Accessibility links

31 იანვარი, კვირა

დღეს კვირაა და დილიდან ვევაჭრები თავს, რომ საჭიროა ადრე ადგომა − ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. სანამ ვაჭრობაში ვარ, ვფიქრობ, რა მოხდა გუშინ, წინა კვირაში, და როგორ მოვემზადო საღამოსთვის და ხვალინდელი დღისთვის.

ვიცვამ და გარეთ გავდივარ. ძალიან მიყვარს კვირა დილით თბილისი. რაღაცნაირი სიმყუდროვეა, ჰაერი − სუფთა, ხალხი − კანტიკუნტად და ქალაქი − ჩვეულზე მეტად ზანტი. სუსხსა და ყინვაშიც კი სასიამოვნოა ფეხით სიარული: ირგვლივ ისეთი სიმშვიდეა, რომ ვერ ხვდები, რომ იმ თბილისში ხარ, სადაც რამდენიმე საათში ჰაერი დამძიმდება მანქანების გამონაბოლქვით, სიგარეტის სუნით და ისეთი ხმაურით, რომ ისევ ძალიან მოგინდება, მალე მოვიდეს მომავალი კვირა დილა.

კვირა დილა მარტო ამიტომ არ მიყვარს: კვირას ქეთის ვხვდები ხოლმე და ცოტა ხნით ისევ გვარებად ვიქცევით − როგორც ძალიან დიდი ხნის სკოლაში ვეძახდით ხოლმე ერთმანეთს. განვიხილავთ გასულ კვირას და მომავალ კვირასაც მიმოვიხილავთ, ვინმეს დაბადების დღე ხომ არ მოდის, ვინმე ხომ არ გვყავს სანახავი და ა.შ. მაგრამ თითქმის ერთი წელია, ჩვენს „ბრანჩს“ სხვა დღის წესრიგი აქვს. ქეთის სასწრაფოდ ჭირდებოდა ფეხის ოპერაცია, რომელიც, გარდა მენტალური განწყობისა, ხარჯებსაც მოითხოვდა; არც ისე ბევრს, მაგრამ მისთვის არცთუ მცირეს.

დღეს ქეთის ვერ ვნახავ, თუმცა მაინც ძალიან მიხარია. გუშინ ვნახე, ოპერაციიდან მეექვსე დღეს როგორ „დაკვანჭალებდა“ ყავარჯნების დახმარებით, მაგრამ უკვე ტკივილის გარეშე.

ჯერ ეკლესიაში მივდივარ. ვიცი, ქეთის ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ ვიყავი. თან დღეს განსაკუთრებული მისიაც მაქვს, ჩემი წილი მადლობა გადასახდელი, ჩემი წილი სანთელი დასანთები იმისათვის, რომ თითქმის შეუძლებელი მოხდა. ზოგი ადამიანის გულგრილობისა და 4800 ლარის არქონის მიუხედავად, ქეთი კვლავ შეძლებს საშინელი ტკივილის გარეშე სიარულს. წინ მეორე ოპერაციაც ელის, მაგრამ არა უშავს: რაკი პირველი ოპერაცია წარმატებულია, უკვე მეორე ფეხზეც არ ჩანს ოპერაცია ისეთი საშიში და მეორე 4800 ლარიც აღარ ჩანს უსაშველოდ ძვირი.

იმ ფონზე, რასაც ყოველდღიურად თუნდაც ფეისბუკზე ადამიანების სიცოცხლისათვის აუცილებელ თანხებს ვუყურებთ, 9600 ლარი არც ისეთი შემაშფოთებელი და უშოვნელია და თან გგონია, რომ სირცხვილიც კია, ასეთი შედარებით მცირე თანხაც პრობლემური რომ არის ისეთი პროფესიონალისთვის, რომელიც რამდენიმე მილიონად შეფასებულ ლაბორატორიაში მუშაობს, თანაც − მოგებაზე ორიენტირებულ სფეროში. მაგრამ როცა იცი, რომ ეს ადამიანი თავს მაინც რეპეტიტორობით ირჩენს, იმიტომ რომ მის ძვირადღირებულ ლაბორატორიას არ აქვს შესაძლებლობა (თუ სურვილი), საარსებო მინიმუმზე მაღალი ხელფასი გადაუხადოს თანამშრომელს დოქტორის ხარისხით, კორპორაციული სადაზღვევო პაკეტი კი აუცილებელ გამოკვლევებსაც კი არ აფინანსებს, ხვდები, რამდენად უსუსურია ის. უსუსური ვარ მეც, და არა იმიტომ, რომ ფული არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა არ მაქვს, არ მაქვს შესაძლებლობა, ქეთი დავარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ეს ყველაფერი წინა კვირის ემოციაა, დღეს დილით კი, უბრალოდ, მადლობას ვიხდი, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.

1 თებერვალი, ორშაბათი

დღეს ორშაბათია, ზამთრის ბოლოს თვის პირველი დღე. კარგი შეგრძნებაა, რომ გაზაფხული ახლოვდება.

როგორც ყოველი დილა ამ ბოლო დროს, დღევანდელი დილაც რეფლექსიით მეწყება. თუმცა, დღეს გაცილებით ნაკლები დრო მაქვს ამისათვის: ადრიანადვე უნდა მოვასწრო რამდენიმე იმეილის გაგზავნა.

გუშინდელ საღამოს ვიხსენებ. როგორც იქნა, ჯგუფელები შევიკრიბეთ, თუმცა ყველანი მაინც ვერ შევგროვდით. ჩვენი დიალოგები რაღაცით ჰგავდა ნაწყვეტებს „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“: ვერ ვიხსენებდით ლექტორებს, სიტუაციებს, რომლებიც თურმე ზოგიერთი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ყველაზე გულმავიწყი მაინც მე აღმოვჩნდი: მართალია, მახსოვდა, რომ ძალიან საინტერესო სტუდენტობა მქონდა, საერთო მოგონებებიდან ბევრი არაფერი დამრჩენია მეხსიერებაში. ამ ადამიანებთან ურთიერთობისა და მწირე სამედიცინო განათლების მიღების გარდა, არც კი ვიცი, რაში დავხარჯე ექვსი წელი.

დღიური სტუდენტობის მერე აღარ დამიწერია. ის დღეც გამახსენდა, როცა ჩემი ბოლო ჩანაწერი წავიკითხე და მივხვდი, რომ ძალიან მტკენია გული. ისე განვიცადე, რომ ასეთი მოწყვლადი გამოვდექი (ეს სიტყვა მაშინ არც ვიცოდი), რომ ის დღიური საგულდაგულოდ შევინახე და ახლა, კიდეც რომ მოვინდომო, ალბათ ვეღარც ვიპოვი.

მოგონებებისთვის მეტი აღარ მცალია: ბარგი მაქვს ჩასალაგებელი. დღეს ერევანში მივდივარ, ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე ქართველი და აფხაზი პროფესიონალები და აქტივისტები ვმონაწილეობთ.

განსხვავებით ბოლო შეხვედრისწინა ეიფორიისგან, დღეს რატომღაც მშვიდად ვარ. წინა შეხვედრა, რომელიც ბავშვთა ძალადობის საკითხებს ეხებოდა, რამდენიმე თვის წინ ჩატარდა სტამბოლში. მანამდეც და შეხვედრის დროსაც, ღამეები არ მეძინა სტრესისგან.

ივლისში, როცა ბელგრადში ვიყავი ჩემი რეგიონული პროექტის საკოორდინაციო შეხვედრისთვის, „თეთრი შურით“ გავიბერე, როცა ვნახე, როგორ თანამშრომლობდნენ ერთი მაგიდის გარშემო მსხდომი სერბები, ბოსნიელები, ალბანელები და კოსოვოელები; როგორ მსჯელობდნენ ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებულ საერთო პრობლემებზე, რამდენად კოსტრუქციულები და მგრძნობიარენი იყვნენ საღამოობით, ერთობლივი სადილების ან პაბში ჯდომისას; მაშინ, როდესაც სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ, განსაკუთრებით − არაფორმალურ გარემოში. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვეში უკვე სოხუმში და გალში მომუშავე პროფესიონალებთან ერთად ვიმსჯელებდი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი კანონმდებლობის დახვეწა, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერალის) პროცედურების არსებობა, სხვადასხვა სააგენტოს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და ამ საქმეში ჩართული პროფესიონალებისთვის საგანგებო რჩევების მომზადება.

ამჯერად, წინასწარ გამოგზავნილ საორგანიზაციო იმეილში წინა შეხვედრაში მონაწილეებიდან მხოლოდ სამი სახელი აღმოვაჩინე, აქედან ერთი მონიკა იყო, რომელიც გალში ცხოვრობს და მუშაობს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, სწორედ ის დავინახე პირველად და მანაც გამიღიმა, დაგვიანებულს.

გზა ერევნამდე ძალიან დამღლელი გამოდგა: შეუსვენებლად, სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ვიმგზავრეთ. თან კინაღამ ცუდად გავხდი მიკლაკნილ-მოკლაკნილი გზის გამო, რაც კარგ საბაბად გამომადგა, კიდევ ერთხელ გადამედო სტუდენტების ნაშრომების გასწორება. ისე, თან კი წამოვიღე.

საღამოს სადილზე შევიკრიბეთ ყველანი. პირველი შთაბეჭდილება ჯგუფისა და შეხვედრისშესახებ: წინ საინტერესო სამი დღე გველის.

2 თებერვალი, სამშაბათი

9:30-ზე ყველანი საკონფერენციო ოთახში ვიყავით და დავიწყეთ მოლოდინების ჩამოთვლა და შეხვედრის ფორმატის განხილვა. მე, როგორც ყოველთვის, შანსი არ გავუშვი და ვახსენე, რომ ქალების გაძლიერება გოგოების გაძლიერებით იწყება, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ გოგოებისთვის ბავშვობა გაცილებით უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე ბიჭებისთვის, მნიშვნელოვანია, რეალიზებული იყოს გოგოებისთვის თუნდაც კანონით მინიჭებული ბავშვობის უფლება.

დღე საინტერესო იყო, ბოსნიელმა ექსპერტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება და განმტკიცება სხვადასხვა მხარეებს შორის, რა შედეგების მიღწევა შეიძლება თუნდაც პოლიტიკაში, თუ ქალი მიზანდასახული, პრინციპული იქნება და არ შეუშინდება პატრიარქალური საზოგადოების გამოწვევებს.

სადილზე ერთად ვისხედით მე, მანანა, იზოლდა და რეგინა, და ისე გავერთეთ საუბარში, რომ, სანამ ოფიციანტებმა არ დაალაგეს მთელი სასადილო, ვერ მივხვდით, რომ უკვე პირველი იყო დაწყებული. საუბარი კი სულაც არ იყო პროფესიული...

იზოლდა ჰყვებოდა, როგორ გახდა უკვე სამი შვილის, მათ შორის ორი ტინეიჯერის, დედა სტუდენტი. დღეს ის უკვე მე-4 კურსის სტუდენტია და უკვე სხვანაირად ზრდის თავის უმცროსს შვილს; ფიქრობს, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა უფროს შვილების აღზრდაში, ალბათ უფრო იმიტომ, რომ 17 წლისა გათხოვდა და ძალიან ადრე გახდა დედა.

მანანა სტომატოლოგია, დედა ქართველი ჰყავს და ქართულადაც იმერული აქცენტით ლაპარაკობს. საქართველოში ხშირად დადის: ხან ოჯახურ შეკრებებზე, ხანაც იმიტომ, რომ მის ძმისშვილს „ბრეკეტები“ უკეთია და დროდადრო კორექცია აქვს ხოლმე გასაკეთებელი.

რეგინა კი ლიტველი ჟურნალისტია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობს და ქალებისა და მშვიდობის თემებზე მუშაობს.

3 თებერვალი, ოთხშაბათი

დილიდან ქალების უფლებადამცველი და აქტივისტი უკვე ერთ-ერთი ორგანიზაციის გამოცდილებას გვიზიარებდა სომხეთში: როგორ შეძლო სტუდენტურმა ორგანიზაციამ მთელი მოძრაობის შექმნა. 2013 წლის გენდერული ანგარიშის მიხედვით, 136 ქვეყანას შორის სომხეთი 94-ე ადგილზე იყო, საქართველო კი - 86-ზე, ბოტსვანის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ აქვთ საკანონმდებლო დონეზე აღიარებული ოჯახური ძალადობა, მაინც შთამბეჭდავი იყო მათი ორგანიზებული კამპანიები, რომლებიც ზუსტად ასახავდა რეალობას და ბევრ ემოციას აღძრავდა.

დღის მეორე ნახევარში გამართული შეხვედრა უფრო მეტად ინტერაქტიული იყო, დემონსტრირება გავუკეთეთ ერთ-ერთ ტრენინგის მოდულს Compass-იდან. თემა: „ჩვენი გმირები“. უნდა დაგვეწერა ოთხ ქალსა და ოთხ მამაკაცზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩვენს ცხოვრებასა თუ მსოფლმხედველობაზე. დავალება ჯერ ინდივიდუალურად უნდა შეგვესრულებინა, შემდეგ კი ჯგუფში გაგვეზიარებინა.

პირველი, ვინც მომაფიქრდა, ბებიაჩემი იყო. ჯგუფში მუშაობა სამ აფხაზსა და ორ ქართველს მოგვიწია ერთად. თითქმის ყველას გვყავდა მითითებული ოჯახის წევრი: დედა ან ბებია. სხვა გმირების დასახელებისას გამოჩნდა, რამდენი რამ არ ვიცოდი ისტორიაზე, კონფლიქტზე. მეცნო დიმიტრი გულიას სახელი, მაგრამ არაფერი ვიცოდი მის რომან „კამაჩიჩზე“. კიდევ ერთი, ვინც დასახელებული გმირებიდან მეცნო, ვლადისლავ არძინბა იყო. თითქმის ყველა დანარჩენი გმირი კი ომის სახეს წარმოადგენდა.

საინტერესო იყო დისკუსია სავარჯიშოს შემდეგ, როცა აღნიშნეს, როგორ მშვიდად ვუსმენდით ქართველები მონათხრობს აფხაზების ომის გმირთა შესახებ და არ ვეკამათებოდით მთხრობელებს. ძალიან გაუკვირდათ და ესიამოვნათ. თუმცა, ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ, როგორც კი ვიღაცამ ილია მეორე ახსენა, რამდენიმე მონაწილე შეეცადა, რომ ის საპრეზენტაციო სიაში არ მოხვედრილიყო. პრეზენტაციის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ თუნდაც მტრის ეს კონკრეტული სახეები კონკრეტულ სახეებადვე დარჩეს და არ ხდებოდეს მათი განზოგადება სრულიად საქართველოზე.

საღამოს, როდესაც თითქმის ყველანი ერთად მალხაზის ჯაზკლუბში წავედით, უკვე აღარ ვფიქრობდით გმირებზე, ომზე, და ერთად გვეცინებოდა კედელზე გაკრულ ფოტოსურათებზე, რომლებზეც ჩვენი მასპინძელი პუტინთან და მედვედევთან ერთადაა გადაღებული.

4 თებერვალი, ხუთშაბათი

დღეს მოკლე სამუშაო დღეა. დილიდან ვუსმენთ ესპანელ ექსპერტს, რომელიც ესპანურ გამოცდილებაზე გვიამბობს და გვიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება ქალების მიმართ ძალადობის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) შესაბამისად. ექსპერტმა ისაუბრა იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის მომზადებაში ბევრი ორგანიზაცია ჩაერთოს და კომიტეტისთვის მიწოდებული დოკუმენტი მაქსიმალურად იყოს გაჯერებული ორგანიზაციების მიერ შეგროვებული ინფორმაციით.

ოთახში მყოფთაგან მე, ალბათ, ყველაზე მეტად მესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემების არსებობა ანგარიშისთვის. „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის“ საქართველოს კოალიციის სახელით ვმუშაობ ბავშვთა უფლებების შესახებ ალტერნატიულ ანგარიშზე, ყოველდღე ვიქექები კანონებში, ათასგვარ ანგარიშებსა თუ მოხსენებებში, მაგრამ მაინც გვაკლია მონაცემები, რომლებიც პრობლემების სრულ მასშტაბს დაგვანახვებდა.

2013 წელს უნისეფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბავშვზე ძალადობენ ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებში. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას; მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება შედეგიანია; ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების უმრავლესობა (60%), ვისაც კანონით ევალება ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება, ღრმად არის დარწმუნებული, რომ ოჯახის საქმე „ფაქიზი საკითხია“ და უმჯობესია, ამაში არ ჩაერიონ.

ჩვენი ალტერნატიული ანგარიში, რომელიც 2007 წლის მერე არ მომზადებულა, რადგან საქართველოს სახელმწიფოს კომიტეტისთვის არ წარუდგენია თავისი ანგარიში, შეეცდება შეეხოს ყველა იმ არსებულ პრობლემას, რომელიც ბავშვთა უფლებების განხორციელებას ეხება. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებულ ხარვეზებს.

5 თებერვალი, პარასკევი

როგორც კი მობილური „მაგთიზე“ გადმოირთო და იმეილები აწკაპუნდა, მაშინვე დავიწყე პასუხების გაცემა. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასამუშავებელი, ორშაბათს და სამშაბათს კოალიციისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება.

„საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ 2012 წელს შეიქმნა და სფეროში მომუშავე 53 ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიცია ოთხი მიმართულებით მუშაობს: ბავშვების მიტოვების პრევენცია და ოჯახების გაძლიერება, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ზრუნვიდან გასვლა. კოალიცია ჯერ არ არის რეგისტრირებული, მაგრამ ცდილობს, შექმნას მდგრადი და აქტიური გაერთიანება, რომელიც იზრუნებს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის მონიტორინგზე; მათი კეთილდღეობის არსებული სისტემის ანალიზსა დასაჭიროებების გამოკვეთასა და სხვა საკითხებზე.

შეხვედრის ორგანიზებასა და მმართველობის ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტაში ბულგარელი ექსპერტები გვეხმარებიან.

6 თებერვალი, შაბათი

დღეს დილიდან დღიურის დასრულებაზე ვმუშაობ. ასე რომ, იმეილებიც კი არ გამიხსნია. ვწერ და ვფიქრობ, როგორ გადავჩვეულვარ ქართულად წერას, მით უფრო - არაპროფესიულ თემებზე. რამდენი ხანია, ფეისბუკისა და ვაიბერის ეპოქაში, წერილიც კი არავისთვის მიმიწერია. ვფიქრობ იმაზეც, რომ ყველაფერ ამას თურმე გაცილებით მეტი დრო ჭირდება, ვიდრე მახსოვდა.

დღეს მაიკოს დაბედების დღეა. მას, მართალია, ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ ფეისბუკის მეშვეობით მაინც ვინარჩუნებთ კონტაქტს. იმედი მაქვს, რომ მისი ანა იმავე ფეისბუკით მაინც იცნობს თავის ნათლიას და სულ მალე მიიღებს საჩუქარს, რომელიც აგერ უკვე ერთი წელია შეფუთულია და ელოდება.

საღამოს, მუშაობით რომ დავიღლები, ჯერ ბაბუაჩემის საყვარელი კექსი უნდა გამოვაცხო (იმის ნიშნად, რომ ხვალ 91 წლის გახდებოდა), მერე კი იქნებ დიდი ხნის უნახავი მეგობრებიც ვინახულო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG