Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნარმანია - ეკონომისტი


14 ოქტომბერი, კვირა
დღეს სვეტიცხოვლობაა. ცოტა ადრე გამეღვიძა და მაშინვე ბავშვი ვნახე, რომელიც ბოლო დღეებში შეუძლოდ იყო: ვირუსების გამო ხველა და ცოტა სიცხე ჰქონდა. ამ დილითაც ასევე შედარებით ცუდად იყო. ამიტომაც, დროულად ავდექი და დამატებით წამლების საყიდლად წავედი აფთიაქში. წამლები მოვიტანე, დავალევინეთ და ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავიდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დღეს მეუღლის ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვიყავით დაპატიჟებული რუსთავში, მაგრამ ვერ წავედით კონსტანტინეს ავადმყოფობის გამო. მაგრამ არა უშავს, დავრეკეთ და ტელეფონით მივულოცეთ იუბილარს დაბადების დღე. იმედია, არ გვიწყენენ. არადა, ელოდნენ, იქნებ მე მაინც მომეხერხებინა მისვლა...

კვირადღე, ტრადიციულად, უფრო მშვიდია, რადგანაც მობილური ტელეფონი, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებით, იშვიათად რეკავს. შეგიძლია, ოჯახის საქმეებს მიხედო, ან კიდევ იმუშაო მშვიდად. ამ დღესაც, შუადღისკენ ჩავრთე კომპიუტერი და გავაგრძელე მუშაობა. მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებიდან ორი საქმე მქონდა დასასრულებელი: გორის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის სახელმძღვანელო და გერმანიაში ჩემი სამთვიანი სტაჟირების შემაჯამებელი ანგარიში; საღამომდე ორივე საქმე დავასრულე და ჩვეული სიტყვები ვთქვი: „რა კარგია, რომ ყველა მიმდინარე საქმე დავასრულე და ორშაბათ დილას დავალიანების გარეშე ვხვდები“...

15 ოქტომბერი, ორშაბათი
დილას, ტრადიციულად, ადრე ავდექი. გავემზადე, ვისაუზმე და გავეშურე კონფერენციაზე. ბავშვი შედარებით კარგად იყო, ამიტომაც მშვიდად წავედი. კონფერენცია აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაც მიწევდა, უნდა მესაუბრა ქვეყანაში არსებულ საკუთრების უფლების დაცვის პრობლემატიკაზე და კონკურენციის პოლიტიკაზე. ამ ყველაფერში ევროინტეგრაციის კონტექსტიც უნდა ჩამერთო და გარკვეული ხედვებიც უნდა გამეცნო აუდიტორიისათვის.
თავისუფლების დღიურები - დავით ნარმანია
please wait

No media source currently available

0:00 0:11:24 0:00
გადმოწერა

კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და ბევრი სტუმარი დაესწრო: დაწყებული პლატფორმის წევრი ორგანიზაციებით, დასრულებული ახალი მთავრობის მომავალი წევრებით და აშშ-ის ასევე ახალი ელჩით. კონფერენციას ძალიან ბევრი ჟურნალისტიც დაესწრო. როგორც კი დღის წესრიგში ჩემი მოხსენების თემა ამოიკითხეს, ინტერვიუები მთხოვეს. ინტერვიუების მიცემა და მედიასთან ურთიერთობა ჩემთვის ბოლო წლებში ჩვეული საქმეა, ამიტომაც მაქსიმალურად დავიხარჯე და ბევრ საკითხზე ვესაუბრე...

იშვიათად ხდება, როცა კონფერენციაზე გამოსასვლელ სიტყვას წინასწარ ვამზადებ. ამიტომაც, ამ შემთხვევაშიც კონფერენციის მსვლელობისას ჩამოვწერე ძირითადი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა გავაკეთო. ჩემი მოხსენება ყველაზე ბოლოს იყო (გეგონება, დამჩაგრესო), ამიტომაც ჩემს წინა გამომსვლელებსაც შევეხმიანე და ზოგიერთი მათგანის გამოსვლაზეც გავაკეთე აქცენტი. ბევრი ნაცნობიც ვნახე და, საერთო ჯამში, კონფერენციამაც კარგად ჩაიარა.

შუადღეს მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს უნდა შევხვედროდი, რათა სამუშაო ჯგუფთან ერთად პროექტის სამომავლო საქმიანობის დეტალები გაგვევლო. ვერ მოვასწარი, რადგანაც კონფერენციამ დაგეგმილზე მეტ ხანს გასტანა. დავურეკე მორიდებით და ცალკე შეხვედრა ვთხოვე.

17 საათზე მივბრუნდი ოფისში, სადაც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტი მელოდებოდა. ვრცლად ვესაუბრე ქვეყნის ეკონომიკის პრობლემატიკაზე და მათი მოგვარების ჩემეულ გზებზე. ამის შემდეგ კი კომპიუტერის გახსნა დავიწყე და ტელეფონმა დარეკა...

ვინაიდან სასწრაფოდ გამოცხადება მთხოვეს „ქართული ოცნების“ ოფისში, მივხვდი, რომ რაღაც კონსულტაციები სჭირდებოდათ ჩემთან. თუმცა, თუ მინისტრის პორტფელს შემომთავაზებდნენ, ნამდვილად არ ველოდი. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ამიტომაც მარტივად მომიწია დათანხმება.

მცირე ხანში დავბრუნდი სახლში და ახალი ამბავი ვამცნე მხოლოდ ოჯახის წევრებს, ვინაიდან ეს საკითხი მეორე დღემდე არ უნდა გახმაურებულიყო... თითქმის მთელი ღამე არ მიძინია, ვფიქრობდი წარსულზე და სამომავლო საქმიანობის კონტურებზე.

16 ოქტომბერი, სამშაბათი
რვის ნახევარზე ავდექი - სამშაბათია და ცურვაზე უნდა წავიდე. ცურვიდან კი დროულად უნდა მივიდე „ქართული ოცნების“ ოფისში, ვინაიდან 11 საათზე კოალიციის ლიდერმა მინისტრთა შემადგენლობა უნდა წარადგინოს. მათ შორის ვარ მეც, უნდა წარმადგინონ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად, მხოლოდ დროებით. გადაწყვეტილია, რომ ეს სამინისტრო რეორგანიზაციის გზით ორ ძირითად მიმართულებად უნდა დაიშალოს და სხვადასხვა უწყებებს მიუერთდეს. ამის შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე უნდა გავხდე. ურიცხვი ჟურნალისტი და ასევე ურიცხვი დაინტერესებული ადამიანია კოალიციის ოფისში შეკრებილი. ბიძინა ივანიშვილთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, დათქმულ დროს დაიწყო წარდგენა. დავლაგდით მინისტრობის კანდიდატები კოალიციის ხელმძღვანელის უკან. როგორც კი ჟურნალისტებმა მე ამ შემადგენლობაში დამინახეს, ჯერ ძალიან გაუკვირდათ, მერე კი იფიქრეს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვინიშნებოდი. სინამდვილეში კი, როგორც დაგეგმილი იყო, ისე დამასახელეს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის „დროებითი“ მინისტრი და შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე...

წარდგენაზე ტელეფონის ხმა, ტრადიციულად, ჩაწეული მქონდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ტელეფონი ძალიან გახურდა და წარდგენის დასრულების დროს, როგორც კი დავხედე, 50-ზე მეტი ზარი და 60-ზე მეტი SMS-ი იყო შემოსული, ყველა მილოცავდა! მათზე პასუხების გაცემას ძალიან გვიან მოვრჩი, ვინაიდან მანამდე რამდენიმე სატელევიზიო ჩართვა მქონდა და ასევე ათზე მეტი ინტერვიუ მივეცი მედიის წარმომადგენლებს.

შემდეგ ფინანსთა სამინისტროში წავედი მინისტრობის კანდიდატთან ერთად, რათა სამინისტროს ძირითად შემადგენლობას გავცნობოდი. შეხვედრამ კარგად ჩაიარა. შემდეგ კვლავ პირდაპირი ჩართვა „ტელეიმედის“ 17-საათიან გადაცემაში იუსტიციის სამინისტროს წინ. შემდეგ შეხვედრები კოალიციის ოფისში. კვლავაც ინტერვიუები იქ მდგარ ჟურნალისტთა კორპუსთან და ასე შემდეგ...

საღამოს - ორი სატელევიზიო გადაცემა, ასევე ორი პირდაპირი ჩართვა. ძალიან გვიან დავბრუნდი შინ და დარჩენილ ზარებს თუ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუპასუხე...

17 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დილას ადგომის, ტრადიციული გამზადებისა და საუზმის შემდეგ, საქმეს შევუდექი. ოღონდ საქმიანობის ადგილი შეიცვალა - ნაცვლად ჩემი კვლევითი ორგანიზაციის ოფისისა, კოალიციის ოფისში მივედი. იქ ჟურნალისტები მელოდებოდნენ და აინტერესებდათ ჩემი ხედვები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სამინისტროს რეორგანიზაცია, ასევე დაკარგავდნენ თუ არა თანამშრომლები სამსახურებს. მე ტელევიზიით დავამშვიდე მომავალი კოლეგები და ვთქვი, როგორც ვფიქრობდი: პროფესიონალი თანამშრომლები სამსახურებს არ დაკარგავენ; სამინისტროს ინფრასტრუქტურის მიმართულება დაექვემდებარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ხოლო რეგიონული და თვითმმართველობის მიმართულება ჩამოყალიბდება ცალკე სამსახურის სახით და დაუქვემდებარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

უკვე შეხვედრები უნდა დავიწყო მომავალ სამინისტროსთან დაკავშირებით. 12 საათზე სამინისტროში პირველად ვაპირებ მისვლას. დავუკავშირდი კოალიციის PR-სამსახურს და ვთხოვე, დაინტერესებული ჟურნალისტები გამოგზავნოს, ვინაიდან ბევრი მათგანი მირეკავს - აინტერესებთ პირველი შეხვედრა. სამინისტროს შესასვლელთან უამრავი ჟურნალისტი და კამერა თუ დიქტოფონი დამხვდა. მივეცი საერთო ინტერვიუ ჩემს მომავალ გეგმებზე და ხედვებზე, მერე დამატებით ჩამეკითხნენ და საჭირო კადრებიც გადაიღეს. მომავალ კოლეგებთან შეხვედრამ საათნახევარი გასტანა. გავეცანი მათ და მათს საქმიანობას, ვისაუბრეთ სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სათათბირო დარბაზის შესასვლელთან ისევ ჟურნალისტები მელოდებოდნენ, აინტერესებდათ, როგორ ჩაიარა შეხვედრამ.

შეხვედრის შემდეგ წავედი კოალიციის ოფისში. ვიკრიბებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატები, რათა გავიაროთ რამდენიმე საკითხი და შევჯერდეთ ერთობლივი საქმიანობის მიმართულებებზე. ამ შეხვედრამაც კარგად ჩაიარა.

საღამოს თსუ-ში ლექციები ჩავატარე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრებთან. სტუდენტები ძალიან გახარებულები იყვნენ ჩემი წარდგენით და მილოცავდნენ.

22 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მონაწილეობა მივიღე დავით პაიჭაძის გადაცემაში. შემდეგ დავბრუნდი სახლში. მოულოდნელად გვესტუმრნენ ჩემი ძმა და დეიდაჩემი. თითო ჭიქა შამპანური და შოკოლადი მივირთვით, აზრები გავუზიარეთ ურთიერთს და გვიან დავიშალეთ...

18 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დღეს ცურვის დღეა, ამიტომ ადრე ავდექი, ცურვაზე წავედი და შედეგ სახლში დავბრუნდი, რათა მოვწესრიგდე. ამ ორი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი რეკავს, რომ დილას დატენილ ტელეფონს შუადღის შემდეგ კიდევ სჭირდება დენზე მიერთება.

დილიდან კოალიციის ლიდერთან არის მინისტრობის კანდიდატთა შეხვედრა, რათა განხილულ იქნეს სხვადასხვა საკითხები. შეხვედრამ საკმაოდ დიდხანს გასტანა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩემი მანქანა სხვა მანქანას ჩაეკეტა, ამიტომაც ტაქსით მომიწია წამოსვლა. სამინისტროში ერთი საათით გვიან, 13 საათზე მივედი. კოლეგები მელოდებოდნენ, ოთხ სამსახურს უნდა შევხვედროდი. განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგემილი პროექტები, პრობლემები და მათი გადაჭრის საშუალებები.

შემდეგ კოალიციაში რამდენიმე ადამიანს შევხვდი. საღამოს - კვლავ სახლში დაბრუნება, ვახშამი და ელექტრონული ფოსტის შემოწმება. ფოსტაზე, ტრადიციულად, ბევრი წერილი დამხვდა. როგორც იქნა, გავედი ბოლოში.

19 ოქტომბერი, პარასკევი
დღეს დილიდან რამდენიმე შეხვედრა მაქვს ჩვენი კვლევითი ორგანიზაციის ოფისში. ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები და ფინანსური ანგარიში გადავაბარე მომავალ აღმასრულებელ დირექტორს. მომდევნო კვირიდან ის უნდა გაუძღვეს ორგანიზაციის საქმიანობას. თანამშრომლებს არ ვემშვიდობები, რადგანაც უახლოეს დღეებში, ვიდრე ოფიციალურად შევუდგები მინისტრობის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ვაპირებ ოფისში შემოვლას.

12 საათიდან სამინისტროში წავედი, ორ სამსახურს უნდა შევხვედროდი. გავიარეთ ყველა მიმდინარე საკითხი და პრობლემა, ვისაუბრეთ მათი მოგვარების გზებზე. წამოვიღე დამატებითი ინფორმაციები, რაც გამომადგება გადაწყვეტილებების მიღებაში.

შემდეგ შევხვდი მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელსაც ჯერ კიდევ ორშაბათს უნდა შევხვედროდი. ვისაუბრეთ მათი პროექტის გაგრძელების საკითხებზე და ჩემს შემცვლელ ექსპერტზე, ვინც ეკონომიკური ანალიზი უნდა ჩაატაროს. მათგან საინტერესო მოსაზრებები მივიღე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე.

დღის მეორე ნახევარში, ნახევარსაათიანი ინტერვალებით, კვლავ რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე ჩვენი კვლევითი ორგანიზაციის ოფისში. ყველას აინტერესებს რეგიონული განვითარების საკითხების რეფორმირების პროცესში ჩართვა და აინტერესებთ ჩემი ხედვები.

საღამოს, ტრადიციულად, სახლში დავბრუნდი, წამოვიღე დოკუმენტაცია, შევამოწმე ელექტრონული ფოსტა და დავიძინეთ...

20 ოქტომბერი, შაბათი
კვირის ბოლოა და მიხარია - ცოტას განვიტვირთები. ავდექი და ცურვაზე წავედი, დღეს ძველი ნორმატივები გავაუმჯობესე.

მერე სახლში დავბრუნდი, „თავისუფლების დღიურები“ უნდა დავასრულო და წავიკითხო საბოლოო ვარიანტი. ჩაწერისთვის ვემზადები.

შემდეგ კი რამდენიმე შეხვედრა უნდა ჩავატარო ადამიანებთან, რომლებსაც ხან თვითონ აინტერესებთ რაღაცები ჩემგან, ხან კიდევ მე მინდა მათ დავეკითხო.

შემდეგ კი კოალიციის ოფისში ვნახავ რამდენიმე ადამიანს, ვისთანაც მცირედი საქმეები მაქვს და საღამოს, ტრადიციულად, დავუბრუნდები ჩემს ლამაზ ოჯახს...
XS
SM
MD
LG