Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელდარ შენგელაია - კინორეჟისორი


27 იანვარი, კვირა
რა თქმა უნდა, გუშინდლის მერე ცოტა აღელვებული ვარ - გუშინ 80 წელი შემისრულდა! დღეს ხელოვნების მუზეუმში საგანგებო გამოფენა გაიხსნა. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. რა თქმა უნდა, ვღელავდი! მოვიდა პრეზიდენტი, დამაჯილდოვა. ბიძინა ივანიშვილმა ამ თარიღთან დაკავშირებით გამომიგზავნა მოსალოცი წერილი. სტუმრებს შორის იყო ნინო ანანიაშვილი, რომელმაც მოიყვანა თავისი ბალერინები, პატარა გოგონები. ჯერ ისინი აცეკვა, მერე კი მე მიმიწვია და ჩვენ ერთად ვიცეკვეთ.

მინდოდა, საერთო მისალმება გამეკეთებინა, მაგრამ არ გამომივიდა. იმდენი ხალხი მეხვეოდა, რომ ამ ვითარებაში სტუმრებს მადლობა ვერ გადავუხადე. არადა, მინდოდა, დიდი მადლობა მეთქვა გიორგი კალანდიასა და მთელი მისი კოლექტივისთვის: ეს გამოფენა მათი ინიციატივა იყო. მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ ვეხმარებოდით რაღაც-რაღაც ნივთებით თუ სურათებით. დანარჩენი თვითონ გააკეთეს და ამიტომ დიდ მადლობას ვუძღვნი მათ ჩემგანაც და ჩემი მეუღლისგანაც.

28 იანვარი, ორშაბათი
წამიყვანეს რადიოში, მერე ვიყავი ტელევიზიაშიც, პირველ არხზე. ნელი ჩემთან ერთად არ ყოფილა, მაგრამ მამზადებდა. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი გამიჩინა, ჩემი საყვარელი ელენე, რომელსაც ბავშვობაში პუწიკოს ვეძახდით. პოლიტიკიდან სწორედ მას მერე წამოვედი, რაც ეს ტრაგედია განვიცადეთ. ახლა ნელი მივლის და მას დედას ვეძახი.

საერთოდ, პოლიტიკაში არ მინდოდა მისვლა, მაგრამ 9 აპრილმა რაღაცნაირად იმოქმედა. სობჩაკის კომისიაში აღმოვჩნდი, უფრო მეტად პოლიტიკოსი გავხდი, მოვიპოვე ხალხის გარკვეული ნდობა და თვითონ ხალხმა მოითხოვა, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი. შეიძლება, დიდხანს არც დავრჩენილიყავი, მაგრამ შევხვდი ზურაბ ჟვანიას - არაჩვეულებრივ ადამიანს, ძალიან ჭკვიანს, განათლებულს... ზურაბი ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის ჩემზე უფროსია... ასეთი ადამიანი იყო. მისი დაღუპვის მერე დადგა მომენტი, რომელმაც ერთგვარად ნიადაგი შეუმზადა პოლიტიკიდან ჩემს წასვლას, ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ კი პოლიტიკა საბოლოოდ მივატოვე.

29 იანვარი, სამშაბათი
ქართული ხელოვნება განსაკუთრებული ფენომენია. არა მარტო ქართული კინო - ქართული თეატრი, ქართული მუსიკა, სახვითი ხელოვნება, ქანდაკება... 1920-იანი წლებიდან კინოში, თეატრში, ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა. კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი... მერე - ხორავა, ვასაძე, მამაჩემის მთელი პლეადა, მიხეილ კალატოზიშვილი.

შემდეგ უკვე, ხრუშჩოვის წასვლის შემდეგ, იწყება ქართული თეატრის აღმავლობა. თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, რა თქმა უნდა მიხეილ თუმანიშვილი - ესენი იყვნენ ძალიან დიდი რეჟისორები! კინოში მოვიდა ახალი პლეადა: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე. მათმა პირველმა ფილმმა, „მაგდანას ლურჯამ“, კანის კინოფესტივალის პრემია მოიგო. შემდეგ მოვიდა ჩვენი პლეადა: ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, საშა რეხვიაშვილი, მიხეილ კობახიძე და ჩვენ - ჩემი ძმა გიორგი და მე. დაიწყო ბრძოლა ცენზურასთან: ხანდახან ცენზურა იმარჯვებდა, ხანდახან - ჩვენ. რაღაც ხრიკებსაც მივმართავდით ხოლმე და საბოლოოდ, ჩემი აზრით, ქართულმა კინომ დამოუკიდებლობა უფრო ადრე მოიპოვა, ვიდრე ჩვენმა ქვეყანამ - სახელმწიფოებრიობა. პარიზის პომპიდუს სახელობის ცენტრში მოეწყო 100 ქართული ფილმის ჩვენება! მანამდე სამი წლით ადრე იყო საბჭოთა ფილმების ჩვენება, რომელშიც რამდენიმე ქართული ფილმიც იყო, მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ჰქონია ისეთი წარმატება, რომ 100 ფილმი ეჩვენებინა და თან ეს ფილმები სამი თვე გადიოდა დიდი წარმატებით. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, კინემატოგრაფისტებმა, უფრო ადრე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ვიდრე ქვეყანამ.

30 იანვარი, ოთხშაბათი
ყველა ხელოვანი ეძებს თავის ხელწერას. მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ლიოშა სახაროვმა მოსკოვში დავდგით ორი ფილმი: „ლეგენდა გაყინულ გულზე“ და „ზამთრის ზღაპარი“. „ზამთრის ზღაპარი“ რაღაცნაირი მიახლოება იყო იმ ხელწერასთან, რომელსაც მოგვიანებით მივაგენი. იმ ფილმში თამაშობდა ევგენი ლეონოვი, რომლისთვისაც ეს როლი პირველი იყო.

მერე გულმა თბილისის კინოსტუდიისკენ გამიწია. დავწერე განცხადება, მაგრამ მთელი ერთი კვირა არ მიშვებდნენ, მეუბნებოდნენ: ყველა „მოსფილმზე“ მოხვედრას ნატრობს, შენ კი აქედან მიდიხარო?! მე მაინც დაჟინებით ვუთხარი, წასვლა გადაწყვეტილი მაქვს-მეთქი. ერთი კვირის მერე განცხადებაზე ხელი მომიწერეს და ჩამოვედი თბილისში.

მალე მე და თამაზ მელიავამ, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი მოსკოვში, დავდგით ფილმი მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობის, „გზები და გზაჯვარედინების“ მიხედვით. მაშინ ჩვენი კინოსტუდიის დირექტორი იყო მიხეილ კვესელავა - უაღრესად განათლებული ადამიანი. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის პროცესზე, ის თარჯიმნად მუშაობდა. ჩვენ დასახმარებლად მან მოიყვანა მთელი იმდროინდელი მწერლობა, რომელსაც ხელისუფლება დიდად არ სწყალობდა: ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, გურამ ასათიანი... ნოდარმა თქვა, არ მომწონს ეს „გზები და გზაჯვარედინები“, მოდით, დაარქვით „თეთრი ქარავანიო“. აი ასე, ნოდარის წყალობით, ამ სურათს ჰქვია „თეთრი ქარავანი“.

ჩვენთვის ნათელი იყო, ვისთან უნდა გვებრძოლა. მტერი იყო საბჭოთა კავშირის რეჟიმი. ჩვენი ბრძოლა იგავის ფორმით ხდებოდა. ჰემინგუეი ამბობს, ხელოვნებაში აისბერგის ზედაპირი ბრწყინავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც წყალქვეშ არისო. სადაც ასე არ არის, იქ არც ხელოვნებააო, დღეს არის და ხვალ გაქრებაო.

იგავი ამის საშუალებას გაძლევს. ცენზურამ, მაგალითად, მიიღო „შერეკილები“, როგორც ზღაპარი. ის რაც „წყალქვეშ“ იყო, ანუ ის სწრაფვა თავისუფლებისაკენ, ეს ვერ გაიგეს და ამგვარად ფილმიც ეკრანებზე გამოვიდა.

საერთოდ, ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა რეზო გაბრიაძემ. რეზოსთან მოვნახე ის ხელწერა, სადაც იუმორია, სევდიანი იუმორი, და, ამავე დროს, ეს წყალქვეშა შრეც არის: ვინც გაიგებს, გაიგებს, ვინც ვერა - ვერა. სხვათა შორის, თითქმის ყველა ჩემი სურათის რედაქტორი იყო რეზო ჭეიშვილი, მერე კი ჩვენ ერთად დავდგით სამი სურათი: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები“ და „ექსპრეს-ინფორმაცია“.

31 იანვარი, ხუთშაბათი
რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ცისფერი მთები“. შეიკრიბა ძალიან კარგი დასი: რამაზ გიორგობიანი, ძალიან კარგი მსახიობი და რეჟისორი; თემიკო ჩირგაძე, ჩირგო (რომელმაც, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი სახე შექმნა. ბევრი რეპლიკა თვითონ მოიგონა, მაგალითად, „ძალიან კარგი!“) და, რა თქმა უნდა, სესილია თაყაიშვილი!

მისი გადაღება რომ გადავწყვიტე, ვესტუმრე სახლში, მივეცი სცენარი და ვუთხარი, მინდა, ეს როლი შეასრულოთ-მეთქი. შენ გიჟი ხომ არა ხარ, ხვალ-ზეგ საიქიოს გზას უნდა გავუყვე, რაღა დროს ჩემი თამაშიაო! მე ვუთხარი, რატომ, მშვენივრად გამოიყურებით, მაგრამ თუ არ გინდათ, რას ვიზამ, სხვას მოვძებნი-მეთქი. „სცენარს მაინც დაგიტოვებთ, წაიკითხეთ და რომ მოვალ, მირჩიეთ, ვინ გადავიღო“, ვუთხარი დამშვიდობებისას.

რამდენიმე დღეში სახლში გაისმა ტელეფონის ზარი, ქალბატონი სესილია რეკავდა. მითხრა, მოდი ჩემთანო. მივედი და დამხვდა ზუსტად ისეთი, როგორიც „ცისფერ მთებშია“! ვუთხარი, დეიდა სესილია, მე ზუსტად ეს მინდა-მეთქი! ხო, რა ვიციო... დავპირდი, არ გაგაწვალებთ, სულ რამდენიმე წუთში გადაგიღებთ-მეთქი, და დავითანხმე. მართლაც ასე იყო: ლევან პაატაშვილი - არაჩვეულებრივი ოპერატორი! - აწყობდა მიზანსცენას, აყენებდა სინათლეს, ყველაფერს ამზადებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვყავდა ქალბატონი სესილია, რომელიც უკვე საავადმყოფოში იწვა. ექიმების თანხლებით მოდიოდა, სულ ათ წუთში გადავიღებდით და ისევ საავადმყოფოში წავიყვანდით.

დადგა პრემიერის დღე. ქალბატონ სესილიას ძალიან არ უყვარდა ხალხში გამოსვლა და კინოს სახლში სცენაზე არც გამოსულა. იჯდა პარტერში და როცა სცენიდან მისი გვარი გამოვაცხადე, ხელის დაქნევით დამემუქრა, მე შენ გაჩვენებ სეირს, რატომ გამომაცხადეო?! სურათი რომ დამთავრდა, მითხრა, ვერაფერი ვერ გავიგეო. ცოტა ყურს აკლდა. მე ვუთხარი, ძალიან ცუდი ასლი იყო, ხვალ გამოგივლით და კარგ ასლს გაჩვენებთ-მეთქი. მართლაც, ხმას ისე ავუწიეთ, რომ ხალხი ლამის დაყრუვდა, დეიდა სესილიამ კი თქვა, აი, ახლა ყველაფერი გავიგეო.

მერე კიდევ ერთი ჩვენება იყო ფილარმონიაში, სადაც ახლა საკონცერტო დარბაზია. ძლივს დავითანხმე, რომ მოსულიყო. მოსვლით მოვიდა, მაგრამ მკაცრად გამაფრთხილა, ხმის ამომღები არა ვარო. მთელი ჯგუფი გამოვიდა, ყველა სათითაოდ წარვადგინე, და ბოლოს ვთქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა გელით-მეთქი... და გამოვიდა ქალბატონი სესილია! ხალხი წამოდგა, ატყდა ტაში! ძალიან უყვარდა ყველას! მიართვეს ვარდები... მერე ჩავსვით მანქანაში და წავიდა ჩვენგან, წავიდა ცხოვრებიდანაც - სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

1 თებერვალი, პარასკევი
პედაგოგი ერთადერთხელ ვიყავი, თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ვასწავლიდი. ძალიან საინტერესო ჯგუფი მყავდა: ტატო კოტეტიშვილი (რომელიც, საუბედუროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა), დიტო ცინცაძე, ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი, დათო ჯანელიძე. მე მგონი, ეს ჩემი ყოფილი მოწაფეები ძალიან კარგი რეჟისორები დადგნენ.

2 თებერვალი, შაბათი
ამ კვირაში რამდენიმეჯერ მომიხდა ადრე ადგომა. პირველ არხზე ჩაწერა, მაგალითად, 9 საათზე მქონდა დანიშნული და 8 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. დღეს კი 12 საათზე ავდექი, რადგან წუხელ გვიან დავიძინე.

კინოკავშირში მოღვაწეობას ვამთავრებ. 80 წლის გავხდი და ვთვლი, რომ უნდა წავიდე. აირჩევენ, ალბათ, ახალ თავმჯდომარეს. რა თქმა უნდა, თუ მას ჩემი დახმარება ან გამოცდილება დასჭირდა, უარს არ ვეტყვი.

ვუბრუნდები კინოს. დათო ტურაშვილს და მე გვაქვს რაღაც ჩანაფიქრი. დათო ახლა სცენარზე მუშაობს, ამ დღეებში უნდა მომიტანოს. მერე კიდევ შევხვდებით, დავხვეწავთ და, ალბათ, გადაღებასაც შევუდგებით.

შემდეგ რეზო ჭეიშვილთან ერთად მინდა დავდგა სურათი ქუთაისზე. ქუთაისი ნამდვილი ქართული ქალაქია და მინდა, რომ ფილმი შედგებოდეს ნოველებისგან, რომლებიც რაღაცნაირად იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული - ან გმირით, ან წამყვანით. რაღაც ისტორიას უნდა მოვყვეთ არგონავტებიდან დღემდე. იქ იქნება ერთი ნოველა მამაჩემზე. მამა სწავლობდა გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა მაიაკოვსკიც, ბევრი სხვა ქართველი მწერალი თუ მოღვაწე, მათ შორის, სიმონ ჩიქოვანი. მამას ძალიან უყვარდა ქუთაისში თეთრი ხიდიდან წყალში ხტომა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ხიდიდან გადმოხტომის სცენა რომ არის, მამაჩემს ეძღვნება.

მიკვირს, რატომ არ უკეთებენ ვარსკვლავებს გარდაცვლილებს. ვენაში, ევროპის ამ მუსიკალურ დედაქალაქში, არის კომპოზიტორების „ვარსკვლავები“, ვივალდით დაწყებული, ჩაიკოვსკით დამთავრებული. ბახზე, ბეთჰოვენზე და მოცარტზე აღარაფერს ვამბობ. ვფიქრობ, ისეთ მსახიობებს, როგორიც არიან აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიორგი შავგულიძე, ვასო გოძიაშვილი და სხვები, რუსთაველზე, თეატრალურ ინსტიტუტთან, უნდა გავუხსნათ „ვარსკვლავები“. ეს ინსტიტუტი შექმნა ხორავამ. ჰოდა, რომ გაივლის ახალგაზრდა სტუდენტი, შეხედავს „ვარსკვლავს“ და მოუნდება, რომ მეტი გაიგოს ამ ხალხზე - ნახოს ფოტო, წაიკითხოს წიგნი... ადამიანმა თავისი წარსული თუ არ იცის, მომავალი მას არ ექნება.

სტალინის დროს ეს რთული იყო. მე მამაჩემის ფილმები ნანახიც არ მქონდა, რადგან თითქმის ყველა აკრძალული იყო: „ელისო“, „26 კომისარი“, „ნარინჯის ველი“. იმ ფილმებში თამაშობდა მიხეილ გელოვანი, რომელიც მოგვიანებით სტალინის როლს ასრულებდა ხოლმე. როგორც კი გელოვანმა სტალინის თამაში დაიწყო, ყველა მისი ადრინდელი ფილმი აიკრძალა. ამიტომ „ელისო“ მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა ВГИК-ში ჩავაბარე.

ახლა ყველაფრის საშუალება არის. სტუდენტისთვის აუცილებელია კარგი განათლება, კლასიკის ცოდნა, ლიტერატურის, დრამატურგიის, მხატვრობის ცოდნა. მერე უკვე მასში დაიბადება რაღაც ახალი. ჩვენ, ძველ თაობას, აღარ გვაქვს ინტენსიური კავშირი თანამედროვე ცხოვრებასთან, ჩვენ უკვე გავიარეთ ის. მათ აქვთ, იმიტომ რომ აქ გაიზარდნენ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან საინტერესო კინოხელოვნება შეიქმნება.
XS
SM
MD
LG