Accessibility links

20 ნოემბერი, კვირა

დილას, როგორც ყოველთვის, ფეისბუკით ვიწყებ. იმიტომ კი არა, რომ ფეისბუკზე დამოკიდებული ვარ ან − საინფორმაციო ტექნოლოგიების ყურმოჭრილი „მონა“ (თუმცა არც უმაგისობაა), არამედ მთელი ცხოვრება ვიღვიძებ დილის 5 საათზე. შესაბამისად, მძინავს უკვე ფეხზე, თვალგახელილსაც კი, შეღამებულზე 10 რომ გახდება. ეგაა, სტაფილოს წვენი არ მიყვარს და არც ერთი თეთრი არ მაქვს ანგარიშზე.

მოკლედ, ფერმერად ვიყავი დაბადებული და შეცდომით მოვხვდი ჯერ ფილოლოგიაში, შემდგომ კი − საინფორმაციო ტექნოლოგიების „პროპაგანდა-აგიტაციაში“.

ამინდის პროგნოზს ვათვალიერებ, ინტერნეტს ვჩხიბავ. ცივსა და გაყინულ დღეებს ველი. არ მაწყობს. ვინ მკითხავს?! ცას რომ გვერდი შეუწითლდება, ქარი იქნება. ამდენი ვიცი, მაგრამ ღორის კუდი რა გრადუსით უნდა იყოს აპრეხილი, ჯერ ვერ ვხვდები: არ ვიცი, რომელია საავდრო და რომელი − სადარო.

ჩიტები რომ მიწაზე განერთხმებიან, ვიცი, მოთოვს. ერთი კვირის პროგნოზი სულაც არ არის საამო. ვდარდობ. სოფელი მაქვს ასაშენებელი. თან პირველი ხმაც ვიპოვე და მეორეც. მე ბანი ვარ.

სოფელში ვცხოვრობ მეოთხე წელია. პირველად მზესუმზირის მარცვალი რომ ჩავაგდე ქოთანში (მიწას როგორ შევბედავდი ასეთ თავხედობას მე, ნეოფიტი?!), გიჟივით დავრბოდი ქოთნის ირგვლივ: ჯერ გაიხლიჩა, გადასკდა ღარებში და პაწუკა ულვაში გამოყო, თოთო და რბილი. მერე იწვერებოდა, იწვერებოდა და მზისკენ იწევდა. მზისკენ იწევს ყველაფერი. პომიდვრის ჩითილიც, ლუფაც (ანუ „მაჩალკა“) − ჩემი ბოლოსწინა სიყვარული.

ახლა კი ყველას ეცინება, მაგრამ მაშინ სანაძლეოებს დებდნენ, ნეტა რამდენ ხანს გაძლებს უწყლოდ (უწყლოდ თქვენ ხართ, მე იმოტოლა ჭა მაქვს, პირთამდე სავსეა), ცემენტის შესანახი, ნაკანტორალი შენობის პირველ სართულზე, უშუქოდ, შეშის ღუმელთანო (ვამწვავებ, თორემ შუქიც იყო და გაზიც. უბრალოდ, შემოყვანა, ტრასიდან გადმოჭიმვა უნდოდა, როგორც ამბობდნენ). ყველამ წააგო.

გავძელი კი არა, პირველივე თვეს ისეთი გაკვეთილი მომცა ხევის გაღმელმა მეზობელმა, დურგალმა, რომელსაც კარები შევუკვეთე... უფ!

მოვიდა ერთ დღეს გახარებული: ქალბატონო ანა, გარგარი ჩავყარეო. ბრწყინავდა და დაფრინავდა კაცი! გავიხარე მეც და: გაის ამ დროს რა მოსავალი გვექნება-მეთქი, და სიტყვებისთვის მეტი სიმძიმე და სიბრძნე რომ მიმენიჭებინა, დავამატე: ნერგები სომხურია თუ ქართული-მეთქი. ისე ვკითხე, ტყუილად.

გაკვირვებულმა შემომხედა: რა გაისად, ქალბატონო ანა, პირველ მოსავალს შვიდ წელიწადში ავიღებო. ერიჰააა! ამას შვიდი წლის მერე ასაღები მოსავალი ისე უხარია, თითქოს ხვალ გაჰქონდეს ბაზარზე, მე კი ყველაფერი ახლავე მინდა: აქ და ახლა!

ხომ ამბობენ, სიტყვას, გარემოს, ამბავს, ადამიანს, რა ვიცი, კიდევ რას, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ადამიანის განწყობა და დამოკიდებულებაო. ეს დამემართა, 50 წლით დავბრძენდი. დროის სხვა აღქმაში გადავსახლდი.

არსად მეჩქარება, ვიცი, რომ გარგარს შვიდი წელი უნდა ველოდო. „ჩექობალს“ (ყურძენია ასეთი, მეგრული) − სამი წელი.

ხვალ და ახლა არაფერიც არ იქნება. ყველაფერი დიდ დროზეა გაწერილი. არც კვატი გაიზრდება ათ დღეში. ათ დღეში ის მხოლოდ ჭუკია იხვის.

წავედი ამ გახსენებაზე (ამასობაში ირიჟრაჟა): ქათმებს კუმისური წვრილ-ყვითელი სიმინდი უნდა დავუყარო: შვილიშვილისთვის ბიოქათმები მყავს გამოსაზრდელი.

21 ნოემბერი, ორშაბათი

ვიღაცისთვის მძიმე დღეა, ჩემთვის კი − ერთი რიგითი დღე, რომელიც კვირის მერე მოდის. ხანდახან შაბათის მერე უცებ დგება ორშაბათი. გააჩნია, კვირა როგორ არის დატვირთული და როგორ მომღლის.

სიცივეზე არაფერს ვამბობ: ყინვებიანი ნოემბერი დაგვიდგა.

დღეს ეკონომიკის სამინისტროში ერთ ახალგაზრდა სპეციალისტს ვხვდები. სახელს და გვარს არ დავწერ: რა ვიცი, რა ფეხზე შემხვდება, რას მეტყვის. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა. უნდა ავუხსნა, რის აშენებას ვაპირებთ მიწაზე, რომლის შეძენაც გვინდა. დაახლოებით ისე, როგორც ნინო ბურჯანაძეს მიჰყიდეს თავის დროზე, ანუ ერთ ლარად. რატომ? იმიტომ, რომ მილიონზე მეტის ინვესტიცია ხორციელდება „თელეთის ყველის სახლის“ ასაშენებლად და დამატებით ფერმაც უნდა აშენდეს. ეს მიწა, ანუ 9000 კვადრატული მეტრი, ჰექტრამდეა შემოჭრილი ჩვენს ტერიტორიაზე. არც სხვას გამოადგება, და არც გასაყიდად ვარგა. თავს ვიმშვიდებ.

მოგვყიდიან? წამოვლენ ჩვენს პირობებზე?

ნეტა, თუ „მიწყალობებენ“ როგორც „ყველის დედას“. არადა, რამოდენა კონცეფციით მივადექი ეკონომიკის უწყებას!

გოგონამ მითხრა, დაგაგვიანდათ, დღეისთვისაა დანიშნული კომისიის სხდომა და, თუ გინდათ, განაცხადი შემოიტანეთ და მომავალ კვირაში განვიხილავთო. ანუ ორი თვეა, ჩემი წერილი დადის, დადის, დადის ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვამდე, მერე გუბერნიაში და მუნიციპალიტეტში: სოფლის, რაიონის. ბოლოს დადებითი პასუხით დაბრუნდა ეკონომიკის სამინისტროში. ანუ, გუბერნატორიც, გარდაბნის მუნიციპალიტეტიც და, რაც ყველაზე მთავარია, სოფლის გამგეობაც, თანახმა არიან, ეს მიწა უსასყიდლოდ, სიმბოლურ ერთ ლარად გადმოგვეცეს. ეს გოგონა კი მეუბნება, კიდევ ერთი კვირა დაიცადეთ, მერე კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ და ვნახოთო.

დავღონდი!

ვიწყებ მოყოლას. გასაუბრებაზე ვარ და აბა, რა უნდა ვქნა?! ვყვები, რომ ქვეყანაში არ არსებოს რძის პროდუქტების თანამედროვე სტანდარტი, არავინ იცის, რას ვჭამთ და რატომ ვჭამთ. იმასაც ვაპარებ, რომ ეს მე დავიწყე ამ ქვეყანაში, მე სასიკვდილემ, ყველის რევოლუცია! ვუხსნი, რომ ყველის დიდი საწარმო, რომელსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ იმ მიწის მიმდებარედ, რომელსაც ვითხოვთ, მოემსახურება არა მარტო კარგი, საღი, მაგარი პროდუქციის შექმნას, არამედ სტანდარტების ორგანიზებასაც.

სკოლასაც იქვე ვხსნით. დიახ, დიახ, მეყველეთა სკოლას! ამასთან ერთად, აქვე, ამ ტერიტორიაზე, აშენდება ბაღ-ვენახი და აგროტურიზმის ცენტრი. უკვე შენდება კიდეც, ეს გეგმა და კონცეფცია არაა, პროცესში ვართ.

როცა მკითხა, კი მაგრამ, დამატებით ეს მიწა რისთვის გჭირდებათო, მოვხსენი გუდას პირი და საოცნებო ფერმის ისეთი კონტურები შემოვხაზე, გულწრფელად ვიტყვი, იქვე მიიღო გადაწყვეტილება: მოდით, რა, დღესვე გავიტან ამას კომისიაზეო.

კი, ნამდვილად დავხატე ბედნიერი ძროხა, რომლის საფხანიც სტაფილოსფერია და დიდრონი ფერმის ჭერში კიდია ნამის მფრქვეველი „ვენტილატორი“ მაგრილებელი მაკე და მშობიარე დედებისათვის, როცა დასცხებათ ფერმის ბინადრებს. ხბოების ოთახში კინაღამ საკუთარი თავი დავიბი! არადა, ზუსტად ასეთი ფერმის აშენება გვინდა. თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე, ზემო თელეთში.

გადაწყდა − დღესვე გაიტანენ კომისიაზე!

22 ნოემბერი, სამშაბათი

ჩემი ბიოლოგიური მაღვიძარა ისეთ სისხამ დილას იღვიძებს, არაფერი შველის. უნდა და იღვიძებს. დილის ხუთი საათია.

დღეს ბექა უნდა ამოვიდეს და ეთნოგრაფიული საწარმოს დეტალები დაამუშავოს. ეს ის ბექაა, ბექა გონაშვილს თავის დღიურებში რომ ჰყავს მოხსენიებული, როგორც მეყველეების ახალგაზრდა გურუ.

წესიერი კაცია ჩემი ბექა. მორაგბე იყო წინა ცხოვრებაში, მსოფლიოჩემპიონატების მონაწილე და კარგი კაცი.

ახლა მეყველეა ჩემსავით. ერთ თვეს ვართ დაბადებულები, „სასწორები“ ვართ, და ამიტომ ცოტას დავფრინავთ, მაგრამ, რასაც ხელს ვკიდებთ, სულს და გულს ვაქსოვთ. ამიტომ ხანდახან გვიჭირს ბიზნესმენებთან ურთიერთობა, იმათთან, ფულის თვლა რომ უყვართ. შუბლზე გვაწერია, რომ ადვილად მოსატყუებელი ხალხი ვართ.

ეს მწყინს, მაგრამ როგორღაც გამოვძვრებით. ჩვენც ვისწავლით ფულის დათვლას.

დღეს სახლთან მიშენებული ეთნოგრაფიული სამზადის მიკოხტავების დღე გვაქვს. საშინლად მწყდება გული, რომ ყველის მუზეუმს მხოლოდ მპირდებიან, მპირდებიან, საქმე კი ვერა და ვერ დაიძრა. ყველგან დავაწანწალებ ამ მინაბაძებს, რომლებიც ქვეყნის მუზეუმებში ვიპოვე. ზოგი არტეფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, რვა ათასი წლისაა!

გულს მტკენს ასეთი არგუმენტიც: „რა დროს ყველის მუზეუმია, ჯერ ღვინის მუზეუმიც არა გვაქვს!“ ჰოდა, დალოცვილებო, რატომ არ გვაქვს მერე ღვინის მუზეუმი, რატომ? თან, განა ღვინის მარნები გამზადებული მუზეუმები არაა? ყველის საწარმოები კი „ნერჟავეიკების“ ლაბირინთებია.

ამიტომაც სახლთან რომ სამზადისი ამიშენა სოსო გალუმაშვილმა (ამ კაცზე ცალკე დავწერ როდისმე ოდებს), იმას გადავაკეთებ საყველე-საოჯახო საწარმო-მუზეუმად.

23 ნოემბერი, ოთხშაბათი

დღეს გიორგობაა.

არ მიყვარს საყოველთაო დღესასწაულების და დაბადების დღეების, ახალი წლების და ა.შ. მილოცვა. ამიტომ დღეს ჩუმად ვიქნები.

ისე, ყინავს და ცივა...

24 ნოემბერი, ხუთშაბათი

დილიდან ველოდები, რომ დამირეკავენ პრივატიზაციის დეპარტამენტიდან და მეტყვიან, რა მოხდა კომისიაზე.

არავინ მირეკავს...

საღამომდე ვითმინე და მერე დავუარე ყველას, ვისი ტელეფონიც მიწერია და ვინც მპასუხობს ხოლმე დაუყონებლივ. ასეთი გიორგი კალანდაძეა. რამდენიმე ადამიანი ვერ და არ გამოჩინოვნიკდა ჩემს ცხოვრებაში. კეთროვანივით ვერიდები ნაცნობების მოკითხვას სახელმწიფო უწყებებში, ვიცი, როგორ ეცვლებათ ადამიანებს ქიმია და არ მინდა, იმაზე მეტად დამწყდეს გული, ვიდრე ისედაც მწყდება ხოლმე.

გიორგი არ შეცვლილა. როცა ძალიან მიჭირს და ფეისბუკზე დავყრი სევდიან სტატუსებს, საჩუქრებით მოდის გასამხნევებლად. მიყვარს ეს ადამიანი.

წამის მეასედში დამირეკეს პრივატიზაციიდან. და სრულიად გაურკვეველი პასუხი მითხრეს. ვდგავარ ახლა შემოსაღობ ადგილას და არ ვიცი, ეს ღობე შემოვაწყო უკვე ტერიტორიას თუ საფლავი გავითხარო და ის შემოვსაზღვრო... ანუ, ჯერ ვერაფერიც ვერ გავიგე − გრძელი პროცედურები მელოდება თურმე.

დაველოდები, სხვა რა გზაა...

25 ნოემბერი, პარასკევი

„მაგთიში“ შევიარე, პულტი მომყიდეს 15 ლარად. „სილქნეტი“ უნდა ავამუშავო.

საღამოს ბექა გონაშვილს მივწერე. იმანაც მიპასუხა, მიყვარს ეს ადამიანი და გული მწყდება, ცოტა გაურკვევლობაში ვართ. იმედია, გავერკვევით და ისევ გვეყვარება ერთმანეთი. მაბოდებს მის ულამაზეს შვილზე, მზესავით ბიჭი ჰყავს: ოქროსფერთმიანი და დიდი, ლურჯთვალება კაცი. ანათებს.

მისი ნინოც მიყვარს, ლამაზი ჭკვიანი ნინო...

26 ნოემბერი, შაბათი

მარინას შევპირდი, დილით დღიურებს გადმოგიგზავნი-მეთქი, წუხელვე მქონდა მიმთავრებული. ეს ერთი დღეღა მაკლდა. ისე, ჩემთვის გავიფიქრე: „აი, ხვალ მთელი დღე შუქი რომ არ იყოს, მერე სად მიდიხარ, ხომ მოიჯაყე ეს მეფისტოლა მეყველე ქალი?

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მე ეს ამიხდა: შუა დღიურის წერაში შუქი წავიდა, წაშავდა, წაბნელდა...

ამ შუქის წასვლა-მოსვლასთან დაკავშირებით მე და „ენერგო-პროს“ დიდი „სიამტკბილობა“ გვაქვს. გამორთავენ შუქს. მოვა თუ არა, შევვარდები ფეისბუკში. დავიწყებ მოთქმა-ტირილს, რამდენი მწყერი დაიღუპა და გაცუდდა კვერცხი ინკუბატორში. მე კი არა, მთელ მიმდებარე ფერმერობას რამდენი პრობლემა ექმნება და ვიწყებ მუქარას, რომ წავალ სასამართლოში, მეზობელ ფერმერებთან ერთად.

ერთ დღესაც ჩემი და მეუბნება, გარეთ ორი კაცი გელოდება, საქმე აქვთო. გავედი. სამზადისი რომ მაქვს, და ვამზადებ საყველე-საოჯახო მუზეუმს, იქ დგანან.

მთავარი ინჟინერი ვარ „ენერგო-პროდანო“ და ბოდიშის მოსახდელად მოვედით, ამიერიდან ყველა გამორთვის წინ გაგაფრთხილებთ და თადარიგი დაიჭირეთ, ეს ძალიან იშვიათადმოხდებაო. დღემდე პირნათლად ასრულებენ დანაპირებს.

შუქი ზუსტად ათ წუთში მოვიდა.

...ეს წუთია, ძალიან ცუდი ამბავი გავიგე: ერთი არაჩვეულებრივი გოგო გაიტანა „აბგონზე“ გიჟივით შემოვარდნილმა „ბე-ემ-ვემ“ ნატახტრის გზაზე. ახალი გახსნილი რესტორანი ჰქონდა ნათიას. უმაგრესი გოგო, მენეჯმენტის უბადლო მცოდნე, ძლივს საკუთარი ბიზნესი წამოიწყო ორი თვის წინ...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG