Accessibility links

logo-print
10 ივნისი, კვირა
თბილისში ნეტა რომელი საათია? შვიდი?
მომწონს ეს შვიდი! ცხრა საათიც მომწონს, ექვსიც და სამიც. ისე, ზოგადად მომწონს. აქ რა სიჩუმეა! თბილისში ამ დროს უკვე მოძრაობაა – ჩიტების, კაცების, ძაღლების, მორბენლების, მოსიარულეების, აქა-იქ მანქანების ხმებიც ისმის. მეტი არავინ შემიმჩნევია. მეეზოვეები კი უკვე სახლში არიან ხოლმე. გამოძინებამდე რამდენად შორს ვარ? საათებს ვითვლი. 4 საათი... ნუ, არც ისე შორს, ნაკლებიც ყოფილა ხანდახან. მაგრამ არც ერთხელ არ ვყოფილვარ ქალაქში, სადაც დავიკარგებოდი. მხოლოდ ესაა ქალაქი, სადაც შეიძლება დაიკარგო – კაირო. კაირო, ქალაქი, სადაც შეიძლება დაიკარგო... დაიკარგო.

თუმცა, 10 ივნისს თბილისში რომ 7 საათია, ეს ჯერ კიდევ არ ვიცი.

დღიურები. დღიურები სუბიექტურია, რადგან დღიურები მხოლოდ შენია, მით უმეტეს თუ ეს თავისუფლების დღიურებია. დიახ, მით უმეტეს – დღიურები მხოლოდ თავისუფლებისაა. მოკლედ, დღიურები დღიურებია. გულწრფელია და თავისუფალი ყოველგვარი maybe-სა და თუნდაც პატარა ტყუილისაგან. ის ადგილები, სადაც მოვიტყუებოდი, უბრალოდ, გამოვტოვე.

21-ე საუკუნეა. ტყუილი აღარაა კონკურენტუნარიანი. და არც მომგებიანი.

შუადღეა უკვე. გვითხრეს, დაისვენეთო.

კარგი. სახლში ვილაპარაკე. თეატრში დავრეკე. მასთანაც, ვისთანაც ყველაზე მეტად მინდოდა და... მინი-HP ამუშავდა.

11 ივნისი, ორშაბათი
დაისვენეთო, საღამოს ბაზარში წავალთო.

ოჰ, დიდო, ჭრელო, ბრჭყვიალა ბაზარო!

ოოო... ვერცხლის ლამპების, პირამიდების და პაპირუსების გამყიდველებო... ოოო, მოსასხამების, ტყავის ჩანთების, ხნისა და ბასმის მაღაზიების მეპატრონეებო! კარგი, მოვალ, გავერკვევი, ერთი რის მაქნისები ხართ ამ ას დოლარში, რაც მე მაქვს. ულამაზესი ნივთებია! პოეტური ქმნილებები, უძვირფასესი... მათ უკან კი ჩვენ ვიდგებით - მყიდველები და გამყიდველები. და მათზე ბევრს ვილაპარაკებთ. მომზადებული ვარ, თქვენსავით. ახლახან ფილიპ ჟანტის კომპანიას კაპიკი ვერ დავაკლებინე და „რუმინგ ლისტზეც“ ჩამივარდა კოვზი ნაცარში. თუმცა, იქვე მშვენიერი წინადადება შევთავაზე იაპონურ „დადადან ტენკოს“ და მინსკის „ქორწილსაც“. ჩემი პირობა მიიღეს. პირობა ფესტივალის ბიუჯეტისთვისაა მშვენიერი, ისინი კი დიდ კომპრომისზე მოდიან.

დანის წვერზე ხშირად დავდივართ.

ოოჰ – შეადარე ახლა. ეს ხელოვნებაა, ის კი – კაიროს და ტუნისის ბაზარი. რაებს წერ და კითხულობ?! თავისუფლება გულწრფელობაა. ღია თამაში. ან ღია ლაპარაკი, არა? ამიტომ, არ ვაპირებ, ვინმე ულიმიტო ინტელექტითა და ამაღლებული, განყენებული არარეალური აზრებით შევაწუხო. ხანდახან - და ხშირად! - ამაღლებულისა და საუკეთესოს უკან ვაჭრობაა, დიდი ვაჭრობა. სხვანაირად სტრელერის დადგმული „ორი ბატონის მსახური“ თბილისში ვერ მოხვდებოდა. ვერც კორშუნოვასის „რომეო და ჯულიეტა“, ვერც ნეკროშიუსის „ჰამლეტი“ და ვერც ქიბუცის „ოთხი სეზონი“... მოკლედ, მზად ვარ, კიდევ ასჯერ გავიარო დანის წვერზე: მიიღებენ თუ არა წინადადებას? თარიღები დაემთხვევა თუ არა? ტექნიკურ რაიდერს შეგვიმსუბუქებენ, თუ თავის მართლება მოგვიწევს?.. და კიდევ, მუდმივი „რაო, რა გვითხრა სასტუმრომ, დაგიკლებთო?“ „ამდენი ხალხი რომ შეგვყავს?“ „ბილეთი რა ღირს?“ და „მისმინეთ, კარგ საქმეს ეხმარებით“. ცოტა მოეშვით ბატონებო! მეტი იკაიფეთ. ნუ დაკარგავთ profit-ს, რა თქმა უნდა, მაგრამ მოეშვით. კარგ ამბავში გხვევთ და ჩვენც ამოგვასუნთქეთ. ჩვენს „სიხარბეს“ მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ გავდიდდეთ, გავიზარდოთ, გავბევრდეთ. სამ კვირაზე კი არა, ხუთ კვირაზე გადავიშალოთ. ჩვენი გულისთვის ხალხი შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდეს, ჩვენი გულისთვის კაცმა საქმე გადადოს, ჩვენი გულისთვის კომპრომისზე მიდიოდნენ. მხოლოდ ამიტომ ვვაჭრობთ. დამიკელით და კიდევ ერთ სპექტაკლს დავამატებთ. გთხოვთ. „გაგისწორდებათ“, დამიკელით! „ორი ბატონის მსახურს“ „პიკოლოშიც“ ვერ ნახავთ და, თანაც, ამ ფასად! მომეხმარეთ და ორ Kungfu Revelations-ს დავნიშნავ ერთის ნაცვლად. ორ „ჰამლეტს“... მეტი ნახავს.

გავიზრდებით, გავბევრდებით, გავდიდდებით და სამყაროს რაღაც ნაწილი მაინც თბილისში, სექტემბერში, ფესტივალზე ჩამოსვლით ისუნთქებს. სუნთქვა კი მატერიალიზდება.

12 ივნისი, სამშაბათი
12 ივნისიც დგება. ჩაიხანებისა და ხალიჩების არაბო მფლობელებო! „ფრეშის“ დამტარებლებო, შუშისა და ეთერზეთების ოსტატებო, მეც მომზადებული ვარ საღამოსთვის. ხომ ხვდებით, ასი დოლარით რომ ბევრს წამოვიღებ? თანაც ისე, რომ მთელი ცხოვრება ჩემს უკან დაბრუნებაზე იოცნებოთ! სიზმრებში მნახოთ, თქვენი ბაზრის ვიწრო ქუჩებზე, მოსახვევებიდან რომ გამოვდივარ და მეორე მოსახვევში ვქრები. იოცნებოთ, რომ ჩვენზე სათნო, გულუხვი და მშვენიერი სხვა არვინ მოსულა... იოცნებეთ ისე, როგორც ოცნებობს თბილისში მოხვედრაზე ოციდან 15 არტისტი. და უკან დაბრუნებაზე კი - ოციდან ოცივე! ოჰ! ოცნებაც კი მშვენიერი სავაჭრო თემაა, სხვათა შორის. ფასი? დააგდებენ და რუმინგ ლისტი? დამოკლდება და შემსუბუქდება, თუ როგორ იქნება? და მაშინ გავბევრდებით, გავიზრდებით, გავდიდდებით. თბილისზე იოცნებებს და თბილისით ისუნთქებს სამყაროს ნაწილი ყოველ სექტემბერს.

თავისუფლება ოცნებაა.

დიახ.

პროფესიული ოცნებები არა მქონია, თუმცა პროფესიაში ოცნებასავით დღეები მქონია. დიახ. მაგალითად, თეატრალურ სარდაფში. ოოჰ, სხვათა შორის, დაუდასტურეთ მას, რომ ყველაფერი მალე იქნება.

13 ივნისი, ოთხშაბათი
ჩემი მაცივარიც ადგილზეა, უამრავი ბლოკნოტი მაგიდაზე ზუსტად ისეა მოყრილი, როგორც დავტოვე. ფანქრები, ფაიფურის თევზები... არა, შვიდზე ვერ ავდექი. ათისთვის ვართ ოფისში. მზე თავზე მადგას. „კაი, რა!“ - ვეუბნები დილას და ტელეფონს ვიღებ ხელში, ვითომ აი, მეილებს ხომ მაინც ვამოწმებ! თუმცა, დილამ მშვენივრად იცის, რომ ჰა-ჰა, სათაურები წავიკითხო. პასუხის გაცემის შანსი არაა. ეგ - მხოლოდ კომპიუტერით. ტელეფონით ვერ ვიტან პაწაწუნა ღილაკების საცოდავ კრეფას.

იცის დილამ ეს ამბავი, მაგრამ კარგიო, თუ ძაან გინდა, ვითომ მატყუებო...

მე მაინც ზურგით მივუტრიალდი. ყოველი შემთხვევისათვის. აბა, 10 მეილი მარჯანიშვილზე, 14, TBS International-ზე.

არ ეძინებოდათ, ესე იგი! კარგია. მარჯანიშვილით დავიწყოთ...

14 ივნისი, ხუთშაბათი
მგონი, ძალიან მძიმე დღეა, დატვირთული. არა უშავს, გავერკვევით. დავალაგებთ.

ნეტავ, რომელ საათზე გავთავისუფლდები დღეს?

„ფოლკ რადიო“ და „ბრიტიშ კაუნსილი“. წერილები, წერილები. გადავალაგოთ ამბები.

აჰ, „გლობუსის“ ანგარიშებია გასასწორებელი! მეილი მივიღე კონკრეტული დავალებებით, უკვე მეასე.

„გლობუსი“...

ფრაგმენტულად მახსენდება, მაგრამ მკვეთრად. ძალიან ციოდა.

ყურში მიდგას ოვაციების და შეძახილების ხმა, ფეხების რიტმული ბრაგაბრუგი ხის მოაჯირებსა და იატაკზე. თვალწინ კი - აივანზე და ეზოში ფეხზე მდგარი ადამიანები გაღიმებული და გაბადრული სახეებით.

ეკრანზე ვხედავდი, როგორ იხურავდნენ პარკებს, როცა წამოწვიმა და როგორ იხსნიდნენ პარკებს, როცა წვიმამ გადაიღო. ნაბიჯიც არ უქნიათ გასასვლელისკენ. ზოგი სცენაზე ჩამოყრდნობილი და ზოგიც -სცენიდან შორს მდგარი და აღფრთოვანებული თვალებით შესცქეროდა 14 მსახიობს. ქართული ენა მკვეთრად და სასიამოვნოდ ჟღერდა; ქართული მუსიკა აცოცხლებდა „გლობუსის“ წრეს, ქართველი მსახიობები 1500 კაცს არდენის ტყეში დაატარებდნენ და სხვადასხვა ამბებში ხვევდნენ, სიყვარულში და პაექრობაში წვრთნიდნენ. და ისინიც სიამოვნებით და სიხარულით მიჰყვებოდნენ ყველგან – 1500 ადამიანი, რომელსაც იმ წუთას, უბრალოდ, მაყურებელი ჰქვია. 1500 დამოუკიდებელი ბიოგრაფიის, სხვადასხვა ცხოვრების წესის, სხვადასხვა იდეალისა და მისწრაფების კაცი და ქალი, ქართველ მსახიობებთან ერთად, იმ სამყაროში ცხოვრობდა, რომელსაც ეძებს, პოულობს და ხელიდან მუდმივად უშვებს: სიყვარულის, სიბრძნის და თავგადასავლების სამყაროში.

მახსოვს, ეს 19 მაისი იყო. გამაოგნებელი ტაში, ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი შეძახილებით. ჩემს პატარა ქვეყანას დიდი, ძლიერი ქვეყანა უკრავს ტაშს აღფრთოვანებით! ტრიუმფიო, მითხრა გვერდით მჯდომმა სცენის მენეჯერმა.

დიახაც, ვიტირე. და არა მარტო მე. მერე აივანზე ჩუმად შევიპარე. თუმცა, ვინღა დამინახავდა? მხოლოდ მსახიობებს, რეჟისორს, კომპოზიტორს, ქორეოგრაფს, მხატვარს ხედავდნენ! ამიტომაც, ოდნავ ავიწიე და საოცარ წუთებს სრულად ვუყურე.

კარგად დაიმახსოვრე ეკა, ტრიუმფი როგორია!

“Have a nice flight and live to the best company ever! Tell Levan, he makes the most beautiful plays!” - მესიჯი მალუსგან გამოფრენამდე ხუთი წუთით ადრე.

“You make the plays as one only can dream about!” - უთხრა დომინიკმა ლევანს და ლევანმაც თავი დახარა. რაღაცნაირი განსაკუთრებული წუთები იყო. მანამდე კი ქართული ღვინო მოასხა დომინიკმა სცენის გარშემო და ამით დალოცა სპექტაკლი, წარმატება უსურვა მას.

ამ კაცთან პირველ შეხვედრაზე დავაგვიანე - გვირაბი შემეშალა (ეს ისე, თავის გასამართლებლად). რომ ვსაუბრობდით, ვნერვიულობდი. დიახ. საუკეთესო პროექტი იყო და რომელ ჯარისკაცს არ უნდა, გენერალი გახდეს! როგორ არ გვინდოდა ამ პროექტში მოხვედრა! დიახაც, გვინდოდა! შექსპირის სცენაზე, ქართულ ენაზე, 36 საუკეთესო სპექტაკლთან ერთად, ფესტივალზე, რომელიც არასდროს განმეორდება... ძალიან მინდოდა! მაგრამ არჩევანი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელისა იყო. მისმა პასუხმა სამი თვე დააგვიანა. მერე... როგორ ვემზადებოდით, როგორ ვკითხულობდით კონტრაქტს ორი კვირა, როგორ მივყვებოდით ყველა შეტყობინებას „გლობუსიდან“, როგორ ვგეგმავდით ფრენას, სასტუმროს, სამუშაო გრაფიკს... როგორ იწყებოდა რეპეტიციები დილის 11-ზე, როგორ იწერებოდა ტექსტი, როგორ უნდოდა ლევანს ქარის განსხვავებული აპარატი, როგორ ღელავდნენ მსახიობები... ეს ყველაფერი ნელ-ნელა მავიწყდება. მახსოვს მხოლოდ ტაშისა და შეძახილების ხმა. აღფრთოვანებული კომენტარები და „გარდიანის“ ხუთვარსკვლავიანი რეცენზია.

“If all theatres in Georgia come to the standard of Marjanishvili Theatre…”

ღმერთო, რა ტკბილია წარმატების გემო!

ცაში დაფრინავ. დიახ, წარმატებაც თავისუფლებაა, ოღონდ very tricky - მალე უნდა დაივიწყო, თითქმის მაშინვე, და თავიდან დაიწყო ყველაფერი. ასეთი აქვს მოთხოვნა. ასე ვხედავ. უნდა შეჭამო და მალევე მოინელო, თორემ საშიშ ზონად გადაიქცევა - ბიოგრაფიის მუხრუჭად.
მთელი სამყარო თეატრია!

ოჰ, ანგარიშები უნდა გავასწოროთ „გლობუსთან“ - ბუშტები, ჰელიუმი, ცეცხლის ქაღალდი და კონტრაქტი დავასრულოთ... რა სამწუხაროა. ეს უკვე წარსული დროა.

15 ივნისი, პარასკევი
მოკლედ, ანგარიშებს ისევ ვასწორებ; BBC-ის ჩანაწერს ველოდებით; სპექტაკლის ახალ ფაილს ვქმნით - for international touring. ინდოეთისა და ბუენოს-აირესისათვის ვემზადებით.

და მერე... რა გრძელია ცხოვრება და რა მშვენიერი!

კარგი, გავალ დღესაც გვიან.

და თამაშებსაც წავშლი კომპიუტერიდან. ეს მხოლოდ მე მოვიგონე, რომ დასვენების კარგი მეთოდია. პირიქით - მღლის. მოკლედ... წავშალე.

„მარჯანიშვილს“ ივნისის ბოლოს გამოვუშვებთ. „ჩილერი“ მუშაობს და კონდიციონერებიც შევაკეთეთ. ცვლილებებისათვის ივლისს გამოვიყენებთ.

ახალი ვებგვერდი კარგია და ისეთი, როგორიც მინდოდა. ახლა ტექსტებზე მიდგა ჯერი.

მოვიკითხო ერთი ჩემი ძვირფასი „გუნდი“... რას შვრებით, გოგოებო და ბიჭებო?

„პიპიპიპი... ბურუ-ბურუ... აჰაა, მაშინ დუდუდუ... და ისევ პიპიპი. არაა! ასე არ მომწონს! თავიდან!.. ოჰ, ეს კიდევ ძალიან, ძალიან კარგად მოგიფიქრებიათ! პიპიპი... დუდუდუ... კილიკილი..... ოოოო, კარგით, რა!!!” (ეს ისე, ვინმეს ნომერი 120-დან ნომერ 111-ზე, 114-ზე, 150-ზე და 119-ზე მოინდომებს სატელეფონო საუბრის მოსმენას).

რთული სამსახური გვაქვს, მაგრამ თქვენ მაგარი ხალხი ხართ. ძალიან მიყვარხართ.

16 ივნისი, შაბათი
დილა. 30 გრადუსის მიუხედავად, ნიავია.

„მარჯანიშვილის“ რეპეტიციებია დილიდან. თვის ბოლოს ვუშვებთ. მიყვარს რეპეტიციები, არ მიყვარს დაკეტილი თეატრი, თუმცა ორშაბათი აუცილებელია.

რა კარგი მსახიობები გვყავს – ნიჭიერი და მაგარი ხალხი! გინახავთ კულისები სპექტაკლის დროს? გინახავთ მსახიობები რეპეტიციების დროს? ყველა სათითაოდ შეგიყვარდებათ. შეგიყვარდებათ ის ენერგია, რომელსაც ისინი გასცემენ, ის „საუკეთესო როლის“ სურვილი, რომელიც მათ ამოძრავებთ, თავდადება, რომელიც მაყურებელს ეკუთვნის. სამუშაო, რომელიც არასდროს გადადის „მექანიკაში“ და ყოველთვის თავიდან იბადება. მოიხიბლებით იმ დინამიკით, რომელიც სცენის მიღმაა - იმ გაუგონარი წესრიგით, რომელიც მხოლოდ სპექტაკლს ემსახურება...

მოკლედ, 16 ივნისია. ერთი უცნაური შეხვედრა მაქვს დღეს. იმედი მაქვს, თავს გავართმევ.

რაო რაო, როგორ ეწერა კონფლიქტებზე და ფეთქებად სიტუაციებზე „ხუთი ბეჭდის წიგნში“? “Book of Five Rings” ბუნდოვნად მახსოვს. მოკლედ, მოვა ოთხის ნახევარი და გავერკვევით.

საღამოს „დურუჯის“ დაჯილდოებაა. ყველას ვგულშემატკივრობ. მიყვარს „დურუჯი“. მჯერა, ასეთი დამოუკიდებელი ინიციატივები, პროექტები, გააუმჯობესებს კულტურულ ცხოვრებას და ხარისხსაც ასწევს.

მეცენატებისაც მჯერა. და სულ ველოდები კანონს კულტურაში სპონსორობის შესახებ. როდისმე იქნება...

ვინ გამახსენდა გაქანებულ მუშაობაში? ეგვიპტელი სალამა - კოსტაია, როგორც ჩვენ ვეძახდით. კარგი კაცი იყო. ევროპელებისაგან განსხვავებით, სპექტაკლზეც და აეროპორტშიც ჰალსტუხით და კოსტიუმით მოდიოდა. სპექტაკლზე კი განსაკუთრებით მოინდომა. განწყობაც ამაღლებული ჰქონდა. განსაკუთრებით, „სასიყვარულო ბარათები“ რომ ნახა.

ნეტავ, რა ელის? ნეტავ, როგორ იცხოვრებს 16 ივნისის მერე ჩემს საოცნებო 90-მილიონიან ეგვიპტეში? ნეტავ, რა შანსები აქვს? ნეტავ, რაზე ფიქრობს ან რაზე ოცნებობს? ნეტავ, რევოლუციის მერე საგზაო ნიშნებს და შუქნიშნებს მაინც თუ დააყენებენ? ნეტავ, ადამიანს ოცნების შანსი თუ გაუჩნდება ხვალიდან?

ნეტავ, რაზე ფიქრობს მუზეუმის დირექტორი? როგორ ისვენებს, როცა ცივილიზაციის ყველაზე განთქმული და მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჭუჭყში და მტვერში უგდია? განა ამ უნიკალური ნივთების მოვლას მთავრობის ცვლილება ან რევოლუცია სჭირდება?

თუმცა მეორე მხრივ, მე სწორედ ამის გამო ვიბრძოლებდი, იმ ერთი მუზეუმის გამო, და იდეალისტურად მჯერა, რომ თუნდაც ერთი ცვლილება ბევრ რამეს დაალაგებდა და მერე ბევრი რამე - სხვა ბევრ რამეს...

მოკლედ, სალამას ბედი მაწუხებს. ერთადერთი ეგვიპტელია, ვისაც ვიცნობ და კეთილი კაცი იყო.

ყველა ადამიანი იმსახურებს იოცნებოს. ოცნებაც თავისუფლებაა.

P.S.: თეატრში მხოლოდ ამ თავისუფლების გამო ვარ. თეატრში მხოლოდ ლევან წულაძესთან ერთად ვიმუშავებ.
XS
SM
MD
LG