Accessibility links

logo-print
13 ოქტომბერი, კვირა
ფრანკფურტისთვის უჩვეულოდ თბილი და მზიანი კვირა დღე გათენდა. ჩვეულებისამებრ, დილას ადრე ვდგები და წიგნის ბაზრობაზე წასასვლელად ვემზადები. კვირაა, მაგრამ საქმიანი და ხმაურიანი ქალაქი, რომელსაც კვირა დილას, წესით, მშვიდი და ღრმა ძილით უნდა ეძინოს, ათი საათისთვის უჩვეულოდ ხალხმრავალია. ლაიფციგერ შტრასეზე სადგურისკენ მივემართები და ესკალატორით ნელ-ნელა ჩავდივარ მეტროს სადგურში. ფერადი და ამაღელვებელი სანახაობა იშლება ჩემ თვალწინ, ათობით ახალგაზრდა - საკარნავალო ტანისამოსში გამოწყობილი სტუდენტები, მოსწავლეები - სწორედ იმ მატარებელს ელოდება, რომელსაც წიგნის ბაზრობისკენ მივყავართ. სულ ორიოდე გაჩერებაა Messe-მდე, სადაც ყოველ წელს იმართება მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობა) და ყოველ ახალ გაჩერებაზე კოსტიუმირებულ ახალგაზრდათა ახალი ნაკადი გვიერთდება. ზღაპრის გმირები, მითოლოგიური პერსონაჟები თუ ჩემთვის უცნობი სხვა გმირები სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ცენტრალურ ეზოში იყრიან თავს და არაერთი ფოტოგრაფისთვის თუ ჩვეულებრივი დამთვალიერებლისთვის პოზიორობენ, ერთობიან, მღერიან და ნამდვილ ზეიმად აქცევენ წიგნის ბაზრობის დაძაბულსა და საქმიან დღეებს.

დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა და მეც ვცდილობ, კოსტიუმირებული ახალგაზრდების ტალღაში გზა გავიკვლიო ჩვენი ეროვნული სტენდისკენ, რაც არცთუ ისე იოლი საქმეა. დარბაზში რიგითი ნომრით 5.0, სტენდი B96 საქართველოს პატარა კუნძულია ამ უზარმაზარ წიგნის სამყაროში. სტენდთან, ჩვეულებისამებრ, დილიდანვე საქმიანობენ თამუნა და ირინა. გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალურ ყუთებში აწყობენ ქართულ წიგნებს, რომლებიც სულ რამდენიმე დღეში უკვე ბერლინის, მიუნხენისა თუ ფრანკფურტის პატარა ქართულ ბიბლიოთეკებში დაიდებენ ბინას.

ორი საათისთვის სტენდზე ნელ-ნელა გვიერთდებიან ქართველი მწერლებიც. ერთმანეთს ვუზიარებთ წინა დღეების შთაბეჭდილებებს და ემოციებს. ზოგიც ბოლო დღეს კიდევ ერთხელ ცდილობს, თვალი შეავლოს მათთვის საინტერესო უცხოური გამომცემლობების სტენდებს, მოინახულოს წლევანდელი ბაზრობის სტუმარი ქვეყნის - ბრაზილიის - პავილიონი და ფრანკფურტი კიდევ უფრო მძაფრი შთაბეჭდილებებით დატოვოს.

მე კი სტენდზე ჩემი საქმეები დამრჩა დასამთავრებელი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები სტენდიდან უნდა ჩამოვიღო, ყუთებში ჩავაწყო და მარკერით დავაწერო „2014 წლის ლაიფციგის ბაზრობაზე გასაგზავნი“. სწორედ ამ დროს, დასამშვიდობებლად, შემოგვიარა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტმა ტობიას ფოსმა, რომელმაც საქართველოს დელეგაციის წევრებს მადლობა გადაგვიხადა საინტერესო პროგრამის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ მოგვილოცა თამთა მელაშვილის და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანის მიერ ახალგაზრდულ ლიტერატურაში გერმანიის ეროვნული პრემიის მოპოვება. ამ პრემიამ მართლაც დააგვირგვინა ჩვენი ვიზიტის მთელი პროგრამა. ძნელი აღსაწერია ის სიხარული, რომელიც 11 ოქტომბერს განვიცადეთ, როცა ასეთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი ორი ქართველი ლიტერატორი გახდა.

გზად აეროპორტისკენ კიდევ ერთხელ ვაანალიზებ ჩვენი ვიზიტის ყველა დეტალს და „დავთარში“ ვინიშნავ ახალ-ახალი იდეებს, რომლებიც გზადაგზა მომდის თავში. რა იცი, როდის გამომადგება...

წიგნის დღეები ფრანკფურტში ოქტომბრისთვის უჩვეულო თბილი და მზიანი კვირა დღით მთავრდება.

14 ოქტომბერი, ორშაბათი
მიუნხენი-თბილისის რეისზე უშედეგოდ ვცდილობ თვითმფრინავში დაძინებას. იკი უკვე დიდი ხანია ტკბილად თვლემს, მე კი ძილი არ მეკარება.

სახლში დაბრუნებისას, ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როცა გელოდებიან და წუთებს ითვლიან შენი თვითმფინავის დაშვებამდე. ელენიკოს ალბათ უკვე სძინავს, მაგრამ ვიცი, რომ ყველაზე მეტად ახლა ჩემი დაბრუნება უხარია (შეიძლება იმიტომაც, რომ ელოდება საჩუქარს, რომელიც დედამ ყოველ მიზეზგარეშე უნდა ჩამოუტანოს).

დღეს უქმეა და, შესაბამისად, სამსახურში წასვლას გადავრჩი. რამდენიმე საათი დაძინება მოვახერხე (საკუთარ ლოგინში ძილი მაინც სულ სხვაა!) და 11 საათისთვის სახლის საქმეებთან შერკინებას შევუდექი. ელენეც მეხმარება. შიგადაშიგ წუწუნებს, მაგრამ მაინც ცდილობს, მარტო არ დამტოვოს ამ არცთუ ისე სასიამოვნო საქმეების პირისპირ.

ტელევიზორის ჩართვისგან თავს ვიკავებ. არ მინდა ასე მალე დავუბრუნდე თბილისურ რეალობას და საარჩევნო ციებ-ცხელებას. მინდა, ცოტა ხნით გავიხანგრძლივო ის დადებითი ემოციური აურა, რომელიც ფრანკფურტიდან ჩამომყვა. ადამიანები წიგნებს უფრო ხშირად რომ კითხულობდნენ, ტელევიზია და უახლესი ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში ასე მარტივად ვერ შემოიჭრებოდა.

ფრანკფურტის ბაზრობის კადრები ჩემ თვალწინ slide show-ს ეფექტით ტრიალებს. ახლაც თვალწინ მიდგას ახალგაზრდების რიგები, დიდი ინტერესით რომ ათვალიერებენ საგამოფენო პავილიონებს, ესწრებიან ახალი წიგნების პრეზენტაციებს, ეცნობიან ლიტერატურულ სიახლეებს და გული მწყდება, რომ საქართველოში მოზარდების და ახალგაზრდების ლიტერატურით დაინტერესების და, ზოგადად, წიგნიერების დონე არცთუ ისე სახარბიელოა. და ნუ დავაბრალებთ ყველაფერს 21-ე საუკუნის „ტექნოლოგიურ რევოლუციას“. ევროპაში, უახლესი ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საზოგადოება უფრო განვითარებულია, მაგრამ წიგნის კითხვისა და ლიტერატურისადმი ინტერესის დონე, ამ მხრივ, არ შეცვლილა.

ელენიკოს ოთახში, საწოლის თავთან, ახალ წიგნს მოვკარი თვალი. „ანა ფრანკის დღიურები“. არ ვიცი, ვინ ურჩია ამ წიგნის წაკითხვა. ზედმეტი კითხვებიც არ დამისვამს.

დღეს სვეტიცხოვლობაა. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და ღვინობისთვე თბილისში.

15 ოქტომბერი, სამშაბათი
დილის 7 საათზე მობილურის მაღვიძარა გამეტებით იწყებს „წიკვინს“. თავის მოტყუებას და თბილ ლოგინში ტკბილი წუთების გახანგრძლივებას არავითარი აზრი აღარ აქვს. რეალობას თვალს ვუსწორებ, თავს ძალას ვატან, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდე. ელენეს ჯერ კიდევ სძინავს... თოთხმეტმა წელმა, დღევანდელი გადასახედიდან, 14 დღესავით გაირბინა. უკვე დიდი გოგოა (როგორც თავად ამბობს), და მისი მოფერება, დედობრივი ალერსის გამოხატვა, სასტიკად მაქვს აკრძალული. დილის საათები ერთადერთი დროა, როდესაც ჩემი „დედობრივი უფლებებით“ ბოროტად ვსარგებლობ და, როცა ჯერ კიდევ სძინავს, ფრთხილად ვცდილობ ბალიშისგან დასერილ და აღაჟღაჟებულ ლოყაზე გემრიელად ვაკოცო.

ელენეს სკოლასთან ვტოვებ და უნივერსიტეტში ლექციაზე გავრბივარ. ვიცი, სტუდენტები უკვე მელოდებიან და არ მინდა დავაგვიანო. ლექციას ჩვეულებრივზე უფრო ადრე ვამთავრებთ და კულტურის სამინისტროში მივიჩქარი. ვგრძნობ, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე დამხვდება.

„მეილბოქსი“ ახალი წერილებით მაქვს გადატვირთული. ტელეფონი არ ჩერდება. შემოსული წერილები, ხელშეკრულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები... საჯარო სამსახურის სრული საგიჟეთი - კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სამინისტროს ყოველდღიურ ფერხულში! შიგადაშიგ თანამშრომლები შემოდიან და წიგნის ბაზრობის დეტალებს მეკითხებიან, თამთას და ნათიას გამარჯვებას მილოცავენ. მთელს სამინისტროს გვეამაყება და გვიხარია ეს დიდი წარმატება.

პირველი საათისთვის ლაშა ბუღაძემ დამირეკა, ჩვეული შემართებით და მოლოცვებით „იმედის“ ხვალინდელ შუადღის შოუში მიგვიწვია მე და გურამ ოდიშარია. რა თქმა უნდა, მთავარი თემა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ქართველი მწერლების ვიზიტის დეტალებია.

მთელი საღამო ვფიქრობ, რა კუთხით ვისაუბრო ხვალინდელ პირდაპირ ეთერში ლაშა ბუღაძესთან ფრანკფურტის ბაზრობაზე. ბაზრობაზე, სადაც წელს პირველად გაისმა ერთბაშად 15 ქართველი მწერლის ხმა; სადაც ქართული ლიტერატურა გერმანიის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. იმედია, თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოლიფონიას სულ მალე აღმოაჩენს უცხოელი მკითხველი.

16 ოქტომბერი, ოთხშაბათი
მიყვარს ოქტომბერი თბილისში. ოდნავ სუსხიანი გარიჟრაჟით და გრილი საღამოებით. დღის განრიგი გუშინდელი საღამოდან უკვე გაწერილია. კულტურის სამინისტროში 11 საათზე დაგეგმილი პრესკონფერენცია, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობა, ინტერვიუ ფოლკრადიოს პირდაპირ ეთერში და ა.შ. თემა - ისევ და ისევ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ვიზიტის შედეგები და წარმატებები. ამ საკითხებზე სასაუბროდ ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით ვთანხმდები ტელევიზიებსა თუ რადიოში სტუმრობას: მიხარია ლიტერატურისა და წიგნის სექტორში ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებზე საუბარი. მახსენდება ის რთული და, ამავე დროს, საინტერესო გზა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გავიარე, რაც სამინისტროში წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ხელმძღვანელობას შევუდექი. ყოველი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა, ყოველი ახალი გამოცემა, რომელიც საქართველოში თუ საზღვარგარეთ ჩვენი ხელშეწყობით გამოდიოდა, უფრო მეტად მაძლიერებდა და მაყვარებდა იმ საქმეს, რომელსაც ქართული ლიტერატურის ხელშეწყობა ჰქვია. ფრანკფურტის, ლაიფციგის, ლონდონის წიგნის ბაზრობებზე ეროვნული სტენდების მოწყობა და გაფორმება, უცხოელ გამომცემლებთან წლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ქართველი მწერლების ნაწარმოებთა უცხო ენებზე თარგმნის მიმართულებით, უკვე იწყებს ნაყოფის გამოღებას. სწორედ ეს ნაყოფი ვიხილეთ წელს, როდესაც თამთას რომანმა „გათვლამ“ გერმანიის ეროვნული პრემია მოიპოვა. ამ წიგნის თარგმნა და შვეიცარიაში გამოცემა თავის დროზე ჩვენი პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მეც გულწფელად მეამაყება ჩვენი მოკრძალებული წვლილიც ქართველი ავტორის ამ დიდ გამარჯვებაში.

რთული და დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს სამინისტროში მოვიდა ამანათი სტოკჰოლმიდან: აკა მორჩილაძის რომანის - „ძველი გულებისა და ხმლისა“ - სამი სასიგნალო ეგზემპლარი. ვულოცავ გიოს მისი რომანის შვედურ გამოცემას!
შემოდგომა ხომ მოსავლის აღების დროა! შესაბამისად, ლიტერატურული რთველი ჩვენთანაც დგება. წლის ბოლომდე ქართველ მწერალთა საზღვარგარეთ გამოცემულ კიდევ ათამდე თარგმანს ველოდებით.

17 ოქტომბერი, ხუთშაბათი
საღამოს, სახლში მოკალათებული, ვათვალიერებ ფრანკფურტიდან ჩამოტანილ კატალოგებს, სარეკლამო და საინფორმაციო ფლაიერებს და ბუკლეტებს. თან წამოვიღე ყველაფერი, რაც 21-ე საუკუნეში წიგნისა და ლიტერატურის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხება. ჩემი ყურადღება მიიპყრო სტატიებმა ელექტრონული წიგნების, ე.წ. eBook-ების შესახებ. ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის აზრით, 10-15 წელიწადში ბეჭდურ ლიტერატურას სრულად ჩაანაცვლებს ელექტრონული გამოცემები. ეს პროცესი შედარებით სწრაფი ტემპით აშშ-ში და ევროპაში ვითარდება და, ალბათ, ვერც საქართველო დარჩება ამ სიახლეებისა და ცვლილებების მიღმა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ქალაქები წიგნის მაღაზიებისა და ბიბლიოთეკების გარეშე. წიგნებისთვის განკუთვნილი ათასგვარი სივრცეები იმ განუმეორებელი სურნელის გარეშე, რომელსაც ახალგამოცემული წიგნები აფრქვევენ. ყველგან, სადაც კი ამ სურნელს შევიგრძნობთ, განსაკუთრებული სიმყუდროვის და სიმშვიდის განცდა გვეუფლება. თავისებურად ხომ ყნოსვაც გვეხმარება წიგნის გაცნობასა და შეყვარებაში... წიგნის ნაირ-ნაირი სანიშნეები - წიგნის მოყვარულთა ეს უსაყვარლესი აქსესუარი; საკუთარი წიგნის გვერდების მოკეცვის და ფანქრით შენიშვნების დატანის ჩვევები; გვერდების გადაფურცვლის მანერა, რიტუალი, რომელიც წიგნის კითხვისას ყველას განსხვავებული აქვს... ნუთუ ეს ყველაფერი დაიკარგება?! ნუთუ დავრჩებით გონიერი ტექნოლოგიების ამარა, რომლებიც ყველანაირ კომფორტს შეგვიქმნიან და თითის ერთი მარტივი მოძრაობით ნებისმიერი ლიტერატურული ქმნილების გაცნობის საშუალებას მოგვცემენ?

ალბათ მაინც მომავალი თაობის გადასაწყვეტია, რა ფორმით მოისურვებს წიგნების კითხვას. მთავარი ისაა, რომ კითხვის სიყვარული და ინტერესი არ განელდეს. დაე, იკითხონ ლიტერატურა iPad-ში და eBook-ში... ყველგან, სადაც ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა.

ოღონდ იკითხონ!

18 ოქტომბერი, პარასკევი
„მედეა, იცი რას ეძებენ მამაკაცები? ისეთ ქალს,
რომელიც ეტყვის მათ, რომ არაფერში არ არიან დამნაშავენი...“
(კირკე მედეას)
კრისტა ვოლფი, „მედეა“

ფრანკფურტიდან ჩამოვიტანე კრისტა ვოლფის რომანი „მედეა“. რომანის ქართულ თარგმანს დიდი ხანია ვიცნობ. ამჯერად გადავწყვიტე, ეს არაჩვეულებრივი წიგნი უკვე ინგლისურენოვან თარგმანში წამეკითხა. სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, წაიკითხონ და გაეცნონ ევრიპიდეს, სენეკას, კრისტა ვოლფის, ლარს ფონ ტრიერის და პაზოლინის ნაწარმოებებს სახელწოდებით „მედეა“. შვილების მკვლელი დედის ტრაგიკულმა მხატვრულმა სახემ ინტერპრეტაციების მთელი ციკლი გამოიწვია ანტიკური ხანიდან დღემდე და მსოფლიო ლიტერატურაში გამორჩეულ მხატვრულ სახეთა შორის განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ამბავი ქალისა, რომელმაც შურისძიების გამო შვილები დახოცა, კრისტა ვოლფის რომანში სრულიად სხვაგვარად არის აგებული. გერმანელი მწერალი მითის უძველეს ვერსიას უბრუნდება და მედეას ერთგვარ რეაბილიტაციას ცდილობს. საინტერესო მიგნებებს და მხატვრულ ხერხებს მიმართავს მწერალი, რათა მედეას ახალი, სხვებისგან განსხვავებული ხასიათი შემოგვთავაზოს. ყველას ვურჩევდი ამ წიგნის წაკითხვას.

ხშირად ვფიქრობ ისტორიულ-კულტურულ ჭრილში კოლხი ქალების მხატვრულ-მითოლოგიური სახეების შესახებ და უცნაურ დასკვნამდე მივდივარ. გამოდის, რომ სწორედ კოლხი ქალები იყვნენ პირველები, რომლებიც დასავლეთს და დასავლურ ცივილიზაციას ეზიარნენ. მედეა - კოლხეთის მეფე აიეტის ასული, პასიფაე - მედეას მამიდა, კრეტის მეფე მინოსის მეუღლე და მინოტავრის დედა, კირკე - მედეას მეორე მამიდა და ოდისევსის მიჯნური, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულზე ბინადრობდა.

გამოდის, ანტიკური პერიოდის დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პირველი მცდელობები კოლხი ქალების დამსახურებაა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებაა, თუმცა ფაქტები ძველი ბერძენი ავტორების წყაროებითაც დასტურდება. და, რადგანაც ეს საქმე ქალებს უკეთ გამოგვდის, სასურველი იქნებოდა, საქართველოს მთელი დიპლომატიური კორპუსი ქალებით დაკომპლექტდეს, რათა 21-ე საუკუნის ევროატლანტიკურ სივრცეში მყისიერად გავწევრიანდეთ; მით უფრო, როცა ქვეყნის პირველი დიპლომატი ქალია.

მითოლოგია, ლიტერატურა და კულტურა ერთმანეთში ამერია, თუმცა, ამასობაში, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გეგმამაც შეიძინა მონახაზი.

19 ოქტომბერი, შაბათი
„სხვა თუ შეჰქმენი, ის გახდება შენი სახატე,
სხვამ რად დაგხატოს, შენი სახე თვითონ დახატე“.
შექსპირი, „სონეტები“

შაბათი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ელენესთან ვაპირებ მთელი დღის გატარებას. ალბათ, კუს ტბაზე გავისეირნებთ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ყველის ფესტივალზეც შევივლით. დღეს სრულად ელენეს განკარგულებაში ვარ!
XS
SM
MD
LG