Accessibility links

logo-print
7 ივლისი, კვირა
სრულიად უჩვეულო დღე გამოვიდა ჩემი ცხოვრების: მთელი დღე გავატარე პარლამენტის შენობაში, ქუთაისში, და დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი შეხვედრა მქონდა - ეს სერიოზული მიღწევაა! ე.ი. დანარჩენი დრო მქონდა იმისათვის, რომ მეფიქრა, მემუშავა და უამრავი გადადებული საქმის გაკეთება მომესწრო. ბევრი ახალი აზრი და იდეაც მომივიდა. ერთ-ერთი პრობლემა: ცხოვრების იმ რიტმში, რომელიც დღეს მაქვს, დროის ნაკლებობაა იმისათვის, რომ იფიქრო. აი, დღეს მქონდა ამის დრო და ერთი-ორი ქართული კინოფილმიც კი ვნახე კომპიუტერში. დღის ბოლოსკენ ცოტა სინდისმა შემაწუხა: მთელი ოთხი საათი ამ საქმეს დავუთმე. მგონი, მაინც ღირდა. იმიტომ, რომ ბოლოს კინოთეატრში როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. რაღაც განსაკუთრებული ემოციებით გავედი ოფისიდან.

8 ივლისი, ორშაბათი
ქუთაისში საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს ძალიან არატრადიციულ შეხვედრას. ესაა კონფერენცია ქართული ენის აწყმოსა და მომავალზე. განათლებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ვანო კიღურაძისა და ფრიდონ საყვარელიძის თაოსნობით შედგა ეს შეხვედრა. თბილისიდან ჩამობრძანდა ორმოცდაათამდე სპეციალისტი, პროფესორი, მკვლევარი და მთელი დღის განმავლობაში მოვისმინეთ თხუთმეტამდე მოხსენება. ძალიან მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ. რატომ პარლამენტში? თითქოს ეს მეცნიერული ან კულტურული თემა უფროა, მაგრამ ჩვენ შევხედეთ ამ საკითხს, როგორც სახელმწიფოებრიობის ატრიბუტს. სახელმწიფო ენა არის სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ყველგან და, მით უმეტეს, ქართული სახელმწიფოსთვის.

საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო: შეხვედრა ჩატარდა ოთახში, სადაც, ტრადიციულად, კომიტეტების სხდომები, ან უმრავლესობის შეკრებები იმართება. როდესაც კონფერენციას ვხსნიდი, ასეთი განცდა დამეუფლა: ვუყურებდი სრულიად განსხვავებულ სახეებს, სრულიად განსხვავებული სტილის ადამიანებს და საოცრად მომეძალა ნოსტალგია საუნივერსიტეტო გარემოსადმი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ქართული ოცნება არის ახლა პოლიტიკურად გაცხადებული „ქართული ოცნების“ წარმატებით შესრულება და მერე უნივერსიტეტში დაბრუნება. ეს არის ის გარემო, ის ადგილი, სადაც კმაყოფილი ვიქნებოდი, ბედნიერიც კი ვიქნებოდი: აკადემიური კვლევა-ძიება, სტუდენტებთან ურთიერთობა, სრულიად სხვა გარემოში მსჯელობა, შესაძლოა, იმავე თემებზეც, რაზეც პოლიტიკურ ცხოვრებაში ვმსჯელობთ, მაგრამ სულ სხვა დატვირთვით, სულ სხვა მასშტაბით და მეტი თავისუფლებით. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი თავისუფლებასთან ძალიან მწყრალადაა. იმდენი ფაქტორის გათვალისწინება გიწევს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ ვეღარც კი არკვევ, საერთოდ, მონაწილეობდი თუ არა ამ პროცესში; თუ მხოლოდ შეაჯერე, შეაჯამე ამ ფაქტორთა ერთობლიობა და გამოიტანე დასკვნა. უნივერსიტეტში კი სრულიად სხვა ვითარებაა. იქ შეგიძლია, ყველას და ყველაფრის მიუხედავად და ანგარიშგაუწევლად, იფიქრო, იაზროვნო და დაასკვნა კიდეც რაღაცები. როგორც ჩანს, ეს მომენატრა...

დღის ბოლოს იმართება ბიუროს სხდომა. ორშაბათ საღამოს ეს ტრადიციული მოვლენაა საპარლამენტო ცხოვრებაში, სადაც განვიხილავთ შემოსულ კანონპროექტებს, ვანაწილებთ კომიტეტებზე, თან იმის გათვალისწინებით, რომ ივლისში საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. დილას ხელი მოვაწერე რიგგარეშე სხდომის მოწვევის ქაღალდს და მივმართე პრეზიდენტს. იმედია, მოაწერს ხელს, იმიტომ რომ ბევრ სხვა ქაღალდზე ხელის მოწერას აჭიანურებს ხოლმე ბოლო ხანებში ან არასწორად აწერს. მაგრამ ამჯერად თუ პრეზიდენტი რაიმე მიზეზით არ მოიწვევს რიგგარეშე სესიას, მაშინ ჩვენ, პარლამენტს, მაინც შეგვიძლია საკუთარი უფლებით შევიკრიბოთ ოთხშაბათს და დავიწყოთ მუშაობა. ნიშანდობლივია, რომ ბიუროს ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შეწყვიტეს გასულ კვირაში გამოცხადებული პოლიტიკური ბოიკოტი. ეს პირდაპირი შედეგია ორი დღის წინ გამართული შეხვედრისა, სადაც უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან ერთად პრემიერ-მინისტრმა და მე განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი უახლოესი პოლიტიკური ცხოვრებისა, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის თაობაზე. ეს ყველაფერი ბიუროს მოვახსენე. მოვახსენე ისიც, რომ უახლოეს ხანებში შევქმნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ამ ფორმატშიც ვიმუშავებთ.

ზოგადად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და იქ მუშაობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავადაც და იმიტომაც, რომ ამ ფორმატში ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვიმსჯელოთ მომავალზე და ვიკამათოთ მომავალზე, ანუ იმაზე, როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია მომავალში. ეს ძალიან საშური საქმეა, იმიტომ რომ ყველა (მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც), ჩაფლული ვართ წარსულში და წარსულის მოვლენებისა თუ ფაქტების შეფასებაში, გამოკვლევაში და ასე შემდეგ. ეს ცუდი საქმე არაა, მაგრამ არა მგონია, პოლიტიკოსების ცხოვრების ამდენი დრო და ენერგია უნდა მიჰქონდეს წარსულს. აი, საკონსტიტუციო კომისიაში ყველა იძულებული ვიქნებით, წინ გავიხედოთ. ამიტომაც ვჩქარობთ, რომ ეს კომისია მალე შეიქმნას.

დღის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ თინა ჩამოსულა ქუთაისში. არ ველოდი. სხვა საქმეები ჰქონდა თბილისში, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ შენობაშია. ზოგადად, ამდაგვარი ამბების ზოგს ჯერ კიდევ არ სჯერა - რომ ჩვენ იშვიათად ვახერხებთ ერთად ყოფნას და ერთად მსჯელობას ან ერთმანეთისთვის გეგმების გაზიარებას. საერთოდ, მიკვირს როგორ ვახერხებთ, რასაც ვახერხებთ, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი წელია, ასეა. ეს კი ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ვახერხებთ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ცხოვრებას (საქმის ნაწილში) და, მეორე მხრივ, ვახერხებთ იმას, რომ ვიყოთ ერთმანეთისთვის ყველაზე საჭირო, ყველაზე აუცილებელი ადამიანები და თან ყველაზე უფრო დაუნდობელი ოპონენტები. საღამოს, იმედია, გვექნება ათიოდე წუთი მაინც, რომ გავისაუბროთ სხვა კერძო საკითხებზეც, გარდა საქმისა.

9 ივლისი, სამშაბათი
პარლამენტში უკვე ხალხმრავლობაა. ხვალინდელი რიგგარეშე სხდომისთვის ვემზადებით. ამიტომ ძალიან ბევრ დეპუტატს ვხვდები უამრავ სხვადასხვა საკითხზე. საშუალოდ ორი-სამი წუთის განმავლობაში მიწევს ორი-სამი გადაწყვეტილების მიღება. ეს აქ ჩვეულებრივი დღის რეჟიმია, მაგრამ არის ხოლმე განსაკუთრებით გამორჩეული დღეები. დღეს სწორედ ასეთი დღეა, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი კვირის განცხადებებია დაგროვილი. დღე მიაქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას. დღის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან და იმ კომიტეტების თავმჯდომარეებთან, რომელთა კანონპროექტებიც უნდა განვიხილოთ ამ კვირის განმავლობაში. ტრადიციულად, დავგეგმეთ საათნახევრიანი შეხვედრა, მაგრამ შეხვედრა ოთხ საათზე მეტს გაგრძელდა.

ღამის ორი საათია. თინა მირეკავს, ოფისიდან გავდივარო. ვეუბნები, რომ წავიდეს, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ არ ვიცი, როდის წავალ. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვიხილეთ, მათ შორის, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტები მაუწყებლობის შესახებ, რომელზეც ოთხი-ხუთი თვე მუშაობდა პარლამენტი. პირველი არხის და, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე ძალიან ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ახლაც არის საკითხები, რომელთა უკეთ დარეგულირების შესაძლებლობა იყო. ზოგს, ალბათ, უკმარისობის განცდა აქვს. იყო მსჯელობა, წინადადებები, ხომ არ შევაჩეროთ ეს კანონპროექტი, ანუ თავიდან ხომ არ მივუბრუნდეთ საკითხებსო. მაგრამ ჩემი პოზიციაა და უმეტესობა მეთანხმება, რომ ეს პროექტი უნდა მივიღოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. თუ იქ რაიმე დასახვეწი და გასასწორებელია, ჯობია ამას დავუბრუნდეთ, ვიდრე ყველა ეს საკითხი დავტოვოთ ღია. არადა, იმდენი რამე გაფუჭდა ამ სფეროში წლების განმავლობაში, რომ ახლა უცებ და ერთი კანონით ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია.

გვიან ღამით, ალბათ უკვე სამი სრულდება, მივდივარ სახლში. ქუთაისში ჩვენი სახლი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა. ეს არის კერძო სახლი, რომლშიც დაბინავებული ვართ მე, თინა და ჩემი დაცვა, რომელსაც ხუმრობით ასე მივმართავ ხოლმე (მაგრამ ამ ხუმრობაში ძალიან ბევრია სიმართლე): აი, ხომ არის შინა პატიმრობა, როდესაც ადამიანი სახლშია და გასვლის უფლება არ აქვს და მას იცავენ, რომ არ გავიდეს გარეთ. მე ვარ გარე პატიმრობაში, სულ ვმოძრაობ, სულ დავდივარ, მაგრამ მაინც სულ პატიმრობაში ვარ-მეთქი.

უკვე მერვე თვეა, მარტო ვრჩები მხოლოდ საკუთარ ოთახში, დანარჩენი ყველგან ვიღაც მიცავს, მიყურებს. საკმაოდ მძიმე თემაა და მგონია, რომ თუ ოდესმე ამას შევეგუე, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ მე მე აღარა ვარ და ძალიან, ძალიან მძიმე იქნება, თუ ამას შევეგუე ოდესმე. დაცვა იქვეა მთელი ღამე. თავისთავად, ამის განცდა და იმის შეგრძნება, რომ შენ უნდა დაიძინო და სხვები გარშემო უვლიან შენობას, ძალიან შემაწუხებელი და დამღლელია, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ ძალიან ადამიანური და ახლო ურთიერთობები გვაქვს ჩვენი „დაცვის ბიჭებთან“, როგორც ვეძახით. ეს შვიდი-რვა თვეა, პრაქტიკულად, ერთად ვართ, ერთად გვძინავს, ერთად ვჭამთ, ერთად მივდივართ, მოვდივართ და იძულებული არიან, გაიზიარონ ჩემი ცხოვრების რეჟიმი, რომელიც ძალიან მძიმეა. მაგალითად, დაცვის უფროსი უკვე რვა თვეა, ერთი დღეც არ მომცილებია გვერდიდან. უცხოეთში მომყვება, შაბათ-კვირა ვმუშაობ, ისიც მუშაობს. ავადმყოფობა მოვიმიზეზე ერთხელ, შაბათ-კვირას, და ვუთხარი, სახლიდან არ გავდივარ და წადით და თქვენც დაისვენეთ-მეთქი... მაგრამ ესაა ცხოვრების წესი და ვერაფერს ვუზამთ.

10 ივლისი, ოთხშაბათი
ოთხშაბათი პარლამენტში მძიმე დღეა. ორშაბათი არა, ოთხშაბათია მძიმე დღე. ამ დღეს არის პლენარული სხდომები. პლენარული სხდომები იხსნება პარლამენტის წევრთა განცხადებებით. როგორც წესი, ამ საქმისთვის გამოყოფილია ნახევარი საათი. თითოეულ პარლამენტარს შეუძლია ოთხი წუთი ისაუბროს. ცოტა ოთხი წუთი ეტევა 30 წუთში. პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, ნახევარი საათით კიდევ გააგრძელოს განცხადებების დრო. როგორც წესი, ვაგრძელებ ხოლმე, მაგრამ მაინც, 10-15 დეპუტატი უკმაყოფილო რჩება, რადგან ვერ მოასწრეს განცხადების გაკეთება. განცხადებებს პოლიტიკური დებატების ელფერი უფრო აქვს: ეს არის ის დრო, როდესაც უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს შეერკინებიან ხოლმე. ძალიან ხშირად ვუსმენ სხვადასხვა მხარეს. ერთსაც და მეორესაც, ხშირად, ერთი და იგივე უნდა, ერთი და იგივე აწუხებს, ერთსა და იმავეს ამბობს. მაგრამ ვინაიდან მხარეებია სხვადასხვა, ეს მიდის პაექრობის და, ზოგჯერ, საკმაოდ მწვავე კამათის ფონზეც. ეს ოთხშაბათის განცხადებების დრო არის დრო, როდესაც მუდმივად თავში მიტრიალებს მისი უწმინდესობის მიერ პოლიტიკოსებისთვის ყველაზე უფრო ხშირად მიცემული რჩევა-დარიგება, რომ ვისწავლოთ მოსმენა. ჩვენთვის ჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ ლაპარაკობს, ვიდრე ის, თუ რას ლაპარაკობს. ამიტომ მოსაუბრესთან თუ მოკამათესთან წინასწარ კედელია ხოლმე აღმართული. რაც უნდა რაციონალური თქვას, იმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ „არასწორმა“ ადამიანმა თქვა და რატომ უნდა გავიზიარო მისი აზრი, თუნდაც რაციონალური?! ეს იმის მაჩვენებელია, რომ დამოუკიდებლობის 23 წელი, ამ თვალსაზრისით, ფუჭად გავლიეთ. ეს ავტორიტარული და ერთპიროვნული მმართველობა, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია, განსხვავებული აზრის დევნა იწვევს ასეთ კულტურას, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკური უკულტურობაა. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ამ პარლამენტში ესეც შეიცვალოს და როგორმე მივიდეთ ვითარებამდე, როდესაც თუ ვიღაც სწორს ამბობს, ვინც უნდა იყოს ის, იმ სწორის გაგებისა და გააზრების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს თანაბრად ეხება ყველა პარტიას და ყველა პოლიტიკოსს, ჩემი ჩათვლით.

სხდომის წაყვანას ვახერხებ ორ-სამ საათს, მერე კი მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები ჩნდება და პირველი ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აგრძელებს ამ არცთუ შემოქმედებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. სინამდვილეში, სხდომის წამყვანს გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ როგორ წავა დებატები, კამათი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თავად კომენტარის გაკეთების უფლება არ გვაქვს, როდესაც იქ ვსხედვართ და მხოლოდ ვიღაცას უნდა მისცე სიტყვა და გადასცე სხვას. ამ გადასვლებში და ამ ნიუანსებში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სხდომის წამყვანზე, მათ შორის იმაზეც, რომ რაციონალური არ დაიკარგოს და, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უკეთესი იყოს. ნელ-ნელა ვეუფლებით ყველა (მეც და ჩემი მოადგილეებიც) ამ რთულ საქმეს. იმედია, მომავალში უკეთ გამოგვივა ეს ყველაფერი.

ვერ ვახერხებ ურეკში წასვლას, სადაც პრემიერთან შეხვედრაა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებეულ თემებზე. შევპირდი, მაგრამ ვერ მივდივარ, იმიტომ რომ აქ არის სერიოზული საკითხები, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარე კონკურსი, რომელიც ორიოდე თვის წინ დაიწყო. გვინდა, რაც შეიძლება კვალიფიციური თანამშრომლები ავიყვანოთ. აშკარად ვხედავ, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ისე, რომ ხალხმა ირწმუნოს თავისუფალი კონკურენციის. აშკარად ვხედავ და ვგრძნობ, რომ ცოტას თუ ჯერა, რომ აქ გადაწყვეტილებები მიიღება იმ ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რაც გამოქვეყნებული და გამოცხადებულია. უამრავი ასეთი თხოვნა აღწევს ჩემამდე, ისე, კარგად შეფუთული, რომ „იქნებ არ დაჩაგროთ“ და ა.შ. ჩემი პასუხი ერთი და იგივეა ყველას მიმართ: ეგ რას ნიშნავს? რომ ეს, ვისაც ნაცნობი ჰყავს, არ დავჩაგროთ, და სხვა დავჩაგროთ? და არა უშავს? თუ ვინმეს რჩევა უნდა ჩემთან თუ სხვასთან, ვინც ამ საქმეშია ჩართული, მაშინ ალბათ უნდა მეუბნებოდეს, იქნებ მოახერხოთ, რომ არავინ დაჩაგროთო. მაგრამ აი, ამ ერთი ფრაზიდან - „იქნებ არ დამიჩაგროთ ვინმე“ - მისასვლელად ფრაზამდე - „იქნებ არავინ არ დაჩაგროთ“, როგორც ჩანს, ბევრი წელია საჭირო. ძალიან ბევრი წელია საჭირო, რომ ეს ვირწმუნოთ. თუ ეს ვერ ვირწმუნეთ - თავისუფალი კონკურენცია - მაშინ რჩება იმიტაცია პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, სპორტშიც, ნებისმიერ სხვა სფეროში. და მაშინ ვიქნებით ამ უბედურებაში. თუ თავისუფალი, სამართლიანი კონკურენციის შედეგად არ გამოვლინდნენ საუკეთესო პოლიტიკოსები, საუკეთესო ბიზნესმენები, საუკეთესო ფეხბურთელები, ჭოკით მხტომელები და ვინც გნებავთ, მაშინ ვიქნებით უარესების დონეზე. უკეთესს კი არ აღმოვაჩენთ, არამედ საშუალოს და საშუალოზე დაბალს და ამ ხარისხით სად მივალთ, არ ვიცი. ამ დღეებში ეს აზრები მიჩნდებოდა კონკურსის კვალობაზე.

11 ივლისი, ხუთშაბათი
დღე არასასიამოვნოდ დაიწყო. პოლონეთის ახალ ელჩთან მქონდა შეხვედრა. როდესაც შემოვიდა ჩემთან, ოთახში, სულ რამდენიმე წუთით ადრე მაცნობეს, რომ მეორე მანქანა, რომელიც მოემართებოდა ქუთაისისკენ, ავარიაში მოყვა და პლონეთიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაშავდა. ამიტომ საქმეზე საუბრის ნაცვლად ის ნახევარი საათი პოლიციაში და საავადმყოფოებში რეკვას მოვანდომე და ელჩიც იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო.

სამწუხაროდ, ავტოავარიები გახშირდა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები რამდენიმეჯერ მოყვნენ ავარიაში. თბილისი-ქუთაისის გზა ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმეა. საერთოდ, ქუთაისში ჩვენი გადმოსახლება ერთ-ერთი ყველაზე გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო, ამ შემთხვევაში, პირადად მიხეილ სააკაშვილის. ახლა, ალბათ, შეიძლება ამის თქმა. ვერ ვხედავ მის თავგადაკლულ მხარდამჭერებშიც კი ვინმეს, ვინც იზიარებს იმას, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს; ყოველ შემთხვევაში იმ ხალხში, ვინც პარლამენტში ტრიალებს. მაგრამ, ვინაიდან იყო მისი დაჟინება (და დღესაც რჩება ასეთ დაჟინებად), ვართ ამ ძალიან მძიმე ვითარებაში.

ზოგადად, გზაზე მოძრაობის წესები ყველამ უნდა დავიცვათ და არც არავინ ვართ დაზღვეული ასეთი შემთხვევებისგან, მაგრამ აქ სპეციფიკა ისაა (და ეს დამატებით პრობლემებს ქმნის), რომ ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება თბილისიდან ქუთაისში და ქუთაისიდან თბილისში. თბილისიდანაც საქმეზე მოგვეჩქარება ქუთაისში და აქედანაც საქმეზე ვბრუნდებით თბილისში. 10 საათზე იწყება ბიურო, 17 საათზე იწყება კომიტეტი, 3 საათზე იწყება სხდომა... წუთებითაა ეს ყველაფერი განსაზღვრული და იმ მომენტში ყველა ადგილზე უნდა იყოს. საერთაშორისო საზოგადოებაც უკიდურესად შეწუხებულია, იმიტომ რომ ერთსაათიანი შეხვედრისთვის კაცმა შვიდი საათი უნდა დახარჯოს. უბრალოდ, სამარცხვინო ამბავთან გვაქვს საქმე. ყველა, ვინც ჩემთან შემოდის ოთახში, თან მითანაგრძნობს. ოთახის მიღმა, აივანზე (არც ვიცი, აივანია თუ მინიგოლფის მოედანი) ჰაერის ტემპერატურა აღწევს 57-58 გრადუსს! მწვანე ნარგავები, რომლებიც ჩემი ფანჯრიდან ჩანს და იქაა გაშენებული (ტროპიკული მცენარეებია, რომლებიც სპეციალურად ასეთი პირობებისთვის ჩამოიტანეს) უკვე გახმა.

თვითონ შენობის ხარჯების საკითხი უკავშირდება ძალიან ბევრ სისტემურ დანაშაულს. ვხმარობ ამ სიტყვას, რადგან ის 400 მილიონამდე ლარი, რომელიც დაიხარჯა ყველაზე უფრო ძვირადღირებულ პროექტში, ყველაზე უფრო ძვირადღირებული მასალით... ყველაზე უფრო ძვირადღირებულია ყველაფერი! და თან საიდან?! მაგალითად, ხრამჰესი გაიყიდა სასწრაფოდ, პირდაპირი მიყიდვის წესით, და იქიდან ამოღებული 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა ამ საქმეს; გაიყიდა საცდელი სადგურები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შენობა-ნაგებობები, რომ სასწრაფოდ ამ შენობას მოხმარებოდა. თან საინტერესო გვარები ფიგურირებს ამ ყველაფერში. იმ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილე, რომელიც ამ მშენებლობით იყო დაკავებული, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ჩიქოვანია, რომელიც არ ვიცი, ახლა გაქცეულია თუ გამოქცეული.

12 საათისთვის ვხვდები ნატოს წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი მადლობა გადაგვიხადეს ნატოს საბჭოს ვიზიტის დროს ჩვენი დახვედრისთვის და ძალიან კმაყოფილები წავიდნენ გენერალური მდივანი რასმუსენიც და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც. მაგრამ ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ უამრავი გვაქვს. პარლამენტმა უნდა მოვახერხოთ გაცილებით ეფექტიანი ურთიერთობა, თანამშრომლობა, კონტროლი, ზედამხედველობა თავდაცვის სისტემის, უშიშროების სისტემის, პოლიციის სისტემის, ზოგადად, ძალოვნად წოდებული სტრუქტურების. ეს, პირველ რიგში, სჭირდება თავად ამ სტრუქტურებს, რადგან იქ, სადაც მეტი ძალაუფლებაა თავმოყრილი და სადაც სახელმწიფო ყველაზე მეტად ვლინდება, სწორედ ეს უწყებებია. მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენებაზე, იარაღის გამოყენებაზე, სპეცსაშუალებების გამოყენებაზე. აქ აუცილებელია სამოქალაქო მონაწილეობა, ზედამხედველობა, მუდმივი მუშაობა მათთან. აქ გვაქვს თეთრი ლაქები, ანუ ეს სისტემა ინსტიტუციურად გაუმართავია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი რომ მუშაობს, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ნატოს წარმომადგენლებთან ამაზეც გვაქვს მუდმივი საუბარი და იმედია, რაღაცებს შევძლებთ.

ამასობაში უნდა გავიქცე ბათუმისკენ: იქ იწყება მეათე კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ და ამ კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებია, გამოსვლებია და ამასობაში უნდა მოვასწრო შევლა ბათუმშივე მოწვეულ თათბირზე პრემიერის მონაწილეობით. საკითხი ეხება თვითმმართველობის რეფორმას. ვახერხებ ნახევარი საათით შევლას, საკმაოდ მწვავე დებატებია. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისა და მართვის დამკვიდრებული, ტრადიციული სისტემა ისეა ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგია რაიმე ცვლილებისა. არადა, თუ აქ არაფერი შეიცვალა, მაშინ ჩვენ თვითმმართველობას ვერ დავამკვიდრებთ. თვითმმართველობა უნდა ხორციელდებოდეს იმოდენა ტერიტორიაზე და იმდენი მოქალაქის მონაწილეობით, რომ ამ მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საერთო პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობენ. თუ ჩვენ თვითმმართველობას დავტოვებთ იმ დიდი რაიონების დონეზე, სადაც ერთი სოფლის, კუთხის, რაიონის ორ ბოლოში მცხოვრებ ხალხს ერთმანეთთან არ კავშირებს არც საერთო გზა, არც საერთო წყალსადენი, არც საერთო სავარგულები, არც საერთო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, მაშინ ამ ხალხს თვითმმართველ ერთეულში ვერასოდეს მოვაქცევთ და ისინი ვერასოდეს გაითავისებენ იმას, რომ იმ სოფლის პრობლემა ამ სოფლის პრობლემაცაა. ჩვენ თვითმმართველობა უნდა გვქონდეს იმოდენა ტერიტორიაზე და იმდენი ადამიანის მონაწილეობით, რომ არავის გაუჩნდეს კითხვა, რომ აი, იქ რომ გზაა გასაკეთებელი, ეს მეც მჭირდება; იქ რომ წყალია, თუ ამბულატორიაა ასაშენებელი, ეს მეც მჭირდება. თუ ასეთი დამოკიდებულება არ იქნა, მაშინ თვითმმართველობა რჩება ფარსად და რეალურად ხორციელდება ცენტრალიზებული მმართველობა ზემოდან. ამიტომ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ დიდი სოფლების გაერთიანებით უნდა შეიქმნას მართლა მოქმედი თვითმმართველობა, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება პირადი პასუხისმგებლობა ყველაფერზე და პირადი აზრი ყველაფერზე, რაც ხდება იმ თვითმმართველობის ერთეულში. მაგრამ ვნახოთ... ამ იდეებს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს თავად კოალიციის შიგნით.

შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ევროკომისართან, ბატონ ფიულესთან, რომელსაც ბოლოს ერთი თვის წინ შევხვდი ბრიუსელში. ორმოცდახუთწუთიანი შეხვედრა მაშინ ორსაათნახევარს გაგვიგრძელდა. ბევრი საკითხია მოსაგვარებელი იმისთვის, რომ ქვეყანა მართლა მიუახლოვდეს ევროპას. მაგრამ კარგია, რომ პროგრესი გვაქვს.

მერე არის შეხვედრები ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტთან. ყველა ეს შეხვედრა, ცხადია, დამღლელიც არის. ასე რომ, არც ბათუმში გამოდის დასვენება. ისევ ღამის ორი საათია, როდესაც ნოდარ ხადურთან ერთად კათხა ლუდს ვსვამ და ავდივარ ნომერში.

12 ივლისი, პარასკევი
დილიდან კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა, სიტყვით გამოსვლა და მორიგი სინდისის ქენჯნა იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა არ მაქვს დაწერილი. ზოგადად და ტრადიციულად, ასეთ დროს სხვა გამომსვლელები კითხულობენ, წერის დროს უკეთ უყრი თავს ყველაფერს, და არ მინდა, მსმენელებმა და დამსწრეებმა იფიქრონ, რომ ზერელედ ვუდგები ამ საკითხს; მაგრამ რატომღაც ასეთი სტილი დამჩემდა. დაწერილი სიტყვით გამოსვლა, უბრალოდ, არ შემიძლია. ვიცი, რის თქმაც მინდა, მაგრამ როგორ ვიტყვი და რა თანმიმდევრობით, რის ფონზე და რა არგუმენტებით, ეს იმ წუთში და თავისით თუ არ მოვიდა, ვერ მივყვები ვერანაირ სქემას და გეგმას.

შესვენების შემდეგ კიდევ ერთხელ მომიხდა გამოსვლა, უკვე „დემოკრატიის პანელზე“, ასე ვთქვათ, კონკრეტულად დემოკრატიის პრობლემებზე. ამ გამოსვლისას, განსაკუთრებით მივესალმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს. არა იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ის იყო ყველაზე ღირსეული თუ მნიშვნელოვანი მონაწილე იმ შეხვედრის, არამედ სრულიად სხვა მიზეზით. დარბაზს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ ის იყო ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების, რომელიც შარშანაც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში. დანარჩენი ყველა ვიყავით ახალი და ეს ექსპრომტად გამოსვლაც სწორედ ამაზე ავაწყვე: აი, ერთადერთი კაცი, რომელიც კვლავაც წარმოადგენს იმ ხელისუფლებას, რომელიც ერთი წლის წინ მასპინძლობდა ამ კონფერენციას-მეთქი. ჯერ ერთი, ეს მეტყველებს იმ ცვლილების მასშტაბზე, რაც მოხდა ქვეყანაში, და მეორეც ის, რომ ეს მეათე კონფერენცია – „ევროპული გზა“ – ჩატარდა ისეთივე წარმატებით, ისეთივე მტკიცე განაცხადებით ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე როგორც საქართველოს წარმომადგენლების, ისე და ევროპის წარმომადგენლების მხრიდან. ეს მეტყველებს მეორე, ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე, რომ სახელმწიფოს ვემსგავსებით, რომ თუ ერთი პარტია წავიდა და მეორე მოვიდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების ძირითადი და სტრატეგიული მიმართულება ახლა 90 გარდუსით შეიცვლება, ან 180-ით, ან უაზროდ იტრიალებს. ეს იმიტომ, რომ ქვეყნის სტრატეგია ვერ ეტევა ოთხ წელიწადში, ანუ საარჩევნო ციკლებში. სტრატეგია ათწლეულობით არის გააზრებული და ამიტომ ყველამ კარგად უნდა ვიფიქროთ, როცა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ჩვენი შესასრულებელი არ იქნება ეს ყველაფერი. იმდენად დასაბუთებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ და ზეგ სხვა ხელისუფლებამ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ასეთივე მონდომებითა და წარმატებით გააგრძელონ ეს საქმე. ასე რომ, ამ თვალსაზრისით საინტერესო სურათი იყო დარბაზში...

თუმცა ქვეყნისთვის ჩრდილის მომყენებელი მოვლენა მაინც მოხდა: ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც მოწვეული იყვნენ კონფერენციაზე (როგორც ჩანს, პრეზიდენტის რჩევით და დავალებით) მოლდავეთში წასვლა ამჯობინეს; იქ მათ მონაწილეობა მიიღეს ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში და საქართველოს შემოსძახეს, ამიტომ და ამიტომ გაგვიჭირდება ევროპასთან მიახლოება და ევროპული გზის არჩევაო. სულაც არ მგონია, რომ პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ ჟურნალისტი, შიგნით და გარეთ, პრობლემებზე თუ ამახვილებს ყურადღებას, ესე იგი ამით ქვეყანას ებრძვის და ქვეყნისთვის არასასურველ საქმეს აკეთებს, მაგრამ როცა ამით დაკავებულია ქვეყნის პრეზიდენტი, აქ უკვე კომენტარი ზედმეტია. მე იძულებული ვიყავი, თავი ჩამეღუნა, როცა ჩვენი ევროპელი მეგობრები ამაზე კითხვის თვალებით მიყურებდნენ, რა ხდებაო? თუ რამე აქვთ სათქმელი, აგერ არის ეს ადგილი, ჩვენ ჩამოვედით თქვენთან სალაპარაკოდ და ამან მოლდავეთში ამჯობინა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. რა ვუყოთ, ცოტა ხანი კიდევ უნდა გავუძლოთ, სულ ორი-სამი თვე, შემდგომ ყველაფერი დალაგდება.

დღეს 12 ივლისია, პარასკევი, და ქუთაისში სხდომა მიმდინარეობს. ამიტომ 15 წუთში ერთხელ ან მესიჯს ვგზავნი, ან ტელეფონით ვრეკავ და ვარკვევ, რა ხდება. განიხილება განათლების კანონში შესატანი ცვლილებები, რომელზე დებატებმაც პირველი მოსმენის დროს სამი დღე დაიკავა. არადა, თუ მეორე მოსმენაც ამდენ ხანს გაგრძელდა, ვეღარ მოვასწრებთ მაუწყებლობის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევას. კიდევ კომუნიკაციების საკითხზეა ვეტო. თუ დღეს ვერ მოესწრო ეს ყველაფერი, მაშინ შაბათს უნდა დავნიშნოთ რიგგარეშე სხდომა. არადა, შაბათს, სხვადასხვა დელეგაციის შემადგენლობაში, ბევრი მიემგზავრება უცხოეთში. ასე რომ, პრობლემა ბევრია. მუდმივად ტელეფონზე ვარ. 6 საათი სრულდება და მივიჩქარი ქუთაისისკენ. კენჭისყრას უნდა მივუსწრო. ამასობაში ძირითადი საკითხები გავლილია, კენჭისყრა ჩატარდა, ორივე ვეტო დაძლეულია, სხვა მნიშვნელოვანი კანონებიც მიღებულია.

ცხრა საათიც გახდა. ამ დროს სხდომა იხურება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო დღე დამთავრდა. იწყება ხაზინადართა საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება ყველა სამეურნეო-საფინანსო საკითხი პარლამენტში: დაწყებული გაცვეთილი საბურავების შეძენით და დამთავრებული რუსთაველზე პარლამენტის ძველი შენობის ვიდეოფიცირებით და რემონტის მიმდინარეობით. ხაზინადართა საბჭოს სხდომა ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.

თინა ისევ მახსენებს, რომ თბილისშია წასასვლელი, მაგრამ უკვე ვეღარ ვხვდებით და მესიჯით ვემშვიდობებით ერთმანეთს.

საინტერესო ეპიზოდი იყო სხდომაზე, რომელიც მანანა კობახიძეს მიჰყავდა. დარბაზში დავიკავე ადგილი. უმრავლესობის სეგმენტი სავსე იყო და ამიტომ უმცირესობის მხარეს დავჯექი. კენჭისყრის პროცესში თინა თავისი ადგილიდან გადმოვიდა ჩემთან და მომიჯდა გვერდით: ახლა მე ხომ შენ ვეღარ გნახავ ვერასოდეს და კენჭისყრის ღილაკზე ხელის დაჭერამდე ხუთი წუთი გადმომილაპარაკა რაღაცები და მათ შორის, იმის თაობაზეც, სად არიან ბავშვები. ვიცი, რომ არიან სადღაც, პატრონი ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად რომელ ბებიასთან, აღარ ვიცოდი და ეს გადავამოწმე. სამ კვირაზე მეტია, არ მინახავს არც ერთი. ზოგადად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი ჩემი დღევანდელობის. უფროსი 13 წლისაა, დამირეკავს ხოლმე რამდენიმე დღეში ერთხელ. თუ მოვახერხე პასუხი, ვეკითხები: „რა ხდება, სანდრო, როგორ ხარ?“ „არაფერი, მამ, მოგიკითხე, ახლა აღარ გცალია ალბათ“, და თვითონ თიშავს ტელეფონს. აი, მე რომ იქით დავურეკო, ამას ვერ ვახერხებ ხოლმე, სამწუხაროდ.

ამასობაში ხაზინადართა საბჭო დავასრულეთ და ისევ უკან ვარ გასაქცევი ქობულეთში. არადა, შუაღამეა და შენობიდან გასვლისას დაცვის ბიჭები მეუბნებიან, მგონი, დღეს არაფერი გიჭამიათო. მაშინღა აღმოვაჩინე, რომ კონფერენციის გახსნამდე ყავა დავლიე და მერე, შეხვედრების დროს, კიდევ ერთი-ორი ყავა. არადა, უკვე ღამის 12 საათია და მივდივართ ქობულეთისკენ. გზაზე გავჩერდით და წავიხემსეთ. ესეც, ასე ვთქვათ, პასუხი კითხვაზე – „რატომ ვერ ხერხდება ჯანმრთელი ცხოვრება?“

ასე დასრულდა პარასკევი. ჩავედით ქობულეთში. ხვალ იქ ახალი კონფერენცია იწყება.

13 ივლისი, შაბათი
ქობულეთში დილიდან მზიანი ამინდი გამოვიდა. დამსვენებლები ალბათ კმაყოფილი არიან, რადგან ბოლო ორი დღე წვიმდა. პირადად მე ეს ნაკლებად მაღელვებს, რადგან ჩემი ურთიერთობა ზღვასთან არ უკავშირდება მაინცდამაინც ზღვაში ყოფნას. ზღვასთან მარტო რომ ვრჩები, უფრო ეს მიტაცებს და თან თუ ზღვა აღელვებულია, კიდევ უკეთესი, ანუ მეტს ხმაურობს, მეტს მესაუბრება. მესამე დღეა, აქ ვტრიალებ, – ბათუმი, ქობულეთი – მაგრამ უშუალოდ ზღვამდე ვერ მივედი.

ამასობაში კონფერენციაც იწყება. ეს არის NDI-ს ორგანიზებული, საინტერესო ფორმატის შეხვედრა – უმრავლესობის ანგარიში ჟურნალისტებს. ეს არის კამერული შეხვედრა კამერების გარეშე, სადაც უმრავლესობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს, ვინც აშუქებს, ზოგადად, საპარლამენტო ცხოვრებას, ეტყვიან იმას, თუ რა გავაკეთეთ და რატომ გავაკეთეთ, რა გადავწყვიტეთ და რატომ გადავწყვიტეთ. ვინაიდან აქ ჩაწერა და ციტირება არ ხდება, არის ძალიან ღია და უშუალო ატმოსფერო, სადაც ორივე მხარე მიიღებს სარგებელს.

ზოგადად, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ერთმანეთზე ხშირად ბრაზდებიან. ეს, პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ ერთმანეთის კარგად არ გვესმის და ასეთი შეხვედრების დროს, მე მგონი, უკეთ გავიგებთ იმასაც, რატომ სვამენ ასეთ კითხვებს, და იმასაც, რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. შევთანხმდით იმაზეც, რომ ასეთი შეხვედრები ყოველთვიურად იქნება პარლამენტში უკვე NDI-ს გარეშე. ჩვენც შეგვიძლია, ყოველი თვე შევაჯამოთ თუ დღენახევრიანზე არა, ორ-სამსაათიან შეხვედრებზე მაინც.

მაგრამ კონფერენციაზე ბოლომდე ვერ ვრჩები. 11 საათზე ურეკში უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაა. იქით მივემართებით. შეხვედრა ეძღვნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ალბათ მალე დატოვებს განათლების მინისტრის თანამდებობას და სრულფასოვნად ჩაერთვება კამპანიაში. ცხადია, კოალიციასაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორიოდე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიმართვა წინასაარჩევნოდ, სადაც ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გაჟღერდა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პერიოდში. ერთ-ერთი ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა მოვახერხოთ საქმიანი დებატები, უფრო მომავალზე ორიენტირებული დებატები და როგორმე ნაკლები დრო და ენერგია დავუთმოთ იმას, თუ ვინ რა ჩაიდინა გუშინ და გუშინწინ. ცხადია, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება, ამიტომ წარსულიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს ვირჩევთ მომავალი წლებისთვის. ამიტომ გვაინტერესებს ყველას, ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რომ კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ ხალხს, რას ვაპირებთ. ამითაა განპირობებული პრემიერის მოწოდებაც, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან დამოკიდებულებაში მეტი სოლიდურობა და ცივილიზებულობა გამოვამჟღავნოთ და ეს, პირველ რიგში, უმრავლესობასა და ხელისუფლებაში მყოფი ხალხის მოვალეობაა. ჩვენ მეტად გვევალება ნერვების მოთოკვა, ემოციებთან გამკლავება და ამ გზით სამაგალითო არჩევნების ჩატარება. ამიტომაც მიმართა მან თხოვნით სამართალდამცველებავებს, რომ თუ არ არის უკიდურესი აუცილებლობა, არ გამოიყენონ პოლიტიკურ პროცესში ჩართული პირების წინასწარი დაკავება და სხვა ტიპის შეზღუდვები. მე მგონი, ეს ცუდი არ იქნება.

პირველ საათზე უკვე პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, ურეკში გრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა. პოლიტსაბჭო ის ორგანოა, რომელიც კოალიციის გადაწყვეტილებებს იღებს და აქ, ტრადიციულად, გავდივართ ათას წვრილმან და მსხვილმან საკითხს, მათ შორის, მომავალი ბიუჯეტის თემებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კონტურები უკვე გამოსაკვეთია.

ასეთ შეხვედრებზე ხშირია ფილოსოფიური წიაღსვლებიც. ბევრს ვმსჯელობთ, ზოგადად, ქართველობაზე და იმაზე, თუ რა ამბიცია და შესაძლებლობები გვაქვს და ქართული სახელმწიფო რისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რას უნდა ეფუძნებოდეს. უკეთესი კონსტიტუციის დაწერა ქაღალდზე ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ გვინდა სახელმწიფო იყოს (ამ ტერმინს, მგონი, პირველად ვხმარობ) რეალისტური; სახელმწიფო, რომელსაც რეალურად არსებობისა და ფუნქციონირების პერსპექტივა აქვს და არა ის, რომ „ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო“ ან ის, რომ თანამედროვე, გლობალიზებულ მსოფლიოში უჭირთ მცირე სახელმწიფოებს. ეს უკიდურესობები როგორმე უნდა მოვიცილოთ. პოლიტსაბჭოზე ასეთ საკითხებზეც ვმსჯელობთ და არა მხოლოდ იმაზე, ვინ, სად დაინიშნოს და, ვთქვათ, ბიუჯეტიდან თანხა ვის და რამდენი გამოეყოს.

პოლიტსაბჭოს დამთავრებისთანავე ისევ უკან, ქობულეთში მივდივარ – უნდა მივუსწრო ჟურნალისტებთან შეხვედრას, რომლითაც დღევანდელი დღე დაიწყო. მგონი, მთელი ამ კვირის განმავლობაში დღეს, საღამოს, 10 საათის შემდეგ, შესაძლოა, ერთი საათი გამოიძებნოს და ზღვასთან მარტო დავრჩე. ვნახოთ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG