Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჯანდიერი - იურისტი


7 ოქტომბერი, კვირა
გუშინ დავბრუნდი თბილისში, მაგრამ ისევ ზუგდიდში მგონია თავი. თვალწინ მიდგას ეს ქალაქი, საოლქო საარჩევნო კომისია - უამრავი ხალხით, უამრავი პოლიციელით გარშემორტყმული. ყურში ისევ ჩამესმის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა. ხმა კი არა, ყვირილი. რამდენიმე დღეა თავს ვეკითხები, რატომ ყვიროდა გამუდმებით ეს ქალბატონი. „ალბათ იმიტომ, რომ მუდმივად კანონს არღვევდა“, გავიფიქრე. მახსენდება ზუგდიდელი მძღოლის მონათხრობი ისტორიები, თბილისამდე მთელი გზა რომ მიყვებოდა - ბოლო წლებში სამეგრელოში გამეფებულ განუკითხაობაზე. ყველა ისტორიას ერთსა და იმავე ადამიანს უკავშირებდა. უსამართლობა ბევრს შეეხოო, რამდენჯერმე გაიმეორა. უსამართლობაზე ისევ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მახსენდება და ზუგდიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელი. ნეტა რა ბედი ეწევა, ვფიქრობ...

ვგრძნობ, რომ დაღლამ ჯერაც არ გამიარა. ამიტომ მინდა ეს დღე დასვენებას მივუძღვნა. ესემესი მომდის. თეასგანაა. „მთავარი პროკურორი გადამდგარია, გაქცეულია თუ სადაა საერთოდ?“ - მეკითხება. მეღიმება. ვცდილობ გავერკვე. „რაღაც თემები უნდა გავიაროთ“, კიდევ მწერს. ვეკითხები, რა ხდება, რატომ მთხოვე თბილისში სასწრაფოდ დაბრუნება-მეთქი. თუკი იუსტიციის მინისტრი ვიქნები, სამინისტროს შენობიდან ვერ გახვალ, დღეს დაისვენეო - მწერს. მეცინება...

ორ თვეზე მეტია, სადოქტოროსთვის ხელი არ მიხლია. არადა, რამდენი რამ დამრჩა დასახვეწი! უნდა დავწერო, უნდა წავიწიო წინ. მალე სტრასბურგში ჩემს პროფესორს უნდა შევხვდე და ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი არაფერი გამიკეთებია. არა, ვერ დავისვენებ. ბოლო დროს ისედაც ყველაფერს არჩევნებს ვაბრალებ: სპორტზე ხელის აღებას, ახლობლების და მეგობრების უნახაობას, ზღვაზე წაუსვლელობას. კიდევ კარგი, რომ დასრულდა! დასრულდა და, რაც მთავარია, მშვიდობიანად. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად.

ფანჯრებში ისე ჩამობნელდა, რომ ვერც კი გავიგე, დღემ როგორ გაირბინა. რამდენიმე ფურცელი კი დამიწერია, რაოდენობით კმაყოფილი ვარ. გადაკითხვა ხვალისთვის უნდა გადავდო, ახლებურად უნდა შევხედო ნაწერს...
თავისუფლების დღიურები - დავით ჯანდიერი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:27 0:00
გადმოწერა

8 ოქტომბერი, ორშაბათი
დილიდან რეკავს ნატო - ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. შემაჯამებელი ოქმი დგება და 5 საათზე სხდომაა დანიშნულიო. ვფიქრობ, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა, მხოლოდ შედეგების ფურცელზე გადატანაღა დარჩა.

ჩვენს წარმომადგენელს ვურეკავ კომისიაში, არ დაავიწყდეს მისვლა. მართალია, დიდი უპირატესობით მოვიგეთ, მაგრამ მოდუნების მეშინია. საოცრად არ ვენდობი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს. მიზეზიც მაქვს. მახსენდება სხდომები საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჩემი და კომისიის ზოგიერთი პროსახელისუფლებო წევრის კამათი ჩემთვის ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე. არა, შვებას ნამდვილად ვგრძნობ. ესეც დასრულდა და, რაც მთავარია, წარმატებით. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნაძალადევში, მახსოვს, რამდენი დაბრკოლება დაგვხვდა, რა რთული იყო საარჩევნო კამპანიის წარმოება აქ. ძალიან მახარებს შედეგები, საუკეთესო შედეგები!

ორშაბათი მართლა მძიმე დღეა. მეუბნებიან, მთავრობის გადაბარების პროცედურის დაწყებაზე შეთანხმება შედგაო. ორი ადამიანია დასახელებული იუსტიციის სამინისტროში. თეა მე მასახელებს. ბევრი რეკავს, მილოცავენ. ყველას ვუხსნი, რომ ეს არაფერს ნიშნავს და რომ არანაირი თანამდებობა არ დამიკავებია, რომ არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია. მაინც მილოცავენ, მეც მაინც ვიხდი მადლობას... ასე გაგრძელდა მთელი დღე. საღამოს ნათესავებთან გავედი. ვაიდა, მართლა დიდი ხანი ვეღარ შევძლო მათი ნახვა-მეთქი! ცოტა განვიტვირთე, კარგი საღამო იყო.

9 ოქტომბერი, სამშაბათი
ყველას ყურადღება ავლაბრის რეზიდენციისკენ არის მიპყრობილი. „ქართული ოცნების“ ლიდერი და პრეზიდენტი ხვდებიან ერთმანეთს. მალევე მირეკავს თეა, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნების ტელეფონებს მკარნახობს, უნდა მოველაპარაკო შეხვედრაზე. ხვალ შევხვდებით, შევთანხმდით. სამინისტროს ვებგვერდს ვათვალიერებ, მთელი დღე სისტემის შესწავლას მივუძღვენი...

ბევრს ვფიქრობ ხვალინდელ შეხვედრაზე, უფრო სწორად იმაზე, ამ შეხვედრის მერე რა იქნება. ვემზადები. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა! ჩემები ცდილობენ, არაფერი მაგრძნობინონ, მეც არაფერს ვიმჩნევ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ვნახოთ...

საღამოს ნაძალადევის აქტივთან შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ. წესიერად არც კი მიგვილოცია ერთმანეთისთვის. რამდენი ნაცნობი სახე ვნახე აქ! ყველა ბევრად დამშვიდებული გამოიყურებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი ამ სახეებს არჩევნებისთვის დამახასიათებელი სტრესის და ზოგადი საარჩევნო ეიფორიის გარეშე. ყველა გახარებულია. ყველას იმედიანად ვემშვიდობები, ნაძალადევი მართლა ძალიან ჩემად მივიღე...

10 ოქტომბერი, ოთხშაბათი
თეა დილიდანვე მწერს. ვთანხმდებით, რომ პირდაპირ სამინისტროსთან შევხვდებით ერთმანეთს. იუსტიციის სამინისტროში არასოდეს ვყოფილვარ. ვიცი, რომ ორთაჭალაშია. ბევრი ვიდეოკამერა, ბევრი ჟურნალისტი. ინტერესი დიდია...

სამინისტროს შესასვლელში სამი მაღალჩინოსანი გვესალმება. გეგონება, შენობა განგებ დაუცარიელებიათო. „ნეტა ყველა მინისტრს გაყვა?“ - უნებურად გამიელვა თავში. უხერხულობა იგრძნობა, ოდნავ დაძაბულობაც, თუმცა ორივე მხარე ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს. ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი გაწერილია, ჩვენი შეკითხვები და პასუხებიც კი... მეორე მხარე გვარწმუნებს, რომ ხელი არაფერში შეგვეშლება, რომ დოკუმენტებს არ ანადგურებენ და სახელმწიფო საბოტაჟს არ მოაწყობენ, რომ მოქალაქეების ინტერესებს არაფერი დაემუქრება. ვმშვიდდებით. ვემშვიდობებით. მგონი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჟურნალისტების ინტერესი არ ნელდება, რაღაც მართლა განსაკუთრებულად აქტიურობენ.

„ანტრეში“ მივდივართ. მეც და თეასაც საფრანგეთს გვაგონებს, ალბათ... ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებთ. ყველაფერზე ვთანხმდებით.

საღამოსკენ მეგობრები მირეკავენ. მართალია, ბევრი არ მინახავს, მაგრამ ესენი კი უკვე მართლა კარგა ხანია! ორივე ძალიან მეამაყება. საერთოდ მგონია, რომ ძალიან გამიმართლა მეგობრებში. როგორც იქნა, დღეს შევხვდით! სახლში ყოფნაზე ერთხმად უარი ვთქვით და კარგიც ვქენით. ბარში სასიამოვნო გარემო დაგვხვდა. ვგრძნობდი, როგორ მაკლდა მთელი ეს პერიოდი მათთან ურთიერთობა. დამშვიდობებისას კატეგორიულად მოითხოვეს, შევპირდე, რომ ხანგრძლივად აღარ გავუჩინარდები და რომ ვერანაირი არჩევნები ვეღარ დაგვაშორებს. ყველას გვეღიმება. პირობა პირობაა...

11 ოქტომბერი, ხუთშაბათი
მგონი, ყველაზე მშვიდი დღეა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მშვიდი იმ თვალსაზრისით, რომ, მგონი, მართლა არსად მეჩქარება, აუღელვებლად მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. ამინდიც შესაფერისია. მხოლოდ ტელეფონის ზარებს ვპასუხობ და საინფორმაციო გამოშვებებს ვუსმენ შიგადაშიგ. ვაგრძელებ სამინისტროს ვებგვერდის შესწავლას, ვეცნობი დებულებებს. ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრ საკითხზე წარმოდგენა უკვე შევიქმენი.

დილის სამი დაიწყო, თეა მითანხმებს შეხვედრის ადგილს. ხვალ ახალი ენერგია მჭირდება...

12 ოქტომბერი, პარასკევი
დილა თეასთან შეხვედრით იწყება. ბევრი საკითხი დაგროვდა, ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს, ვთანხმდებით. სხვა შეხვედრაზე ვინაცვლებ, უფრო ბიზნეს-ლანჩზე. აქ პირველადა ვარ. ირგვლივ ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, საჯარო ფიგურებს. მიკვირს - „ნეტა რა ხდება?“ „უცნაური ადგილია“ - მეუბნება ჩემი მასპინძელი, ევროკავშირის მაღალჩინოსანი. - „თუკი ვინმეს ნახვა გინდა თბილისში, აქ ნახავ აუცილებლად.“ საინტერესო ადამიანია, სასიამოვნო მოსაუბრე. ვგრძნობ, რომ მარტო სამსახურებრივად არ აინტერესებს აქაურობა. გულშემატკივრობს ამ ქვეყანას და, რაგინდ რთულად უნდა ჟღერდეს, მისი დემოკრატიული განვითარების პროცესს. ცხოვრების საინტერესო ფაზაში შევიდა საქართველოო, ამბობს და ყველა დეტალით ინტერესდება. კონსტიტუციაზე არ ელევა კითხვები. იმ კონსტიტუციაზე, რომელმაც ბევრი გადაიტანა. ვუხსნი, რა როგორ რეგულირდება: პარლამენტის დათხოვნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, პრემიერის და პრეზიდენტის უფლებამოსილება, სასამართლო სისტემა...

იმეილს ვწერ. ორშაბათიდან სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს უნდა შევხვდეთ. 23 სტრუქტურული ერთეული, 4000-მდე თანამშრომელი... ბევრ უცნობ დეტალში მოგვიწევს ჩაღრმავება. მპირდებიან, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, შეხვედრების ორგანიზებას სათანადოდ მოახდენენ. ვნახოთ...

მთელ დღეს იურისტებთან შეხვედრებს ვუძღვნი. ნაყოფიერი დღეა. უკლებლივ ყველა მძიმე სამართლებრივ მემკვიდრეობაზე მელაპარაკება. უკლებლივ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბევრი პრობლემა თვითონ უსამართლო კანონებშია. უსამართლო კანონებში და ადამიანური რესურსების ნაკლებობაში. ახალ იდეებს ვინიშნავ...

საღამოს ბიძაშვილთან გავედი, ორი თვეა არ მინახავს. დადებითი ენერგიით დავიმუხტე.

13 ოქტომბერი, შაბათი
მეღვიძება იმის განცდით, რომ შაბათი დილაა. მაგრამ მერე მახსენდება, რომ ამ დილით მაინც არ გამომივა დასვენება. ყავის დალევასაც ვერ ვასწრებ. არა უშავს, თეას უნდა შევხვდე და ყავას ერთად დავლევთ. ამიტომ პირველ შეხვედრას ისევ „ანტრეში“ ვგეგმავთ.

და მერე - ისევ და ისევ მთელი დღის შეხვედრების მარათონი. იურისტები, იურისტები და კიდევ იურისტები. ბევრნი ვყოფილვართ!

ორშაბათამდე უამრავ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდე. იმდენი საქმეა, რომ არც ვიცი, როგორ მოესწრება. მაგრამ უნდა შევძლო. ასეც იქნება. ვიცი, წინ საინტერესო კვირა მელის...
XS
SM
MD
LG