Accessibility links

logo-print

11 იანვარი, კვირა

გუშინ კუდელკას დაბადების დღე იყო. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი 77 წლის გახდა. არასდროს მინახავს მასზე მეტად ადამიანზე შეყვარებული ფოტოგრაფი. თავის სულს დებს თითოეულ კადრში და ეს იგრძნობა.

ყოველთვის თავს ვიკავებ იმ ფოტოგრაფების პირადად გაცნობისგან, ვისი ფოტოგრაფიაც ძალიან მიყვარს, რადგან ერთხელ უკვე მქონდა მსგავსი შემთხვევა. ფოტოგრაფი, ვისი ნამუშევრებიც ძალიან მომწონდა, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, როგორც პიროვნება. ამიტომ მისი ფოტოგრაფია ისევე გაქრა ჩემი ინტერესების სფეროდან, როგორც თვითონ ის ადამიანი.

მახსოვს, შარშან ზაფხულში, ნიუ-იორკში, სააგენტო „მაგნუმის“ „ივენტზე“, თომასმა მითხრა, წამოდი, იოზეფს გაგაცნობო. ძალიან ავნერვიულდი და ვუთხარი: „არა, არ მინდა!“ მერე მივხვდი, რომ მეორე შანსი ცხოვრებაში შეიძლება საერთოდ არც მომცემოდა და ჩემით მივედი − გამოველაპარაკე. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, ეგრევე რუსულად მითხრა: „Грузия прекрасная страна!“ და თავისი ღვინით სავსე ჭიქა გამომიწოდა: „დალევ?“ მაშინ წამლებს ვსვამდი და ჩემთვის აკრძალული იყო ყოველგვარი ალკოჰოლი, მაგრამ კუდელკას გამოწვდილი ჭიქიდან როგორ არ დავლევდი?!

მერე კიდევ სადღაც შევხვდით, მერე კიდევ... და ახლა, უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან იოზეფ კუდელკა თავიდან ბოლომდე თავისი ფოტოგრაფია აღმოჩნდა: გულწრფელი, ემოციური და სიყვარულით აღსავსე. და მე მქონდა შესაძლებლობა მასთან ურთიერთობის! ვიცოდი, ვეღარ ვნახავდი და ამიტომ, როცა მოვდიოდი, მივედი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. გაეცინა: „ჩვენ აუცილებლად შევხვდებით კიდევ, მე არ ვაპირებ ჯერ არსად წასვლას...“ დარწმუნებული ვარ, ჩემნაირს ხვდება დღეში მილიონს და ეს დღეები მისთვის არაფრით იყო გამორჩეული, მაგრამ ჩემთვის... კუდელკა ჩემთვის იმ ფოტოგრაფიის ღმერთია, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს.

ისევ სტამბულში ვართ. მე შეხვედრები და გადაღებები მაქვს, დედა ქალაქს ათვალიერებს. ლიზა 26 წელია, არსად ყოფილა და ძალიან მინდოდა მისთვის საახალწლო საჩუქარი გამეკეთებინა...
ლამაზი ქალაქია სტამბული, თავისი კონტრასტებით, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ევროპის და აზიის შერწყმა, ლამაზი ფერები, განათება... თუ ქალაქის სულს გრძნობ, ყველაფერი ძალიან ფოტოგენურია, ფერში გინდა დაინახო ყველაფერი, მაგრამ ჩემს კამერაში ისევ შავ-თეთრი ფირი დევს...

ორი წლის წინ მოვხვდი აქ, როდესაც ჩემი პირველი გრანტი მოვიგე თემაზე: „ბოშები საქართველოში“. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან კუდელკას ბოშების მერე არ ვიცოდი, როგორ შევხებოდი ამ თემას.

10 დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი შეგვარჩიეს ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან და მონღოლეთიდან. გააკეთეს ვორკშოპი თომას დვორჟაკთან („მაგნუმის“ სააგენტოს ფოტოგრაფი), იური კოზირევთან („ნურის“ სააგენტოს ფოტოგრაფი) და ანდრეი პოლიკანოვთან (ჟურნალ Русский репортер-ის მთავარი რედაქტორი). ამის მერე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც დამინახეს და დაინახეს ჩემი ფოტოგრაფია.

თომასი ჩემს მენტორად დანიშნეს. ძალიან არ უნდოდა, ბოშები რომ გადამეღო, ამიტომ პორტფოლიოს დათვალიერების მერე ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და თემა შევცვალეთ. გადავწყვიტეთ, ისევ გამეგრძელებინა პროექტი „ჩემი სივრცე“, რომელსაც საქართველოს ახალ თაობაზე ვიღებდი საკუთარ ოთახებში. ასეთი რამ იქ პირველად მოხდა. ვნერვიულობდი, ორგანიზატორებს უცებ „არა“ რომ ეთქვათ, მაგრამ არ უთქვამთ. მთელი ექვსი თვის განმავლობაში, რაც გრანტის პროგრამა გრძელდებოდა, თომასი ძალიან მეხმარებოდა. ალბათ ვერასდროს შევძლებ ამის სიტყვებით ახსნას, სულ გვერდში მედგა და სჯეროდა ჩემი, რომ რაღაც ახალს ვიტყოდი და აი, ახლა, იმავე პროექტის ხელნაკეთ წიგნსაც კი ვაკეთებ...

სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე, ისტიკლალზე, მდუმარე აქცია გაიმართა პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ძალიან ემოციური იყო: უამრავი ადამიანი, ზოგი ფანქრით, ზოგი კალმით ხელში იდგა პლაკატთან წარწერით − „მე ვარ შარლი“.

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ „ოქროს გლობუსზეა“ წარდგენილი! ნეტა, რას ვიზამთ?! არაფერს არ ველოდები... ეს ისედაც ძალიან დიდი წარმატებაა და მე მჯერა, რომ ეს ქართული კინოს ახალი სტარტია, ახალი ცხოვრებაა. მერე კიდევ „ოსკარი“... გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ და ისევ ზაზას „მანდარინები“... წარმომიდგენია, გადამღები ჯგუფი რა დღეშია და როგორ ელოდებიან, ნეტავი გავიდეთ ხუთეულშიო... სრულიად საქართველო უნდა ამაყობდეს ამით.

11 იანვარია უკვე! ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც ბესო აღარ არის, მაგრამ წარსულში მაინც მიჭირს მასზე ლაპარაკი. ბესო დარჩია ჩემი მეგობარი და ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც თავი მოიკლა, მანამდე კი თავისი არქივი გაანადგურა.

ბესოს დამ, დიანამ, მომწერა, თბილისში თუ ხარ, მოდიო, მაგრამ არ ვარ, ბიჭები წავლენ ალბათ. ჩვენ სულ გვახსოვხარ...

12 იანვარი, ორშაბათი

დღეს თბილისში მივფრინავთ. უამინდობის გამო რეისი უკვე ორჯერ გადაიდო. ნორმალურ პასუხს არავინ მცემს და ახლა ვზივართ და ველოდებით, როდის დანიშნავენ ახალ რეისს. აეროპორტებს ვერ ვიტან. ძალიან მინდა სახლში!

როგორც იქნა, ჩამოვფრინდით. ტაქსისტმა ისევ არ იცის გზა, თუმცა ერთობლივი „ძალებით“ მოვაღწიეთ... მეზობლები გამოდიან და მაძლევენ ამანათს, რომელიც ფოსტალიონმა დატოვა. ინტერესით უყურებენ, აინტერესებთ, შიგ რა დევს, კონვერტზემხოლოდ წარწერაა მისამართით და უკანა მისამართით: ამსტერდამი. World Press Photo. რა მაგარია, რომ არასდროს ვავიწყდებით, იმის მერე, რაც მათთან მოვხვდი, ყოველთვის მიგზავნიან წიგნებს. NEXT-ის მე-4 გამოშვებაა. იოოპ სვარტის წლევანდელ მასტერკლასზე მსოფლიო 12 ახალგაზრდა ფოტოგრაფის პროექტებით.

ყველა სახლს აქვს თავისი სუნი და აი, ზუსტად ეს სუნი მენატრება ყოველთვის, სადაც უნდა ვიყო. რა კარგია სახლი! ზუსტად 10 წუთში ქრება შუქი... მეცინება, Welcome to Georgia!

საერთოდ ბოლო დროს ხშირად ქრება შუქი, ხან ათი წუთით, ხან − 20-ით, ხან ერთი საათით, ან ცოტა მეტით... ძველ დროს გვახსენებენ? არ მინდა იქ დაბრუნება! იმის მიუხედავად, რომ პატარა ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს პურის რიგებიც, უშუქობაც... წყალიც კი გრაფიკით გვქონდა.

მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით ყველანი ერთად. მახსოვს, როგორ მიშვებდნენ გარეთ, რადგან ქუჩაში ბევრად თბილოდა, ვიდრე სახლში. მე, სოფო და თამთა ბოთლებს ვაბარებდით, რომ საღეჭი რეზინა გვეყიდა, ვაშენებდით შტაბს და საღამოს, როდესაც შუქი მოდიოდა, ერთად და ბედნიერად ვყვიროდით: „შუქი მოვიდააა!“ მაგრამ ეს იყო მაშინ, და ეს იყო ნორმალური იმ დროისთვის, რადგან ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობა იყო და ყველა ასე ცხოვრობდა. მაგრამ დღეს? არ მინდა დღესაც ასე იყოს...

13 იანვარი, სამშაბათი

დილა ნიუსებით იწყება: 1) ელბაქიძე ჩამოინგრა... ნეტა მსხვერპლი თუ არის? 2) აზარიანცის სახლი დაიწვა... ცოტა უცნაურია... 3) პანორამა თბილისის პროექტი ვნახე „ლიბერალში“... ეს რა არის?! ნორმალურები არიან? როგორ შეიძლება ამის გაკეთება?! ქალაქის განადგურებაა. არა, ეს არ უნდა დავუშვათ! რა სისულელეა, უბრალოდ, თავშიც კი როგორ მოუვიდათ?!

არასდროს ვყოფილვარ რომელიმე აქციაზე, როგორც მონაწილე, სულ ვიღებდი. მაგრამ აქ... ხალხი უნდა გამოვიდეს, აუცილებლად, დაუშვებელია ამის გაკეთება. არ მესმის, რატომ ანადგურებენ თბილისს ამ საშინელი ახალი მშენებლობებით, მთავარი არქიტექტორი გვყავს კი საერთოდ? რატომ უნდა დაამტკიცო ეს პროექტები? ჰო, რა თქმა უნდა, ფული დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ეს ფული სხვა ქალაქებშიც ჩაიდოს? ნუთუ საქართველო მხოლოდ თბილისია? სუნთქვის საშუალებას რატომ არ გვაძლევენ?

როგორ დავიჯერო, რომ ამ უგემოვნო პროექტის განხორცილებაზე ბევრად მნიშვნელოვანი არ არის ეტლით მოსიარულე ადამიანებისთვის პირობების შექმნა? თბილისი მარტო ჭავჭავაძე და რუსთაველი ხომ არ არის? რატომ არ არის პანდუსები ყველგან? რატომ არ არსებობს ტრანსპორტი? რატომ... ძალიან ბევრი კითხვის დასმა შემიძლია, მაგრამ პასუხებიც მჭირდება.

გოგუა მირეკავს. რადიო თავისუფლებაში უნდა მივიდე, მარინა ვაშაყმაძეს შევხვდე. სულ მაინტერესებდა ეს ქალი, ძალიან ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს...

ელბაქიძეზე ჩავედი. გადავიღე... გადაკეტილია, ნეტა როდის გახსნიან? „სმარტამდე“ ძლივს მივაღწიე. ზოგადად, საქართველოში, „ზებრის“ დანიშნულება არ იციან. ამიტომ ვდგავარ და ველოდები, როდის გამოჩნდება „გმირი“, რომელიც გზას დამითმობს. ტროტუარზეც ელემენტარულად ადგილი არ არის, ყველგან მანქანებია, მათ შორის − პანდუსებზეც. მე მგონი ძალიან კარგი იქნებოდა, პროპაგანდის სახით, რეკლამები რომ გადაიღოს სახელმწიფომ და გააგებინოს საზოგადოებას, რა და რისთვის გამოიყენება. მაგალითად, ვინ სარგებლობს ტროტუარზე უპირატესობით, რა არის „ზებრა“, რისთვის იყენებენ, რა არის პანდუსი და რატომ არ შეიძლება მასზე მანქანის დაყენება...

სახელოსნოში ამოვედი და მეილს ვამოწმებ. ფლორიენის და ანას წერილები მხვდება. მათ სულ ვახსოვარ, სადაც და როგორც უნდა ვიყო და... ეს ის არის, რაც მე მგონია?!.. აუ რა კარგი ამბავია! არა, კარგი კი არა, ძალიან მაგარია, მაგრამ ჯერ არ მაქვს თქმის უფლება, თორემ დისკვალიფიკაციას მომცემენ. ძალიან ბედნიერი ვარ!

ღამე... ძველით ახალი წელია და ახალი საბაბიც, რომ ეს აღვნიშნოთ. 2015 წელი მოულოდნელობებით აღსავსე იქნება, ვგონებ.

14 იანვარი, ოთხშაბათი

საღამოს დიდი სტუმრიანობა მაქვს სახელოსნოში. მეგიც ჩამოვიდა გერმანიიდან, ორი წელი არ მინახავს ფისო, ეგრევე ბათუმში წავიდა თავისიანებთან. ვერ მოვახერხე „სიყვარულის ქალაქში“ ჩასვლა, მაგრამ ხვალ თბილისიდან მიფრინავს უკან, ჩემთან დარჩება, ასე რომ, მაინც ჩავეხუტები.

ძველით ახალი წელია. საერთოდ, მთელი იანვარი ახალი წელი როგორ გვაქვს და რით აღარ მთავრდება?!

ფოტოგრაფების „ივენტი“ მაქვს, ფაქტობრივად. სულ ვამბობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გარშემო არაჩვეულებრივი ადამიანები მყავს და დღევანდელი დღე ამის დასტურია.

ლელი მირეკავს, ბლაგონრავოვა, მეკითხება, ჯიპაში ლექციას თუ ჩავატარებ მარტში. „შენ, ნათელა და მარიამი მინდა...“ მარიამ ამურველაშვილს ძალიან კარგი პროექტი აქვს, ნიგერიელ სტუდენტებზე და მათ ყოველდღიურობაზე საქართველოში.

მეგობარი მყავს ერთი, ნიგერიელი გოგოა − დეოლა. მარიამსაც ჰყავს გადაღებული და ხანდახან ისეთ ისტორიებს მიყვება, ძალიან მრცხვენია. მაგალითად, ბოლო შემთხვევა, ერთად რომ გადაგვხდა: ავტობუსში ვართ, გადაჭედილია და ფეხზე ვდგავართ. ამოდის 40-45 წლის მამაკაცი, ჩვენ რაღაცაზე ვიცინით. გვათვალიერებს და მერე იწყებს ხმამაღლა აღშფოთებულ ლაპარაკს, რომ არ მოჰკიდებს ხელს არაფერს, რასაც დეოლამ მოჰკიდა, რომ „მათი“ ადგილი აქ არ არის და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. მთელი ავტობუსი ჩუმად არის, არავინ არაფერს ამბობს... ნერვები მეშლება ასეთ რაღაცებზე. კიდევ კარგი, შემდეგი ჩვენი გაჩერება იყო, თორემ არ ვიცი რა იქნებოდა... და ასეთი უამრავი ისტორიაა, უბრალოდ სირცხვილია. მერე იტყვიან, ქსენოფობები არ არსებობენ საქართველოშიო, ან ჰომოფობები... ეს ორი ერთად მახსენდება სულ და ძალიან ვბრაზდები, როდესაც 2013 წლის 17 მაისზე ვფიქრობ. ეს ისეთი სირცხვილი იყო, რომ არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გამოვხატო. თბილისში უამრავი აქცია მაქვს გადაღებული, მაგრამ მსგავსი რაოდენობა „შავად შემოსილებისა“ არსად მინახავს. და ეს არანორმალური ჟინი, რომ მოეკლათ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, „ტაბურეტკიან“ მამაოს თავი რომ დავანებოთ... და მერე ეს ადამიანები სიყვარულზე გველაპარაკებიან! სასაცილო არ არის?! ზოგადად, არც ის მომწონს, რომ ეკლესია ასეთ დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოს პოლიტიკაში. მე მგონი, აჯობებს, ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს, პოლიტიკოსებმა კანონები შეიმუშაონ და პარლამენტში ამტკიცონ, მღვდლებმა ადამიანობაზე იქადაგონ, იქნებ რამე შეიცვალოს ქვეყანაში...

ასე საჯაროდ შეიძლება, ნეტა, ამაზე ლაპარაკი? ალბათ ჩამქოლავენ ან იტყვიან: „ეს ვინ არის, როგორ ბედავს ასე ლაპარაკს?“ ბევრ რამეს ვბედავ, საერთოდ.

თემას უნდა დავუბრუნდე. მოკლედ, მარიამს აქვს ეს არაჩვეულებრივი პროექტი, მაგრამ მე მაინც მისი შვილების სერია მიყვარს ყველაზე უფრო, იმხელა სიყვარულით უღებს, რომ ყველა ფოტოდან გადმოდის. და ეს ყველაზე მაგარი რამ არის ფოტოგრაფიის ენაში. ძალიან მინდა, რომ წიგნი გააკეთოს, სიამოვნებით ვიყიდიდი. საქართველოში ფოტოგრაფიის წიგნების დეფიციტია. ძალიან ბევრი რამის დეფიციტია, მაგრამ მე ამ სფეროში ვარ და, შესაბამისად, ეს ყველაზე მეტად მაწუხებს.

ძალიან მაგარი იქნებოდა, კულტურის სამინისტროს, მუსიკის გარდა, სხვა სფეროებისთვისაც მიეხედა. ჯაზის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მომწონს და ვუსმენ კიდეც, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა მუსიკაც უყვართ და მათ რა გააკეთონ? კულტურის სამინისტროს საიტზე რომ შევდივარ, ფოტოგრაფიაზე ვერაფერს ვხედავ, გრაფაში „კულტურა“ ასეთი ჩამონათვალია: მხატვრობა, თეატრი, კინო, მუსიკა, ლიტერატურა, ფოლკლორი... გული მწყდება. იმის თქმა გინდათ, რომ ფოტოგრაფია არ არის ხელოვნება? ძალიან ცდებით. საქართველოში ძალიან ძლიერი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფები არიან და ვამაყობ, რომ მეც ამის პატარა ნაწილი ვარ.

კიდევ კარგი, გიგის ლაბორატორია არსებობს, თორემ რა უნდა მექნა? ფირები მაქვს მისატანი, მაგრამ დღეს ვერ მოვხვდები ვაკეში.

მე და ნათელა უნდა მივიდეთ მირიანთან ამ დღეებში. სახელოსნოში მინდა, ხელით ბეჭდვა დავიწყო. მირიან კილაძე „ძველი გვარდიის“ ფოტოგრაფია. ძალიან საყვარელია, ხშირად ბრაზიანი, მაგრამ ზუსტად მაგაშია მისი ხიბლი: კეთილი ბრაზიანია. აი, დალაგდება ნათელა თავის ახალ სახლში, და მერე მივალთ.
მირიანი ბოლოს „გორელოვკის“ გამოფენაზე ვნახე და მაშინ მითხრა, დაგეხმარებიო.

ფოტოკლუბი „გორელოვკა“ ნათელა გრიგალაშვილის მეორე შვილია, პირველი მარიამი ჰყავს. ეს არის მისი გენიალური იდეა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა. ასეთი რაღაც მოიფიქრა: ჯავახეთში ჩამოაყალიბა ფოტომოყვარულთა კლუბი, რომელშიც 12 ადამიანი გააერთიანა. ყველაზე უფროსი 62 წლის მაშაა. დაურიგა ფოტოკამერები, აუხსნა ტექნიკური საკითხები და მისცა სრული თავისუფლება, რომ გადაეღოთ ის, რაც უნდოდათ. ყოველთვის საინტერესოა იმ ადამიანების ხედვა, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ შეხება ფოტოგრაფიასთან. ხშირად ისე გამოდის, რომ ბევრად მნიშვნელოვან რაღაცებს ამჩნევენ და აკვირდებიან, ვიდრე გამოცდილი ფოტოგრაფები. „გორელოვკის“ წევრები ერთმანეთს არც იცნობდნენ, ახლა კი, საერთო ინტერესი აქვთ. რეგიონი, სადაც თითქმის არ ლაპარაკობენ ქართულად, ნათელამ ფოტოგრაფიის ენით აალაპარაკა.

ძალიან დიდი ხანია, არ ვყოფილვარ ასეთ ემოციურ გამოფენაზე. სივრცის ცენტრში იყო გაშლილი მაგიდა, ყველაფერი ისე იყო, როგორც გორელოვკაშია. სამოვარი, „სუშკები“, „ბლინები“, მურაბა და კიდევ რაღაც გემრიელობები... გორელოვკის „მთავარი გმირებიც“ აქ იყვნენ. გამოფენის მეორე დღეს ნათელა მიყვებოდა, რომ
უმეტესობა პირველად იყო თბილისში. მან არ იცოდა, რა ეჩვენებინა და ჰკითხა: „რისი ნახვა გინდათ?“ „ზოოპარკის და მეტროსი“ −უპასუხეს... გამეღიმა, ოღონდ ეს სულ სხვანაირი ღიმილი იყო... მერე ფოტოები ვნახე: მაშა, ზებური და დანარჩენები როგორ ერთობიანზოოპარკში და ისევ გამეღიმა. კარგია ნათელა, ამიტომაც მიყვარს!

ტელეფონი სად არის? თან ხმაც გამორთული მაქვს. სად მოვძებნი ახლა... კიდევ კარგი, მეგის მისამართი მივწერე, პირდაპირ აქ მოვა.
კახიანი მოვიდა პირველი, თან ჩემი დაბადების დღის საჩუქრით. როგორც იქნა, მეღირსა! წარწერას აკეთებს: „ყველაზე საყვარელი ფოტო, ყველაზე ძვირფას ადამიანს“. მეღიმება... კახა ძალიან მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ სიტყვებით შეიძლება ყველაფერი გავაფუჭო − ჩემი ადამიანია. ძალიან მწყდება გული, რომ აღარ იღებს. არადა, ადრე ფოტოგრაფიით ცხოვრობდა. ძალიან მინდა, დაუბრუნდეს თავის სულის ფოტოგრაფიას. საერთოდ, ძალიან შეიცვალა დაგატას გაცნობის მერე და ვთვლი, რომ ანტუანმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა მასზე. იმ დროს, როდესაც სხვა რაღაცების აღება შეიძლებოდა მისგან, კახამ რატომღაც, მხოლოდ ერთი მხარე დაინახა და თითქოს ჩარჩა იქ... იმედია, მალე ამოძვრება, თორემ... არ ვიცი, რა იქნება. ალბათ მხოლოდ ელექტრიკოსი კახა კახიანი იქნება, მე კი ეს ძალიან არ მინდა. ამიტომ მჯერა, რომ ამ პერიოდსაც მალე გადალახავს და დაიბადება ახალი პროექტით. კახა ერთადერთი ფოტოგრაფია, ვისთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ გადაღების დროს. არასდროს იღებს ჩემსას და მე მისას, მაგრამ ორივემ ვიცით, ვინ რას და როგორ ვიღებთ მუშაობის დროსაც კი, და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ორი ადამიანი ერთ ენაზე საუბრობს, ფოტოს ენაზე.

ჩემი ყველაზე საყვარელი „ერთი მთლიანობაც“ მოვიდა: იანა და გოგუა. ჰო, სხვანაირად არ ვიცი, როგორ ვუწოდო − ერთი დიდი გულია ჩემთვის. ნათელა ფერადი შარფით, ხერხიკო, დათო, ზურა და ნინჩოც მოვიდნენ. Все в сборе. რაღაცებს ვთამაშობთ, ვსვამთ ღვინოს, ხერხე, რა თქმა უნდა, ჩაის... კარგია კარგი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში!

15 იანვარი, ხუთშაბათი

8:50 − გვაღვიძებს მამადავითის ზარები. 9:00 − გვაღვიძებს მაღვიძარა. 9:20 − გვაღვიძებს ქალაქის ტელეფონის ზარი ტექსტით: „ტაქსი მოვიდა, გაბრძანდით, თქვენი დრო რომ იქნება.“ რაღაც წამებში ვიცვამთ, უკვე ეზოში ვართ. მეგი ჯდება ტაქსიში და მიდის აეროპორტში. იმედია, არ ეწყინა, რომ არ გავყევი. ფისოა, მაინც ეწყინებოდა...

დღეს, მგონი, მთელი დღე სახლში ვარ. წავალ, ისევ დავიძინებ. არა, დღიურში მაინც უნდა ჩავიხედო. აუ, როგორ დამავიწყდა, დღეს მარნეულში გადაღება რომ მაქვს! ათი ხდება... არა უშავს, მოვასწრებ, ახლოს არის მაინც. 20 წუთში უკვე გარეთ ვარ.

მეტრო, მერე − „მარშრუტკა“... კიევში მივეჩვიე ტრანსპორტში კითხვას, იქ ძალიან დიდ დროს ვხარჯავ სახლიდან სადმე მისასვლელად, ამიტომ დროის ყველაზე სწორი „დაბანდება“ კითხვაა. წიგნი სულ მიდევს ჩანთაში, მაგრამ ახლა არ მინდა. უცნაური ჰობი მაქვს: მიყვარს, ხალხს რომ ვაკვირდები: როგორ დადიან, როგორ ლაპარაკობენ, ჩანთა როგორ უჭირავთ... თავისუფლებიდან დიდუბემდე უნდა მეყოს, უკვე ვხედავ საინტერესო პერსონაჟებს.

მარნეულში ვარ... საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორი მოუვლელი ქვეყანაა! თბილისიდან რომ გავდივარ, პირველი ეგ მომდის თავში. არადა, სულ 40 წუთია, ისიც მძღოლზეა დამოკიდებული, შეიძლება უფრო მალეც ჩახვიდე.

ქალაქის ხასიათი თუ გინდა „დაამუღამო“, აუცილებლად უნდა წახვიდე ბაზარში. ყველას ჟურნალისტი ვგონივარ, მეკითხებიან, რომელ არხზე იქნებიან და რომელ საათზე. მეცინება. ჩაის მთავაზობენ და, რა თქმა უნდა, უარს არ ვამბობ. უცებ უგემრიელესი ჩაი ჩნდება. ვდგავარ ჩაით ხელში და გარშემო თითქოს მრგვალი მაგიდა დგას, რაღაც წრე შეიქმნა გამყიდველების. აინტერესებთ, ვინ ვარ, რატომ ვიღებ, სად იქნებიან... ვინც უარზე იყო, უცებ მეუბნება: „გადამიღე, სამახსოვროდ მინდა დაგრჩე“. კარგია უბრალო ადამიანები, მიყვარს მათთან ურთიერთობა. საღამომდე აქ ვიქნები...

ემოციებით აღსავსე წამოვედი თბილისში და ცოტა გასეირნება მინდა. ლევანს გავუარე. მეგონა, შემომიერთდებოდა, მაგრამ სახლში არ დამხვდა. მიყვარს სოლოლაკი. საერთოდ, ძველი თბილისი მიყვარს, ოღონდ აქაც ყველაფერი მოუვლელია, ჩემი საყვარელი სახლები მიწაში ჩადიან ან იშლებიან და მერე იქ უზარმაზარ სასტუმროებს აშენებენ, რომლებიცსრულიად ამოვარდნილია. ნეტა რატომ არ უყვართ თბილისი?

ბესიკზე ვარ. აი, ეს ბოლო აღმართი მკლავს, ცოტაც და სახლში ვარ.

რა მაგარია!!! „ოსკარზე“ გავედით!!! „ოქროს გლობუსის“ მერე ისევ „მანდარინები“!!! არა, „სიმინდის კუნძულიც“ რომ არ აღვნიშნო, არ შეიძლება. „ყოჩაღ“ ზაზა ურუშაძეს, გიორგი ოვაშვილს და მათ შემოქმედებით ჯგუფებს! ეს ძალიან დიდი წარმატებაა! საერთოდ, კინოში მუშაობა ერთი დიდი ზეიმია, საქართველოში კი ძალიან დიდი პროფესიონალები არიან. „კინოშნიკები“ ყველაზე კარგი ტიპები არიან, ერთხელ თუ გაუგებ გემოს, მერე „ავად“ ხდები. ზუსტად ასე მჭირს, ორი რამით ვარ დაავადებული: ფოტოგრაფიით და კინოთი. საბედნიეროდ, ექიმი ვერ მიმკურნალებს.

16 იანვარი, პარასკევი

დილით ქრისის მესიჯი მხვდება: „თუ გიუმრიში ხარ, ფრთხილად იყავი“. მაგიჟებს ხანდახან: ყველაფერს როგორ გრძნობს?! ძალიან მინდა სომხეთში ჩასვლა. იმის მიუხედავად, რომ არ ვარ ომის ფოტოგრაფი, ცხელი წერტილები, მით უმეტეს, ჩვენს სამეზობლოში, ძალიან მაინტერესებს. იმ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება მაინტერესებს, რომლებიც პარალელურად მიდის: ომის ან, როგორც უყვართ ხოლმე მოხსენიება, „კონფლიქტის“ ფონზე.

კიევში, მაიდანზეც ხომ ზუსტად ასე აღმოვჩნდი. ერთი წელია უკვე გასული. არადა, თითქოს რამდენიმე დღის წინ იყო. მახსოვს, პირველად როგორ გამაოცა იმ ერთობამ, რომელიც იქ დავინახე. ძალიან ემოციური იყო. იშვიათად ვიღებდი, მაგრამ დილა ყოველთვის მაიდანზე გასვლით მეწყებოდა. მინდოდა, ვყოფილიყავი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით, თან უკრაინაზე პროექტს ვაკეთებ და ეს მის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია.

კიევში პირველად 2009 წელს ჩავედი და შევრჩი. იქ მეორე სახლი აღმოვაჩინე და ბედნიერი ვარ. საერთოდ, იქ ბევრი ნამდვილი მეგობარი მყავს: ქრისი, რომეო, მაქსი, კატო, ვალიკა... მაქსიმ დონდიუკი ჩემი თაობის და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფია ჩემთვის. და თავისი საზიზღარი ხასიათის მიუხედავად, მაინც გამორჩეულად მიყვარს. ახლა ეს რომ წაეკითხა, ზუსტად ვიცი, რა სახესაც მიიღებდა და რას მომაძახებდა. კიდევ კარგი, ქართული არ იცის! ძალიან მინდა, წელს World Press Photo მოიგოს, უკრაინის ომი მასზე უკეთ თვით ისეთ მაესტროებსაც კი არ გადაუღიათ, როგორიც სტენლი გრინი ან იური კოზირევი არიან. ომის გენიალურმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ თქვა: “If your photographs aren't good enough, you're not close enough.” მაქსის ფოტოები არის იმაზე ახლო, ვიდრე მას შეეძლო მიახლოება. ბოლოს რომ ველაპარაკე, არ უნდოდა გაგზავნა. დღეს დედლაინია, ნეტა გადაიფიქროს... ოჰ, ეს დედლაინები... საერთოდ, მთელი იანვარი დედლაინები მაქვს. უკვე მეშინია მაგიდისკენ გახედვა, დამხვდება კიდევ ახალი სტიკერი:დედლაინი − 16 იანვარი.

ნეტა გიუმრიში ყველაფერი დაწყნარდეს, თუ არა და... კვირას დილით, იმედია, მომცემენ ბოლო გადაღების ფულს და ეგრევე წავალ. ნეტავ, მაკომაც შეძლოს წამოსვლა...

17 იანვარი, შაბათი

რა მაგარი დილაა! სამი წერილი მაქვს მეილზე, აქედან ერთში მეუბნებიან, რომ ჩემი პროექტი „მე − საქართველო“ კოპენჰაგენში იქნება ზაფხულში, მეორეში წერია, რომ „ჩემი სივრცის“ გამოქვეყნება უნდათ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში. მესამეში კი ჩემი არანორმალური მეგობარი მწერს თავის მოგზაურობაზე იაპონიაში.

ვერაზე უნდა ავიდე. რამდენი ხანია, არ ვყოფილვარ ბებოსთან. თან ამბებს მოვუყვები, გაუხარდება. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხომ ეგ არის და ნინი... ნინის დაბადების დღეა 19-ში. დიდი გოგოა, 11-ის ხდება უკვე.

რადიო თავისუფლებაში უნდა წავიდე. დღეს „საჯარო დღიურის“ ბოლო დღეა. ნეტა, რა სისულელეები ვწერე ეს ერთი კვირა? არ გადავიკითხავ, თორემ ყველაფრის წაშლა მომინდება.

მარგოსთან უნდა გავიდე, მერე − ანიკასთან, წელს არ მინახავს. ჩემი გოგოები მომენატრნენ! მგონი, კიდევ სადღაც ვიყავი წასასვლელი... ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება, იქნებ გამახსენდეს დღის განმავლობაში, ჯერ მხოლოდ 11:11-ია. ისევ ეს ერთნაირი ციფრები...

XS
SM
MD
LG