Accessibility links

logo-print

1 იანვარი, ხუთშაბათი

7 საათზე ვიღვიძებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიან დავიძინეთ: გიო გიჟდება ახალი წლის შეხვედრაზე, აფორიაქებული და თოვლის ბაბუის საჩუქრებით აჟიტირებული, ძლივს დავაძინე. მაინც ადრიანად წამოხტა.

დასვენების დღის გამოყენება, ანუ გამოძინება, რომც გინდოდეს, ერთი პატარა, ოთხი წლის მაღვიძარა დილიდან ფორმაშია, თავისი საწოლიდან ჩვენთან გადმოდის, ხან ყურებზე მქაჩავს, ხან − ცხვირზე, ცდილობს, თვალებიც გამახელვინოს: „გაიღვიძე, შე პატარა, გაიღვიძე შე პატარა!“ ბოლოს და ბოლოს, თვალს ვახელ და ჩემს ცხვირზე მოჭყლეტილ მის პაწია ცხვირს ვგრძნობ; უზარმაზარი, შავი თვალები დამყურებენ − ისედაც საცრისტოლა თვალები აქვს და ახლო ხედიდან ხომ საერთოდ!

ახალი წლის დილაა, ჩემთვის კი − ახალი ცხოვრების, სულ სხვა რეალობის ოთხი წლისთავი: ჩემი ბიჭი იუბილარია. 2011 წლის 1 იანვარს გაჩნდა 1 საათზე და, ალბათ, ამ უცნაურმა ნუმეროლოგიამაც განაპირობა ციფრებისადმი მისი დიდი სიყვარული.

არაფრით მავიწყდება ის უცნაური განცდა, როცა, ნარკოზიდან გამოღვიძებულს ერთი ყვითელი, ბრიალათვალებიანი მუთაქა მომიყვანეს, გადაბმული წარბებით და ლამის სალვადორ დალის ულვაშებით. ნეტა ვის ჰგავს-მეთქი, ვფიქრობდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სულ მალე ნამდვილი ვარსკვლავბიჭუნა გახდებოდა.

ჯერ სამშობიაროში მეშინოდა უდიდესი პასუხისმგებლობის, რამე არ ვატკინო, არ დავუზიანო-მეთქი, ამიტომაც კეთილი ექთნების დახმარებას სიამოვნებით ვიღებდი. მერე, ერთხელად, შემომიყვანეს: შუქი ჩაქრა და გაათბეთ თქვენი ბავშვებიო, და ის გათბობა იყო ყველაზე, ყველაზე მთავარი ამბის დასაწყისი. მერე ველოდებოდი, ერთი თვის როდის გახდება, მოძლიერდება, აღარ მოკვდება-მეთქი; მერე − სამი თვის შემდეგ − გაზები აღარ შეაწუხებს, ოთხი თვისა ფაფას შეჭამს და ექვსი თვისა დაჯდება-მეთქი... მერე ძალიან, ძალიან დიდხანს ველოდი, როდის ამეტყველდებოდა. თითქმის სამწელიწადნახევარი... მან კი ჯერ ციფრების წერა დაიწყო, მერე მიმატება და გამრავლება, მერე − ქართულ ენაზე წერა-კითხვა, ფონეტიკური ექსპერიმენტებით თამაში. ინგლისური ანბანი ისწავლა და, ბოლოს და ბოლოს, სიტყვებიც გადააბა ერთმანეთს. ამიტომ ეს ახალი წელი განსაკუთრებულია ჩემთვის: პირველად მოგვილოცა ახალი წელი და თოვლის ბაბუასაც პირველად სთხოვა საჩუქარი − ჭადრაკი.

ეს დღე განსაკუთრებით მიყვარს. ყოველთვის მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლში მის მიმართ სხვადასხვაგვარი, ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები იყო. დედაჩემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დღესასწაული ყველაზე მეტი ღელვის და დარდის მომტანი იყო, არ ვიცი, ეს 90-იანების, დედას დაქვრივების გამოძახილი თუა, მაგრამ 31-ში რომ უფუჭდება განწყობა, ერთი დღე მაინც უნდა, რომ „მოხასიათდეს“.

არადა, დაღლილობის ბრალიც არაა, უკვე რამდენიმე წელია, მხოლოდ იმ რაოდენობის საჭმელს ვაკეთებთ, 1-ში ჩვენ თვითონ რომ გვეყოს, ანუ არავითარი მილიონნაირი კერძი, ერთი კვირით გატენილი მაცივარი... მხოლოდ რამდენიმე კერძი, რაც გვიყვარს და, თუ მაინცდამაინც, რომელიმე ახალი ექსპერიმენტი.

საკვების გადაყრის საშინელი წინააღმდეგი ვარ, ყოველთვის მომხრე ვარ, იმდენი საკვები იყოს, რამდენიც გვჭირდება, ვფიქრობ, რესურსებს ცოტა უფრო გონივრულად რომ ვიყენებდეთ, ნაკლები პრობლემა გვექნება.

გიო საჩუქრების გახსნას იწყებს: პაზლები, ტანგრამები, ასაწყობები... მანქანებით დიდად არ ინტერესდება, უფრო გონებრივი თამაშები უყვარს.

ძალიან ძვირია კარგი და საინტერესო სათამაშოები, ქართული წარმოებაც არ ჩანს. მხოლოდ ალაგ-ალაგ, ისიც რომელიმე გამომცემლობა თუ მოიფიქრებს საინტერესო სათამაშოს ბავშვისათვის. ამას წინათ წავაწყდი ერთს, „ზღარბის სათამაშოები“ ჰქვია − ლოგიკური კუბი და საინტერესო ლოტო... რა იქნება, უფრო მეტი ხარისხიანი ქართული სათამაშო არსებობდეს, უფრო იაფიც იქნებოდა, თორემ უცხოური საიტებიდან გამოწერა თვითონ სათამაშოს ყიდვაზე ძვირი ჯდება. ყველაფერზე ვზოგავ ფულს, გიორგისთვის საინტერესო აქტიურობების გარდა, ძალიან მინდა, თავისი განსაკუთრებული ნიჭი სწორად გამოავლინოს.

ზაზაც იღვიძებს. ჩქარა ვსაუზმობთ, ვიცვამთ და გავდივართ − ჩემს პატარა იუბილარს დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია აქვს: მეკვლე უნდა იყოს. ჯერ ზაზას მშობლებთან მივდივართ, მერე − დეიდასთან. ძალიან მინდა, ჩემს და-ძმასაც ვულოცავდეთ, მაგრამ ერთი გერმანიაშია, მეორე − საბერძნეთში. ერთად ყოფნის ახალ წელს არაფერი ჯობია.

გიორგი საყოველთაო აღფრთოვანების და სიყვარულის ობიექტია, ხუმრობა ხომ არაა: თან იუბილარია, თან − მეკვლე! ძალიან იფერებს მდგომარეობას.

შინ ვბრუნდებით, ბავშვს ვაძინებ, საღამოსთვის ბუშტებს ვბერავ და მაგიდას ვაწყობ: 1 იანვარი რთული დღეა და ჩვენთან დაბადების დღეზე მოსასვლელად ცოტა ვინმე თუ იცლის. მაგრამ მეგობრები მაინც მოვლენ, ბავშვებს მოიყვანენ, ტორტსაც ჩავაქრობთ და ვიმხიარულებთ.

პირველი სტუმრებიც მოვიდნენ, ქეთო და ზაზა ორი ულამაზესი გოგოშკით. წავედი, დღიურისთვის აღარ მცალია.

2 იანვარი, პარასკევი

ბედობა ცუდი ამბით დაიწყო. მანქანას მატარებელი დაეჯახა, ახალგაზრდა ადამიანები დაიღუპნენ.

ძალიან მოვიწყინე, წარმოვიდგინე, როგორი იმედებით და განწყობით შეხვდნენ ახალ წელს, შამპანური დალიეს, ფოიერვერკს უყურეს, ძველი წელი გააცილეს და ახლის სადღეგრძელო შესვეს. ალბათ რომელიმემ, ბევრი ჩემი ფეისბუკის მეგობრის მსგავსად, 2014-ის შემაჯამებელი პოსტი დადო, 2015-ის გეგმებიც დასახა. ერთი გაუფრთხილებლობა და ყველაფერი დამთავრდა. გარდაცვლილი ადამიანები, შვილმკვდარი დედები, დაობლებული შვილები...

დღის ბოლოს კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ ვიგებ: ცეცხლმოკიდებულ ბორანზე ქართველმა სასულიერო პირმა სხვები გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა. როგორი ტკივილიანი ბედობაა!..

გადავწყვიტე, დღეს მხოლოდ გიორგისთან ყოფნა დავიბედო, საღამოს იქნებ ზაზასთან ერთად გავისეირნოთ კიდეც, თუ მისი სამსახურის დაძაბული რეჟიმი ამის საშუალებას მისცემს. მერე ცოტას ვიმუშავებ: ათასი რამე მაქვს დაწყებული, კიდევ უფრო მეტი − დასაწყები.

გიორგის თავისი სახატავი დაფა მოაქვს. ზედ სისტემურად ჩამოუწიკწიკებია ერთის მიმატების ცხრილი, რომ ყველა მომდევნო ციფრი წინაზე ერთით მეტია. არადა, მხოლოდ 4 წლისაა, ნეტავ ერთხელ, სულ ორი წამით ჩამახედა მის თავში, ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი. თუმცა, ალბათ ბევრს ვერაფერს გავიგებ, არასდროს ვიცოდი მათემატიკა. მეხუთეკლასელმა რომ ვთქვი, მე ლექსებს ვწერ, მათემატიკა არ მინდა-მეთქი, ეგ იყო და ეგ. დიდხანს იბარებდა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დედას: ნიჭიერია, შეუძლია და არ მისცეთ უფლება, შეეშვასო, მაგრამ ტყუილად. ახლა ამ ყველაფრის შურისძიებაა ჩემი მათემატიკოსი ქმარი და შვილიც, რომელიც ერთი წლიდან მიმატება- გამოკლებას სწავლობს.

მუშაობას ვერ ვახერხებ, თუმცა ცოტა დრო მრჩება წიგნის წასაკითხად: ზაზა თვარაძის „თავგადასავალი“ წიგნის ფესტივალზე ვიყიდე და ვერაფრით მოვაბი თავი, წამეკითხა. ახლა ვკითხულობ და ძალიან მომწონს. როგორი მაგარი მწერალი იყო ზაზა და რა ადრე გარდაიცვალა, სამწუხაროდ... მისი „მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ ჩემი მოსწავლეების საყვარელი საკითხავი იყო, ძალიან კარგი ტექსტია, როგორც კითხვითი უნარების განსავითარებლად, ისე თავისთავად, შინაარსით, სათქმელით, ერთდროული სიმარტივითა და სირთულით. იმ რაღაც განსაკუთრებული ნაპერწკლით, რომლის გარეშეც საბავშვო წიგნი არ იკითხება, ბავშვებისგან შორს რჩება.

თეა და ბავშვები გვესტუმრნენ. ვეცდები, მათ მხიარულ ჟღურტულს გული გადავაყოლო.

3 იანვარი, შაბათი

დღეს დედაჩემის ერთ-ერთი დაბადების დღეა. ჰო, ერთ-ერთი: 20 დეკემბერს დაიბადა, მაგრამ სანამ მისი დაბადება ოფიციალურად გააფორმეს, რამდენიმე კვირა გავიდა და საბუთებში 3 იანვარი ჩაუწერეს, ზოგან − 4. სახელიც ხან ნანა წერია, ხან ნელი, ხანაც − ნანი. რამდენჯერმე სერიოზული პრობლემაც შეექმნა ამის გამო, სანამ ყველგან ჩავასწორებინებდით. ჰოდა ასე, თუ ახალი წელიც ორია და შობაც, დედაჩემსაც ორი დაბადების დღე აქვს.

გიორგი და ზაზა სასეირნოდ გავუშვი, მე ცოტას ვიმუშავებ, სტატია მაქვს დასაწერი mastsavlebeli.ge-სთვის. ეს ჩემი საყვარელი ინტერნეტგაზეთია − მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის. ძალიან კარგი რედაქტორის და ავტორების საშუალებით ის ერთ-ერთი პოპულარული რესურსია ქართულ ელექტრონულ სივრცეში, ხოლო განათლების თემატიკაზე, ალბათ, ერთადერთიც.

ვწერთ ყველაფერზე: სკოლაზე, გაკვეთილებზე, უფლებებზე, მოვალეობებზე, ტოლერანტობაზე, თანასწორობაზე...

ამჯერად, პოსტს ვწერ გიორგი ახვლედიანზე, გენიალურ ქართველ ენათმეცნიერზე, ცნობილ სანსკრიტოლოგზე და „ავესტას“ მთარგმნელზე, ძალიან კარგი სახელმძღვანელოების ავტორზე. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ, ვინც, ფაქტობრივად, თავიანთი მხრებით ზიდეს ქართული უნივერსიტეტი, თვით უნივერსიტეტის სტუდენტებიც კი არ იცნობენ.

რამდენიმე წლის წინ წინანდელი სასაცილო შემთხვევა მახსენდება. მგონი, ჯერ მაგისტრანტი ვიყავი და ენათმეცნიერების კათედრაზე მქონდა ლექცია. მაშინ კათედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იყო, კარზე წარწერა იყო: „გიორგი ახვლედიანის სახელობის კაბინეტი“ და კართან დიდი ენათმეცნიერის ბიუსტიც იდგა. ერთმა გოგონამ შემოყო თავი: „უკაცრავად, ბატონი გიორგი ახვლედიანი სად ვნახო?“

ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ბატონი გიორგი ვესტიბიულში დგას, ეწევა...

პოსტს დავამთავრებ და ნატო ინგოროყვას, რედაქტორს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს გადავუგზავნი. იმედია, გაზეთი 2015 წელსაც ძველებურად გააგრძელებს მასწავლებლების და მკითხველების საინტერესო რესურსებით განებივრებას.

4 იანვარი, კვირა

გუშინ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის - ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე იყო, ჩვენ კი არც გაგვხსენებია.

როცა საყდრისზე თუ სხვა დანგრეულ და სახეშეცვლილ ძეგლებზე, თბილისის რეკონსტრუქციის გაუგებარ პროექტებზე, სხვადასხვა დროს საქართველოდან გაზიდულ მატერიალურ თუ არამატერიალურ განძზე ვფიქრობ, სულ ექვთიმე თაყაიშვილი მახსენდება. მახსენდება ის, თუ როგორ შიოდა მაშინ, როდესაც უდიდესი საგანძურის მფლობელი იყო, როგორ უვლიდა მარჩენალ თხას, როგორ აგროვებდა და აკოწიწებდა ქართულ ხელნაწერებს თუ ნივთებს, როგორ გადაარჩინა „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ხელნაწერი, როგორ ცხოვრობდა სამშობლოსგან შორს და როგორ არ ჰქონდა პალტოც კი... უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები და გარდაცვლილი განძის მცველი... მგონია, რომ სიყვარული ზუსტად ესაა, ასეთი თავგანწირულია და უანგარო.

სიყვარულზე გამახსენდა: ზაზას საახალწლო საჩუქრის მაგარი იდეა მქონდა: მინდოდა, შუშის ლამაზ, გამჭვირვალე ყუთში ჩამეყარა ფერადი ფურცლები, სადაც დავწერდი, რატომ მიყვარს, კარგ ამბებს ჩვენი ხუთი წლის ისტორიიდან, გეგმებს, სურვილებს და ა.შ. თინიმ მასწავლა, საერთოდაც, ნატეხი შაქარი გაახვიე მაგ ფურცლებშიო, მე კიდევ თავი ვერ მოვაბი, ისევე, როგორც ყველაფერს. სამაგიეროდ, დღეს მოვუყევი, რას ვაპირებდი და გაუხარდა. მთავარი ესაა.

რა უცებ გარბიან დასვენების დღეები, მოიხედავ და აღარაა. არადა, შევეჩვიე შინ ყოფნას, გიორგიც შეეჩვია, რომ მასთან ვარ, დაბოდიალობს და სიყვარული როგორ გამოხატოს, არ იცის. ხან რა სიტყვებს იგონებს, ხან − რას. ღმერთო, როგორ ველოდი მისგან სიყვარულის ვერბალურ ფორმულებს!

5 იანვარი, ორშაბათი

ზაზას გიოსთვის თუთიყუშები მოჰყავს, მე − „ახალი საუნჯე“ და „არილი“ დავაბარე.

წყვილი თუთიყუშია, გოგო უფრო დიდია, ყვითელი და ღაბუა, ცოტათი მოწყენილია, ხშირ-ხშირად სუნთქავს; ბიჭი მწვანეა და მხიარული. გიო ჭკუაზე არაა, თან ეშინია, თან მოსწონს, თან აინტერესებს, ოღონდ ეს ხანდახან, თამაშსა და თამაშს შუა.

სანამ ბაზარში წავალ, ახალ ლიტერატურულ ჟურნალებს ვფურცლავ, ორივე ძალიან მომწონს. „ახალი საუნჯის“ ამ ნომრის ავტორები ვახტანგ ჯავახაძე და გიედრა რადვილავიჩიუტე არიან. პირველი ძალიან მიყვარს, ლექსები და ის საოცარი წიგნი გალაკტიონზე; მეორეს არ ვიცნობ, საინტერესოა, წავიკითხავ. ამ ნომერში ჩემი ლექსების მცირე პუბლიკაციაცაა, ძალიან ცოტას ვწერ, იშვიათად. გიორგიმ, ოჯახმა, ათასი რამის წერამ და კეთებამ პოეზია დააზარალა, თუმცა მგონია, რომ შესვენებებიც ძალიან სასარგებლოა. ვცდილობ, ბევრი წავიკითხო, ალბათ ახალი სუნთქვაც გაიხსნება, სად წავა...

ესეც „არილი“, ჩემი დიდი ხნის სიყვარული. ყველა ნომერი მაქვს. მახსოვს, როგორ ველოდი გამოსვლიდან გამოსვლამდე, როგორი მნიშვნელოვანი იყო იქ დაბეჭდვა ჩემთვის. ახალ ნომერშიც კარგი მასალები ჩანს: ახალგაზრდა ავტორები, კარგი თარგმანები... ახლა ამ ორივე ჟურნალის ბედი გაურკვეველია, არავინ იცის, 2015-ში გამოვა თუ არა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ისედაც მცირერიცხოვან ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკას ეს ორი მნიშვნელოვანი ჟურნალი მოაკლდება.

რამდენიმე ლექსს „ლიტერატურულ გაზეთში“ ვგზავნი. ძალიან საინტერესო მასალებს აანონსებს გაზეთის ფეისბუკგვერდი.

თუთიყუშების სახელებზე ვმსჯელობთ, ფეისბუკში კითხვა დავსვი და უამრავი საინტერესო ვერსია მოვისმინე: ვისი და რამინი, ლეილი და მეჯნუნი, რომეო და ჯულიეტა და ვინ არა... ვნახოთ, რას აარჩევს მთავარი სახელების დამრქმევი − გიორგი.

ყვითელი ღაბუა გოგო ძალიან მოწყენილია. მეშინია, რამე არ სჭირდეს.

6 იანვარი, სამშაბათი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მიყვარს ახალი წელი და შობა, ისაა, რომ ამ პერიოდში ადამიანებს ყველაზე ხშირად ახსენდებათ ერთმანეთი. საქველმოქმედო აქციები განსაკუთრებით მახარებს. ახლაც ერთმა კარგმა გოგომ შეაგროვა საჩუქრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. ყველაზე გულისამაჩუყებელი კი ის იყო, როცა თვითონ ბენეფიციარებმა გამოუგზავნეს საჩუქრები მათ სანტებს: უსაყვარლესი საჩუქრები, წერილები, ნახატები... შობის მთავარი მისტერია ხომ საჩუქრების, სიყვარულის ჩუქებაა.

დილიდან დიალექტურ კორპუსში ვიქექები, ვმუშაობ, მაგრამ სხვადასხვა, ერთი შეხედვით რუტინული სამუშაოს შესრულებისას ისეთ ტექსტებს ვაწყდები, გული მიჩერდება.

„აბა რაღა მაჴსონ, შე ჩემ თავმამკვდარო! სიბერემ გადამაჟამყრუა, გონთით გადამაგდო. ჩემ ნაუბარი, შვილო, აღარცრაისად არ არი გამოსადეგი, არც არა ყურდასაგდუა. აბა ი უწინა ამ ფშავის ჴევსა, შვილი, ბევრ ცოდვა-ბრალი ბრუნავდის. ჩვენ საქონისაგან იყვნიან ე მთა-მთისყელნი გადათელილნი, ჩვენის ცრემლით იყვის მორწყული ე ახუნის გორი.“ მთხრობელი ქისტების მიერ მოტაცების ამბავს ჰყვება, თან როგორი თხრობაა! ეს არის რაღაც თავისთავადი, ხელთუქმნელი ლიტერატურა, ლიტერატურის სულ პირველი საფეხური, როცა ზეპირად ამღერებდნენ საგმირო სიმღერებს.

„შინ იდგა სუფრა. იმაზე ცხრილით ეწყო წმინდა ბასილები, სირიკუდები, კოკორი, ვაშლი, გოზინაყები, ჩურჩხელები, კამფეტები, ფთხილი. ვაშლზე დასმული ქონდა ვერცხლი ფულები. ბასილზე დასმული იყო ჯვარი ჩიჩილაკით. ამ ჯვარსა და ჩიჩილაკს ფთხილი ჯოხისგან ვაკეთებდით. ახალწლი დილას ადრე ადგებოდა მაკვრიელი, აიღებდა სუფრიდან ი კოკორს, გავიდოდა გარეთ, მარხილიდან აიღებდა მეკენჩხალს და დედოფლი ხელს და ი კოკორთან ერთად შემოიტანდა სახში და შემოილოცებდა“ − ესეც შობის შეხვედრის გურული წესი.

სასწაული რამაა ეს კორპუსი! ისეთი ამბებია, ისეთი სიუჟეტები, უნდა დაჯდე და ლიტერატურად აქციო, არ დაგელევა.

საღამოს ბაკურიანში მივდივართ ლიკასთან, ზაზას დასთან. ერთად შევხვდებით შობას, თოვლსა და სითეთრეში. ძალიან მიხარია. გიოსაც უხარია. ფაცხა-ფუცხით ვალაგებთ ჩანთას. რასაკვირველია, ნახევარი ნივთები სახლში მრჩება, მაგრამ ჩემი დევიზია: „მთავარია ლინზების კონტეინერი და სითხე. დანარჩენი მოგვარდება.“

გიო მთელი გზა საშობაო სიმღერებს მღერის, ჩემი მგალობელი ჩიტუნა.

ბაკურიანში თოვლის ნასახიც არაა. ნაქარიშხლარი ტყე, გზაზე გადმოწვენილი ვეება ნაძვები. ცოტა არ იყოს, ნაღვლიანი სანახაობაა. თუმცა, ელენიკოს მხიარულება ყველა ნაღველს აქარვებს. ხან მღერის, ხან ცეკვავს, ხან თავის გრძელზე გრძელ თმას აფრიალებს, რომელსაც არავის ავარცხნინებს. მახსენდება, მე როგორი დამჯერი ვიყავი და როგორ ჩუმად ვიტანდი, როდესაც დედა ჩემს სქელ და ხვეულ თმას ათასგვარ ნაწნავ-ვარცხნილობად აქცევდა. პირველი კლასის ფოტოებზე ჩემზე დიდი ბაფთა არავის უკეთია.

ბავშვები იძინებენ. თოვა დაიწყო, თანდათან უმატებს, მშვიდი, თოვლიანი შობა გვაქვს, ერთი ჭიქა კონიაკი და მხიარული საუბრები.

7 იანვარი, ოთხშაბათი

დილით ყველაფერი გადათეთრებული დაგვხვდა. ფუმფულაზე ფუმფულა თოვლი, მშვიდზე მშვიდი ამინდი.

სასწრაფოდ ვსაუზმობთ, ბავშვებს ვაცმევთ და სასეირნოდ გავდივართ.

მცივა, მაინცდამაინც არ ვარ ზამთრის ადამიანი, არც ზამთრის სპორტი მიყვარს. ჩემი ერთადერთი დადგომა თხილამურებზე, საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა − როგორც ჩემთვის, ისე მწვრთნელისთვის, რომელსაც ნახევარი საათი, პირდაპირი მნიშვნელობით, კისერზე ვეკიდე. ეს იყო და ეს. ზაზა ძალიან კარგად სრიალებს.

მაგრამ თოვლი სასწაულია, ისეთი დიდი, თეთრი ფიფქებით თოვს... მოვდივართ და ვმღერით: „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა გვირილების ხელაო“.

გიორგის სასწაული, გულწრფელი, სიხარულით აღსავსე ემოციები ფრთებს მასხამს. ციგითაც ვსრიალებთ და თოვლზე ანგელოზებსაც ვხატავთ.

შობა ასეთი უნდა იყოს! თუნდაც საშობაო ღვეზელების გარეშე. ერთი ესაა, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გურული ალილოს სიმღერა მომენატრა.

დედა მირეკავს, ჩვენი ყვითელი გოგო თუთიყუში მოკვდა და დავმარხეო. მოვიწყინე.

შინ ვბრუნდებით, აქ ცუდი ინტერნეტია, რამდენიმე წუთით შევდივარ და გული მისკდება. საშინელი ამბებია საფრანგეთში, ვერ წარმომიდგენია, რა იდეოლოგია შეიძლება მიდიოდეს ადამიანთა მკვლელობაზე. რა რელიგიაზე, რა რწმენაზეა საუბარი, როცა ასე მარტივად ხოცავ ადამიანებს?! თან რისთვის − საკუთარი აზრის გამოთქმისთვის! ღმერთი ხომ სიყვარულისთვის იშვა. საშინლად ვმძიმდები. ყოველდღიურ ომში ვცხოვრობთ, ყოველდღიური სიკვდილის შიშში.

8 იანვარი, ხუთშაბათი

დილით ისეთი თოვლი გვხვდება, რომ მანქანას ვერ ვძრავთ და ბაკურიანში ვტოვებთ. თბილისში დათოს მოვყავართ, გზად ისეთი ლამაზია ბაკურიანი, მერე ცემი, სადგერი (ნიკო სამადაშვილის სოფელი), ტიმოთესუბანი, ბორჯომი... ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ბორჯომში გადავსახლდები, გავხსნი წიგნების მაღაზიას და ბედნიერად ვიცხოვრებ ჩემს ბიჭებთან ერთად. იქნებ ველოსიპედის ტარებაც ვისწავლო.

სახლში მოვედი. დიდ დიღომში საშინელი ქარია და ჩემს ეზოში, რა თქმა უნდა, პოლიეთილენის უამრავი პარკი დაფრინავს. საითაც გაიხედავ, ნაგვის პარკებია. როდის უნდა მოშორდეს ეს საშინელება ქალაქს, როდის უნდა ვისწავლოთ საკუთარი ეზოების, ქალაქის დასუფთავება და ნაგვის ურნებამდე მიტანა? უკვე მერამდენეჯერ გამიფუჭეს ეზოს ყვავილები საიდანღაც მოფრენილმა ნაგვის პარკებმა!

გიორგის ვაძინებ და ცალად დარჩენილ, მოწყენილ თუთიყუშს ველაპარაკები. გალია გამოვუსუფთავე და დეზინფექცია გავუკეთე, იქნებ ეს მაინც გადარჩეს, მოწყენილია და უგერგილოდ იკენკება.

დედა სკაიპით ელაპარაკება თავის შვილებს და შვილიშვილებს. სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული შვილების სანახავად ეს ერთი საშუალება დარჩა, ტექნოლოგიები რომ არ არსებობდეს, ალბათ მონატრება მოკლავდა ჩემს დედიკოს. ძალიან რთულია მისთვის მოგზაურობა. ახლა საბერძნეთში წასასვლელად ემზადება და ერთი სული აქვს. თან ეს ნერვიულობა გამგზავრების წინ...

სამუშაოდ ვჯდები, რამდენიმე წიგნის იდეა მაქვს: ერთი საბავშვო, ერთიც − კულინარიული. ვცდილობ, დისერტაციაც წინ წავწიო. იქით კორპუსის მასალა, აქეთ − ელექტრონული წიგნების რედაქტირება, თან რაღაც ლექსის იდეაც მაწვალებს. მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ, ისეთი ამბებია.

როდემდე შეიძლება, ხალხი ერთმანეთს ხოცავდეს აზრის გამოთქმისთვის, როდემდე?!

გიოს საძინებელში ვიპარები, ვეხუტები და ვცდილობ, თავი დავიმშვიდო, რომ ჩემს შვილს ასეთი ამბავი არ დაემართება, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ სისულელეა ეს დამშვიდება. თუ არაფერი შეიცვალა, თუ ისევ ასე დავგმეთ განსხვავებული აზრი, თუ „სხვანაირ ბავშვებს“ კარი დავუდუღეთ, სხვა აღმსარებლობის ხალხი გავლანძღეთ... სანამ, სანამ და ათასი სანამ...

ძალიან მინდა, რომ ამ წელს ნაკლები ადამიანი, განსაკუთრებით, ნაკლები ბავშვი ემსხვერპლოს ტერორიზმს თუ პოლიტიკას, უფრო მეტი სიყვარული მოვახერხოთ საკუთარი ქვეყნის. მისი ისტორია ფულზე არ გავცვალოთ, მოკლედ, ადამიანებიც და ქვეყანაც შევიყვაროთ. მძიმედ დაიწყო ეს წელიც, ძალიან მძიმედ.

თუმცა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ მაინც.

ჰო, ერთი რამეც უნდა ვაღიარო, თოვლის ბაბუის მჯერა, ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობების გარეშე, მართლა მჯერა თოვლის ბაბუის.

9 იანვარი, პარასკევი

მორჩა არდადეგები და სამუშაო კვირაც დაიწყო.

ჩვეული ფაცხა-ფუცხით ვემზადები და ელექტრონული წიგნების სახლ „საბაში“ მივდივარ. რამდენიმე წიგნი მაქვს გასარედაქტირებელი, ახალი რამეები მოსაფიქრებელი. მკითხველი თანდათან შეეჩვია ელექტრონულად კითხვას. შესაბამისად, უკეთეს წიგნებს ითხოვს, უფრო პრეტენზიული გახდა.

შუა მუშაობაში ზაზას სამსახურიდან დამირეკეს, მუცელი ასტკივდა და სასწრაფო გამოვიძახეთო. როგორ აღმოვჩნდი რესპუბლიკურთან, არ მახსოვს, შეშინებული ვარ.

ყველაფერი კარგად დასრულდა. მცირე გამოკვლევები და ანალიზები, განსაკუთრებული არაფერი. მაგრამ ეს გამოკვლევები დროში გაიწელა, გვიანობამდე იქ ვიყავით. შიგნით არ მიშვებდნენ, ფოიეში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ მოჰყავდათ ხალხი, ზოგი წნევის გამო, ზოგი თავგატეხილი, ზოგიც − ბრმა ნაწლავის ტკივილით.

ერთი ბებო მოიყვანეს, თეთრთმიანი, ქუნქულა, ულამაზესი. ხელები მშვიდად ჰქონდა დაწყობილი მუხლებზე, მეორე ბებოც მოჰყვა, ისიც ასეთივე ლამაზი, პარკში ჩაწყობილი თეთრეულით, პირსახოცით, პერანგებით: დაუთოებული, გაწიკწიკებული, ალბათ წინასწარ გამზადებული. გული მომეწურა.

ახლა შინ ვართ, ორივე ბიჭი დავაძინე და მეც დაღლილი ვარ, არაფრის წერის თავი არ მაქვს. ჩაის დავლევ და დავიძინებ, ძილის წინ ჩემს დედიკოს ჩავეხუტები.

10 იანვარი, შაბათი

რადიო თავისუფლებაში მივდივარ დღიურების წასაკითხად. რთული ყოფილა დღიურის წერა, განსაკუთრებით დიდი ადამიანისთვის, თანაც − გულწრფელად. ბავშვები უკეთ ახერხებდნენ, დავალებად დღიურის დაწერას როცა ვთხოვდი ხოლმე.

ან ვინ უნდა დააინტერესოს ჩემმა ამბებმა?!

მოკლედ, გადაკითხვას ვერ ვასწრებ. იმედია, იმაზე მეტი შეცდომა არ მაქვს, ვიდრე ერთ ფილოლოგს ეპატიება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG