Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა აღდგომელაშვილი - გენდერის საკითხთა ექსპერტი


13 აგვისტო, ორშაბათი
არ ვიცი, რა რიცხვია დღეს. მაქვს ხოლმე ასეთი პერიოდებიც - ვიცი კვირის რომელი დღეა, მაგრამ რიცხვი არ ვიცი, თუ ჩემს ყოველდღიურს არ ჩავხედე. აგვისტო მკვდარი თვეა (სხვებისთვის, თორემ, თავად, როგორც წესი, ყველაზე მძიმე სამუშაოს, რომელიც კონცენტრაციას საჭიროებს, სწორედ აგვისტოსთვის გადავდებ ხოლმე) და შემიძლია, თავს იმის უფლებაც მივცე, რომ რამდენიმე დღით მაინც მიბმული არ ვიყო კალენდარზე.

თანამშრომლები შვებულებაში არიან და სამუშაოდ სახლში გადმოვინაცვლე (მინიმუმ, შუფუტინსკის მოსმენა მაინც არ მომიწევს ყოველ საღამოს ფანჯრის წინ გაჩერებული მანქანიდან). დღეში ერთხელ მივდივარ ოფისში, რომ კატას ვაჭამო, გამოვუცვალო, და უკან ვბრუნდები. თუ გავითვალისწინებთ, რომ, რამდენიმე დღის გამოკლებით, 3 იანვრის შემდეგ, შაბათ-კვირის ჩათვლით სამსახურში ვატარებ დღეში 14-15 საათს, სახლში მუშაობაც დიდი შეღავათია და შემიძლია ჩავთვალო, რომ ვისვენებ კიდევაც. ბოლოს და ბოლოს, როცა ძალიან მტკივდება ზურგი, წელი, ფეხი, თვალები... კომპიუტერთან ჯდომით, შემიძლია წამოწოლილმა ვბეჭდო ან ვიკითხო. მით უმეტეს, როცა საწერი მაქვს რამე. სამუშაო კი ძალიან ბევრი მაქვს.
თავისუფლების დღიურები - ეკა აღდგომელაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:53 0:00
გადმოწერა

14 აგვისტო, სამშაბათი
ჩემი თავი ერთ დიდ, შუაცეცხლზე შემოდგმულ მოთუხთუხე ქვაბს წააგავს, რომელშიც უამრავი ინფორმაცია იხარშება. კვლევები, აკადემიური და არააკადემიური სტატიები, სასამართლოს „კეისები“, რეკომენდაციები, დებატების ჩანაწერები... ზოგი სასარგებლო, ზოგიც -„უსარგებლო“. სარგებლიანობა მხოლოდ მერე ჩნდება, როცა წერას ვიწყებ ხოლმე. ბუნებრივია, ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს, თუმცა, წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევაა და ვერაფერს ვუხერხებ. რაც არ უნდა მკაფიოდ ვხედავდე იმას, რის დაწერასაც ვაპირებ, ყოველთვის ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ამ უთავბოლო (და არა მიზანმიმართული) ძებნის პროცესში, შესაძლოა, ისეთ რამეს წავაწყდე, რაც მაიძულებს სხვა კუთხიდან შევხედო საკითხს. კომპეტენტურ წყაროებში კი, როგორც წესი, ის წერია, რაც ისედაც ვიცი.

ასე რომ, მთლიანად შიგნით ვარ ჩაბრუნებული, ვიხარშები უცნაური ინგრედიენტებით შეზავებულ წვნიანში და ველოდები, როდის მიიღებს სასურველ გემოს, რომ წერა დავიწყო.

ასეთ ყოფაში სრულიად უადგილო და აბსურდული იყო ჩემი თანხმობა დღიურის წერაზე. არა იმიტომ, რომ ქრონიკული ცაიტნოტის პირობებში ყოველდღიურად 15-20 წუთის გამოძებნაც შეიძლება გამიჭირდეს, არამედ იმიტომ, რომ ღრმა ბავშვობის მერე დღიური არ დამიწერია. ვაღიარებ, რომ უკიდურესად სასარგებლო ჩვევაა ყოველდღიური თვითრეფლექსია. განსაკუთრებით, ჩემი ტიპის ადამიანისათვის, რომელსაც, თუ კლავიატურაზე თავჩამოდებულს არ ეძინება იმის გამო, რომ საწოლამდე ვეღარ მიდის, რაღაცის კეთების პროცესში უნდა ჩაეძინოს - კითხვის ან ტელევიზორის ყურებისას მაინც. ასეთი რეჟიმის პირობებში პატარა ბუფერული ზონა ძილსა და ღვიძილს შორის ნამდვილად არ მაწყენდა.

დღიურის მაგივრობას საქმიანი ყოველდღიური მიწევს, რომელშიც დღის ბოლოს პლიუს-მინუსებს ჩამოვუწიკწიკებ ხოლმე ჩამოწერილ საქმეებს. დანარჩენი, რაც საქმეების მიღმა ხდება, სადღიურედ არც მემეტება. ამისათვის მეგობრები არსებობენ, კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ დროსა და სივრცეში.

დათანხმებით კი, საბოლოოდ, მაინც დავთანხმდი დღიურების წერას, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ აგვისტოში ყველა გასულია ქალაქიდან და არავის სცხელა დღიურების საწერად ხათრიანი ადამიანების გარდა.

14 აგვისტო, ოთხშაბათი
„შეუსრულებელი დავალებისაგან არაფერს უნდა ელოდე“. ეს სიტყვები ეკზიუპერის ეკუთვნის, თუმცა, სად, რომელ წიგნში გადავაწყდი ამ ფრაზას, ან რატომ იმოქმედა ასე მძაფრად ჩემზე, ნამდვილად არ მახსოვს. შესაძლოა, მაშინაც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი: მიღებული მქონდა დავალება, რომლის შესრულებაც დიდად არ მხიბლავდა და პასუხისმგებლობისა და თავისუფლების ცნებებს შორის ვიყავი გაჭედილი. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთი დავალებებიდან დიდი ვერაფერი გამოდის ხოლმე - ნებისყოფის გამოსამუშავებლად თუ გამოდგება მოზარდისათვის, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.

ძლივს გადმოვერთე საქმეებიდან დღიურის გასაგრძელებლად. დავფიქრდი, რა შეიძლება ახლა ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ჩათვალოს დღიურში ჩაწერის ღირსად? გარეთ არ გავდივარ, ადამიანებს არ ვეკონტაქტები, ტელეფონი გამორთული მაქვს, ტელევიზორს არ ვუყურებ და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება სახლის კედლებს მიღმა, გარდა იმისა, რომ აუტანლად ცხელა.

ავდექი, პირი დავიბანე, ყავა დავლიე (კინაღამ „ყავა მოვწიე“ დავწერე) და დავჯექი სამუშაოდ? შემიძლია, მოკლე ფრაზებიც დავამატო შიგადაშიგ, „ფეისბუკის“ სტატუსებად რომ გამოდგება, ისეთი: „დავიღალე მუშაობით“, „მწყურია“, „მშია“, „მეძინება“, „ბალახზე წამოკოტრიალება მომენატრა“...

ეს სტატუსები ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც „ფეისბუკი“ მოვიძულე. მეორე და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პერიოდულად ისეთი რამეების შეტყობა მიწევდა ადამიანებზე, რაც, ჩემი წარმოდგენით, სხვისი პირადი ცხოვრების ან ურთიერთობების სფეროს განეკუთვნება. ის, რისგან თავის არიდებასაც მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებ რეალურ ცხოვრებაში, ვირტუალურში განსაკუთრებით მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. ამ „ნახეთ, რას მწერს!“, „წაშალა, მაგრამ „დავასკრინშოტე“, „ნახე, X-მა Y-ს ინბოქსში რა მისწერა“-მ ჭკუიდან გადამიყვანა! თუ ვინმე რამე ამგვარ ბმულს მიზიარებდა, რატომღაც თავს ვალდებულად ვთვლიდი, ბოლომდე წამეკითხა, სანამ კომენტარს დავწერდი - ძნელად ვიჯერებ, რომ ამდენად უსაქმური ან ინტრიგანი შეიძლება იყოს ადამიანი, რომ ერთობოდეს ამგვარი რამეებით. ეს დაყვედრებები „არასწორი პრიორიტეტების“ გამო ხომ ცალკე უბედურებაა: „იმას რომ აპროტესტებ, რატომ ამაზე არ იღებ ხმას?“ ან თავად როგორ ასწრებენ ყველაფრის კურსში ყოფნას, კომენტირებას და, ამავდროულად, ცხოვრებას ან მუშაობას „ფეისბუკს“ მიღმა, გამოცანად რჩება ჩემთვის. მეუბნებიან, რომ ამ პრობლემიდან მარტივი გამოსავალი არსებობს - ან ამოშალო „ფრენდების“ სიიდან („მეგობარი“ მეტისმეტად ფამილარული იქნებოდა ამ სიტუაციაში), ან დამალო. ეს ადამიანების ამოშლა-გადაშლებიც ნერვებს მიშლის. ერთი მხრივ, სოციალური ქსელების, ფორუმების მთელი ხიბლი იმ საზოგადოების სიჭრელეა, რომელიც თავს იყრის ხოლმე ასეთ სივრცეში. მეორე მხრივ, როგორც აღმოჩნდა, მთლად ასეთ ანარქიასაც ვერ ვგუობ: წესების გარეშე თამაშს ვგულისხმობ. ჩემი არჩევანი მოდერირებული ფორუმისაკენ იხრება, სადაც გარკვეული შეზღუდვები არსებობს: აკრძალულია თანაფორუმელის შეურაცხყოფა; მისი ნებართვის გარეშე ვინაობის გამჟღავნება, ფოტოსურათის დადება და ა.შ. მოკლედ, მეტად თუ ნაკლებად პრივატულ სივრცეზე ვირტუალური უფლება მაინც გაქვს. სხვა საქმეა, რასაც პრივატულობის დაცვის რეალურ შესაძლებლობებზე ამბობენ ავი ენები, ან ის, რომ დღესდღეობით ფორუმები პოლიტიკური პროპაგანდის ისეთივე მძლავრ იარაღად იქცა, როგორც ელექტრონული მედიის სხვა საშუალებები.

მოკლედ, ადამიანების დახარისხებას, ისევ იდეების იერარქია მირჩევნია, თუკი სხვა გამოსავალი არ მაქვს. ასე რომ, ჩემი არჩევანი მაინც ფორუმებისაკენ იხრება და „ფეისბუკის“ სრულ ბოიკოტს ვაგრძელებ.

16 აგვისტო, ხუთშაბათი
დღეს დილით ისიც კი ვიფიქრე, სადმე ხომ არ წავსულიყავი-მეთქი დღიურის ხათრით. ამდენი მსჯელობის ფონზე ურიგო არ იქნებოდა, კომპიუტერთან ჯდომისა და წერის გარდა რამე მომემოქმედებინა კიდევაც. სხვებზეც დამეწერა (ოღონდ არა მეგობრებზე. ისინიც ჩემი პირადი სივრცის ნაწილი არიან და მათზე წერა ორმაგად უზნეობად მეჩვენება საჯარო დღიურებში). სამუშაოს მოცულობამ, უფრო აგვისტოს ხვატმა, ხელი ამაღებინა განზრახვაზე. სიცხეს იმდენად ვერ ვიტან, რომ ამას ვერც აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა გადაწონის. კონდიციონერი მაქვს ჩართული და მაინც ნაპირზე ამოგდებული თევზივით მიჭირს სუნთქვა.

მთელი სახლი ფურცლებითაა მოფენილი. სამზარეულოს მაგიდის ჩათვლით, ყველგან დასტა-დასტად აწყვია ქაღალდები. ჩემი დაც, „ცისფერი მთების პერსონაჟისა“ არ იყოს, ფაქტობრივად, შვებულებაშია, ისე კი დილიდან დაღამებამდე ოქსფორდის ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს 800-გვერდიან თარგმანს ებრძვის. საერთო არეულობაში კნუტსაც შეაქვს თავისი წვლილი. არავის სცალია მისთვის, რომ ეთამაშოს. ბურთები სადღაც შეტენა, ძაფის გორგალით თამაში მობეზრდა. აი, დაკუჭულ ქაღალდს თუ გადაუგდებ, თან იმხელას, რომ პირიც მოავლოს და გააცუნცულოს სადმე, გულის ამოვარდნამდე დაახრიალებს მთელს სახლში. პერიოდულად, დალოცვილი ქარიც შემოუბერავს ხოლმე ღია ფანჯრიდან და ის ამიფრიალებს მაგიდაზე ისედაც მიმოფანტულ ფურცლებს. ასე რომ, საღამოს ბინა ნამდვილ ბრძოლის ველს წააგავს. თუმცა, ყველაზე ნაკლებად ეს მაწუხებს.

ჩემი საკუთარი „დედლაინები“ მახსენდება და ცუდ გუნებაზე ვდგები. როგორც იტყვიან, იანვრამდე „პრასვეტი“ არ მაქვს. მერე ვნახოთ. უსაქმოდ დიდხანს არც არასდროს ვყოფილვარ. მსგავსი პერიოდებიც მქონია, როცა შაბათ-კვირის ჩათვლით შეუსვენებლად ვმუშაობდი. ისეც ყოფილა, რომ დღე-ღამეში სამი-ოთხი საათი მძინებია და მყოფნიდა ხოლმე. სამაგიეროდ, შუალედებში კარგად ვახერხებდი ენერგიით დამუხტვას. დავბერდი, ეტყობა, და ვეღარ ვხვდები, რომ ასეთ რეჟიმს ვეღარ ვუძლებ. ყოველ შემთხვევაში, ასე ხანგრძლივად. რეჟიმიც შემეცვალა. ყოველთვის ღამურა ვიყავი და ყველაზე ინტენსიურად ღამის საათებში ვახერხებდი მუშაობას. ბოლო წელია, დილით ადრე მეღვიძება და რადგან სამსახურს 11-ზე ვიწყებთ, საკმარისი დრო მაქვს იმისთვის, რომ ზოზინით მოვემზადო წასასვლელად და ცხელი ყავით არ გამოვიფუფქო პირი. წაკითხვითაც დილით ვკითხულობ ხოლმე, გამოზოგილად, სიამოვნებით. ეს ჩემი კუთვნილი დროა, რომელსაც არავინ მეცილება და, უნდა ვაღიარო, უზომოდ მსიამოვნებს, რომ დროის ეს პატარა კუნძული აღმოვაჩინე ჩემთვის. სხვა, ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვისაც რომ გამოვძებნიდე ასეთ კუნძულებს შიგადაშიგ, ურიგო არ იქნებოდა.

ვერ ვიტყვი, რომ გეოგრაფიული დისტანცია ან ურთიერთობის სიხშირე რამე გავლენას ახდენდეს ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე. თუმცა, იმ ადამიანებთან ერთ სივრცეში ყოფნა, ვინც მიყვარს, სხვაგვარი კომფორტის შეგრძნებას მაძლევს, თუნდაც საერთოდ არ ვეკონტაქტებოდეთ ერთმანეთს. გამახსენდა, რომ დარეკვას ვაპირებდი მეგობართან. ჯერ არც ისე გვიანია, რომ ეძინოს. ამიტომ აქ დავასრულებ დღევანდელი ულუფის წერას.

17 აგვისტო, პარასკევი
დღეს „ქართული ოცნებიდან“ დამირეკეს. იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გვინდა შეხვედრა, ვინც ლგბტ საკითხებზე მუშაობსო. დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე პოლიტიკური ძალა ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ამომრჩევლებად განიხილავს. იმის გათვალისწინებით, რომ ქალებსაც კი, რომლებიც ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოადგენენ, დამოუკიდებელ სოციალურ ჯგუფად არავინ განიხილავს (პარტიებთან არსებულ ფორმალურ ქალთა კომიტეტებს არ ვთვლი), ნამდვილად საინტერესო შემოთავაზებაა.

როგორც ჩანს, ახალ ეტაპზე გადავდივართ და გულწრფელი „ჰომოფობებისა“ და „ქსენოფობების“ დრო პოლიტიკაში ნელ-ნელა მიდის. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი აღარ იქნება, ეთნიკურობისა და რელიგიური აღმსარებლობის მსგავსად. ეთნიკურობის, რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის აღმნიშვნელი სიტყვები და ქსენოფობიური რიტორიკა კიდევ კარგა ხანს დარჩება პოლიტიკური ოპონენტების მარკირების საშუალებად. შეუძლებელია დღეს არსებული ორპოლუსიანი პოლიტიკური მატრიცა, რომელთაგან ერთი ეფუძნება „მევარქართველიმაშასადამევარმართლმადიდებელი“-ს პრინციპს, ხოლო მეორე - „მევარქართველიმაშასადამევარევროპელი“-ს დებულებას, სრულყოფილად ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას.

რამდენიმე წლის წინ, როცა მაშინდელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ქალაქის ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ, თავისუფლების მოედნის მახლობლად ერთი ინციდენტი მოხდა. მოძრავი მანქანიდან ვიღაცამ ქაქით სავსე პარკი ისროლა დემონსტრანტების მიმართულებით. იდეის ავტორის გამორჩეულ ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზე საუბარი არ ღირს. პირველი რეაქცია, გასაგებია, რაც მექნებოდა. მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ სამოქალაქო ომსა და ტყვიის სროლას ნამდვილად ჯობდა. ამასაც სწავლა უნდა - როგორ გამოხატო შენი დამოკიდებულება განსხვავებულობის მიმართ.

სამიოდე თვის წინ, ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებული ინციდენტის დროს, ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ სთხოვდა ვიღაც ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარ ანაფორიან კაცს კურთხევას დემონსტრანტების დასარბევად. ორი წლის წინ ბათუმში ჯვრებით შეიარაღებული მორწმუნეთა მსვლელობას ბარებსა და სასტუმროებში „ჰომოსექსუალისტებისაგან ქალაქის გასაწმენდად“, ცოცხალი ჯაჭვი სჯობდა. მეორე დღეს პარლამენტთან ქუჩის სხვადასხვა მხარეს ვიდექით და ჩვენ-ჩვენი პოზიციების გამოხატვა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე მოვახერხეთ (პოლიცია ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა).

ეგებ, პოლიტიკოსებსაც ეშველოთ რამე. ყოველ შემთხვევაში, იმათ მაინც, ვისაც არ სჯერა, რომ „ქართველი გეები არ არსებობენ“.

შაბათი, 18 აგვისტო
თვალი გადავავლე ჩემს ნაწერს. შინაპატიმრობაში მყოფი ადამიანის ჩანაწერებს წააგავს; რაც რეალობისგან დიდად არ განსხვავდება. რა მნიშვნელობა აქვს, თავად მივუსაჯე თავს ამ ცხელ ზაფხულში ოთახში (თუნდაც გრილ ოთახში) ყოფნა და მუშაობა თუ სხვამ. თუმცა, გუშინდელი გრილი ამინდის წყალობით, ცოტა გამოვცოცხლდი და ენერგიას ისიც მმატებს, რომ ერთ-ერთ ანგარიშს დღეს თუ არა, ხვალ დილით დავამთავრებ და დღეს შემიძლია, თავს პატარა პაუზის უფლებაც მივცე მეგობრების სასარგებლოდ. მით უმეტეს, სახლიდან გასვლა მაინც მომიწევს რადიოს რედაქციაში ჩემი დღიურების მისატან-წასაკითხად.

დილიდან ვემზადები ამისათვის მორალურადაც და ფიზიკურადაც (კონდიციონერი 17 გრადუსზე მაქვს დაყენებული, რომ რაც შეიძლება მეტხანს გამყვეს სიგრილის შეგრძნება). სიცხისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო უწინ ხშირად ვამბობდი, ჩრდილოეთში უნდა დაბადებულიყავი-მეთქი, სანამ ერთ-ერთი ნოემბრის თვის გატარება არ მომიწია შვედეთში. არა, ტემპერატურა საჩემო იყო. აი, იმ ფაქტმა, რომ დღის 4 საათზე უკვე კუნაპეტი სიბნელე იყო, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. დღის განმავლობაშიც კი რაღაც უცნაური ნაცრისფერი სინათლე იყო. თბილისში დაბრუნებულს, ქალაქი უკვე ზამთრის ფაზაში გადასული დამხვდა - გაყინული, მობუზული, თბილად ჩაცმული ადამიანებით სავსე. სამაგიეროდ, მზე და სინათლე იყო. დღე დღეს ჰგავდა და ღამე - ღამეს. მივხვდი, რომ ისევ იქ მერჩივნა ყოფნა, სადაც ძალიან ცხელი ზაფხული და ძალიან ცივი ზამთარი იცის, მაგრამ მზე და სინათლე ყოველთვის არის. სიცხეს და სიცივეს შეიძლება მოერიო ადამიანი, აი, ხელოვნური განათებით ბუნებრივის ჩანაცვლებისა კი არ მწამს... ასე ხდება ხოლმე, როცა უკიდურესობებს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება. თან იძულებული ხარ, თან ბოლომდე კმაყოფილიც არ ხარ შენი არჩევანით, რადგან ეს სულაც არაა ის, რაც გინდოდა და იძულებული ხარ, უკვე გაკეთებული არჩევანის გასამართლებლად ყველაფერში რაღაც სასიკეთო ეძიო.

ასე, რომ ამ დღიურის წერამაც მომიტანა რაღაც პოზიტიური - ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ადამიანები მომენატრა, დრო კი იმის გარეშეც მიდის კალენდარს შევხედავ თუ არა.
XS
SM
MD
LG