობას და პათოლოგიურ მექანიზმად ჩამოყალიბდეს. ამ ორ სისტემას შორის წონასწორობის დამყარებისთვის მჭირდება ასეთი დღეები. ან დარღვეული წონასწორობის აღიარებისთვის და მიზეზების მოკვლევისთვის.

მეშინია, როდისმე არ დავიჯერო, რომ უფლებადამცველი ვარ და საკუთარ თავს სხვა ადამიანებზე მეტის გაკეთება ვაპატიო. ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობა არავითარ იმუნიტეტს არ მანიჭებს საკუთარი დარღვევების მიმართ. შეგიძლია, კომფორტულად მოირგო უფლებადამცველის როლი და დაიჯერო, რომ შეცდომას აღარ დაუშვებ. რაფინირებულად თუ ვიტყვით: მე, როგორც უფლებადამცველმა, ყველაზე უკეთ ვიცი, როგორ დავასაბუთო უფლების დარღვევის პროპორციულობა და აუცილებლობა, რაც თურმე მიზნით შეიძლება იყოს „გამართლებული“. რადგან ჭკვიანი ვარ და ვიცი, როგორ დავაჯერო თავი, რომ სწორედ კაცობრიობისათვის იყო საჭირო ჩემი სითამამე. „ააა, თქვენ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობთ?“ „როგორ გეკადრებათ, არც კი მიფიქრია! მე მხოლოდ კაცობრიობის ხსნას ვცდილობდი.“ და თუ მე დავიჯერებ, რომ რაიმეს ხსნა შემიძლია, იმ მომენტში ფუჭდება საქმე.

ან მეორე ვარიანტი: „თქვენი უფლება დაირღვა? იცით, ლანჩზე ვარ, დარეკეთ მოგვიანებით.“

ეს არის სახიფათო დიაპაზონი ქედმაღლობიდან გულგრილობამდე, რომელშიც უფლებადამცველები მოძრაობენ. შუალედი არც ისეთი „მაგისტრალია“, მგონი, უფრო „ესტაკადაა“, რომ შედიხარ ერთ ადგილას, ტრიალებ, ტრიალებ და არ იცი, სად გამოხვალ.

ერთი სიტყვით, დღეს საკუთარი თავის გამოფხიზლების დღე იყო: აზრზე მოდი, ანა! არ დაიჯერო, რომ იმუნიტეტი გაქვს.

სამსახურიდან რომ გამოვდიოდი, მანქანის ბამპერი ნაგვის ურნას გამოვდე და ცოტა დაიღრიცა. გამიხარდა. ზუსტად წინა დღეს ვფიქრობდი, რომ ექვსი თვის განმავლობაში, რაც მანქანის ტარება დავიწყე, არ გამიფხაჭნია და არ შემიჭყლეტია. „ღმერთო ჩემო, იქნებ ნიჭიერი ვარ?“ - გამიჩნდა აზრი. მერე წარმოვიდგინე, თუ ამის შემდეგ, ვინმეს „კრილოს“ გემრიელად გავუსვამდი ან ვინმეს ჯიპს შევჭყლეტდი, რამოდენა იმედგაცრუება მექნებოდა! ჰოდა, ნაგვის ურნით გადავრჩი. რა ბედნიერებაა! პატიოსნად მივიღე პირველი „ნათლობა“ და ჩავეწერე საშუალოსტატისტიკურ დამწყებ მძღოლებში პატარა ინციდენტით. რა ჯობია ამას!

საღამოს მანანამ ფეისბუკის ჩატში მომწერა: „იმედია, ბავშვი კარგად არის! მე ასე მგონია, ის ყურადღება, რაც ჩვენს შვილებს მოვაკელით, თუ კარგ საქმეს ვემსახურებით, მაინც მივა მათთან, მაგრამ ბავშვს ზოგჯერ მაინც დედა უნდა. შვილებს უთხარი, რომ შენ კიდევ სხვა შვილებიც გყავს მოსავლელი და მოგეხმარონ. მე ასე ვეუბნებოდი.“ თურმე, მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ დღეში. და ვინ თქვა, რომ საქართველოში ქალებს და კაცებს წარმატების მიღწევა ერთი ფასი უჯდებათ? ალბათ, კაცები იტყოდნენ...

27 თებერვალი, ოთხშაბათი
დღეს სამსახურში ენაწყლიანი ვარ. მე, ირინა და ანა (თანამშრომელი), ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და მხიარულად განვიხილავთ. ანა ისეთია, შეუძლია სამყაროს აღსასრულის დღეს ანეგდოტი მოგიყვეს და სიმღერ-სიმღერით აღსრულდე. თუ რაიმე კრიზისი გვაქვს, ფაქტობრივად, უწყვეტად ხუმრობს. ნახევარი სამსახური სიცილისგან ძალაგამოცლილი ეხვეწება, რომ გაჩუმდეს, ეს კი არ ჩუმდება. მაგრამ როდესაც ბავშვის ან ქალის უფლების დარღვევის შესახებ გაიგებს, განრისხება იპყრობს. ამას შორიდან ვაკვირდები ხოლმე. ანამ თუ იგრძნო, რომ უსამართლობა მოხდა, ფაქტობრივად, თავში რაღაც რეჟიმი ერთვება. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მისი ეს რეჟიმი, თითქმის ყოველთვის შედეგზე გადის. მე ჩუმად ვაკვირდები ხოლმე, როგორ ბრაზდება ნელ-ნელა და ჯერ ოთახში და მერე ოთახიდან ოთახში დარბის, წერს, რაღაცას გაბრაზებული გვიხსნის, ფაქტობრივად ვარჯიშობს ჩვენზე. მე ამ დროს ჩემთვის მიხარია და არ ვიმჩნევ. შორისდებულებით ვერთვები, და კომპიუტერიდან თავს არ ვწევ. ვიცი, უნდა ვაცადო და კარგ პროდუქტს დადებს. მისი შინაგანი რწმენა არ შემცდარა. ჰოდა, მეც ველოდები. მთავარია, მას თავში ეს რეჟიმი ჩაერთოს.

დღეს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დღე იყო. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სამინისტროებმა ახალი პროგრამა დაიწყეს. მიხარია. პრეზენტაციას ვესწრები. ძალიან კარგი გამოსვლებია. გვერდით ცირა გვასალია მიზის და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ადამიანური ისტორიები აკლია. პატარა, ქუჩაში მყოფი ბავშვების ინდივიდუალური ცხოვრების შინაარსები. ცირა ჟურნალისტია და არაჩვეულებრივ დოკუმენტურ ფილმებს იღებს. ორივეს გვახსენდება და ჩურჩულს ვიწყებთ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატზე. მეუბნება, ახალი რეფორმის ფარგლებში მოხუცებს, მგონი, სადღაც გადაყვანას უპირებენო. მოხუცებს ეს არ სურთ და მთხოვს, სამინისტროში უფროსებს ავუხსნა, რომ ადგილის შეცვლა ხანდაზმულისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გამოკვლევებში წერია, რომ, შესაძლოა, ახალი ადგილი ვერ იცნონ, ვერ შეეგუონ და გარდაიცვალონ კიდეც. მხრებს ვიჩეჩავ. როგორ გინდა აუხსნა ეს მათ? როგორ გინდა ასწავლო, რომ ხანდაზმულებთან თავშესაფარში მივიდნენ, გვერდით დაუსხდნენ, ბევრი მოუსმინონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმონ ნებისმიერი სახელმწიფო რეფორმა მათს შესახებ? შანსი არა მაქვს.

28 თებერვალი, ხუთშაბათი
ამ დღეს დიდი ხანია ველი. 2012 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახელმწიფო დაწესებულებებში მონიტორინგი ჩავატარეთ, ანგარიში კი მხოლოდ დღეს გახდება საჯარო. დილიდან მძიმედ ვარ. ბოლო ორი წელი გამუდმებით საყვედურებს ვისმენ, რომ თურმე სამინისტროს ძალიან ვაკრიტიკებ. ზოგი გადაკვრით, ზოგი პირდაპირ მეუბნება, რომ ასეც არ შეიძლება. თურმე, ამდენი კრიტიკით რეფორმების იმიჯს ვაფუჭებ. ეს ცოტა მწყინს. იმაზეც ვფიქრობ, რომ სანამ ამ სამსახურში მოვიდოდი, ალბათ, ბევრად მეტი ადამიანი იყო ჩემს გვერდით. ახლა თითქოს შემომეცალნენ, რადგან ჩემი კრიტიკული საუბარი აწუხებთ. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი სათქმელზე, თუმცა ანგარიშის პრეზენტაციის წინ ძალების მობილიზება მჭირდება.

ამოსავალი წერტილი არიან ადამიანები, რომელთაც მონიტორინგის დროს ვხვდები. ამოსავალია მათი ემოცია, როდესაც თავის გასაჭირზე მიყვებიან; ხმის ტემბრი, რომელიც ახლა ყურში ჩამესმის; გაუხეშებული და სიცივისგან აქერცლილი კანი. მძიმე სუნი, რომელიც მოვლის ნაკლებობას ახლავს თან, ჩვილი ბავშვის ტირილის ხმა, რომელიც დეფორმირებული თავის ქალის ტკივილით არის გამოწვეული; ბავშვების მოხრილი და გაშეშებული კიდურები, რომელთა შეხებასაც ხელისგულზე ახლაც ვგრძნობ, იმიტომ რომ მინდოდა, ადგილზე გამესინჯა, რამდენად იყო დეფორმირებული ვარჯიშის ნაკლებობის გამო ბავშვის სახსარი; რვა წლის ბავშვი, რომელიც 12 კილოგრამს იწონის და რომელიც ხელში იმიტომ ავიყვანე, რომ ადგილზე სასწორი არ მოგცეს...

საკმარისია. ჩემი მოხსენება იქნება საშინლად მწვავე. თუ ვინმეს არ გესიამოვნებათ, დატოვეთ დარბაზი და იცხოვრეთ თქვენს ილუზორულ სამყაროში, სადაც ეს ხმები და სუნი ვერ შემოაღწევს.

მგონი, ნორმალურად ჩაიარა. ჩემი ენერგია რამდენიმე ადამიანზე გადავიდა. ენერგია არ იკარგება. საღამოს ახალკაცის „მატრიცაში“ მივედი. მგონი, გოგისაც გადავდე ენერგია. ეს მდგომარეობა შეიცვლება.

1 მარტი, პარასკევი
დღეს უნივერსიტეტის საგნების ბაზები გაიხსნა. ძალიან ბედნიერმა ავირჩიე სამართლის ის საგნები, რომლებსაც ამ სემესტრში გავივლი. ისე მიხარია! მგონი, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრებაში მიმიღია: ფსიქოლოგიის და ოკუპაციური თერაპიის შემდეგ სამართალს ვსწავლობ. რაღაც მიზნისკენ სიარული მაძლიერებს. იდეალებს მაძლევს. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემს ფაილს ვხსნი და ნიშებს ვათვალიერებ სამართალში. მსიამოვნებს.

მთელი დღე დაგროვილ ინდივიდუალურ საქმეებთან ვიჯექი. ტელეფონი რეკავდა და უცხო ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა მნახონ. ეს მედიამ იმოქმედა. კარგია, ე.ი. ნდობა მოემატათ და დაიჯერეს, რომ უნდა იბრძოლონ. მშვენიერია. ჩვენ შევძლებთ, რა თქმა უნდა. დიახაც!

2 მარტი, შაბათი
დილას გვიან გავიღვიძე. მშვენიერი მზეა. კარგი კვირა იყო, იმიტომ რომ მქონდა საშუალება, ის მეკეთებინა, რაც მომწონს. შევხვედროდი ადამიანებს და მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ, დამეცვა ისინი, ვინც მიყვარს, მეჩხუბა და გამომეფხიზლებინა ისინი, ვისაც საქმის გაკეთება ევალება.

ამ კვირაში ძილის წინ ერთხელაც არ შემრცხვა, რომ საკუთარ იმიჯს გავუფრთხილდი და ბოლომდე პირდაპირი არ ვიყავი. ამ კვირაში ვგრძნობდი, რომ შემიძლია, რაღაც შევცვალო, თუ გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა. მაქვს ძალა, რომ, თუ საჭირო გახდა, ყველას შევეწინააღმდეგო ერთი კონკრეტული ადამიანის გამო.

ჰოდა, ახლა რადიოში წავალ და ამ ყველაფერს მოვყვები...
XS
SM
MD
LG